დედა ცხოვრებისა
დედა ცხოვრებისა
ღვთისმშობლისეული სულთმოფენობა
"აჰა მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა"
ახლოვდება ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, რომელიც სანატრელია ყოველი მორწმუნისათვის. ამიტომაც მის შესახვედრად მარხვით ვემზადებით.

მართლმადიდებელი ეკლესია თაყვანს სცემს ღვთისმშობელს, როგორც "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა", როგორც აღმატებულს ყველა ქმნილებაზე და ლოცულობს მისდამი, როგორც მთელი კაცობრიობის მოდგმის მეოხისადმი. ღვთისმშობლის სიყვარული და თაყვანისცემა მართლმადიდებლური სწავლების გულია, რომელიც ათბობს და აცოცხლებს მთელი ეკლესიის სხეულს.

გვესაუბრება ლურჯი მონასტრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი სხირტლაძე.

- ქრისტესმიერი კაცობრიობა დაკავშირებულია ადამიანური ბუნების კურთხევასთან, განწმენდასა და განდიდებასთან და უპირველეს ყოვლისა - ღვთისმშობელისა. მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს განაშორებს ძეს დედისაგან, განკაცებულს - განმკაცებლისაგან და თაყვანს სცემს რა ქრისტეს, ასევე, ღვთისმშობლის სახით - მის დედასაც, რომლისაგან უფალმა ეს კაცობრივი ხორცი შეისხა; და რაც მთავარია, ღვთისმშობელში განხორციელდა ის სიწმინდე, რომელიც მისაწვდომი იყო კაცობრიობისათვის ცოდვით დაცემის შემდეგ, თუმცა, რა თქმა უნდა, ძველაღთქმისეულ ეკლესიაში მოქმედი ღვთის მადლით. მთელი ძველი აღთქმისეული ეკლესიის ამოცანა იყო აღეზარდა და მოემზადებინა კაცობრიობის ის წმინდა ნაწილი, რომელიც სულიწმინდის მიღების ღირსი იქნებოდა; ღვთისმშობელი არის არა განკაცების უბრალო იარაღი, არამედ განხორციელების პირდაპირი და დადებითი პირობა.

ქრისტე არ შეიძლებოდა განკაცებულიყო ადამიანურ ბუნებაზე ძალადობით; აუცილებელი იყო, ამ ბუნებას თვით ღაღად ეყო: "აჰა მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა", ეს იყო მასზე სულიწმინდის გარდამოსვლა, - ღვთისმშობლისეული სულთმოფენობა.

- მართლმადიდებელი ეკლესია არ იზიარებს კათოლიკური ეკლესიის დოგმატს ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის შესახებ. რაში მდგომარეობს ეს დოგმატი და რა პრინციპული განსხვავებაა, ამ მხრივ, მართლმადიდებლურსა და კათოლიკურ სწავლებებს შორის?

ამ თემაზე გვესაუბრება ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე.

- მართლმადიდებელი ეკლესია არ იზიარებს კათოლიკური ეკლესიის დოგმატს ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის შესახებ იმ მიზეზით, რომ ღვთისმშობელი, თავისი შობისას, მოშორებული იქნებოდა პირველსაწყისი ცოდვისაგან, ეს კი განყოფდა კაცობრივისაგან და ვერშემძლებელი იქნებოდა ღვთისმიერი კაცობრივი ბუნების მიღებისა.Aამავე დროს, მართლმადიდებლობა არ უშვებს ღვთისმშობელში არავითარ პირად ცოდვას, რომელიც დააკნინებდა ღვთისმშობლის ღირსებას. ღვთისმშობლის კავშირი ძესთან არ იწურება მხოლოდ მისი შობით, არამედ ჰგიებს იმ ზომით, როგორადაც განუყოფლად შეერწყა უფალში ღვთაებრივი კაცობრივ ბუნებას. თავის უზომო მორჩილებაში ღვთისმშობელი, მიწიერი მსახურებისას, ზოგადად უფრო ჩრდილშია, რომლისაგანაც იგი გამოდის მხოლოდ გოლგოთაზე ჯვართან დგომისას. იგი, თავისი დედობრივი ტანჯვით, ძესთან ერთად გადის გოლგოთის გზას და ინაწილებს მას.

