მარიამი შედის წმინდათა წმინდაში - ამ მოქმედებით იწყება ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შერიგების საიდუმლო
მარიამი შედის წმინდათა წმინდაში - ამ მოქმედებით იწყება ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შერიგების საიდუმლო
4 დეკემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას დღესასწაულობს. მოსეს რჯულის მიხედვით, ქალი, რომელიც მამრობითი სქესის ბავშვს შობდა, 40 დღე უწმინდურად ითვლებოდა, მდედრობითი სქესის ბავშვის დაბადების შემთხვევაში კი 80 დღე. როგორც ჩანს, ქალის მშობელი ძველი აღთქმის კანონების თანახმად, უწმინდურად ორჯერ მეტხანს იმიტომ ითვლებოდა, რომ მას სამყაროში ახალი ევა - ურჩობის მასწავლებელი - შემოჰყავდა. მართალ ანას ახალშობილი მარიამი რჯულის აღსასრულებლად მიჰყავს იერუსალიმის ტაძარში, რათა წარადგინოს უფლის წინაშე, რადგან ყოველ ახალშობილს, რომელიც განაღებს დედის საშოს, "წმიდა უფლისაი" ეწოდებოდა.

ყოვლადწმინდა მარიამის მშობლებმა, მართალმა იოაკიმემ და ანამ, მოსეს რჯულისამებრ მიართვეს უფალს შესაწირავი. ახალშობილის მშობლებს ღმერთისთვის უნდა შეეწირათ ორი გვრიტი ან მტრედის ორი მართვე. გვრიტი ერთგულების სიმბოლოა, ამიტომ შესაწირად მიჰყავდათ იმის აღსანიშნად, რომ ახალშობილი წმინდა მეუღლეობის შედეგად გაჩნდა. თუ მშობლებს გვრიტი არ ჰყავდათ, სწირავდნენ მტრედის მართვეებს, რათა ამ ჩვილის ცხოვრება მრავალშვილიანობის საწინდარი ყოფილიყო, რადგან მტრედი მრავალნაყოფიერი ფრინველია.

ყოვლადწმინდა მარიამის ცხოვრებაში მოთხრობილია ერთი საოცარი შემთხვევა: ექვსი თვის მარიამი მართალმა ანამ მიწაზე დასვა, სურდა, გამოეცადა, შეძლებდა თუ არა ფეხზე დგომას. სასწაული მოხდა, - მარადის ქალწულმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ დედასთან დაბრუნდა. გაოცებულმა დედამ ხელში აიტაცა ბავშვი, ადიდა უფალი და აღთქმა დადო: შენ მიწას ფეხს არ დააკარებ, სანამ უფლის სახლში არ მიხვალო.

როდესაც წმინდა მარიამი ერთი წლისა შესრულდა, იოაკიმემ მოიწვია ღვთისმსახურები, მწიგნობრები, მეგობრები და სადღესასწაულო ნადიმი გადაიხადა. მამის თხოვნით, სტუმრებმა შემდეგი სიტყვებით დალოცეს მარიამი: "ღმერთო მამათა ჩვენთაო, აკურთხე ყრმა ესე და განადიდე სახელი მისი ყოველთა ტომთა ზედა".

ყოვლადწმინდა ქალწულს შეუსრულდა ორი წელი და მართალმა იოაკიმემ ისურვა აღთქმის შესრულება - ერთადერთი ასულის მიყვანა უფლის სახლში, მაგრამ ანას თხოვნით, რომელსაც დედური გული ამოქმედებდა, კიდევ ერთი წლით გადადო აღთქმის შესრულება. წმინდა მარიამი ყველას აოცებდა თავისი გონებით. მისი ბავშვური სიბრძნე კეთილისმყოფელ მზის შუქს ედრებოდა. ბრძენი მშობლები მას ღვთის სამსახურისთვის ამზადებდნენ და უყალიბებდნენ აზრს, რომ იგი ღვთისთვის აღთქმული იყო, რომ ღმერთთან ყოფნა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მშობლებთან.

"ისმინე, ასულო, და მოჰყავ ყური შენი და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისა", - ბრძანებს დავით მეფე ფსალმუნში და აი, დადგა კიდეც ღვთის ამ წინასწარმეტყველების აღსრულების დრო. ყოვლადწმინდა ქალწულმა უნდა დატოვოს მშობლების სახლი და სამუდამოდ უფლის სახლში გადავიდეს საცხოვრებლად.

მართალ იოაკიმეს და ანას ტაძარში მიჰყავთ ასული. მარიამი შედის წმინდათა წმინდაში, ამ მოქმედებით იწყება ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შერიგების საიდუმლო. ადამის მოდგმას აურაცხელ ცოდვათა გამო აეკრძალა სამოთხეში შესვლა, ღვთის წიაღში ადამიანთა დაბრუნების საწინდარი სწორედ დედა ღვთისას დაბადებაა.

საღვთო გადმოცემაში შემონახულია დაწვრილებითი ცნობები ყოვლადწმინდა ქალწულის ტაძრად მიყვანების შესახებ.

