წმინდა მოციქული ფილიპე (+87) - 14 (27) ნოემბერი
წმინდა მოციქული ფილიპე (+87) - 14 (27) ნოემბერი
წმინდა მოციქული ფილიპე გალილეის ქალაქ ბეთსაიდის მკვიდრი იყო, ისევე, როგორც პეტრე და ანდრია მოციქულები. მშობლებმა ფილიპე სიყმაწვილიდანვე მწიგნობრებს მიაბარეს განსასწავლად. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმინდა წერილს და წინასწარმეტყველებებს სასურველ მესიაზე, ის მხურვალე სიყვარულით აინთო მისადმი, და ძალზე სურდა უფალი პირისპირ ეხილა, თუმცა არ იცოდა, რომ მესია უკვე მოვიდა დედამიწაზე. და აი მაცხოვარი მივიდა გალილიეის მხარეში, იქ ნახა ფილიპე და უთხრა: "შემომიდეგ მე" (იოანე 1,43)
ფილიპე პირველი მოწოდებისთანავე თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,43) რამეთუ მთელი გულით ირწმუნა, რომ ის იყო ჭეშმარიტი მესია. გული რწმენითა და სიხარულით აევსო და მოისურვა ეს სიხარული თავისი მეგობრისთვის, ნათანაელისთვისაც გაეზიარებინა - "პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაწარმეტყუელთა, ვპოეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით. და ჰრქუა მას ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაისამე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე."(იოან.1:45). ნათანაელი გაჰყვა ფილიპეს, ნახა იესო და შეიცნო მასში მესია, კაცთა ხსნისათვის მოსული. მოციქული ნათანაელი, იგივე ბართლომე წარმოშობით გალილეის ქალაქ კანიდან იყო. წმინდა იოანე მახარებელი მას ნათანაელს (ღვთის ნიჭი) უწოდებს (ინ. 1, 45-51; 21, 2). განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოებანი, რომელთა დროსაც იგი უფლის ერთ-ერთი მოწაფე გახდა, რადგან აქ მკაფიოდ ვლინდება მისი ხასიათი: თვით უფალი მოწმობდა მის შესახებ, როგორც ჭეშმარიტ ისრაელელზე, "რომლისა თანა ზაკვაჲ არა არს" (იოანე 1, 47).

წმინდა ფილიპე გაჰყვა მაცხოვარს და ერთგულად ემსახურებოდა მას. ფილიპე მასში ხედავდა სრულყოფილ კაცს, უდიდეს მასწავლებელს, მაგრამ ჯერ ვერ შეეცნო მასში ღმერთი. აი, იესომ ამის გამოსწორება მოისურვა. ერთხელ უფალი ტიბერიადის ზღვის მეორე მხარეს მიდიოდა, თან ხუთი ათასი კაცი მიჰყვებოდა, გაიხედა იესომ და მისკენ მომავალი დიდძალი ხალხის დანახვაზე ფილიპეს უთხრა: სად ვიყიდოთ პური, რომ ვაჭამოთ მათ? ამ სიტყვებით მას სცდიდა, თვითონ კი იცოდა, რომ პურს ვერსად იყიდიდა, ფილიპემ მიუგო, ყველას რომ ცოტ-ცოტა ერგოს, ორასი დინარის პურიც არ ეყოფა ამათ. უფალმა იმიტომ ჰკითხა ფილიპეს ეს, რომ შემდგომში შერცხვენოდა თავისი მცირედ მორწმუნეობის, შეეცნო იესოში სრულყოფილ კაცთან ერთად სრულყოფილი ღმერთიც. ხოლო როცა უფლის ხელთაგან ხუთი პურითა და ორი თევზით ხუთი ათასი კაცი დაპურდა, მაშინ მოციქულს ძალზე შერცხვა თავის მცირდმორწმუნოების, გამტკიცდა რწმენაში, და სხვებთან ერთად ადიდა იესო ქრისტეში ძალა ღვთისა.

ერთი წლის შემდეგ კი ერთ-ერთ თორმეტ მოციქულად იქნა არჩეული (მარ. 3:14-18). მან ღვთისაგან მადლი მიიღო და ღირსი შეიქნა ახლოს ყოფილიყო იესოსთან. ერთხელ იერუსალიმში დღესასწაულზე ელინებიც მოხვდნენ, რომელთაც იესოსთან მიახლოება ვერ შეძლეს. მაშინ მათ ფილიპეს სთხოვეს, მოძღვართან მიგვიყვანეო. ფილიპემ ამის შესახებ ანდრიას უთხრა, და მერე მასთან ერთად იესოს ელინების სურვილი გააცნო. მაშინ მან ქრისტესგან საკვირველი წინასწარმეტყველება მოისმინა წარმართებზე, რომ ისინი მას ახლა კი არა, მისი გარდაცვალების შემდეგ იწამებდნენ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს" (იოანე.12,24). ამით თითქოს იესომ თქვა: "ვიდრე ცოცხალი ვარ, მხოლოდ ისრაელის სახლის ნაწილი მყავს, რომელთაც ჩემი სწამს, ხოლო როცა მოვკვდები, არა მხოლო ისრაელის სახლი, სხვა მრავალი წარმართი ირწმუნებს ჩემსას".

