კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა - 04 (17) იანვარი
კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა - 04 (17) იანვარი
ეს დღესასწაული იმ მიზეზით დაწესდა, რომ ყოველი მოციქულის თანასწორობა გაცხადებულიყო და მათ მიმდევართ შორის უთანხმოებაც აღკვეთილიყო.

ეს ადამიანები, არაფრის მქონენი, ერთგვარად, უფლის წინამორბედებად იქცეოდნენ ხოლმე და იმ მიწის მკვიდრთ განამზადებდნენ, სადაც ქრისტე ქადაგებდა.

სამოცდაათი მოციქული სრულყოფილებას და რაოდენობას განასახიერებდა: - 7 სრულყოფილებას აღნიშნავდა, ათი კი - ოდენობას.

შემდგომში მათ სხვა მოწაფენიც შეუერთდნენ, წუთისოფელი დაუტევეს და ქრისტეს გაჰყვნენ.

სულიწმინდის გარდამოსვლის და მოციქულთა ღვთის სიტყვის საქადაგებლად განბნევის შემდგომ ქრისტეს სხვა მოწაფენიც გამოჩნდნენ, რომელთაგან ზოგი უფლის ამქვეყნიურ ცხოვრებას ვერც მოესწრო.

აი, სახელები იმ სამოცდაათთაგანისა:

მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა (23 ოქტომბერს), მარკოზ მახარებელი (25 აპრილს), ლუკა მახარებელი (18 ოქტომბერს), კლეოპა, ძმა იოსებ დამწინდველისა და სვიმეონი, ძმა მისი (2 აპრილს), ბარნაბა (11 ივნისს), იოსია, ანუ იოსები, ბარსაბად, ანუ იუსტად წოდებული (30 ოქტომბერს), თადეოზი (21 აგვისტოს), ანანია (1 ოქტომბერს), მთავარდიაკონი სტეფანე (27 დეკემბერს), ფილიპე 7 დიაკონთაგან (11 ოქტომბერს), პროხორე 7 დიაკონთაგან (28 დეკემბერს), ტიმონი 7 დიაკონთაგან (28 ივლისს და 30 დეკემბერს), პარმენი 7 დიაკონთაგან (28 ივნისს), ტიმოთე (22 იანვარს), ტიტე (25 აგვისტოს), ფილიმონი (22 ნოემბერს და 19 თებერვალს), ონისიმე (15 თებერვალს), ეპაფრა და არქიპო (22 ნოემბერს და 19 თებერვალს), სილა, სილუანი, კრისკენტი, ანუ ქრისკი (30 ივლისს), კრისპი და ეპენტი (30 ივლისი), ანდრონიკე (17მაისს და 30 ივნისს), სტაქოსი, ამპლი, ურვანოსი, ნარკოსი, აპელიუსი (31 ოქტომბერს), არისტობულე (31 ოქტომბერს და 16 მარტს), იროდიონი, ანუ როდიონი (8 აპრილს და 10 ნოემბერს), აგავი, რუფი, ასინკრიტე, ფლელიანტე (8 აპრილს), ერმი (5 ნოემბერს და 31 მაისს), პატროვი (5 ნოემბერს), ერმი (8 აპრილს), ლინი, გაიოზი, ფილოლოგი (5 ნოემბერს), ლუკა (10 სექტემბერს), იასონი (28 აპრილს), სოსიპატრე (28 აპრილს და 10 ნოემბერს), იოიმპი, ანუ ოლიმპანი (10 ნოემბერს), ტერტიუსი (30 ოქტომბერს და 10 ნოემბერს), ერასტი, კუარტი (10 ნოემბერს), ევოდი (7 სექტემბერს და 8 დეკემბერს), ონისიფორე (7 სექტემბერს და 8 დეკემბერს), კლიმენტი (25 ნოემბერს), სოსთენი (8 დეკემბერს), აპოლო (10 სექტემბერს და 8 დეკემბერს), ტვიქიკე, ეპაფროდიტე (8 დეკემბერს), კარპოსი (26 მაისს), კოდრატე (21 სექტემბერს), მარკოზი, იგივე იოანე, ზინა (27 სექტემბერს), არისტარქოსი (15 აპრილს და 27 სექტემრერს), პუდი, ტროფიმე (15 აპრილს), მარკოზი, ბარნაბას ძმისწული არტემი (30 ოქტომბერს), აკვილა (14 ივლისს), ფორტუნატიანი და აქაიკი (4 იანვარს).

70 მოციქულს მიათვლიან აგრეთვე კეფას, რომელსაც უფალი გამოეცხადა აღდგომის შემდეგ (1 კორ. 15, 5-6) და სვიმეონს, ნიგერად წოდებულს (საქმე 13,1), რადგან მათაც დიდად გაითქვეს სახელი თავიანთი მოციქულებრივი ღვაწლით.

აქვე მოკლედ შეგახსენებთ ზოგიერთის ხვედრს იმ ცნობათა თანახმად, რომელიც მატიანემ ჩვენამდე მოიტანა:

წმინდა ლუკა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იყო ერთგული თანამგზავრი პავლე მოციქულისა, რომელიც სიკვდილამდე არ მიუტოვებია. უფლის ამაღლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ ბერძნულ ენაზე დაწერა სახარება. მანვე "საქმე წმიდათა მოციქულთაჲ"- ს მეშვეობით მოგვაწოდა უძვირფასესი ცნობები ქრისტეს ეკლესიის განვრცობის შესახებ, ქადაგებდა სხვადასხვა ქალაქში და საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის ეპისკოპოსი გახლდათ.

