ყოვლადწმინდა და მარადის ქალწული ღვთისმშობელი მარიამი
ყოვლადწმინდა და მარადის ქალწული ღვთისმშობელი მარიამი
(ნაწილი მეოთხე)
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება
შობასა ქალწულებაი დაიმარხე და მიცუალებასა არა დაუტევე, ღვთისმშობელო, მოხუედ ცხოვრებად დედაი ეგე ცხოვრებისა, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩუენთა.

1. ღვთისმშობლის ყოველდღიური ცხოვრება მაცხოვრის ამაღლებიდან მიძინებამდე

წმინდა გადმოცემიდან ვიცით, რომ მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ღვთისმშობლის კეთილდღეობაზე იოანე ღვთისმეტყველი ზრუნავდა. წმინდა მარიამი კი როგორც მოციქულთა, ისე ყოველი ქრისტიანის საიმედო დამრიგებელი და მანუგეშებელი იყო.

აღდგომის შემდეგ იგი მუდმივად დადიოდა მაცხოვრის საფლავზე. მღვდელმთავრებმა არაერთხელ სცადეს მისი მოკვდინება. იმისათვის, რათა ღვთისმშობელი საფლავზე ვერ მისულიყო, ერთხანს აკლდამას დაქირავებული მცველებიც კი დარაჯობდნენ, მაგრამ ღვთაებრივი თანადგომის ძალა ყოველთვის იფარავდა ღვთისმშობელს, ამიტომ მისვლას და ლოცვას იმ ადგილას, სადაც ჯვარცმის შემდეგ მაცხოვრი დაასვენეს, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ახერხებდა.

დიდი იყო მის წინაშე მოციქულთა მოწიწება და მოკრძალება. მასთან საუბრებში ქრისტიანებმა შეიტყვეს წმინდა ხარების, მაცხოვრის დაბადებისა და სხვა სასწაულებრივი მოვლენების შესახებ. ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებაში მოციქულებთან ერთად თავის მხრივ წმინდა ქალწულიც მონაწილეობდა სიტყვითა და ლოცვით. გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელი პირველმოწამე არქიდიაკონ სტეფანეს მკვლელობასაც შეესწრო. ამ დროს იგი გულით თანაუგრძნობდა მოწამეს და ლოცვით ცდილობდა სიკვდილთან ღირსეული შეხვედრისთვის განემტკიცებინა.

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა იერუსალიმში კიდევ 10 წელი დაჰყვეს და ამ ხნის განმავლობაში იუდეველთა მოქცევას ცდილობდნენ. ღვთისმშობელმა ამ საქმეშიც დიდი წვლილი შეიტანა, შინაურიც და უცხოც მის მიმართ დიდი პატივისცემით განეწყო. იერუსალიმში მის სანახავად და მოსასმენად ხალხი შორეული ქვეყნებიდანაც მრავლად ჩამოდიოდა.

43 წელს, როდესაც ჰეროდე აგრიპამ ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო (საქმ. 12:1-3) და მისი ბრძანებით მოციქული იაკობ ზებედესი სიკვდილით დასაჯეს, წმინდა მარიამმა მოციქულებთან ერთად იერუსალიმი დატოვა.

რომ გაერკვიათ, სახარება ვის სად უნდა ექადაგა, მოციქულებმა წილი ყარეს. წილისყრის შედეგად ღვთისმშობელს ივერია ერგო. აპირებდა კიდეც საქართველოში წამობრძანებას, მაგრამ ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ მის წილხვედრ ქვეყანას მაცხოვრის ნათელი მოგვიანებით მოეფინებოდა, თავად კი ჯერჯერობით იერუსალიმში უნდა დარჩენილიყო, რათა აქედან იმ მხარეში გამგზავრებულიყო, რომელიც ასევე ელოდა. ღვთისმშობელს აგრეთვე ეუწყა, რომ ქვეყნის სახელწოდება მისთვის შემდგომში განცხადდებოდა.

გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობელი ჯერ იოანე ღვთისმეტყველის წილხვედრ ეფესოში ჩავიდა, იქიდან კი იოანესთან ერთად მაცხოვრის მეგობარ ლაზარესთან გაემგზავრა, რომელსაც მოციქულმა ბარნაბამ კვიპროსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. გზად გემს ძლიერი პირქარი შეხვდა და ქარიშხალმა გემი სრულიად უვნებლად ათონის მთას მიაჭდო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიხვდა, რომ ეს სასწაულებრივი გაჩერება ანგელოზის წინასწარმეტყველებასთან იყო დაკავშირებული.

იმ დროისათვის ათონის მთა წარმართი ელინების განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა - ისინი აქ ღმერთების თაყვანისცემისთვის და ბედისწერის შესატყობად მოდიოდნენ. ღვთისმშობელი ათონის ნახევარკუნძულის მიწაზე გადავიდა. წმინდა მარიამის სულიერებისა და სიწმინდის წინაშე წარმართულმა კულტებმა ძალა დაკარგეს. ღვთისმშობელმა თავისი ქადაგებითა და სასწაულებით მრავალი ადგილობრივი მცხოვრები ქრისტიანად მოაქცია. ახალმონათლულებს წინამძღოლად და მასწავლებლად თავისი ერთ-ერთი თანამგზავრი დაუდგინა. გამოთხოვებისას ახალმოქცეული ათონელი ქრისტიანები უკანასკნელად დალოცა და ბრძანა: "დაე, ჩემი წილხვედრი იყოს ეს ადგილი, რომელიც ჩემი ძისა და ღმერთისგან მომეცა, მე ვიქნები ამ მიდამოს მცველი და ღვთის წინაშე მხურვალე შუამდგომელი". ამის შემდეგ გემმა, რომლითაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მისი მოწაფეები მოგზაურობდნენ კვიპროსის მიმართულებით გაცურა. იქ ლაზარე ელოდათ.

ღვთისმშობელმა კვიპროსის მიწა დალოცა, ლაზარე დედაშვილურად ანუგეშა, რჩევა-დარიგება მისცა, თავისი ხელით შეკერილი ომოფორი და სამაჯურები აჩუქა და იერუსალიმში დაბრუნდა.

2. ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებული მოვლენები
იერუსალიმში ღვთისმშობელი მისი ხილვის ყველა მსურველს იღებდა, ცოდვილებს მოაქცევდა, სასოწარკვეთილებს ანუგეშებდა. დარჩენილ დროს ყოვლადწმინდა მარიამი ლოცვაში ატარებდა, ხშირად დადიოდა მაცხოვრის საფლავზე და ძე ღმრთისას ღრმა თაყვანისცემითა და დედობრივი სიყვარულით მიმართავდა, სამკვიდრებლის კურთხევას, ქრისტიანებისთვის კი წყალობასა და მოწყალებას ითხოვდა. მტრები მას კვლავაც დევნიდნენ, მაგრამ ღვთის მადლით ყოველთვის ხელშეუხებელი რჩებოდა.

ცნობები ყოვლადწმინდა მარიამის შესახებ მართლმადიდებელ ეკლესიას მოციქულთა დროიდან მოეპოვება. ჯერ კიდევ I საუკუნეში წმინდა მოწამე დიონისე არეოპაგელი წერდა: პავლე მოციქულის მიერ ღვთის მეცნიერებაში რომ არ ვყოფილიყავი განსწავლული, ყოვლადწმინდა ქალწულს აუცილებლად ღმერთად მივიჩნევდიო. წმინდა დიონისემ მაცხოვრის ამაღლებიდან დაახლოებით მე-12 წელს მოინახულა ღვთისმშობელი მარიამი, მისგან კურთხევა და რჩევა-დარიგება მიიღო.

