უფლის დედის წყალობა არ მოჰკლებოდეს სრულიად საქართველოს!
უფლის დედის წყალობა არ მოჰკლებოდეს სრულიად საქართველოს!
დედათა ნუგეშისმცემელი
28 აგვისტოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეა. ვულოცავთ ჩვენს მკითხველს ამ წმინდა დღესასწაულის შემობრძანებას. უფლის დედის წყალობა არ მოჰკლებოდეს სრულიად საქართველოს. ქალწული მარიამი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი უფლის დედაა, მერე - სრულიად საქრისტიანოსი. მასზე მეტად არავინ იცის, თუ რაოდენი ტანჯვის მომტანია დედისთვის შვილის თავს დატეხილი განსაცდელი. ამიტომ არის ყოველი დედის ლოცვა ძლიერი და ნაყოფიერი, როცა შვილი განსაცდელში ჰყავს და მისთვის დედა მარიამს შესთხოვს.

* ერთი პეტროგრადელი ყმაწვილი აიყოლიეს ამხანაგებმა და ცოდვის უფსკრულში ჩააგდეს. ვერ შეაჩერა იგი დედის ცრემლმა და ვედრებამ. უსათუოდ დაიღუპებოდა, რომ არა უფლის დედის შეწევნა. ერთხელ, ბობოქარი ღამის მერე, თავისი საქციელით შეწუხებული შინ ბრუნდებოდა. დილის შვიდი საათი იყო, ეტლმა ნევის პროსპექტზე ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარს ჩაუარა. უეცრად ტაძარს თავს დაადგა ბრწყინვალე ნათელი და ამ ნათელში ცხადად დაინახა ჰაერში მოლივლივე ღვთისმშობლის ხატი. უნანელი ცოდვილი სულიერმა თრთოლამ აიტანა. სასწრაფოდ ჩამოხტა ეტლიდან და ტაძარში შევიდა. აქ კი ახალი და გასაოცარი სურათი წარმოუდგა თვალწინ: ღვთისმშობლის ხატის წინ ატირებული დედამისი დამხობილიყო, თვალთაგან მომდინარე ცრემლის ნაკვალევი ცხადად აჩნდა ტაძრის იატაკს. შვილი იმდენად შეძრა ამ სურათმა, რომ დედის უკან ისიც მუხლებზე დაემხო, ატირდა, გული ცვილივით დაუდნო სინანულის გრძნობამ. ეს დღე მისთვის მეორედ შობის დღედ იქცა.

* ამონარიდი წმინდა ნიკოლოზ სერბის წერილიდან: "აღფრთოვანებული, მწერთ, რომ გამოგეცხადათ დედა ღვთისა და მტკიცედ დადექით სარწმუნოების გზაზე.

თქვენი გოგონა ციებ-ცხელებამ ლოგინად ჩააგდო. ექიმებმა ის გასინჯეს და სათათბიროდ მეზობელ ოთახში გავიდნენ. თქვენ შემუსვრილი გულით ყურს უგდებდით მათ საუბარს. თქვეს, მკურნალობა დაგვიანებულიაო. სასოწარკვეთილი ხელებს იმტვრევდით და ტიროდით. ბავშვის საწოლის თავზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ეკიდა. ადრე მას სამკაულივით უყურებდით. ანაზდად მის წინაშე მუხლებზე დაეცით და შეღაღადეთ: "ჰოი, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შენ ხედავ ჩემს ტკივილს. დედათა შორის უპირატესო, იცი, რას ნიშნავს, ერთადერთი შვილი გყავდეს და ისიც დაკარგო. შენ იხილე შენი მხოლოდშობილი ძე ჯვარზე ვნებული. გევედრები, შემეწიე მე ცოდვილს და დამეხმარე. კაცთა დახმარების იმედი აღარ მაქვს და შენ მეიმედები. სოფელი ვერ დამეხმარება. მხოლოდ შენ ძალგიძს, თუკი ინებებ. რამდენი მწუხარე დედა გინუგეშებია! მეც მანუგეშე, ყოვლადწმინდაო ქალწულო!" დიდი ხნის ლოცვისა და ტირილის შემდეგ შეხედეთ ხატს და ღვთისმშობლის თვალზე ცრემლი იხილეთ. ამის მერე მიუახლოვდით თქვენს ქალიშვილს. გოგონა ოფლით იყო დაცვარული. დილით წამოდგა, ისაუზმა და მალე სავსებით გამოჯანმრთელდა.

დიდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. გმადლობთ თქვენც ამ მოწმობისთვის. თქვენი რწმენა გამოცდილებაზეა დაფუძნებული და არა თვითნებურ მსჯელობასა და თეორიებზე. ჩემთვისაც ძალზე ძვირფასია თქვენ მიერ განცდილი. შარშან ზამთარს ჩვენთან ერთ ღარიბ, ქვრივ დედაკაცს ბავშვი მძიმედ ავად გაუხდა. ერთი თვე გონს არ მოსულა და სიტყვა არ უთქვამს. იმედი უკვე აღარაფრის ჰქონდა და გამწარებული დედა დასამარხ ფულს სესხულობდა. ერთ საღამოს ქალიშვილის საწოლთან იჯდა და ჩუმად ტიროდა. უეცრად გოგონამ თვალი გაახილა და უთხრა: "ნუ ტირი, დედიკო, ხვალ წამიყვანე კალისტეში და გამოვჯანმრთელდები. ასე მითხრა ზეციურმა დედამ, ის ახლა ჩემთანაა!" მეორე დღეს დედამ შვილი კალისტეში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტერში წაიყვანა. ბავშვი შინ ჯანმრთელი დაბრუნდა".

* კუნძულ ევბეაზე ცხოვრობდა ერთი ქვრივი დედაკაცი სოფია, რომელსაც უფალმა სანუგეშოდ ვაჟი ანასტასი უბოძა. მაგრამ სამი წლის ბიჭი ავად გახდა და გარდაიცვალა. დედა ორი დღე არ შორდებოდა შვილის უსულო სხეულს და ღვთისმშობელს ეხვეწებოდა:

- დედაო ღვთისა, აბა, ეს როგორ დავიჯერო?! მრავალმოწყალეო ქალწულო, დამიბრუნე ჩემი ვაჟი! მუხლმოყრილი გევედრები შენი ხატის წინაშე.

ნელ-ნელა ინათა და ამ დროს მოხდა სასწაული - მკვდარ ბავშვს ტუჩები შეუვარდისფრდა. ბავშვმა ამოისუნთქა. დედა ყურადღებით დააკვირდა, ჰალუცინაცია ხომ არ არისო. უეცრად პატარას სუსტი ხმა მოესმა: "დედა!" ანასტასი მკვდრეთით აღდგა.

* ერთ ქვრივ ქალს ერთადერთი შვილი ავად გაუხდა. ექიმები ვერაფერს შველოდნენ. საცოდავი დედა შეევედრა ღვთისმშობელს. დაღლილი სავარძელში ჩაჯდა და ჩაეძინა. ამ დროს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: "მპირდები, რომ მას სათანადოდ აღზრდი და ის ასეთივე წმინდა დარჩება?"

- გპირდები! გპირდები, ოღონდ ცოცხალი დატოვე, - შესთხოვა დედამ.

მართლაც, ბავშვი, ექიმთა გასაოცრად, გამოჯანმრთელდა. გამოხდა ხანი. ბიჭი სკოლაში მიიყვანეს. ბავშვი ნიჭიერი იყო, მაგრამ ცუდი ჩვევებიც შეიძინა. დედამ ბრძოლა დაიწყო შვილის სულისთვის. არაფერი შველოდა. მას გაახსენდა დადებული აღთქმა და ის საზღაური, რაც უნანელ ავაზაკებს ელის. ერთხელაც ხმამაღლა უთხრა ღვთისმშობელს: "დედაო ღვთისავ, თუკი არ გამოიცვლება, არ გამოსწორდება, ჯობს ამქვეყნიური ცხოვრებიდან გაიყვანო, ოღონდ საუკუნო ცხოვრებისთვის გადარჩეს!" მალე ბიჭი მთაში ცხენით ჯირითისას უნაგირიდან გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. დედამ ახლა უკვე იცოდა, რა სჯობდა მისი შვილისთვის.

