წმინდა ადამიანები სწორედ იმის გამო არიან პატივდებულნი ღვთისგან, რომ საკუთარი ნებით აღასრულებენ ღვთის ნებას
წმინდა ადამიანები სწორედ იმის გამო არიან პატივდებულნი ღვთისგან, რომ საკუთარი ნებით აღასრულებენ ღვთის ნებას
მართალ იოსებზე დაწინდვის შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საცხოვრებლად გადავიდა მართალი იოსების სახლში, გალილეის მხარეში, ქალაქ ნაზარეთში, რომელიც იერუსალიმის ჩრდილოეთით მდებარეობს. სწორედ აქ მოხდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში - ხარება წმინდა ქალწულისადმი მთავარანგელოზ გაბრიელისგან. ხარება იქმნა დასაბამი კაცობრიობის ხსნისა... გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- პირველად მარიამს მთავარანგელოზი წყაროსთან გამოეცხადა. ეს წყარო მართალი იოსების სახლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის სავალზე იყო; მან იმდენად სიმდაბლით მიიღო ეს გამოცხადება, რომ არ გაჩერებულა, თავისი საქმე გააგრძელა - ჭურჭელი წყლით აავსო და შინ წავიდა. ამის შემდეგ მთავარანგელოზი უკვე სახლში გამოეცხადა და მიმართა ქალწულს: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის..." ერთ-ერთი გარდამოცემით, მთავარანგელოზის გამოცხადებისას მარიამი ესაიას წინასწარმეტყველების იმ ადგილს კითხულობდა, სადაც საუბარია ქალწულზე, რომელიც შობდა ძეს და სახელად ემანუელს უწოდებდა ("ემანუელ" ნიშნავს ჩვენთან არს ღმერთი). ყოვლადწმინდა მარიამი გულში შეხარობდა იმ ქალწულს და ნატრობდა თუნდაც მის უკანასკნელ მოახლეობას... თუკი ხარების ზოგიერთ ხატზე გამოსახული ხარების სცენის მიხედვით ვიმსჯელებთ, ამ დროს წმინდა ქალწული ხელსაქმობდა...

როგორც ლუკა მახარებელი გვაუწყებს, როდესაც ყოვლადწმინდა ქალწულს მთავარანგელოზის სიტყვები ესმა: "შეძრწუნდა სიტყუასა მის ზედა და განიზრახვიდა (ე.ი. ფიქრობდა): ვითარ არს მოკითხვა ესე?" - ე.ი. მარიამი გააკვირვა არა ანგელოზის ხილვამ, - რადგან ეს არ იყო მისთვის პირველი გამოცხადება, ამ დრომდეც ხშირად გამოსცხადებია მთავარანგელოზი გაბრიელი, - არამედ მთავარანგელოზის სიტყვებმა, რომლითაც მან გამოთქვა, რომ მასზე იყო მოწყალება ღვთისა, რადგან მას უნდა ეშვა მხსნელი კაცობრიობისა. გაოცებულ ქალწულს კვლავ მიმართავს მთავარანგელოზი: "ნუ გეშინის, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღვთის; და აჰა, ესერა შენ მუცლად იღო და ჰშვე ძე და უწოდო სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლისა ეწოდოს და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითისი, მამისა თვისისაი, და უფლებდეს სახლსა ზედა იაკობისასა საუკუნოდ და სუფევისა მისისაი არა იყოს დასასრულ". მთავარანგელოზი წმინდა ქალწულს განუცხადებს იმ მისიის შესახებ, რომელიც მას უნდა აღესრულებინა.

"ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?" - ეკითხება მარიამი მთავარანგელოზს - ყოვლადწმინდა ქალწულმა უწყოდა, რომ უფალმა იცოდა მისი აღთქმა უქორწინებლობის შესახებ და სწორედ ამას ეკითხება ანგელოზს, - ეს როგორ მოხდება, მე ხომ მამაკაცი არ ვიციო! უმამაკაცოდ შობა კი კაცობრიობამ არ იცოდა. როდესაც ანგელოზმა განუცხადა, - "სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაი გფარვიდეს", - ანუ დარწმუნდა, რომ აღთქმა, რომელიც წმინდა ქლწულს ჰქონდა დადებული, არ ირღვეოდა და ამ აღთქმაში აღასრულებდა თავის მისიას, თანხმობა განაცხადა ღვთის ამ უდიდეს საიდუმლოზე. ყოვლადწმინდა ქალწული მთავარანგელოზის ხარებაზე მხოლოდ მას შემდეგ განაცხადებს თანხმობას, როდესაც არა ურწმუნოების გამო, არამედ კეთილგონივრულად გამოიძიებს, თუ როგორ აღესრულება ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი სასწაული - უმამაკაცოდ ჩასახვა, რომლის მსგავსიც კაცობრიობამ არ იცოდა: "აჰა, მხევალი უფლისაი, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა" - ამ სიტყვებით გამოხატული თანხმობის შემდეგ მთავარანგელოზისა და წმინდა ქალწულის საუბარი სრულდება. მთავარანგელოზი განეშორება მას, ყოვლადწმინდა მარიამზე კი სულიწმინდა გარდამოვიდა და მის წიაღში ჩაისახა წმინდა ნაყოფი. ამდენად, ხარების დროს მოხდა მაცხოვრის ხორცშესხმაც. ხარება იქმნა დასაბამად კაცობრიობის ხსნისა, რადგან სწორედ ამ დღიდან დაედო სათავე ქრისტეს გზას, აღთქმული მესიის მოვლინებას, რომელსაც ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობაში მყოფი კაცობრიობა უნდა გამოეხსნა.

- მთავარანგელოზი იმ დრომდე არ განშორებია წმინდა ქალწულს, ვიდრე ის პასუხი არ მიიღო, რაც აუცილებელი იყო მაცხოვრის ხორცშესხმისთვის. რატომ იყო საჭირო წმინდა მარიამის თანხმობა იმისთვის, რომ ღვთის ეს უდიდესი საიდუმლო განხორციელებულიყო? საერთოდ, რამდენად შესაძლებელია ადამიანის გონება ჩასწვდეს ღვთის განკაცებისა და ხორცშესხმის საიდუმლოს?

- ღვთის მცნებებისა და ღვთის ნების აღსრულება უნდა იყოს ადამიანური ნებაც. ცხადია, უფალს შეუძლია ყველაფერი ისე განაგოს, როგორც საჭიროა, მაგრამ თუ ეს არ იქნება ადამიანური ნებაც, მასში ადამიანს არავითარი პატივი არ ექნება. თუკი ეს არ იქნებოდა ყოვლადწმინდა ქალწულის ნებაც, მაშინ შეიძლებოდა ნებისმიერი ადამიანისგან განხორციელებულიყო კაცობრიობის მხსნელი. მხსნელი უნდა განხორციელებულიყო ურჩეულესი ადამიანისგან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო ადამიანთა შორის ზეაღმატებული თავისი ცხოვრებით, რომელმაც, როგორც მამები გვეუბნებიან, ყველაზე მეტად მოისმინა და აღასრულა ღვთის მცნებები, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანის ნება ყოველთვის ღვთის ნებასთანაა თანხვედრილი. იყო რა ღვთის ნება, რომ უფალი განხორციელებულიყო ქალწული მარიამისგან, ამის თანამდევი, თანმხვედრი იყო ყოვლადწმინდა ქალწულის ნებაც. შეიძლება ბევრი ღვთისმსახური ადამიანის ნება ყოფილიყო, რომ მისგან განხორციელებულიყო კაცობრიობის მხსნელი, მაგრამ არა მარტო მათ შორის, არამედ ყველა ადამიანთა შორის ყველაზე ზეაღმატებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ამიტომაც გამოარჩია უფალმა იგი, რათა ღვთის უდიდესი საიდუმლოს განხორციელებისთვის ემსახურა.

ღვთივსათნო ცხოვრების ერთ-ერთი ნიშანი არის თავმდაბლობა, როდესაც ადამიანი თავს უღირსად თვლის ღვთის წინაშე. ღვთისმშობელი თავმდაბლობითაც გამოირჩეოდა. მას ჰქონდა უმაღლესი თავმდაბლობა. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ქალწულს სურდა მასზე აღსრულებულიყო ესაიას წინასწარმეტყველება, თავს ღვთის ამ უდიდესი საიდუმლოს აღსრულების ღირსად არ თვლიდა, მაგრამ მისი თანხმობიდან ჩანს, როგორი მორჩილია იგი ღვთის სიტყვისა. თუმცა თავს უღირსად მიიჩნევდა, მაინც მორჩილებით მიიღო ის, რაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა აუწყა იმ მისიის შესახებ, რაც მას უნდა აღესრულებინა.

ნებისმიერი საქმე, რომელსაც ადამიანი აღასრულებს, ღვთის სათნო იქნება ეს თუ ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, პირადად იმ ადამიანის ნებით სრულდება. ღვთის ამ უდიდესი საიდუმლოს აღსრულებისთვის მსახურება რომ არ ყოფილიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თავისუფალი ნებაც, მასზე არ იქნებოდა ის დიდება და პატივი, რაც ამ მისიის აღსრულების სანაცვლოდ მიიღო.