სხვა დროს, საიდუმლო სერობის შემდეგ ფილიპემ გაბედა და უფალს ჰკითხა: "უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა."
ამ კითხვით მან დიდი სიკეთე მოუტანა ქრისტეს ეკლესიას, რადგან აქედან ვისწავლეთ, რომ ძე ერთარსია მამისა და პირი დაეხშო ერეტიკოსებს, რომლებიც უარყოფენ ღვთაებრივ ჭეშმარიტებას. უფალმა მას მშვიდად, საყვედურით უპასუხა: "რა ხანია თქვენთანა ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო? ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა - ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი ჩემში; თუ არა და, ჩემს საქმეს მაინც ერწმუნეთ" (იოანე 14:9-11).

სულიწმიდის მიღების შემდეგ, ცეცხლოვან ენათა სახით რომ გადმოვიდა მოციქულებზე 50-ე დღეს აღდგომიდან (საქმე მოც. 2, 3-4), ფილიპეს წილად ხვდა ბართლომე მოციქულთან ერთად ექადაგა სახარება სირიასა და მცირე აზიაში. თავიდან ის გალილეაში ქადაგებდა. ერთხელ მას ვინმე დედაკაცი შეხვდა, რომელსაც ხელში თავისი მკვდარი შვილი ჰყვდა აყვანილი და უნუგეშოდ ტიროდა. უფლის მოციქულს შეებრალა ქალი, ხელები განართხო მკვდარ ბავშვზე, და უთხრა: "ადექიო! რადგანაც ასე გიბრძანებს ქრისტე, ჩემგან ქადაგებული". ყრმა მაშინვე გაცოცხლდა. მადლიერმა ქალმა მონათვლის სურვილი გმოთქვა. და მოციქულმაც ქრისტეს ნათელს აზიარა დედა-შვილი.

შემდეგ ფილიპე და ბართლომე ერთად გაემართნენ სირიასა და მცირე აზიაში და ხან ერთობლივად ქადაგებდნენ, ხანაც ცალ-ცალკე სხვადასხვა ქალაქსა თუ დაბა-სოფელში; ბოლოს მაინც ყოველთვის ერთად შეიყრებოდნენ ხოლმე და ასე მიჰყავდათ ადამიანები ცხოვრებისაკენ იესო ქრისტეს რწმენის გზით.
მცირე აზიაში (დღევანდელი თურქეთი) ქადაგებისას ფილიპე ცოტა ხნით განეშორა ბართლომეს და ლიდიის თუ მიზიის ნახევრად ველურ, ურჩ მცხოვრებთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში. იმავე ხანებში მეზობელ ქალაქებში მქადაგებელ ბართლომეს თვით უფალი გამოეცხადა და უბრძანა, ფილიპესთან წადი და შეეწიე ღვთის სიტყვის ქადაგებაშიო. ბართლომეც დაუყოვნებლივ შეუერთდა ფილიპეს და მასთან ერთად დაშვრებოდა სამოციქულო საქმიანობაში.

ფილიპეს ყოველთვის დაჰყვებოდა ღვიძლი დაც - ქალწული მარიამნა, და სამივე ერთად ემსახურებოდა კაცთა მოდგმის ხსნას. ისინი სირიისა და მიზიის ქალაქებში ახარებდნენ ღვთის სიტყვას. ამ მსახურებაში მრავალ მწუხარებას, დევნა-შევიწროებასა და გვემას დაითმენდნენ ურწმუნოთაგან: არაერთგზის ყოფილან დამწყვდეულნი საპყრობილეში, შეურაცხყოფილნი, ნაწამებნი, ქვით ჩაქოლილნიც კი, მაგრამ ღვთის მადლი ყოველთვის შეეწეოდა მათ და ცოცხალთ გადაარჩენდა, რათა კვლავაც გაეგრძელებინათ ქრისტეს სარწმუნოების დამკვიდრება ამქვეყნად. და მიუხედავად ყველა ამ განსაცდელისა, ეს წმინდა ადამიანები ყოველთვის მხნედ იყვნენ და გულმოდგინედ აგრძელებდნენ სამოციქულო საქმეს.