ღვთისმშობლის მიძინების შესახებ აგრეთვე II საუკუნეში მოღვაწე სარდელი ეპისკოპოსის მელიტონის თხზულებებშია მოთხრობილი. წმინდა ეპიფანე კვიპრელმა IV საუკუნეში შეკრიბა მასალები და აღწერა ღვთისმშობელ მარიამის მიძინების ამბავი. V საუკუნეში იერუსალიმელი პატრიარქი იუბენალი კეთილმსახურ ბერძენ დედოფალ პულხერიას ასე მიმართავდა: "მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობლის მიძინება წმინდა წერილში არ არის მოხსენიებული, ჩვენ ამ მოვლენების შესახებ უძველესი და სრულიად საიმედო წყაროები მოგვეპოვება". ეს წმინდა გადმოცემა საგულდაგულოდ არის შეკრებილი და აღწერილი XIV საუკუნის ისტორიკოსის ნიკიფორე კალისტეს თხზულებაში.

ანგელოზის გამოცხადება
გულმხურვალე ლოცვისას ღვთისმშობელი ხშირად შესთხოვდა თავის ძეს, მასთან გადასახლების ბედნიერება ღირსებოდა.

ერთხელ ზეთისხილის მთაზე ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აყვანის დრო ახლოვდებოდა და ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ უნდა აღსრულებულიყო. ზეცაში აღსვლის მოწმობად წმინდა მარიამს მთავარანგელოზმა სამოთხეში ზრდილი ფინიკის ხის რტო გადასცა და უთხრა, რომ ეს ზეციური მცენარე ღვთაებრივი მადლით იყო გაბრწყინებული და მიძინების შემდეგ მოციქულებს მის საფლავთან უნად მიეტანათ.

შინ დაბრუნებულმა წმინდა მარიამმა მომხდარი თავის სახლეულს გაუზიარა და დიდი სიხარულით ამცნო, რომ სამი დღის თავზე თავის ძეს უნდა შეხვედროდა. თვითონ კი დაუყოვნებლივ შეუდგა სამზადისს.

მოციქულთა შეკრება
ღვთისმშობელმა იოსებ არიმათიელი და მაცხოვრის სხვა მოწაფეები მოიხმო და მათაც აცნობა, რომ მიძინებისთვის ემზადებოდა. ყოვლადწმინდა ქალწული ღმერთს შესთხოვდა, მასთან იოანე ღვთისმეტყველი მოსულიყო. წმინდა იოანემ სულით შეიგრძნო ღვთისმშობლის ნება და მანძილი ეფესოდან იერუსალიმამდე სასწაულებრივად სწრაფად გადალახა. იოანემ ყოველივე დაუყოვნებლივ აცნობა იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს, იაკობ მოციქულს - იოსებ დამწინდველის ძეს, იაკობმა კი ეს ამბავი არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ მის შემოგარენში გაავრცელა. ხალხი ყოველი მხრიდან იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ მოდიოდა.

სასწაულებრივი იყო სხვა მოციქულების მობრძანებაც. მოულოდნელი მგზავრობით გაოცებული წმინდა მოციქულები ერთმანეთს სიხარულით შესცქეროდენ, უკვირდათ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვერ აეხსნათ, ასე სწრაფად და მათთვის მოულოდნელად რისთვის და როგორ შეკრიბა უფალმა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა ცრემლნარევი სიხარულით ამცნოთ, რომ მოვიდა დრო, "ვითარ ქალწული აღუალს ქუეყანით ზეცას", რადგან "მოკუდავი ცხოველ" არს.

ოთახში შესულმა მოციქულებმა სარეცელზე მწოლიარე ყოვლადწმინდა დედა კეთილმღიმარე იხილეს, მოიკითხეს და უამბეს იმ მოვლენის შესახებ, მათი ქადაგების ადგილებიდან უცნაურ მოგზაურობასთან რომ იყო დაკავშირებული. ღვთისმშობელმა ადიდა უფალი, რადგან მისი ლოცვა შეისმინა, მისი გულითადი თხოვნა აღასრულა და მიწიერი ცხოვრების დასასრულს მასთან მოციქულებსა და მოწაფეებს მოუყარა თავი.