როგორ მოხდა ღვთის განკაცება და ხორცშესხმა, ეს არის უდიდესი საიდუმლო, რომელიც არათუ კაცთათვის, თვით ბრწყინვალე ქერუბიმებისთვისაც კი დაფარულია. სრულად მხოლოდ უფალმა უწყის, რა აღესრულა და როგორ განხორციელდა ეს საიდუმლოება, იმის გამო, რომ ამ ზეაღმატებული საიდუმლოს სრულად დატევნა შეუძლებელია არა მარტო ადამიანთათვის, როგორი ზეაღმატებულიც არ უნდა იყოს იგი სულიერად, არამედ ანგელოზებისთვისაც კი. ღვთის განკაცებისა და ხორცშესხმის საიდუმლოება "მრწამსში" ამგვარადაა გადმოცემული: "და ხორცნი შეიხსნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა..." ხორცის შესხმა და განკაცება სხვადასხვა რამ არის. განკაცება არის ადამიანური ბუნების მიღება, ძე ღვთისა განკაცნა საკუთარი ნებით, ხოლო ხორცი შეისხა სულიწმინდისა და მარიამისგან ქალწულისა. ის, რაც წმინდა მამებმა "მრწამსში" ჩამოაყალიბეს, არის ზუსტი გადმოცემა იმ ფაქტისა, რაც მოხდა, ხოლო როგორ მოხდა, როგორც ვთქვით, სრულყოფილად მხოლოდ უფალმა უწყის. არამც და არამც არ შეიძლება დავიწყოთ იმის ძიება, როგორ განხორციელდა ეს უდიდესი საიდუმლოება, როგორ მოხდა განკაცება და ხორცშესხმა ღვთისა. თუ ამის ძიებას დავიწყებთ, ღვთის გზიდან გადავალთ და დავშორდებით უფალს.

- ხარების ეპიზოდიდან ჩანს, რომ თვითონ ყოვლადწმინდა ქალწულიც სწორედ ხარების დროს შეიტყობს, რომ მისგან უნდა იშვას კაცობრიობის მხსნელი. თუმცა, ცხადია, მასაც არ შეეძლო სრულყოფილად ჩასწვდომოდა და შეემეცნებინა ის უდიდესი საიდუმლოება, რომელიც უფალმა ხარებისას ქმნა, რომლის თანამონაწილეც იყო ყოვლადწმინდა ქალწული და რომლის განხორციელებისთვისაც უნდა ემსახურა...

- ის საიდუმლოება, რომელიც იმ დროს უფალმა აღასრულა, შეუძლებელია სრულად შეიმეცნოს ადამიანმა. არა მხოლოდ ეს საიდუმლოება, არამედ ნებისმიერი ქმედება, რომელიც უფალმა ადამიანებისთვის აღასრულა, სრულად კი არ არის განცხადებული, არამედ იმ დოზით, რა დოზითაც ადამიანებს შეუძლიათ მათი დატევნა. მიუხედავად იმისა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო გამორჩეული, ყველაზე ზეაღმატებული ადამიანთა შორის, ის იყო მაინც ადამიანი და ადამიანს არ შეუძლია დაიტიოს ის ცოდნა, რაც ღმერთს აქვს.

- შეეძლო თუ არა წმინდა მარიამს უარი განეცხადებინა მთავარანგელოზის უწყებაზე?

- ისევ და ისევ თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, ადამიანს შეუძლია აღასრულოს ან არ აღასრულოს ღვთის სათნო საქმე, ასევე აღასრულოს ან არ აღასრულოს ცოდვა, მაგრამ მართალი და წმინდა ადამიანები სწორედ იმის გამო არიან პატივდებულნი ღვთისგან, რომ საკუთარი ნებით აღასრულებენ ღვთის ნებას - ე.ი. მათი ნება და ღვთის ნება ერთმანეთს ემთხვევა. ამდენად, ყოვლადწმინდა ქალწულს თეორიულად შეეძლო უარი ეთქვა ამ მისიაზე, მაგრამ ის უარს არ განაცხადებდა - ღვთისმშობელი იმდენად აღასრულებდა უფლის მცნებებს, რომ მისი ნება ყოველთვის ღვთის ნებას ემთხვეოდა.

- რატომ უნდა შობილიყო მხსნელი ქალწულისგან?

