ყოვლადწმინდა და მარადის ქალწული ღვთისმშობელი მარიამი
ყოვლადწმინდა და მარადის ქალწული ღვთისმშობელი მარიამი
(ნაწილი პირველი)
ყოვლადწმინდა და მარადის ქალწული ღვთისმშობლის დაბადება
1. ყოვლადწმინდა მარიამი
"შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა..."

წყაროები
წმინდა წერილში საკმაოდ მოკრძალებული ცნობები გვაქვს მარიამ ღვთისმშობლის შესახებ. აქ მისი პიროვნებისა და ცხოვრების ამსახველი მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდია (მათ. 1:16, 18-25; 2:11, 13-15, 19-23; 12:46-50; 13:55; მარკ. 3:31-35; ლუკ. 1:26-56; 2:4-7, 16-52; 8:19-21; იოან. 2:1-12; 19:25-27; საქმ. 1:14). ბიბლიური მასალიდან თითქმის ვერაფერს შევიტყობთ ვერც მის დაბადებასთან დაკავშირებული მოვლენების, ვერც მის ტაძრად მიყვანისა და ვერც იმის შესახებ, სულთმოფინების შემდეგ როგორ მიმდინარეობდა მისი ცხოვრება.

ამ წვრილმანებმა ჩვენამდე ძირითადად საეკლესიო თქმულებების, ისტორიული თხზულებების, ჰომილეტიკური (საეკლესიო მოძღვრება-ქადაგებების ჩანაწერები) მემკვიდრეობისა და ჰიმნოგრაფიული ძეგლების საშუალებით მოაღწია.

ღვთისმშობლის ცხოვრების შესახებ პირველ დაწვრილებით არაბიბლიურ მასალას ადრექრისტიანულ აპოკრიფებში ამოვიკითხავთ. აპოკრიფი ეკლესიური სარწმუნოებრივი მოძღვრების ნაწილს არ წარმოადგენს. შესაბამისად, მათში ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების ამსახველი ცალკეული სიუჟეტები მრავალგზის შემოწმდა, გნოსტიკური მინარევებისგან გასუფთავდა, მათი შესაბამისობა არსებულ კანონიკურ და სახარებისეულ შინაარსთან გატოლდა და ის, რაც მრავალ წყაროსთან თანხვედრილი აღმოჩნდა, ნამდვილად და კეთილსაიმედოდ იქნა მიჩნეული.

აპოკრიფული მასალიდან აღებული სიუჟეტების საყოველთაო პოპულარობა თვით მარიამ ღვთისმშობლის პიროვნული დახვეწილობითა და ღვთისადმი სამაგალითო სასოებით განისაზღვრა. ღვთისმშობლისადმი ბუნებრივი სიყვარული იმითაც დასტურდება, რომ ეს უძველესი აპოკრიფები უამრავ ენაზე ითარგმნა, მათი გამოყენებით მრავალი საგალობელი და ადგილობრივი თუ ზოგადსაეკლესიო მნიშვნელობის სასულიერო ნაწარმოები შეიქმნა.

ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი ისტორიები თავიდანვე იწვევდა მართლმადიდებელი მამების ცხოველ ინტერესს. ამ სიუჟეტებმა ცოცხალი გამოხმაურება წმინდა ეფრემ ასურის, იოანე ოქროპირის, იოანე დამასკელის, გრიგოლ პალამასა და სხვათა ქადაგებებშიც პოვა.

დაბადება
აპოკრიფულ მასალაზე მრავალწლიანი მუშაობის შედეგად საბოლოოდ ჩამოყალიბდა სრული ხატი და უტყუარი ისტორია მარიამ ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების შესახებ.