* ერთ კალუგელ ქვრივს ძალიან სწამდა კალუგის ღვთისმშობლის ხატისა. უეცრად ერთადერთი ნუგეში - თორმეტი წლის ქალიშვილი ავად გაუხდა. მწუხარე დედა ტაძარში წავიდა და წმინდა მარიამის წინაშე უგუნური ლოცვა დაიწყო: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, მე ყოველთვის ვლოცულობდი და პატივს მივაგებდი შენს ხატს. მაგრამ მიუხედავად ჩემი გულმოდგინებისა, ერთადერთი ნუგეში და სიხარული მომწყვიტე, არ გადაარჩინე ჩემი ქალიშვილი სიკვდილისგან". მერე კი დაღლილს მიეძინა. ძილში ბრწყინვალე ნათელში მდგარი უფლის დედა იხილა, რომელმაც უთხრა: "უგუნურო ქალო! მე ყოველთვის მესმოდა შენ მიერ ქალიშვილისადმი აღვლენილი ლოცვები და შევევედრე ჩემს ძესა და უფალს, რათა ის ასეთი წმინდა აღეყვანა ამ ცხოვრებიდან და ქალწულთა დასში ჩაერიცხა, რათა თავის მსგავსებთან ერთად ედიდებინა ღვთის სახელი. მაგრამ შენ ამას შეეწინააღმდეგე. აღსრულდეს შენი ნება. წადი, შენი ქალიშვილი ცოცხალია". მართლაც, შინ მიბრუნებულ ქალს შვილი მკვდრეთით აღმდგარი დახვდა. მაგრამ, სამწუხროდ, ქალიშვილი გაიზარდა და გარყვნილი ცხოვრება დაიწყო და დედისთვის ნუგეშად კი არა, სიცოცხლის გამამწარებლად იქცა.

* ერთ სპარტელ დედაკაცს ქალიშვილი მენინგიტის მძიმე ფორმით ეტანჯებოდა. ექიმები, რაც შეეძლოთ, ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ განკურნება ვერ შეძლეს. გოგონას საშინელი ტკივილები და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. შვილის ცქერით გაიტანჯა საცოდავი ქალი, დღედაღამ საწოლთან უჯდა, ტიროდა, ლოცულობდა. ხედავდა, რომ შვილი საცაა, მოუკვდებოდა და უფლის დედას განკურნებას, სასწაულს სთხოვდა.

ერთხელ, ლოცვისას, ოთახის კარი გაიღო და შემოვიდა მაღალი, ლამაზი, შავად მოსილი ქალბატონი. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ავადმყოფ გოგონას, მიეფერა, სიცხიან შუბლზე ჯვარი გადასახა. მერე უსიტყვოდ შებრუნდა და წასვლა დააპირა, მაგრამ დედამ სამოსზე მოქაჩა და ჰკითხა, - ვინ ხართო. მშვენიერმა ქალბატონმა დედას ანიშნა, - სამოსს ხელი შეუშვიო და უპასუხა, - მე კურთხეული მალევის ღვთისმშობელი ვარ. მინდა, რომ ჩემს სახლში მოხვიდეო. ეს თქვა და უჩინო შეიქნა.

მეორე დღეს ექიმებს და მღვდელს გოგონა სრულიად განკურნებული დახვდათ. დედამ ნათქვამს დაუმატა: როგორც კი ქალბატონი გარეთ გავიდა, ჩემი შვილი საწოლიდან წამოდგა და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მიტანა ითხოვა. რამდენიმე დღის შემდეგ დედა-შვილი მალევის ღვთისმშობლის ხატის მოსალოცად წავიდა. დედამ თავისი ქალიშვილი სამადლობლად სამი წელი იმნაირივე შავი სამოსით მოსილი ატარა, როგორადაც მას ღვთისმშობელი გამოეცხადა.

* ეს ამბავი 1530 წელს მოხდა კუნძულ კორფუზე. ერთ პატარა ბიჭს ყაჩაღებთან კავშირი დააბრალეს და მმართველმა თვალები ამოსთხარა. საცოდავმა დედამ შვილი კასიოპეს ღვთისმშობელთან მიიყვანა. ტაძარში ხატის წინ დიდხანს ილოცეს, ემოციებით დაღლილ დედას მიეძინა. შვილი ფხიზლობდა. ამ დროს ვიღაცამ დავსებულ თვალებზე ხელები დააჭირა. ბიჭმა საშინელი ტკივილი იგრძნო. დედას მის ყვირილზე გამოეღვიძა, საცოდავმა ქალმა სასწაული იხილა: მის შვილს თვალები ჰქონდა, ოღონდ ადრინდებური კი არა, ცისფერი.