რაც შეეხება თავად დოგმატს, ლათინთა ეკლესიის მიერ გამოცხადებულ ყველაზე უფრო გვიანდელ დოგმატურ განსაზღვრებებს ქალწული მარიამის შესახებ ორი, ე.წ. მარიამული დოგმატი მიეკუთვნება: დოგმატი ქალწული მარიამის უბიწოდ ჩასახვის შესახებ და დოგმატი ქალწული მარიამის ხორციელად ზეცად ამაღლების შესახებ.

დოგმატი ქალწული მარიამის უბიწოდ ჩასახვის შესახებ:


აზრი ამ დოგმატისა ასეთია: მართალია, რომაულ-კათოლიკური ეკლესია მიიჩნევს, რომ ქალწული მარიამი თავისი მართალი მშობლების, იოაკიმესა და ანას მიერ ბუნებრივად ჩაისახა, ე.ი. მუცლადღება არ მომხდარა უქმროდ, ისე როგორც ხარების დღეს ქალწულის მიერ მუცლადღებისას, მაგრამ პაპის სწავლებით, ქალწული მარიამი უკვე თვით მუცლადღებისას იესო ქრისტეს მომავალ დამსახურებათა გამო პირველქმნილი ცოდვის თანაზიარობისაგან განთავისუფლდა.

ამ დროს კათოლიკური ეკლესია იქედან ამოდის, რომ რამდენადაც პირველქმნილი ცოდვა პირველყოფილი უბიწოების დაკარგვასა და ზებუნებრივი მადლის ჩამორთმევაში მდგომარეობს, და რამდენადაც ეს მადლი ყოვლადწმინდა ქალწულზე მისი მუცლადღების დროს ფრიად უხვად გარდამოვიდა, ამიტომ იგი ისეთსავე მდგომარეობით უნდა შობილიყო, რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა პირველი ადამიანი დაცემამდე.

ქრისტეს ეკლესიამ ასეთი დოგმატი არ იცის და არსებითად მისი მიღებაც არ შეუძლია.

ადამიანთა მოდგმა იესო ქრისტემ იხსნა. ჩვენ, ვართ რა "შეზრდილნი" მასთან, ქრისტეს მიერ ვიხსნებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში, ჯვარზე ვნებასა და აღდგომაში ვმონაწილეობთ. ესაა ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველი. ხოლო რომაულ-კათოლიკური სწავლებიდან ქალწული მარიამის უბიწოდ ჩასახვის შესახებ გამომდინარეობს, რომ ხსნა სხვა გზითაც, ჯერ კიდევ ქრისტემდეც იყო შესაძლებელი. ამით ახალ კაცობრიობაში ქრისტეს პირველობა იჩრდილება.

ქალწული მარიამი იმავე კაცობრიობას ეკუთვნოდა, რომლისთვისაც ქრისტე ამ ქვეყნად გარდამოხდა. მართალი ანას მიერ მისი ბუნებრივი მუცლადღებაც ამას ადასტურებს ("შობა ხორცთაგან"). ის იზიარებდა კაცობრიობის ხვედრს და მასთან ერთად - პირველქმნილი ცოდვის დანაშაულსაც.

რომაულ-კათოლიკური სწავლებით, პირველქმნილი ცოდვის შედეგისაგან ქალწული მარიამის არიდება მაცხოვრის მომავალი ჯვრის დამსახურებათა ძალით მოხდა. მაგრამ ასეთი განმარტება (ხსნა მომავალ დამსახურებათა ხარჯზე) გაუგებარია. ხსნის ასეთი შესაძლებლობა (ჯერ კიდევ ქრისტეს ქვეყნად მოსვლამდე) სხვა ადამიანებზეც რატომ არ ვრცელდებოდა?

როგორც საღმრთო ლიტურგიის ლოცვებიდან ჩანს, ეკლესია ამ სიტყვიერ მსახურებას ღმერთს უძღვნის ყველასათვის, ვინც კი ქრისტეს მიერ ჯვარზე სიკვდილითაა გამოსყიდული: "და ყოვლისა სულისა სარწმუნოებით აღსრულებულისა, უმეტესად ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა." ეკლესია ამ მოსახსენებელში ქალწულ მარიამს არ ჩართავდა, პირველქმნილ ცოდვასთან მისი უთანაზიარობა რომ ეღიარებინა.