ლიდიის ერთ-ერთ სოფელში ისინი უფლის საყვარელ მოწაფეს - იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და ერთად გაემართნენ ფრიგიის მხარეში, ქალაქ ჰიეროპოლისში შევიდნენ და უშიშრად, განცხადებულად უქადაგებდნენ ქრისტეს რწმენას იქაურ მცხოვრებთ. ამ ქალაქში ძალზე ბევრი იყო კერპი, რომლებსაც ყველა იქაური მკვიდრი ეთაყვანებო¬და; სხვა ცრუ-ღმერთებთან ერთად, აქ ერთი ვეება ქვეწარმავალიც - იქედნეც გაეღმერთებინათ, საგანგებო ტაძარიც აეგოთ მისთვის, სადაც მრავალგვარ მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ და საზრდოსაც არ აკლებდნენ წყეულს. მის გარდა, სხვა ქვეწარმავლებსა და იქედნეებსაც ეთაყვანებოდნენ უგუნური ჰიეროპოლელი კერპთაყვანისმცემლები.

წმინდა ფილიპე თავის დასთან, მარიამნასთან, ერთად პირველ რიგში იმ ვეება იქედნეს წინააღმდეგ შეიარაღდა ლოცვით, რაშიც მათ წმინდა იოანე ღვთისმეტყველიც შეეწეოდა. წმინდა ლოცვით, ვითარცა შუბით, სძლიეს მათ იქედნეს და ქრისტეს ძალით მოაკვდინეს. ამის შემდეგ იოანე მახარებელი განეშორა მათ და თავის გზას დაადგა სამოციქულო მსახურებაში, ბართლომე, ფილიპე და მარიამნა ჰიეროპოლისში დარჩნენ და გულმოდგინედ ცდილობდნენ კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადი მოესპოთ, რათა აქამდე ცთუნებულ წარმართებში ჭეშმარიტების ნათელი გაბრწყინებულიყო; ამისთვის დაშვრებოდნენ დღითა და ღამით, ასწავლიდნენ ურწმუნოებს ღვთის სიტყვას, შეაგონებდნენ უგუნურთ და ჭეშმარიტ გზაზე აყენებდნენ გზააბნეულთ. ამ ქალაქში ერთი ბრმა კაცი ცხოვრობდა, სახელად სტაქე, რომელსაც ყველა იცნობდა. უკვე ორმოცი წელი იყო, თვალის¬ჩინი დაეკარგა. წმინდა მოციქულებმა ლოცვის ძალით აუხილეს მას სხეულებრივნი თვალნი, ქრისტეს რწმენის ქადაგებით კი სულიერი სიბრმავეც განუკურნეს, ხოლო მას შემდეგ, რაც წმინდა ნათელი სცეს სტაქეს, მოციქულები მის სახლში დარჩნენ საცხოვრებლად. მალე მთელ ქალაქს მოედო სტაქეს სასწაულებრივი განკურნების ამბავი და მის სახლთან ყოველდღე მრავლად იყრიდა თავს ხალხი. წმინდა მოციქულები ყველას დამოძღვრავდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. ხალხს მრავალი სნეული და უძლური ახლობელიც მოჰყავდა აქ, და წმინდა მოციქულნიც ყველას განკურნავდნენ ლოცვის ძალით; მრავალთაგან განასხამდნენ ისინი ბოროტ სულთაც, რის გამოც ბევრნი ირწმუნებდნენ ქრისტეს და ინათლებოდნენ კიდეც.

