"გადაეცი იღუმენს და ძმებს, წელს ჩემი დღესასწაული დიდად იზეიმონ"
"გადაეცი იღუმენს და ძმებს, წელს ჩემი დღესასწაული დიდად იზეიმონ"
ღვთისმშობლის ირემი. შუამთის მონასტერი თურქების ბატონობის დროს მაღალი მთის იქით იყო ჩამალული და არტუსკენ (ქალაქია საბერძნეთის დასავლეთით) მიმავალი გზის მხარეს მდებარეობდა. მისკენ მიდიოდა ციცაბო და სახიფათო ბილიკი, რომელზე სიარული მხოლოდ თხებსა და ადგილობრივ მცხოვრებთ შეეძლოთ. ძველ დროში მონასტერი განთქმული იყო თავისი კეთილმშვენიერებით, მაგრამ მონობის წლებში, ისევე როგორც ყველა სხვა მონასტერი, ისიც გაღატაკდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას, სავანის უმთავრეს დღესასწაულს, დიდი ზეიმით აღნიშნავდა მოსახლეობა. ამ დღისთვის მონაზვნები ნასუქ მოზვერს ჰკლავდნენ, ხარშავდნენ მონასტრის უზარმაზარ ქვაბებში და ლიტურგიის შემდეგ ყველა მორწმუნეს უმასპინძლდებოდნენ.

თუმცა ერთხანს მონაზვნებმა შეწყვიტეს ტაძრის დღესასწაულის ძველი დიდებულებით აღნიშვნა. მონასტერში ლუკმა ხორციც კი არ ჰქონდათ მომლოცველთა გასამასპინძლებლად. ეს ბევრს აწუხებდა. ხალხი ფიქრობდა, მონაზვნებმა დაკარგეს სტუმართმოყვარეობა და შეწყვიტეს ღვთისმშობლის დღესასწაულის ზეიმით აღნიშვნაო.

- აბა, რა ვქნათ? - პასუხობდა ხალხის საყვედურებს იღუმენი, - მამალიც კი აღარ დაგვრჩა, რომ დავკლათ!

მონასტერში იმ დროს ერთი თეთრწვერა მონაზონი ცხოვრობდა, 80 წლის იქნებოდა. ისიც სხვებთან ერთად სწუხდა მონასტერში შექმნილი მდგომარეობის გამო.

"ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, სასწაული მოახდინე! - დღედაღამ შეჰღაღადებდა ის ღვთისმშობელს, - სასწაული მოახდინე, რათა ადამიანებმა იხილონ, რომ შენ არ მიგიტოვებივართ და არ გაუქრეთ შენდამი რწმენა".

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინა დღეს მოხუცი მონაზონი თავის კელიაში იმყოფებოდა. უეცრად ხილვა ჰქონდა. გათენდა თუ არა, მაშინვე იღუმენთან მივიდა.

- ასე ადრე რამ მოგიყვანა, მამაო?

- მამაო, სულ ახლახან ღვთაებრივი ხილვა მქონდა. ჩემი კელია აივსო კაშკაშა ნათელით და გონს მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ უეცრად ჩემს წინ ღვთისმშობელი ვიხილე. ის მკაცრად, მაგრამ სიყვარულით მიცქერდა. მისი მზერა ერთდროულად მწუხარებასა და სიმშვიდეს გამოხატავდა. მითხრა: "გადაეცი იღუმენს და ძმებს, წელს ჩემი დღესასწაული დიდად იზეიმონ, რადგან იმაზე ცუდი არაფერია, თუ ადამიანები რწმენას დაკარგავენ. დაე, ჩემს დღესასწაულზე შეიკრიბოს ყველა სოფლის მცხოვრები, მე მათ შორის ვიქნები". თქვა და უჩინო შეიქნა.