- "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტ გადმოცემაში" წმინდა იოანე დამასკელი ამბობს: "წმინდა ქალწული იაზრება და იწოდება ღვთისმშობელად არა მარტო სიტყვის ღვთაებრივი ბუნების გამო, არამედ, მისი კაცობრივი ბუნების განმღმრთობის გამოც".

ამ თემაზე გევსაუბრება დეკანოზი გიორგი სხირტლაძე.

- ყოვლადწმინდა ქალწულმა შვა ხორცით. შვა ის, ვინაც იყო რა ჭეშმარიტად ღმერთი, ჩასახვის ჟამს, აღიქვა რა ჭეშმარიტი კაცობრივი ბუნება საკუთარი ჰიპოსტასის ერთობაში, განკაცებამდეც და მის შემდეგაც, ღვთაებრივ პიროვნებად დარჩა. Qქალწულმა, რა თქმა უნდა, შვა არა ღვთაება (როგორც ღვთაებრივი ბუნება) და არა ღვთაებრიობის მიხედვით, არამედ ღვთის სიტყვა, კაცობრივის მიხედვით. ეს კაცობრივი განკაცების ჟამიდან იქნა განღმრთობილი და ძე ღვთისას საკუთრება გახდა.

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გამოთქვამს: "ერთმა ბუნებათაგანმა განაღმრთო, ხოლო მეორე განიღმრთო", - განმარტავს: "ეს იყო არა ბუნების ცვლილების გამო, არამედ განგებულებით, ე.ი. ჰიპოსტასური შეერთებით და იმ მიზეზით, რომ ღვთაებრივი ბუნება თავის სრულყოფილებებს ხორციელს ანიჭებს".

სიტყვას - "ღვთისმშობელი", წმინდა წერილში აქვს დასაყრდენი. მართალი ელისაბედი წმინდა ქალწულ მარიამს სახარებაში უწოდებს "დედას უფლისას": "აღივსო ელისაბედი სულიწმინდით. დაიძახა ხმამაღლა და თქვა: კურთხეულ ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი. როგორ მოხდა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან?"

სავარაუდოა, რომ ტერმინი "თეოტოკოს" წარმოიშვა ალექსანდრიულ სკოლაში, V საუკუნის I ნახევარში. Nნესტორიუსი და ზოგიერთი ანტიოქიელი ამ ტერმინს თავს ესხმოდნენ, რამაც გამოიწვია მართლმადიდებელთა დიდი წინააღმდეგობა და III და IV მსოფლიო საეკლესიო კრებების მამათა მიერ ამ ტერმინის დაცვა.

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "ის, ვინც არ აღიარებს წმინდა მარიამს ღვთისმშობლად, განკვეთილია ღვთისაგან". ტერმინს "თეოტოკოს" იყენებდნენ წმინდა მამები: წმ. ათანასე დიდი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. ეფრემ ასური, წმ. კირილე იერუსალიმელი და სხვანი, ქალდეკონის კრების შემდეგ ამ ტერმინით მთელი წმინდა ეკლესია სარგებლობს. ჩვენ ვაღიარებთ ყოვლადწმინდა მარიამს ღვთისმშობლად, რადგან ღმერთი - სიტყვა განკაცდა, განხორციელდა და თავისი ჩასახვის ჟამს შეიერთა საკუთარ თავში ქალწულისაგან აღქმული ტაძარი.

მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ დედა უფლისა იესო ქრისტესი იყო შობამდე ქალწული, დარჩა ჭეშმარიტად ქალწულად, შვა რა ქრისტე ქალწულობის დაურღვეველად და დარჩა წმინდა ქალწული შობის შემდეგაც და არის მარადის ქალწული (ამის აღსანიშნავად განსაკუთრებული ხატიც არსებობს). ქალწულებრივ შობაზე გველაპარაკებიან მახარობლები: (მათე 1,23), (ლუკა 1,27,35).

