ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის გარეგნობა
ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის გარეგნობა
ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის გარეგნობის აღწერილობა წმინდა ეპიფანესა და ნიკიფორე კალისტოსის ისტორიულ წყაროებშია დაცული. სიწმინდით აღსავსე მისი სული მუდმივად იყო გამოვლენილი მის სრულყოფილ გარეგნობაში. საეკლესიო მემატიანემ ნიკიფორე კალისტომ (XIV ს.) შემოგვინახა წმინდა გადმოცემა, რომელშიც ნათქვამია: "ღვთისმშობელი საშუალო სიმაღლის (სხვანი მიიჩნევენ - საშუალოზე ოდნავ მაღალი) იყო; თმა ოქროსფერში გადასდიოდა; ჰქონდა ზეთისხილისფერი სწრაფი თვალები, ნათელი გამოხედვა; ნელშავი რკალისებრი წარბები, ოდნავ მოგრძო ცხვირი; ბაგე - ნეტარი, კეთილხმოვანი; სახე - არამრგვალი; გრძელი, მშვიდი ხელის თითები... საუბარში ყოველთვის კეთილგანწყობას ინარჩუნებდა, არც გაიცინებდა და არც გაგულისდებოდა; მისთვის უცხო იყო ყოველგვარი ნებიერობა და მოჩვენებითობა, იგი ყოველთვის უბრალო, ალალ-მართალი და უყვედრებელი იყო, მასში აშკარად შეიმჩნეოდა სასოება და ღვთისმორჩილება. მისი ჩასაცმელი ფერთა ბუნებრიობით გამოირჩეოდა, რასაც ნათლად მოწმობს ხატებში წარმოდგენილი მისი შესამოსლის ფერები. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა მისი ქმედება უდიდესი მადლით იყო გასხივოსნებული". ნიკიფორე კალისტომ ეს მასალა წმინდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსის (+403 წ.) წერილებში მოიპოვა.

ყველა თანამედროვე, ვინც მისი ხილვის ღირსი გახდა, მოწმობს, რომ მისი გარეგნობა საოცარი სილამაზით გამოირჩეოდა. დიონისე არეოპაგელმა ღვთისმშობელი უკვე ხანდაზმულობისას იხილა. დიონისე ამ შეხვედრის შესახებ პავლე მოციქულს მოუთხრობს და ამბობს, რომ მისი გონება და გული წმინდა ქალწულის ღვთაებრივი სილამაზის ხილვით მოუძლურდა და რომ არ სცოდნოდა, ღმერთი ერთია, ისევე სცემდა მას თაყვანს, როგორც ჭეშმარიტ ღმერთს.

ტანსაცმელი ყოველგვარი ფუფუნებისგან თავისუფალი და მოკრძალებული ემოსა ღვთისმშობელს. ნაბიჯი დიდებული და მტკიცე ჰქონდა, მზერა – სერიოზული და საამო, საუბარი – მშვიდი, რომელიც უბოროტო გულიდან მოდიოდა, ურთიერთობა – ბუნებრივი და უბრალო. ღვთაებრივი სულის მთელი მშვენიერება მის სხეულზე იყო აღბეჭდილი. მაგრამ გარეგნული სილამაზე წარმოადგენდა მხოლოდ გამჭვირვალე საფარველს, რომელშიც მისი გონებისა და სულის უხრწნელი მშვენიერება ბრწყინავდა. ყოველ საქმეში იგი მოკრძალებულ დიდებულებასა და უმანკოებას ავლენდა. ის ამქვეყნად დედათა შორის უდიდებულესი და უმშვენიერესი იყო. იმიტომ, რომ იგი იყო წმინდა ქალწული, მარტო სხეულით კი არა – სულითაც. რადგან მის სახეში თავმოყრილი იყო მადლის მთელი საუნჯე. ვიმეორებ წმინდა მამათა სიტყვებს: "ჭეშმარიტად, წმინდა ქალწულში მხოლოდ მისი სხეულის უხრწნელება და სიწმინდე კი არ განგვაცვიფრებს, არამედ სულის განსაკუთრებული სრულყოფილება". ყველა მისი სურვილი ერთი მიზნისკენ იყო მიმართული. სიძულვილს მხოლოდ ცოდვისადმი განიცდიდა. ის გულით მშვიდი იყო, საუბარში კეთილგონიერი, ცოტას და მხოლოდ აუცილებელს ამბობდა, კითხვაში მონდომებული, ყოველთვის შრომისმოყვარე, ყველაზე მზრუნველი, იგი მსაჯულად ადამიანს კი არა, ღმერთს თვლიდა. ღატაკთა და ტანჯულთა მიმართ მოწყალე, დახმარებაზე უარს არავის ეუბნებოდა. მისი უანგარო მორჩილება და ღმერთზე მინდობა, განუწყვეტელი ლოცვა, მძიმე განსაცდელთა უდრტვინველად დათმენა, ახლობლების მიმართ გულთბილობა თვით ზეციურ ძალებზე მაღლა აყენებდა. ყველა ქრისტიანი შესთხოვს ღვთისმშობელს შეწევნას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უდიდესი დედობრივი კადნიერებით მიმართავს თავის ძეს და ღმერთს და ამიტომ მის ლოცვას დიდი ძალა აქვს. ყოველივე შეერთდა ყოვლადწმინდა ქალწულში, რათა ჩვენთვის – ცოდვილთათვის ცხადი გამხდარიყო, თუ სად უნდა ვეძებოთ შეწევნა და შუამდგომლობა. ის სულიწმინდის ყოველგვარი ნიჭით იყო შემკული, მხოლოდ მას უგალობს ეკლესია: "მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო"...
ბეჭდვა
1კ1