* ერთი დიდი სასწაულის შესახებაც გვსურს მოგითხროთ, რომელიც ათენში მცხოვრებ დედაკაცს შეემთხვა. მან ანდროსის ღვთისმშობლის ხატს ბავშვის მიცემა შეევედრა - დიდი ხნის გათხოვილი იყო და შვილი არ ეძლეოდა. ქალმა მონასტრის წინამძღვარს ღვთისმშობლის ხატიდან მომდინარე მირონში დასველებული ბამბის მიცემა სთხოვა. წინამძღვარმა აკურთხა და ბამბაც მისცა. ქალმა არა მარტო მირონი იცხო, არამედ ბამბის ნაწილიც გადაყლაპა. მალე, თავისდა გასაოცრად, იგრძნო, რომ მუცლადიღო. როცა ცხრა თვის შემდეგ შვილი შეეძინა, ექიმმა შეამჩნია, რომ ჩვილს მუჭში რაღაც ეჭირა. ხელი გაუხსნა და მასში ის მირონიანი ბამბა აღმოჩნდა. ჯერ კიდევ კეთილსურნელება ასდიოდა.

* საბერძნეთში და მის საზღვრებს გარეთ საყოველთაოდ ცნობილია ტინოსის ღვთისმშობლის ხატის მადლმოსილება. გაგაცნობთ ტინოსის ღვთისმშობლის მიერ მოხდენილ რამდენიმე სასწაულს.

1825 წელს მშობლებს ერთადერთი ვაჟი, ოთხი წლის გიორგი, ინგლისური ავადმყოფობით დაუბრმავდათ. უსაზღვრო იყო მშობლების მწუხარება. ერთ კვირა დღეს ლიტანიობდნენ სოფელში. ბავშვის დედამ მღვდელმთავარს სთხოვა, ტინოსის ღვთისმშობლის ხატი მისი სახლის კარებთან შეეჩერებინა. თხოვნა აუსრულეს. ქალმა გამოიყვანა ბრმა შვილი, ორივე დაემხო ხატის წინ და ცრემლმორეულებმა ღვთისმშობელს მხედველობის დაბრუნება შესთხოვეს. ლოცვის დასრულებისას მშობლების გასახარად ბავშვს თვალთ აეხილა.

ლესბოსელი მარიამის 22 წლის ვაჟი რამდენიმე წელი იტანჯებოდა უკურნებელი სნეულებით. საცოდავმა დედამ მთელი ქონება დახარჯა, მაგრამ შვილს ჯანმრთელობა ვერ დაუბრუნა. ყოველდღიურად ესმოდა ტინოსის ღვთისმშობლის ხატის მიერ მოხდენილ სასწაულებზე. ბოლოს გადაწყვიტა ამ წმინდა ხატის წინ ელოცა. იმ დროს, როცა ქალი თავის ვაჟთან ერთად გემიდან კუნძულ ტინოსზე გადავიდა, მეორე გემიდან გადმოასვენეს ტინოსის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მანამდე იქ გემის საკურთხებლად იყო მიბრძანებული. თვალი მოჰკრეს თუ არა ხატს, დედა-შვილი მუხლებზე დაემხო და შეწევნა შესთხოვა. უეცრად ვაჟს შეტევა დაემართა, გულისრევა აუტყდა და ხორცის ნაჭერი ამოაგდო. ამის მერე სრულიად გამოჯანმრთელდა. დედამ ეს ხორცის ნაჭერი სამშობლოში წაიღო და ყველას აჩვენებდა, როგორც ღვთისმშობლის მიერ მოხდენილი სასწაულის მოწმობას.

ერთი სასწაულიც გავიხსენოთ: 1848 წელს სირიიდან, ღვთისმშობლის ეკლესიიდან მოიყვანეს 12 წლის ობოლი გოგონა ანასტასია, რომელიც სამი წელი იყო, რაც სიგიჟეს შეეპყრო. ტინოსის ღვთისმშობლის ტაძარში ერთ-ერთ სვეტს მიაკრეს. ასე გაატარა მან მრავალი დღე და ღამე. გოგონა ყვიროდა, - პურს შავი ძაღლი მართმევსო და ყოვლადწმინდა სამების სახელზე პურის სამი ნატეხის მიცემას ითხოვდა. მარიამობის საღამოს იგი განიკურნა სნეულებისგან და მეორე დღეს სხვა ბავშვებთან ერთად მოთამაშე იხილეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.
ბეჭდვა
1კ1