შობის უმტკივნეულობის შესახებ წმინდა იოანე დამასკელი (ნახსენებ ნაშრომში) ამბობს, რომ უფალი იშვა ჩვეულებრივ დროს, ე.ი. ცხრა თვის შემდეგ, მაგრამ უმტკივნეულოდ. ჩასახვა მოხდა სმენით, ხოლო შობა - როგორც ჩვეულებრივად დაბადებულისა.

თავის საქებელ საგალობელში, რომლითაც მართალმა ელისაბედმა ყოვლადწმინდა მარიამს მიმართა, წარმოთქვა: "კურთხეულ ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი. როგორ მოხდა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან?"

კოსმა მაიუმელი ეპისკოპოსის მიერ შედგენილ ღვთივგანცხადებულ საგალობელში ეკლესიის მიმართ დაკანონებულია მარადიულად ის აზრი, რომ ღვთისმშობელი არის: "უპატიოსნესი ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესი სერაბიმთასა".

- რატომ ეწოდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრებიდან გასვლას მიძინება?

ამ თემაზე გვესაუბრება წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის იღუმენი, მღვდელმონაზონი ილია (გამყრელიძე).

- წმინდა ქალწული თვითონ ითხოვდა ამ ქვეყნიდან გასვლას და ანგელოზისგან ეუწყა, რომ მისი წუთისოფლიდან გასვლის ჟამი დადგა. ფაქტობრივად, ანგელოზმა ახარა წმინდა ქალწულს ამის შესახებ და ღვთისმშობელი მომზადებული გავიდა ამ ქვეყნიდან. ამიტომაც ეწოდა ამ მდგომარეობას მიძინება და არა გარდაცვალება.

- ისიც გავიხსენოთ, როგორ მოხდა ღვთისმშობლის მიძინება?

- ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა, იოანე ღვთისმეტყველის სახლში. უბიწო ქალწული მოციქულებთან ერთად ლოცულობდა, უყვებოდა მათ ძე ღვთისას შესახებ, ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა. ყველანი საოცარ მოწიწებას გრძნობდნენ დაუტევნელის დამტევნელი დედის მიმართ. სხვა ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ მის სანახავად და მისი მადლმოსილი სიტყვების მოსასმენად.

როცა ჰეროდე მეფემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო 43 წელს, ყოვლადწმინდა მარიამმა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ეფესოს მიაშურა, იყო კვიპროსზეც - მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან, ქრისტიანობა იქადაგა ათონის წმინდა მიწაზე. ბოლოს კი, ღვთის ნებით, კვლავ იერუსალიმს დაუბრუნდა. ის ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: "გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუენი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!" ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.

მოციქულები ამ დროისათვის სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან უნდოდა, ამსოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა ნეტარს: მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულები მიესალმნენ მას და მოუთხრეს, თუ როგორ იქნენ აღტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებაზე დაიწყო საუბარი.

სწორედ ამ დროს ასევე სასწაულებრივ წარდგა მათ წინაშე პავლე მოციქულიც თავისი მოწაფეების: დიონისე არეოპაგელის, საკვირველი იეროთეოსის, ღვთაებრივი ტიმოთეს და სხვა სამოცდაათთაგანთა თანხლებით. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ წმინდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს - ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, "იქმნა დიდებით განსაკვირვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა". მან წმინდა და ყოვლად უბიწო სული მშობლისა თვისისა "საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თვისთა ზედა მიირქუა" და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.

მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმინდა ცხედარს, შემოკრბენ "სნეულნი და არა ძლებულნიც" და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.

ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს. გაბოროტებულ ურიათაგან ერთ-ერთმა, "იწყო დაქცევად ცხედრისა, ვითარ-იგი მოციქულთა ეტვირთა", მაგრამ უფლის ანგელოზმა ცეცხლოვანი მახვილით ორივე მხარი მოჰკვეთა მკრეხელს, რომლებიც ცხედრის მახლობლად, ჰაერში დაეკიდა.

მოციქულებმა წმინდა ცხედარი დაასვენეს და უბიწო ქალწულს შეავედრეს მონანული. მოკვეთილი მკლავები მას ისე სასწაულებრივად მიეზარდა მხრებზე, რომ ჭრილობის კვალიც აღარსად ჩანდა. მოციქულებმა ღვთისმშობლის წმინდა გვამი აკლდამაში დაკრძალეს.

ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი - თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმინდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, "გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისაებრ მდგომარე იხილეს წმინდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს". ყოვლადწმინდამ თომა მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, "შეიტკბო და აკურთხნა და უჩინო იქმნა". სხვა წყაროთა მოწმობით, ყოვლადწმინდა მარიამი მაშინ გამოუჩნდათ გაოცებულ მოციქულებს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობელმა მათ მიმართა: "გიხაროდენ! მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა შინა".

წმინდა წერილში არაფერია ნათქვამი ღვთისმშობლის მიძინების შესახებ. იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის (V ს.) თქმით, "ჩვენ მათ შესახებ ვუწყით უძველესი და სანდო გადმოცემიდან", რომელსაც XIV საუკუნეში ნიკიფორე კალისტემ მოუყარა თავი თავის საეკლესიო ისტორიაში.

ღვთისმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მან სულ ცოტა ხნით მიიძინა და როგორც ძილისაგან - აღსდგა. ღვთისმშობელმა ბუნების კანონებს სძლია. მიწისაგან შექმნილი სხეულის კვლავ მიწად მიქცევა - ამგვარი სიკვდილი მის გვამს არ შეხებია. შობისას მან ქალწულება დაიმარხა, აღსასრულთან სიცოცხლე შეაერთა; შობის შემდეგ უხრწნელი დარჩა და სიკვდილში სიცოცხლე შეინარჩუნა. მან მიიძინა, რათა ნეტარი მარადიული სიცოცხლისათვის გამოეღვიძა. ის წარდგომილია ცხოველმყოფელი წყაროს წინაშე, რათა ჩვენი სულები ლოცვით იხსნას მარადიული სიკვდილისაგან. დაუძინებლად მლოცველი ღვთისმშობელი გვშუამდგომლობს და მწუხარებისას რწმენას გვაძლევს ნუგეშად.

ღვთისმშობლის ქვაში გამოკვეთილი საფლავი, ისევე როგორც საფლავი მისი ძისა, ყველა მორწმუნისათვის თაყვანისცემის საგნად დარჩა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 15(28) აგვისტოა დადგენილი. ის ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი ყოველთა მიეგება დედას თვისას და თავის სავანეში დაასახლა იგი.

ყოველადწმინდა ღვთისმშობელს არც მიძინების შემდეგ მიუტოვებია ქვეყნიერება და დაპირებისამებრ მეოხია ყველასი, ვინც მას მიმართავს, ბევრ მწუხარესა და ჭირვეულს მან გულმოწყალების მრავალი სასწაული უჩვენა. რომელი ჩვენგანი, ვინც ცხოვრების აღძრულ ზღვაში ვიტანჯებით, არ ვგრძნობთ, რომ ღვთისმშობელს ესმის ჩვენი გოდება, რა ჩქარა ისმენს იგი ჩვენსას, რა სწრაფად შეგვეწევა და გვანუგეშებს! ღვთისმშობლის შუამდგომელად მოხმობა ქრისტიანული ღვთისმსახურების ნაწილად იქცა. პირველი საუკუნიდანვე ეკლესია შეწევნას სთხოვს და ადიდებს მას, საღამოს მსახურება ყოველდღიურად მისდამი ლოცვით თავდება: "უფროსად დიდებულო კურთხეულო ღვთისმშობელო, მარადის ქალწულო, შესწირე ლოცვა ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა შენ მიერ შეიწყალნეს სულნი ჩვენნი". დედა ღვთისა ანუგეშებს ყველას, ვინც მას მიმართავს:

"ჰოი, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიე და გვიხსნენ ჩვენ - მმოსავნი შენნი; დედოფალო, გვაცხოვნენ ჩვენ".

- რაში მდგომარეობს კათოლიკური დოგმატი ქალწული მარიამის ხორციელად ზეცად ამაღლების შესახებ და რა პრინციპული სხვაობაა მართლმადიდებლურ და კათოლიკურ სწავლებებს შორის ამ დოგმატთან დაკავშირებით?

გვესაუბრება დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე.