როდესაც ხალხმა ზეცაში ამაღლების შესახებ თვით ღვთისმშობლისგან შეიტყო, მოთქმით აღავსო გარემო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ნუგეშინისმცემლის გარეშე რჩებოდნენ. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ ყველასთვის მსწრაფლშემწე იქნებოდა. ამ დაპირებაში კაცობრიობის საყოველთაო ნუგეშია დაუნჯებული.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სულის ზეცად აღსვლა
ახლოვდებოდა ღვთისმშობლის მიძინების დრო. დღე, როდესაც მთავარანგელოზის წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო.

გამოცხადებიდან მესამე დღის სამი საათი იყო. წმინდა მოციქულები ღვთისმშობლის დამშვენებული სარეცლის გარშემო იდგნენ და უფალს გალობით ადიდებდნენ. ოთახი მრავალი სანთლით იყო განათებული. ყოვლადწმინდა მარიამი გულმხურვალედ ლოცულობდა.

მოულოდნელად გარემო გამოუთქმელი სინათლით აღივსო, ყველა და ყველაფერი შარავანდედით იქნა მოსილი. ოთახში ისეთი საოცარი და შეუცნობელი სიამე შემოიჭრა, როგორსაც ვერავითარი მიწიერება ვერ დაიტევდა. ყველამ ერთდროულად შეამჩნია, რომ ღვთაებრივი დიდების ნათელში სახლის ჭერი აღარსად ჩანდა. გარემოუცველი, უსაზომო სინათლე. სიყვარულით აღვსილმა ყოველმა სულმა ზეციურ ძალთა დასებით გარშემორტყმული დიდების მობრძანება შეიგრძნო - უფალი იესო ქრისტე ყოვლადწმინდა დედას გამოეცხადა. ანგელოზთა გამოუთქმელმა გალობამ გარემო სრულად აღავსო. მის ფონზე მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ღვთივსულიერი ლოცვა ისმოდა: "ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა", რომელსაც ღვთაებრივი მოწოდება: "მოვედ, მოკეთეო ჩემო" და კვლავ ანგელოზთა გალობა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!" მოჰყვა, და ზეციურ ძალთა თანხლებით, უფლის ხელით ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში საზეიმოდ ამაღლდა.

3. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება და გაცილება
ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი შენთვის, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობაი და სიკუდილი ცხოვრებისმომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.

მოციქულებს და ყველას, ვინც ამ სულიერი სახილველის ღირსი გახდა, მიწიერება დავიწყებოდათ. ისინი შიშნარევად განცვიფრებულნი ზეცას შესცქეროდნენ... გონს რომ მოვიდნენ, დაინახეს, სულით ცად ამაღლებული ღვთისმშობელი სარეცელზე იწვა. მისი სახე სათნო ნათლით ბრწყინავდა და დამშვენებული სარეცლიდან საოცარი კეთილსურნელება იფრქვეოდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გაცილება
განმაცვიფრებლად იცხოვრა ყოვლადწმინდა მარიამმა. სასწაულებრივი იყო მისი მიძინება და გაცილებაც. მოკრძალებითა და ძრწოლით ამბორუყვეს ქრისტიანებმა მაცხოვრის დედის წმინდა სარეცელს და ღვთიური მადლით, სულიერი სიხარულითა და სასოებით განათლდა მათი გულები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული სიდიადის გამო რწმენითა და სიყვარულით მისული ყველა შეჭირვებული სარეცლის შეხებით იკურნებოდა.