იღუმენმა ყურადღებით მოუსმინა მოხუც მონაზონს და ეკლესიისკენ გაემართა. მიძინების დღესასწაულზე უახლოესი სოფლებიდან უამრავი მომლოცველი მოვიდა. ბერის ხილვის ამბავს ერთმანეთს გადასცემდნენ და მალე იგი ოლქის ყველა სოფელს მოედო. მოხუცი მონაზვნის წმინდა ცხოვრება საუკეთესო დასტური იყო ამ ხილვის ჭეშმარიტებისა. თვით ეპისკოპოსიც კი ბერს მისაბაძ მაგალითად თვლიდა.

ბევრი მონაზონი მიდიოდა იღუმენთან და ღვთისმშობლის ნების აღსრულებას სთხოვდა. მიძინების დღესასწაულის განტევებიდან ერთი კვირის თავზე იღუმენმა მონაზვნებსა და სოფლის მკვიდრთ სასიხარულო ამბავი აუწყა:

- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევითა და მადლით, ამ წელს მონასტერი თავისი ტაძრის დღესასწაულს სათანადოდ იზეიმებს, ისე როგორც ვიქცეოდით მრავალი წლის მანძილზე. თქვენ კარგად იცით, რომ მონასტერს ახლა მძიმე დრო დაუდგა, ამიტომაც ამჯერად მოზვერს არ დავკლავთ. თუმცა სადღესასწაულოდ კი შევიკრიბებით.

ამ ამბავმა ჩიტივით მიმოიფრინა მთის ყველა სოფელი. როგორც იქნა, ყველა შეიკრიბა ყოვლადწმინდა ქალწულის პატივსაცემად, მის საფარველქვეშ. ეს ამბავი თითქოს კარგი ცვლილებების და კარგი დროის დადგომის მაუწყებელი იყო.

ჯერ კიდევ დღესასწაულის წინა დღეს მონასტრის ეზო ხალხით გაივსო. ჯგუფებად მოდიოდნენ მომლოცველები სოფლებიდან. ყველა ადგილობრივი ღვთისმსახური შეიკრიბა და დაიწყო საზეიმო ღვთისმსახურება. ზღვასავით ხალხი მთის ფერდობზე გაიშალა, რადგანაც მონასტრის პატარა ტაძარს ყველას დატევა არ შეეძლო. უეცრად ტყით დაფარული გორიდან ხმაური მოისმა და გაოცებული ხალხის თვალწინ გამოვიდა... ირემი, რომელსაც ხალხისა საერთოდ არ ეშინოდა და სწრაფი ნაბიჯით მონასტრისკენ გაემართა. ხალხი იმდენად იყო გაოცებული, რომ მისი დაჭერა არავის უფიქრია.

ირემი კი თითქოს ვიღაცის უხილავ ხელს მოჰყავდა. ხალხში გაიარა და მონასტრის კარებში გაუჩინარდა. პირდაპირ სამზარეულოში მივიდა და შეჩერდა.

მზარეული დაიბნა. პირველად მან ირემს ცივი წყალი დაუდგა. ცხოველმაც ხარბად შესვა. წყურვილი რომ დაიცხრო, კუთხეში მიწვა და კისერი წასწია, თითქოს დანას მოუმარჯვა.

- ეს ღვთისმშობლის საჩუქარია, - თქვეს მოხუცმა მონაზვნებმა.

ეს მაშინვე იღუმენს ამცნეს. მან ირმის დაკვლა და ხორცის ხალხისთვის დარიგება ბრძანა, ნიშნად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევისა. ასეც მოიქცნენ.

მას მერე, ყოველწლიურად, 8 სექტემბერს, მონასტრის ეზოში შემოდიოდა ხოლმე ირემი, თუმცა არავის უნახავს სხვა დროს მონასტრის სიახლოვეს ეს ცხოველი. ირემი კვლავ სვამდა წყალს, ისვენებდა, მერე კი გვერდზე დაწვებოდა და ყელს გაიწვდიდა.