მართალი იოაკიმესა და ანას სახლში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ ნათესავები, მეზობლები, მარიამის თანატოლ ქალწულთა გუნდი, რათა იგი ტაძარში გაეცილებინათ. ყველანი გაემართნენ იერუსალიმისაკენ - ნაზარეთიდან სამი დღის სავალზე. ძველი აღთქმის კანონიკის მიხედვით, ტაძარში მსხვერპლშემწირველებს შვიდდღიანი მარხვა უნდა დაეცვათ და ლოცვით განწმენდილიყვნენ. ამ კანონის აღსრულების შემდეგ ანთებული სანთლებით ხელში გაემართნენ ტაძრისკენ, იოაკიმეს და ანას ხელში ეპყრათ სამი წლის მხოლოდშობილი ასული - მიმადლებული მარიამი. მათთან შესახვედრად ტაძრიდან ღვთისმსახურები გალობით გამოვიდნენ. საოცარი დღე იყო, ყველას უნდოდა, მონაწილეობა მიეღო ყოვლადწმინდა ქალწულის ტაძრად მიყვანებაში.

ძველი აღთქმის ტაძრის საკურთხეველი ორი ნაწილისაგან შედგებოდა: "საკუმელთა", რომელშიც მღვდლები წირავდნენ და "ყოვლად დასაწველი" ანუ "წმინდათა წმინდა", სადაც მხოლოდ მღვდელმთავრებს ჰქონდათ შესვლის უფლება წელიწადში ერთხელ. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ მღვდელმთავარი შედიოდა, რათა საკუთარი და ხალხის ცოდვები სამსხვერპლო ცხოველის სისხლის პკურებით განეწმინდა.

ტაძარში შესასვლელი კიბე თხუთმეტი საფეხურისგან შედგებოდა. წმინდა იოაკიმემ და ანამ ღვთისმშობელი პირველ საფეხურზე დააყენეს. ყველა განცვიფრდა, როდესაც ნახეს, როგორ აიარა სამი წლის მარიამმა თხუთმეტი საფეხური დაუბრკოლებლად. კიბის თავში ღვთისმსახურებით გარშემორტყმული მღვდელმთავარი ზაქარია დაუხვდა. მან პირველი და მეორე კრეტსაბმელის გავლით "წმინდათა წმინდაში" შეიყვანა. ღვთივჩაგონებით სალოცავად ადგილიც მიუჩინა. სხვა ქალწულებს, რომლებსაც სიყრმიდანვე სალოცავად მიიყვანდნენ ხოლმე ტაძარში, სასტიკად ეკრძალებოდათ ტაძართან მიახლოება, მათ ტაძრის ეზოში ამყოფებდნენ.

მოხუცებულმა მშობლებმა, როდესაც ასული ზეციური მამის ნებას დაუმორჩილეს, სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს და შინ დაბრუნდნენ. აქებდნენ და ადიდებდნენ უფალს, საყვარელ ასულთან გამოთხოვების გამო არ ტიროდნენ, არც მარტოობის დარდი აწუხებდათ და არც მათი სიხარულის საგანთან განშორება. ისინი მადლობას უძღვნიდნენ ღმერთს, რომელმაც მოხუცებულობის წლებში ღვთაებრივი საჩუქარი მიმადლა მათ. ხარობდნენ, რომ უფალმა ღირსი გახადა, ეს საჩუქარი მათთვის მიეძღვნა.

სამი წლის მარიამი, ტაძრად მიყვანების შემდეგ, მოათავსეს ქალწულთა სავანეში, რომელიც უძველესი დროიდან არსებობდა. უფროსი ქალწულები, მღვდელმთავრის კურთხევით, მას წმინდა წერილის კითხვასა და ხელსაქმეს ასწავლიდნენ. პატარა მარიამი ტაძარში მხოლოდ სალოცავად შედიოდა, დანარჩენ დროს კი სავანეში ატარებდა.

ქალწული მარიამის ყოფნა ტაძარში განსაკუთრებული სისპეტაკითა და სიწმინდით გამოირჩეოდა. მისი ცხოვრებისეული წესი ღვთისადმი განსაკუთრებულ მოწიწებას აღძრავდა. დადგენილი კანონისამებრ, ალიონზე დგებოდა და, გადმოცემის მიხედვით, დღეში სამჯერ ლოცულობდა: დილით, შუადღისას და ნაშუადღევს.

საეკლესიო საგალობლებში არის მოწყობა იმის შესახებ, რომ მარადის ქალწულს წმინდა ანგელოზები ეცხადებოდნენ, ყოველდღიურად ნახულობდნენ, ზეციურ საკვებს უძღვნიდნენ და ესაუბრებოდნენ. წმინდა მარიამის ყოფნა ტაძარში სულიწმინდის მიერ იყო ნაკურთხი. ხელსაქმედ ჰქონდა სელისა და მატყლის დართვა, უმეტესწილად საღვთისმსახურო შესამოსელს აბრეშუმით ქარგავდა.

ასე იზრდებოდა წმინდა მარიამი უფლის სახლში. მას მალე გარაეცვალა მოხუცი მშობლები. ყოვლადწმინდა მარიამმა ქალწულების აღთქმა დადო ღვთის წინაშე, რომ დარჩებოდა ტაძარში და უფლის ნებას დაემორჩილებოდა.
ბეჭდვა
1კ1