"წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა"
"წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა"
ღვთისმშობლის მიძინების ერთ-ერთ დღესასწაულზე წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა იქადაგა, თუ რატომ ვგლოვობთ ადამიანები ჩვენი ახლობლების გარდაცვალებას და რატომ ვდღესასწაულობთ ღვთისმშობლის მიძინებას. ახლობლის სიკვდილი გვტანჯავს იმიტომ, რომ ჩვენს გვერდით ვეღარ ვნახავთ და მოგვენატრება. ამასთან ერთად, მისი სახით დამხმარე და მზრუნველი მოგვაკლდება. ღვთისმშობლის მიძინება კი არ ჰგავს სხვა ადამიანთა აღსასრულს. როგორც მის საგალობელშია ნათქვამი, მან "მიცვალებასა სოფელი არა დაუტევა". თუ ქვეყნად ყოფნისას ღვთისმშობელი სულიერად შეეწეოდა მხოლოდ მის გარშემო მყოფთ, თავისი ძის დიდებაში შესვლით იგი გახდა ყველას შემწე და მეოხი - "წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა."

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს მართლაც არაჩვეულებრივი ქადაგებები აქვს ღვთისმშობელზე. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს.

"ზეცით მოვლინებულმა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს ახარა: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. რა წარმოიდგინა და რა იგრძნო ყოვლადწმინდა ქალწულმა ამ სიტყვების მოსმენისას? შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ ძლიერ გაუხარდა, რადგან ეს ხილვა და სიტყვები მის კაცობრივ ბუნებას დიდად ამაღლებდა, მაგრამ არა! ყოვლად გონიერი ქალწული უეცარ სიხარულს კი არ მიეცა, არამედ შეძრწუნდა, დაფიქრდა და განიზრახვიდა, ვითარმე არს მოკითხვაი ესე. ანგელოზმა შეატყო, რა გრძნობა გაჩნდა მის გულში და უთხრა: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა; დავფიქრდეთ, რაოდენ გონიერება და სიმტკიცე სულისა და გულისა გამოიჩინა ამ დროს წმინდა ქალწულმა: იგი ხედავს მის წინაშე მდგომ უჩვეულო მახარებელს, ესმის შემაძრწუნებელი ხარება! მის ადგილას სხვას აუცილებლად გრძნობათა ღელვა მთლიანად შეიპყრობდა და დაიმორჩილებდა. მართალია, იგიც შეძრწუნდა, მაგრამ მაშინვე იწყო ფიქრი და განზრახვა, რას ნიშნავდა ეს მოკითხვა. სწორედ ასეთი უჩვეულო შემთხვევებისას გამოჩნდება ხოლმე ადამიანის გონება და ხასიათი; ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოამჟღავნა, რომ მას მაღალი გონიერება და შეურყეველი მხნეობა ჰქონდა და ეს თვისებები არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში შეინარჩუნა. ეს ორი კეთილი თვისება მის ბუნებაში სიმშვიდესთან და სიმდაბლესთან იყო შეერთებული და ამიტომაც ასე ამკობდნენ მას.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრება საუკეთესო მაგალითია ჩვენთვის, განსაკუთრებით ქრისტიანი ქალებისათვის. ქალწულებს იგი გამოუთქმელი სულიერი და ხორციელი სიწმინდის მაგალითს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ სულიერად და ხორციელად შემკული ქალწული მარიამი ყოველი ღირსებითა და მშვენიერებით იყო სავსე, საოცარი თავმდაბლობითა და სიმშვიდით გამოირჩეოდა. ამიტომ იმ ქალწულებმა, რომლებიც ღმრთისაგან ბოძებული ხორციელი და სულიერი მშვენიერებით ქედმაღლობენ, უნდა იფიქრონ, ვინ შეიძლება იყოს უმშვენიერესი და უდიდესი მარიამისა, რომელიც ამასთან საოცრად თავმდაბალი და მშვიდიც იყო. დედებიც ხშირად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, როგორი დედა იყო ყოვლადწმინდა მარიამი. მაცხოვრის შობის შემდეგ მას თავისი თავი აღარ ახსოვდა, იგი თავისი ძის ცხოვრებით ცხოვრობდა. ამავე დროს, თუ გვსურს შევიტყოთ, როგორი მინდობილობა და სასოება უნდა გვქონდეს ღმრთის განგებულებისა, გოლგოთის მთაზე ავაზაკებს შორის ჯვარზე გაკრული იესო და მის წინაშე მდგომი ღვთისმშობელი უნდა წარმოვიდგინოთ. რას იგრძნობდა დედა, რომლისთვისაც შვილი ყველაფერი იყო? მაგრამ მან ყოველივე დაითმინა, რადგან ჰქონდა რწმენა და სჯეროდა ღმრთის განგებულებისა. ჭირი და უბედურებანი ჩვენც სულგრძელად უნდა დავითმინოთ, რადგან ყოველივე, რაც შეგვემთხვევა, ღმრთისაგან არის; განგებულება ღმრთისა არცერთ ადამიანს არ ტოვებს. სახარებაში ღვთისმშობლის შესახებ ნათქვამია: "ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ესე ყოველნი სიტყუანი გულსა თვისსა". ეს იმას ნიშნავს, რომ ყოვლადწმინდა ქალწულს თავისი ცხოვრების ყოველ გარემოებასა და შემთხვევაზე დაფიქრება ჩვეულებად ჰქონდა. ესეც ერთი დიდი მაგალითია, განსაკუთრებით ქალებისათვის, რომელნიც თავიანთ საქმეებზე უნდა დაფიქრდნენ, ცუდს უნდა განეშორონ და მარადის უმჯობესის ძიებაში იყვნენ.