ღვთისმგმობი ზემდეგი. კორეის ომის ვეტერანი ქრისტოს ვერტოსი მოჰყვა: "კორეაში ჩვენი ბატალიონის ზემდეგი ვიყავი. მაშინ მხოლოდ მძიმე იარაღის ძალისა მჯეროდა და სხვა არაფრისა მწამდა. ამის გარდა, გამოუსწორებელი ღვთისმგმობელი ვიყავი. სიტყვას, რომლითაც ვილანძღებოდი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ჰქონდა კავშირი.

ვინც ჩემს ლანძღვას ისმენდა, თმა ყალყზე უდგებოდა. უბედურება რომ ამცდენოდა, ჩემი გინებისას ჩემი ჯარისკაცები პირჯვარს ისახავდნენ. წოდებით უფროსები მუდმივად შენიშვნებს მაძლევდნენ და მსჯიდნენ კიდეც. ეს მანამ გაგრძელდა, ვიდრე ერთ ღამეს ცხადში სასწაული არ ვიხილე.

1951 წლის 7 აპრილი თენდებოდა. ჩემი ოცეული 38-ე პარალელთან ქედზე განლაგდა. მთელი ღამე ჩემს ჯარისკაცთან - სტავროს ადამაკოსთან ერთად სანგარში ვყარაულობდი. როცა გათენდა, მშვიდად დავიძინე... სიზმარში შავად მოსილი ქალი მომიახლოვდა, მხარზე ხელით შემეხო და მკითხა:

- გინდა, რომ შენს გვერდით ვიყო?

ეს რომ მითხრა, სულში სიმშვიდემ დაისადგურა. ვინ ხარ-მეთქი. მას სახე მკვეთრად შეეცვალა და მკაცრად მკითხა:

- მუდმივად რატომ მლანძღავ?

- პირველად გხედავ! აბა, როგორ გაგლანძღავ, არც კი გიცნობ.

- არა, - თქვა უფრო მკაცრად, - შენ მე მუდმივად მლანძღავ, მაგრამ მე მაინც შენ და ყველა ერისკაცის გვერდით ვარ. რატომ არ მიდიხართ პუსენში და არ აანთებთ სანთლებს თქვენიანებისთვის, რომლებიც იქ განისვენებენ.

ამ სიტყვებით შეძრწუნებულს გამომეღვიძა. ჩემს გვერდით მყოფი სტავროსი დაბნეული მომჩერებოდა. მერე შეშინებულმა მითხრა, - ძილში ოხრავდით და ლაპარაკობდითო.

ჩემი სიზმარი მოვუყევი და დავასკვენით, რომ ეს გადაღლილობისა და პუსენთან დაღუპულ თანამებრძოლებზე საუბრის შედეგი იყო. ლაპარაკი ჯერ არ დაგვესრულებინა, რომ ძილში ნანახი ქალი ახლა ცხადში ვიხილე.

- ადამაკო! - ვიყვირე, - ქალი... ის აქ არის... ხედავ?

ჯარისკაცი ჩემს დამშვიდებას შეეცადა. შავოსანი ქალი კი ჩემს წინ იდგა და კვლავ გავიგონე მისი უტკბილესი ხმა.

- ნუ გეშინინ... ნუ გეშინინ, შვილო. მე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ვარ. მე გიცავთ თქვენ ყველას, ყველგან და ყოველთვის, მაგრამ მინდა, რომ სამუდამოდ შეწყვიტო ჩემი ლანძღვა, თვით შენი ცხოვრების ყველაზე რთულ წუთებშიც კი.

მის ფეხებთან დავეცი სამთხვევად, მაგრამ ღვთისმშობელი უჩინო შეიქნა. გულიდან წამომივიდა ცრემლები, რომელთაც სიხარული და შვება მომგვარეს".

შიმშილისაგან დაიხსნა. ნ. დრ-ამულიანოსი მოჰყვა გასაოცარ ისტორიას, რომელიც მას ომში შეემთხვა 1940 წელს.