პროცესიას სამოთხის რტოთი წინ იოანე ღვთისმეტყველი მიუძღოდა. წმინდა პეტრეს, პავლეს, იაკობსა და სხვა მოციქულებს სასახლე მხრებით მიჰქონდათ. დანარჩენი მორწმუნეები საცეცხლურებითა და ანთებული სანთლებით მიჰყვებოდნენ. საზეიმო სვლა სიონში დაიწყო, იერუსალიმი გაიარა და გეთსიმანიამდე გალობით მივიდა. მსვლელობას დასაწყისშივე გვირგვინის მსგავსი ნათელმოსილი ღრუბელი დაადგა და ბოლომდე არ მოშორებია. ეს ციური სხეული პროცესიასთან ერთად ჰაერში მოძრაობდა. მორწმუნეებს ანგელოზთა გალობა ესმოდათ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ გრანდიოზულმა მსვლელობამ გააღიზიანა. ზოგიერთმა იუდეველმა მღვდელმთავარმა და უხუცესმა ისიც კი მოისურვა, რომ პროცესია დაეშალა და წინამძღოლები შეეპყრო. მაგრამ ღვთაებრივმა ძალამ არ დაუშვა ეს ბოროტება - ზეციური გვირგვინი ძირს დაეშვა და პროცესია მდევართათვის უხილავი გახდა. მდევრებს გალობა და ნაბიჯების ხმა ესმოდათ, მაგრამ სიბრმავე დაეუფლათ და ვერაფერს ხედავდნენ. უგუნურ ჭენებაში ბევრმა მათგანმა ქალაქის კედლებს თავ-პირი შეალეწა.

გამორჩეული იყო იუდეველი მღვდლის ათონიას "მონდომება". მან უმეცრებისა და სულიერი სიბეცის გამო საშინელი კადნიერება გამოავლინა და ღვთისმშობლის სარეცლის დამხობა მოისურვა. უფალმა სამაგალითოდ დაუშვა მისი მისვლა წმინდა სასახლემდე, მაგრამ ხელის ოდნავ შეხებისთანავე მას ღვთის რისხვა დაატყდა და ორივე ხელი წარეკვეთა. საზარელმა სასჯელმა გონს მოიყვანა ათონია და მან ხმამაღლა, მთელი რწმენით ამოიძახა: "მრწამს, რომ ქრისტეა აღთქმული მესია და ქვეყნიერების მხსნელი". მკლავები მაშინვე განუმრთელდა და როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად გამოჯანსაღდა. ათონია პროცესიას შეუერთდა. როდესაც ამ სასწაულის შესახებ შეიტყო, ბევრმა იუდეველმა შეინანა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წრფელად სცა თაყვანი და მის სარეცელს ემთხვია. მათგან ვინც უმეცრებით იყო დაბრმავებული, განიკურნა, ხოლო ვინც გაბოროტების გამო იყო დასჯილი, მათაც მხედველობა დაუბრუნდა.

პროცესიამ გეთსიმანიას მიაღწია. ყველა უკანასკნელად ემთხვია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხედარს.

აკლდამაში მისი მოთავსება წმინდა მოციქულებმა მხოლოდ საღამოს შეძლეს. გამოქვაბულის შესასვლელი დიდი ქვით დაფარეს. მომდევნო სამი დღის განმავლობაში შესასვლელთან ლოცვასა და გალობას აღავლენდნენ, ანგელოზები უფალსა და ყოვლადწმინდა ქალწულს ზეციური გალობით განადიდებდნენ.

ღვთისმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან ყოვლადწმინდა და მარადის ქალწულმა ბუნების იმ კანონებს სძლია, რომელთაც ცოდვით დაცემული ადამიანი ემორჩილება. მისი სული ზეცად ამაღლდა, ხოლო სხეულმა მცირე დროით მიიძინა და მესამე დღეს უკვდავებას შეუერთდა.

მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია, რომ ღვთისმშობელმა მაცხოვრის ამაღლებიდან მე-13 წელს მიიძინა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 15 (28) აგვისტოა დადგენილი. ის ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი მიეგება მიწიერ დედას და თავის სავანეში მიუჩინა სამყოფელი.
ბეჭდვა
1კ1