- ქალწულისგან შობა მიანიშნებდა იმას, რომ ეს შობა უნდა ყოფილიყო არაბუნებრივი. შესცოდა რა ადამმა - ამით ადამიანის გენეტიკა დაზიანდა. ადამიანმა მიიღო ხრწნილება და კვდომა თავის თავში და ყველა ადამიანი უკვე ადამში - ადამის ცოდვის გამო იყო ცოდვილი. მხსნელი თავისთავად უნდა ყოფილიყო უცოდველი. შეუძლებელი იყო ცოდვილი სისხლის მსხვერპლშეწირვით მომხდარიყო კაცობრიობის ცოდვის მონობისგან გამოსყიდვა. ამიტომაც ღმერთი განკაცნა არაბუნებრივი გზით, რათა მასზე ადამის ცოდვა არ გადასულიყო, მაგრამ ღმერთი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სრულყოფილი კაციც, ამისათვის საჭირო იყო, ის დედაკაცისგან, ადამიანისგან შობილიყო. ცხადია, უფალს შეეძლო ხორცი შეესხა საერთოდ ადამიანის ჩაურევნელად. როგორც მამაკაცის გარეშე შეისხა ხორცი, ასევე დედაკაცის გარეშეც შეეძლო ამის ქმნა, მაგრამ თუ ის ადამიანისგან არ იქნებოდა ნაშობი, ადამიანი ვეღარ იქნებოდა. საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის განგებულებას ადამიანის გონება სრულად ვერასოდეს ჩასწვდება, რადგან ღვთის განგებულება ყოველთვის გაცილებით ზეაღმატებულია ადამიანის გონებაზე.

- ხარებისას მთავარანგელოზი გაბრიელი ყოვლადწმინდა ქალწულს თავისი ნათესავის - მართალი ელისაბედის ფეხმძიმობის შესახებაც აუწყებს, რომლისგანაც უნდა შობილიყო იოანე ნათლისმცემელი - წინამორბედი უფლისა: "და აჰა, ელისაბედ, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერისა თვისისა და ესე მეექუსე თუე არს მისი, რომელსა იგი ერქუა ბერწ, რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღვთისა ყოველი სიტყუაი მისი..." საინტერესოა, რატომ არის ხარებისას მინიშნება იოანე ნათლისმცემლის ჩასახვისა და მისი ამქვეყნად მოვლინების შესახებ?

- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მსგავსად, იოანე ნათლისმცემელიც ხანდაზმულმა მშობლებმა შობეს. მარიამის ნათესავი იყო მართალი ელისაბედი. წმინდა ქალწულმა კარგად უწყოდა, რომ ელისაბედი და ზაქარია ღრმად მოხუცებულნი იყვნენ და არა მარტო იმ სიხარულით გაიხარა, რაც მასზე უნდა აღსრულებულიყო, რომელი მისიაც ყოვლადწმინდა ქალწულს უნდა აღესრულებინა, არამედ ის სიხარულიც გაიზიარა, რაც მართალ ელისაბედს და ზაქარიას მიანიჭა უფალმა. ამასთან, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მაცხოვრის მოსვლამდე უნდა მოსულიყო წინამორბედი, რომელიც განუმზადებდა მას გზას. სწორედ ეს წინამორბედი იყო იოანე, რომელიც არა უცხოსგან, არამედ მისივე ნათესავისგან იბადებოდა.

როგორც სახარება გვაუწყებს, ღვთისმშობლისადმი მთავარანგელოზ გაბრიელისგან ხარებამდე მთავარანგელოზი იერუსალიმის ტაძარში მსახურებისას მღვდელმთავარ ზაქარიას გამოეცხადა და აუწყა, რომ მისი ცოლი ელისაბედი უშობდა ძეს, რომელიც განუმზადებდა გზას მაცხოვარს. ზაქარია დაეჭვდა, რადგან ისიც და მისი ცოლიც ხანდაზმულები იყვნენ. მაშინ მთავარანგელოზმა წარმოთქვა: "მე ვარ გაბრიელი, ღვთის წინაშე მდგომელი. წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გაუწყო ეს. და აჰა, დადუმდები და ვერ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს არ ახდება, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომელიც აღსრულდება დროზე..." ზაქარია მართლაც დამუნჯდა. ანგელოზის უწყებისამებრ, მცირე ხნის შემდეგ მართალი ელისაბედი მართლაც დაფეხმძიმდა. მის წიაღში ჩაისახა წინამორბედი უფლისა - იოანე ნათლისმცემელი.
ბეჭდვა
1კ1