"ჩვენს ოცეულს უბრძანეს, პლაცდარმის შესაქმნელად სიმაღლე დაგვეკავებინა. ქვიან გრუნტში მოგვიწია სანგრების თხრამ. პოზიციები დავიკავეთ თუ არა, თოვა დაიწყო. ორი დღე და ღამე შეუჩერებლად თოვდა და ზოგ ადგილას ნამქერი ორ მეტრს აღწევდა. შტაბთან კავშირისა და უსანოვაგოდ დავრჩით. თითოეულ ჩვენგანს ერთი დღის პროდუქტი გვქონდა. მშივრები და გაყინულები არ ვფიქრობდით მომავალ დღეებზე და მთელი მარაგი ერთ ჯერზე შევჭამეთ.

ამის მერე ნამდვილი სატანჯველი დაგვეწყო. წყურვილს თოვლით ვიკლავდით, მაგრამ შიმშილი შეუბრალებლად გვტანჯავდა. გავიდა ხუთი დღე. ძვალი და ტყავი გავხდით. თუმცა სულის სიმხნევე არ დაგვიკარგავს, მაგრამ ბუნებასაც აქვს თავისი საზღვარი.

სწორედ მაშინ სასწაულმა გვიშველა! ჩვენმა სერჟანტმა უბიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქაღალდის ხატი ამოიღო, მაღლა ასწია და ყველას მოგვიწოდა, მოვგროვილიყავით მის გარშემო:

- ახლა ჩვენ მხოლოდ სასწაული თუ გვიშველის. დაიჩოქეთ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გადარჩენა სთხოვეთ!

ყველანი დავეცით მუხლებზე, ხელები ზეცად აღვაპყარით და მარადქალწულ მარიამს ვევედრეთ. ფეხზე წამოდგომა ვერ მოვასწარით, რომ ზანზალაკის ხმა გავიგონეთ. იარაღს ხელი ვტაცეთ და პოზიციებზე განვლაგდით.

ერთი წუთის შემდეგ ჩვენთან მოვიდა დიდი და მძიმედ დატვირული ჯორი. ყველანი გავქვავდით! პირუტყვი პატრონის გარეშე გადადის მთაზე, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში ერთი მეტრი თოვლით არის დაფარული. ეს სრულიად დაუჯერებელი რამ იყო. უეცრად გონება გაგვინათდა: ის ჩვენთან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოიყვანა, ყველამ ერთხმად მადლობა შევწირეთ ჩვენს გადამრჩენელს.

პირუტყვი პურით, ყველითა და ჯარისკაცული პროდუქტით იყო დატვირთული. ეს შემთხვევა არასოდეს დამავიწყდება.

ლიფინის ღვთისმშობელი. კუნძულ კრეტაზე, სოფელ ლიფინში, რომელიც სიტიის ეპარქიას ეკუთვნის, არის ერთი ძველი ტაძარი ლიფიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე ნაკურთხი და 8 სექტემბერს დღესასწაულობენ. ტაძრის კანკელზე დაბრძანებულია სწორედ ეს სასწაულმოქმედი ხატი და უამრავი შეწირულობით არის განმშვენებული.

ეკლესიის ეზოში პატარა სასტუმროა მომლოცველთათვის. ხშირად იმ სოფლის მკვიდრნი გზის მოსაჭრელად ეკლესიის ეზოს გადაივლიან ხოლმე, მაგრამ თუ ეზოს დიდმარხვაში ხორცით ხელში გადაივლიან, ამ ხორცს მაშინვე მატლი უჩნდება.

ეს სასწაული არა მარტო ძველ დროში ხდებოდა. ზოგიერთმა ეჭვიანმა ამის შემოწმება ჩვენს დროშიც სცადა. მათ დიდმარხვის პერიოდში იყიდეს ახალი ხორცი, ეკლესიის ეზო გადაიარეს და იქვე დარწმუნდნენ - ხორცს მატლი დაეხვია. ერთმა ბაყალმა სცადა ეზო გადაეარა და ახალდაკლული ცხვარი გადაეტანა, მაგრამ შუა ეზოში მუხლები წაერთვა და შეძრწუნებული მიწაზე დაეცა.
ბეჭდვა
1კ1