მარიამის მამა იოაკიმე - იუდას სამეფო ტომის შთამომავალი, ხოლო დედა ანა - აარონის ტომის ღვთისმსახურ მატთანის უმცროსი ასული იყო. ეს პატარა ოჯახი ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა - შემოსავლიდან ერთ მესამედს ტაძარს სწირავდა, მეორეს ღატაკებსა და მოხუცებს უყოფდა, დარჩენილს კი პირადი საჭიროებისთვის იყენებდა. შეიძლება ითქვას, ერთი შეხედვით ბედნიერი ადამიანები იყვნენ, მაგრამ 50-წლიანი ცოლქმრული თანაცხოვრების შემდეგ შვილი არ ჰყავდათ და უნაყოფობა გულებს მწუხარებით უვსებდათ: იმდროინდელი წარმოდგენით, უშვილობა შეურაცხყოფილ მდგომარეობად და ღვთის უდიდეს სასჯელად ითვლებოდა. უშვილობის გამო ღვთისმსახურები და ახლობლები მათ მუდმივად ყვედრებით იხსენიებდნენ.

დიდ დღესასწაულებს, როგორც წესი, იერუსალიმში ხვდებოდნენ. ტაძრის განახლების დღესასწაულზე, ჩვეულებისამებრ, იოაკიმეც მივიდა, რათა თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა. მაგრამ მღვდელმთავარმა ისახარმა მისი ძღვენი არ მიიღო, უშვილობა დააყვედრა და უთხრა: "უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევაო". სხვა თანამოძმეებმაც დაუმატეს: "შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ რომ ისრაელის თესლი არ შეგიქმნიაო".

მეტად მძიმე იყო ასე სახალხოდ ამგვარი საყვედურების მოსმენა და გულდამძიმებული იოაკიმე შინ აღარ დაბრუნებულა, ტაძრიდან უდაბნოში წავიდა. მართალი მოხუცი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე გოდებდა, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრემლით იქარვებდა, ღმერთს შესთხოვდა, სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერის მიუხედავად მისთვის შვილი მიეცა.

როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი შეიტყო, ანა შინაურთაგან განცალკევდა და თავისი მწუხარების დასაფარავად ბაღში გავიდა. დაფნის ხის ძირას მჯდომარე მოთქვამდა და ლოცულობდა. მას ურყევად სწამდა, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელი შესაძლებლად შეიძლება მოაქციოს!

მოულოდნელად ანას პირისპირ უფლის ანგელოზი გაჩნდა. ანგელოზმა მას მიმართა: "ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები - გეყოლება შვილი და შენი თესლისგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე. შენი ასულის სახელი მარიამი იქნება და კაცობრიობა მისგან მხსნელს მიიღებს". ანგელოზმა ანას ისიც უთხრა, რომ იერუსალიმში უნდა წასულიყო და იქ ოქროს ჭიშკართან ქმარს შეხვდებოდა. სიხარულით აღვსილმა ქალმა წამოიძახა: "ცხოველ არს ღმერთი ჩემი! თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ, დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს". ამ აღთქმის შემდეგ მან იერუსალიმისკენ ისწრაფა, რათა უფლისთვის დიდება და მადლობა შეეწირა.

ანგელოზი უდაბნოში ლოცვად მდგარ მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა: "უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა, - უთხრა ანგელოზმა იოაკიმეს, - შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს. წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან შენს ცოლს იპოვი. მე მას ეს ამბავი უკვე ვაცნობე".

ყოვლადწმინდა მარიამი მთის ფერდობზე შეფენილ პატარა ქალაქ ნაზარეთში იშვა, რომელსაც იერუსალიმს სამი დღის სავალი მანძილი აშორებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ნაკლებად ცნობილ ადგილას დაიბადა. ის გამოვიდა ოდესღაც სახელგანთქმული, იმჟამად კი უკვე დამცირებული და ყოველგვარ ბრწყინვალებას მოკლებული დავითის ტომიდან. მისი დაბადება ამქვეყნიური დიდებითა და პატივით არ შემოსილა. მაგრამ ყოველგვარი მიწიერი უპირატესობა ფერმკრთალია იმ უხილავი დიდების შუქზე, რომელსაც ღმერთი მრავალი საუკუნის განმავლობაში ამზადებდა და რაც უფლის დიდებით შობით უნდა აღსრულებულიყო.