ღირს-იქმნა მოწამებრივი სიკვდილისა. ზოგის აზრით, ეს მოხდა ეფესოში, სხვათა მოწმობით – პატრაში. ლუკა იყო მკურნალი და ფერმწერი. ფიქრობენ, რომ მან პირველმა დაწერა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, აგრეთვე, პეტრესა და პავლე მოციქულთა ხატები.

წმინდა მარკოზი ახლდა პავლე მოციქულს მისი პირველი მოგზაურობისას რომში და იქვე მისი წინამძღვრობით ბერძნულ ენაზე დაწერა სახარება, ქადაგებდა იტალიაში, ადრიატიკის ზღვისპირა ქალაქებში: - ვენეციასა და აკვილეაში, მოვლო ეგვიპტე, ლიბია, იყო ალექსანდრიის ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი. იქვე ჩაუყარა საფუძველი სასწავლებელს, რომელმაც შემდგომ ფრიად დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

მარკოზი ამავე ქალაქში წარმართთაგან მოწამებრივად აღესრულა, რადგან ცდილობდა, იქაურნი კერპ სერაპისის თაყვანისცემისგან განერიდებინა. აღსასრულის წინ თვით უფალი გამოეცხადა, რომელსაც სიხარულით მიაბარა სული უფალს. ეს ქრისტესშობიდან 68 წელს მოხდა. ალექსანდრიის ეკლესია დიდ პატივს მიაგებს მოციქულის ხსოვნას. მისი წმინდა ნაწილები ვენეციაში განისვენებს

წმინდა ბარნაბა, მეგობარი და თანამგზავრი პავლესი, რომელთან ერთადაც საფუძველი ჩაუყარა ანტიოქიის ეკლესიას, ქადაგებდა კვიპროსზე, რომში, მილანში. მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა ქალაქ სალამინში (კვიპროსი). ერთ-ერთმა პირველმა გაყიდა ქონება, რათა საფასური გაჭირვებულთათვის დაერიგებინა.

მოციქულნი მას "ძეს ნუგეშინისცემისას" უწოდებდნენ, რადგან მგლოვიარეთა ნუგეშისცემის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. ბარნაბა მოციქულის სახელით ცნობილია ეპისტოლე, რომელიც ახალი აღთქმის ეპისტოლეთა შორის არ არის.

წმინდა თადეოზი მესოპოტამიაში ქადაგებდა, განკურნა და მონათლა ავგაროსი, რომლის შესახებაც ძველი საეკლესიო მწერლები შემდეგს გადმოგვცემენ: ავგაროსი იყო ედესის მთავარი. მის ყურამდე მიაღწია ამბებმა უფლის მიერ იუდეაში აღსრულებული სასწაულების შესახებ.

ავგაროზი კეთრით დაავადდა, ამიტომ მისწერა ქრისტეს, ითხოვა მისი ყოვლისშემძლე შემწეობა და თავის მშობლიურ ქალაქ ედესაში მტრებისა და მდევნელებისაგან თავშესაფარი შესთავაზა.

წერილი იმ ფერმწერს გაატანა, რომელსაც ქრისტეს ხატის დაწერა უბრძანა. რამდენს არ ეცადა ფერმწერი, მაგრამ ღვთის გამოსახვა ვერაფრით შეძლო.
მაშინ იესო ქრისტემ წყალი და ტილო ითხოვა, დაიბანა პირი, ამ ნაჭრით შეიმშრალა და ფერმწერს გადასცა. ტილოზე მისი გამოსახულება აღიბეჭდა. ამ უძვირფასეს საჩუქართან ერთად უფალმა ავგაროსს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღუთქვა სრული განკურნება, ოღონდ მაშინ, როდესაც მისი ერთ - ერთი მოწაფე ეწვეოდა.

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდგომ, როდესაც მოციქულები საქადაგებლად განიფანტნენ, ავგაროსთან თადეოზი გაემგზავრა. მთავარმა ნათელ-იღო და მძიმე სენისგან მაშინვე განიკურნა. ამ მოვლენის აღსანიშნავად მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულით მიაგებს პატივს მაცხოვრის ხელთუქმელ ხატს. დიდი სამოციქულო მოღვაწეობის შემდგომ წმინდა თადეოზი ქალაქ ბერიტოსში (ახლანდელი ბეირუთი) აღესრულა.

მოციქულები ღონეს არ იშურებდნენ, ქრისტეს სიტყვა ქვეყნის ყველა კუთხემდე მიეტანათ. უფლისადმი ეს სიყვარული თითქმის ყოველმა მათგანმა მოწამებრივი აღსასრულით დაბეჭდა.

ყოველი მათგანი უშიშრად იტანდა განსაცდელებს, ტანჯვასა და დევნას. მრავალი მათგანი ეპისკოპოსი გახდა: - პავლემ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტიტე კრეტაზე დაადგინა, ტიმოთე – ეფესოში, ანანია, რომელმაც პავლე მონათლა, შემდგომ დამასკოს ეპისკოპოსი გახდა, ფილიმონი – ღაზისა, შილა – კორინთოსი, დიონისე არეოპაგელი კი – ათენისა. ლინუსს, ანაკლეტუსს და კლიმენტის კი რომის კათედრა თანმიმდევრობით ეკავათ.
...................
ხატის წყარო

..............................
კონდაკი, ხმა 2

ქრისტეს მოწაფეთა გუნდთა სამეოცდაათთა ყოვლადქებულთა სარწმუნოებით და ქებით უგალობდეთ, რამეთუ ამათ მიერ ვისწავეთ ყოველთა სამებისა წმიდისა განუყოფელად თაყუანისცემა, რომელნიცა გიან მნათობად საღმრთოდ მორწმუნეთა.

ბეჭდვა
1კ1