ჰიეროპოლის ქალაქის თავის - ნიკანორის მეუღლე გველისაგან დაგესლილი იწვა სახლში და მკურნალთაგან იმედგადაწურული სიკვდილსღა ელოდა. მსახურთაგან მან შეიტყო, რომ სტაქეს სახლში წმინდა მოციქულები იმყოფებიან და ოდენ სიტყვის ძალით განკურნავენ ყოველგვარ სნეულებათ; ქმრის არყოფნის ჟამს ამ სნეულმა დედაკაცმა უბრძანა თავის მონებს, მოციქულებთან წამიყვანეთ, სტაქეს სახლშიო. და მართლაც, მიიღო მათგან სასწაულებრივი კურნება: სხეულებრივიც - გველის ნაკბენისაგან და სულიერიც - ეშმაკისმიერი ცდუნებისაგან, რამეთუ მოციქულთაგან დამოძღვრილმა ირწმუნა ქრისტე და წმინდა ნათელიც მიიღო. როცა ქალაქის თავი შინ დაბრუნდა, მონებმა აუწყეს - შენმა ცოლმა სტაქეს სახლში მცხოვრები უცხოტომელების ჩაგონებით ქრისტე ირწმუნაო. საშინლად განრისხებულმა ნიკანორმა მაშინვე ბრძანა მოციქულთა შეპყრობა, სტაქეს სახლი კი დაეწვათ, რაც უმალვე აღასრულეს: უამრავი ხალხი შეიკრიბა იქ, და წმინდა მოციქულები - ბართლომე და ფილიპე, მარიამნასთან ერთად, გინებით, ცემით და შეურაცხყოფით ათრიეს ქალაქის ქუჩა-მოედნებზე და ბოლოს საპყრობილეში ჩაყარეს. შემდეგ ქალაქის თავი მსაჯულის ადგილას დაჯდა, მოაყვანინა წმინდანები და მათ გასამართლებას შეუდგა. სამსჯავროზე მრავალი კერპთაყვანისმცემელი ქურუმი მოვიდა, მათ შორის მოციქულთაგან მოკვდინებული იქედნეს ტაძრის მსახურნიც იყვნენ. ყველა უფლის მოციქულთა წინააღმდეგ საჩივრით წარუდგა ქალაქის თავს და გაიძახოდნენ:

- მოაკვდინე ეს მოგვნი, ქალაქის თავო!

- შური იძიე ჩვენი "ღმერთების" უპატიო-ყოფისათვის!

- სასტიკად დასაჯე ესენი, დიდო მსაჯულო, რამეთუ მას შემდეგ, რაც ჩვენს ქალაქში გამოჩნდნენ, ჩვენი დიადი "ღმერთების" საკურთხევლები დაცარიელდა!

- მოკალი ეს მტრები, ჰოი, მთავარო, რამეთუ ამათი მიზეზით ხალხმა დაივიწყა ჩვენი "ღმერთები", აღარ შესწირა¬ვს მათ ჩვეულ მსხვერპლს და მთელი ქალაქიც უსჯულოებით აღვისო!

- სიკვდილი მაგათ, რადგან სწორედ მათ მოაკვდინეს ჩვენი ქალ-ღმერთი იქედნე!

ამას კერპთაყვანისმცემლები ერთხმად მოითხოვდნენ. და მაშინ ქალაქის თავმა ნიკანორმა ბრძანა, შესამოსელთაგან განეძარცვათ წმინდა მოციქულები ფილიპე და ბართლომე, რადგან ჰგონებდა, ჯადოს ძალა შესამოსელში აქვთ დამალულიო. მაგრამ როცა ვერაფერი აღმოუჩინეს, ახლა წმინდა მარიამნასაც მიუახლოვდნენ, რათა მისი ქალწულებრივი სხეულიც განეშიშვლებინათ, მაგრამ როგორც კი დააპირეს ხელით შეხებოდნენ მის შესამოსელს, ანაზდად მარიამნა საოცარი ნათლით გაბრწყინდა და აღგზნებულ ალს მიემსგავსა, რის გამოც უკეთური მტარვალნი შიშით მოსცილდნენ მას და აღარც უცდიათ მიახლოებოდნენ. წმინდა მოციქულებს კი ქალაქისთავმა ჯვარზე სიკვდილი გადაუწყვიტა.