- 1950 წელს პაპმა პიუს XII-მ ქალწული მარიამის აღდგომისა და ხორციელად ზეცად ამაღლების შესახებ მეორე მარიამული დოგმატი გამოაცხადა. ამ დოგმატის ფორმულირება ორგვარ გაგებას უშვებს: იგი შეიძლება გულისხმობდეს საიქიო ცხოვრებაში ღვთისმშობლის გადასვლას როგორც სიკვდილის გზით, ისე მის გარეშე.

ახალი დოგმატი უბიწოდ ჩასახვის დოგმატიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რადგან თუ დედა ღვთისა პირველქმნილი ცოდვის საერთო კანონს გამოაკლდა, მაშინ მას, ეჭვს გარეშეა, ზებუნებრივი ნიჭებიც - უბიწოებაცა და უკვდავებაც - მიცემული აქვს; იგი, ცოდვით დაცემამდე პირველ მშობელთა მსგავსად, ხორციელი სიკვდილის კანონს არ უნდა დაქვემდებარებოდა.

"უბიწო ღვთისმშობელი, მარადქალწული მარიამი, დაასრულა რა ამქვეყნიური ცხოვრების გზა, სულითა და ხორცით ზეციურ დიდებამდე იქნა აყვანილი." მიძინების დღესასწაულის საგალობლები ყოვლადწმინდა ქალწულის ზეცად აღსვლას ადასტურებენ; მისი წმინდა ნაწილების არარსებობის ფაქტით იკონოგრაფიაც იმავეს ამოწმებს. მაგრამ მართლმადიდებლურ სწავლებას კათოლიკური მხოლოდ გარეგნულად ემთხვევა, არსებითად კი - არა, რადგან რომაული დოგმატი უბიწოდ ჩასახვის დოგმატიდანაა წარმოშობილი. თუკი თანმიმდევრულად ვიმსჯელებთ, უბიწოდ ჩასახვის დოგმატზე დაყრდნობითაც კათოლიკე ღვთისმეტყველებს მხოლოდ ორი გამოსავალი რჩებათ.

პირველი ღვთისმშობლის სიკვდილის თვით შესაძლებლობის უარყოფაა, როგორც ამას ე.წ. იმმორტალისტები ("უკვდავი") აკეთებენ, მაგრამ ეს სწავლება ძველ გარდამოცემას, უწინარეს ყოვლისა კი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბუნებრივი სიკვდილის ფაქტზე იერუსალიმის ეკლესიის გადმოცემას აშკარად უპირისპირდება. IV საუკუნიდან მოყოლებული, ამაზე წმინდა მამათა მრავალი მოწმობა არსებობს (წმ. მოდესტი იერუსალიმელი, წმ. ანდრია კრიტელი, ღირსი იოანე დამასკელი). კათოლიკობაში ეს მიმდინარეობა არც ისე გავლენიანია, ხოლო თუ კათოლიკეები მორტალისტებთან ერთად ყოვლადწმინდა ქალწულის სიკვდილის ფაქტს გაიზიარებენ, მაშინ ღვთისმშობლის სიკვდილი აუცილებლად გამომხსნელად, ხოლო თვით წმინდა ქალწული მხსნელად ან თანამხსნელად უნდა გამოაცხადონ, როგორც ამის თაობაზე ლაპარაკობენ და წერენ და რისკენაც თანამედროვე კათოლიკე მარიამოლოგები იხრებიან. ეს დასკვნა განსაკუთრებით უპირისპირდება მართლმადიდებლურ გადმოცემას.

- მამა დავით, რას გვეტყვით იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრად იწოდება?

- ღვთისმშობელი საქართველოს მფარველად ითვლება, ეს ქვეყანა მისი წილხვედრია. იგი დედაც არის და ქალწულიც. ის შვილისადმი სრულყოფილი სიყვარულის მაგალითია. საქართველოს ღვთისმშობლის საფარქვეშ ყოფნა მისი უპირატესობა როდია, არამედ მოწოდებაა ღვთისმშობლისა, მივბაძოთ მას. ეს ამპარტავნების საბაბი კი არ არის, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა: ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება. ჩვენ უდიდესი წყალობა გვერგო, რადგან შეგვიძლია ღვთისმშობლის წილხვედრი ვუწოდოთ საქართველოს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენი ცხოვრების წესით ვუპასუხოთ ამ დიდ პატივს!
ბეჭდვა
1კ1