როცაGგაბრიელ მთავარანგელოზისაგან ხარება მიიღო, ყოვლადწმინდა ქალწულმა იწინასწარმეტყველა: "აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ჰყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან" (ლუკა 1,48). როგორც ვიცით, მისი წინასწარმეტყველება აღსრულდა. ქრისტიანი ერებისათვის დედა ღმრთისა, ღვთის მიერ შექმნილ ყველა გონიერ არსებას აღემატება. ადამის მოდგმაში მხოლოდ ის გახდა ღირსი მიეღო სიტყვა ღმრთისა და საიდუმლოს განხორციელებისათვის ემსახურა. რა სათნოებით მოიპოვა მან ესოდენ დიდი მადლი ღმრთისა? რითი გამოირჩეოდა იგი სხვებისაგან? პირველი მისი განსაკუთრებული თვისება იმაში მდგომარეობდა, რომ მთელი მისი ღმრთეებრივი სრულყოფილება და დიდება მის შიგნით, სულსა და გულსა შინა არსებობდა. კაცთათვის დაფარული მისი სისრულე ცხადი მხოლოდ ღმრთისათვის იყო. ყოვლადწმინდა ქალწულის სული ღმრთის ტაძარი მანამდე იყო, სანამ სხეული ღმრთის განხორციელებული სიტყვის ტაძრად შეიქმნებოდა. საღმრთო წერილში ყველა წმინდა ადამიანზე წერია, რომ ცხოვრება მათი დაფარულ იყო ღმერთსა შინა. ეს მით უმეტეს ითქმის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელზე, რომლის გონება და მთელი არსება ღმრთის არსებასა შინა იყო დაფარული. გარეგნობა ღვთისმშობლისა მის არცერთ დაფარულ დიდებულებას არ აჩენდა. გარეგნულად მას სხვა ქალებიდან ვერ გამოარჩევდით. როცა მის გულში ღმრთეებრივი ნათელი ნათობდა, როცა მთელი მისი გონება ზეციური აზრებით იყო გაბრწყინებული, ხოლო გული გამოუთქმელი სიხარულით ჰქონდა სავსე, გარეგნულად უბრალოდ და ჩვეულებრივ ქალთა მსგავსად გამოიყურებოდა. მას არასოდეს უტარებია ძვირფასი სამკაული და სამოსელი. წმინდა მამები მოგვითხრობენ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან მხოლოდ ერთი უბრალო სარტყელი დარჩა, საკუთარი ხელით მოქსოვილი."
ბეჭდვა
1კ1