პირველად წმინდა ფილიპე ევნო: მას ფეხის ტერფები განუხვრიტეს, შიგ თოკი გაუყარეს და ასე აცვეს ჯვარს, თავდაყირა, იქედნეს საკერპე ბომონის კართა წინ, თან ამ დროს ქვებსაც ესროდნენ. მერმე მტარვალებმა წმინდა ბართლომეც ჯვარს აცვეს იმავე ტაძრის კედელთან. ამ დროს, ანაზდად, დიდი მიწისძვრა მოხდა: მიწა გაიხსნა და შთანთქა ქალაქის თავი ყველა იქ მყოფ ქურუმთან და ურწმუნო ადამიანთან ერთად. ყველა ცოცხლად გადარჩენილს - ქრისტეს მორწმუნეთაც და წარმართთაც - შიშის თავზარი დაეცა და ტირილით ევედრებოდა წმინდა მოციქულებს, - შეგვიბრალეთ, ევედრეთ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, წყალობით მოგვხედოს და მიწამ ჩვენც პირი არ გვიყოსო. ისინი საჩქაროდ მივარდნენ ჯვრებს და მოციქულთა გადმოხსნა დაიწყეს. წმინდა ბართლომე არ თუ ისე მაღლა ეკიდა ჯვარზე და მალე ჩამოხსნეს, მაგრამ ფილიპე ძალზე მაღლა იყო დაკიდებული და მისი ჩამოხსნა ვერ შეძლეს სწრაფად; ეს იმიტომ მოხდა, რომ მაღალი ღმერთის განგებით, მისი წმინდა მოციქული ამ ვნებათა და ჯვარზე სიკვდილის გზით ამაქვეყნიდან ზეცად გადასახლებულიყო, რისთვისაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეცდებოდა. თავდაყირა ჯვარზე გამოკიდული წმინდა მოციქული ფილიპე ღმერთს ევედრებოდა თავის მტერთათვის, რათა უფალს მიეტევებინა მათთვის ცოდვები და ჭეშმარიტების შესაცნობად განენათ¬ლებინა მათი გონება. მართლაც, უფალმა შეისმინა თავის სათნო-მყოფელის ლოცვა და უმალ უბრძანა მიწას, უკანვე ცოცხლად აღმოენთხია შთანთქმული წარმართები ქალაქის თავისა და იქედნეს ტაძრის ქურუმთა გამოკლებით. ამ უდიდესი სასწაულის ხილვაზე ყველამ სიხარულით განადიდა ქრისტე და ხმამაღლა აღიარა იგი ჭეშმარიტ ღმერთად, ამასთან, სურვილიც გამოთქვეს წმინდა ნათელის მიღებისა.

როცა ბოლოს წმინდა ფილიპეც ჩამოხსნეს ჯვრიდან, დაინახეს, რომ მას უკვე უფლისათვის მიებარებინა სული. მისი ღვიძლი და, მარიამნა, მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ იქვე იდგა და თვალს ადევნებდა ფილიპეს ტანჯვასა და სიკვდილს, ახლა სიყვარულით ეხვეოდა და ეამბორებოდა მის სხეულს და სიხარულით აღივსებოდა იმის გამო, რომ ფილიპე ღირს-იქმნა ქრისტესთვის ვნებულიყო (მისი ხსენება აღესრულება 14 ნოემბერს).

წმინდა ბართლომემ ნათლისღების საიდუმლო აღასრულა ყველა ახალქმოქცეულ ჰიეროპოლელზე და ეპისკოპოსად მათ სტაქე დაუდგინა. ქრისტეს ამ ახალმა მორწმუნეებმა დიდი პატივით მიაბარეს მიწას წმინდა მოციქულ ფილიპეს სხეული. იმ ადგილას, სადაც მოციქულის წმინდა სისხლი დაიღვარა, სამ დღეში ვაზი ამოიზარდა! ეს სასწაული იმის ნიშნად აღსრულდა, რომ თავისი, ქრისტეს სახელისათვის დაღვრილი, სისხლისთვის წმინდა ფილიპე საუკუნო ნეტარებით დასტკბება უფლისა თანა ცათა სასუფეველში.

ფილიპეს დაკრძალვის შემდეგ წმინდა ბართლომემ, ნეტარ ქალწულ მარიამნასთან ერთად, რამდენიმე დღე ჰიეროპოლისში დაჰყო და ქრისტეს რწმენაში განამტკიცებდა ახალდაარსებულ ეკლესიას, შემდეგ კი ორთავ თავ-თავის გზას დაადგა: მარიამნა კილაონიის მხარეს გაემართა (მცირე აზიის შუაგული) და იქ, ღვთის სიტყვის წარმატებული ქადაგებისას, მშვიდობით მიაბარა სული უფალს (მისი ხსენება აღესრულება 17 თებერვალს).

ტროპარი:
ბრწყინვალედ განმშვენდების დღეს ყოველი ქუეყანა, და ეთიოპია უმეტეს განსცხრებიმეტყველო ფილიპე, რამეთუ ყოველთა სარწმუნოებაჲ ქრისტესი გვასწავე, და კეთილად აღასრულე სახარებაჲ ღირსო, ვინაჲცა კადნიერად აღიპყრენ ხელთა ეთიოპელნი ღმრთისა მიმართ, რომელსა ევედრე მონიჭე¬ბად ჩუენდა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი:
ვითარცა მოწაფემან და მოყვარემან შენმან, და მობაძავ¬მან ვნებათა შენთამან, სოფელსა შინა ღმრთად გქადაგა შენ, ღმრთისმეტყველმან ფილიპე, ოხათა მისთა მიერ მტერთაგან უჰსჯულოთა ეკლესიაჲ შენი და ყოველნი ქალაქნი შენნი დაიცვენ, ღმრთისმშობელისა მიერ მრავალმოწყალე.

ბეჭდვა