ხანდაზმულმა მშობლებმა ღმერთს სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს. მართალმა ანამ ასულის დაბადების შემდეგ აღთქმა დადო, რომ ჩვილი მიწაზე მანამდე არ გაივლიდა, სანამ ტაძრად არ მიიყვანდნენ. როგორც წმინდა გრიგოლ პალამა ბრძანებს: "მათ ღვთისგან დაპირება მიიღეს და პირობა დაბადებით აღსრულდა; შემდეგ ღვთისგან ბოძებული მათ ღმერთსვე დაუბრუნეს".

როდესაც ბავშვს სამი წელი შეუსრულდა, მართალმა იოაკიმემ და ანამ გადაწყვიტეს, რომ დადგა ჟამი მარიამის ტაძრად მიყვანისა. ტაძართან მათ მღვდელმთავარი გამოეგება: წმინდა გადმოცემის თანახმად, ეს იყო იოანე ნათლისმცემლის მომავალი მამა - მართალი ზაქარია. მან ღვთის საგანგებო შთაგონებით ბავშვი წმინდათაწმინდაში შეიყვანა, სადაც მღვდელმთავარსაც კი წელიწადში ერთადერთხელ ჰქონდა შესვლის უფლება. იოაკიმეს და ანას ბავშვი ტაძრიდან აღარ წამოუყვანიათ, მარიამის ცხოვრება მთლიანად ღვთის მსახურებას დაუკავშირდა. ტაძარში ის წმინდა წერილს სწავლობდა და გამუდმებით ლოცულობდა, სხვა ქალწულებთან ერთად ხელსაქმობდა და სნეულებს ემსახურებოდა.

2. დოგმატური სწავლება ყოვლადწმინდა მარიამის დაბადების შესახებ
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ ქრისტიანული სწავლება საერთო ქრისტოლოგიური მოძღვრების ნაწილია. ის არც რაიმე დამოუკიდებელ მოძღვრებად და არც ანთროპოლოგიური კვლევის ცალკეულ საგნად არ არის გამოკვეთილი. 431 წელს III მსოფლიო საეკლესიო კრებამ ერთხმად და საზეიმოდ აღიარა ყოვლადწმინდა ქალწულის ღვთისმშობლობა და ეს ტერმინი ქრისტოლოგიურ კონტექსტში განმტკიცდა, რადგან მხოლოდ ასეთი თვალსაზრისი იძლევა საშუალებას, სწორად იქნეს აღქმული კაცის ძედ განხორციელებული ღმერთის ძის ჰიპოსტასური მთლიანობა. ამრიგად, ღვთისმშობლისგან შობილი ძე ერთდროულად და შეურევნელად ღმერთიც არის და ადამიანიც.

კათოლიკური მარიალური დოგმატი ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის შესახებ
ღვთისმშობლის თაყვანისცემა დასავლეთის ეკლესიაში ძველთაგან ნორმალურ ტრადიციულ ჩარჩოებში მიმდინარეობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში თავი იჩინა ტიპურმა დასავლურმა მიდგომამ. საბოლოოდ, ღვთისმშობლის თაყვანისცემასთან დაკავშირებით რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ მიღებულ იქნა ორი დოგმატი, რომლებიც თავისი შინაარსით მსოფლიო საეკლესიო კრებების სწავლებას დაუპირისპირდა და მნიშვნელოვნად გაართულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზოგადსაკაცობრიო მისიის შინაარსის შეცნობის შესაძლებლობა.

ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც 1854 წელს იქნა მიღებული და რომელსაც ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის დოგმატს უწოდებენ.

ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ კათოლიკეები მაცხოვრის წმინდა ჩასახვასა და მარიამის უბიწო ჩასახვას ერთმანეთს არ უტოლებენ და არ ფიქრობენ, რომ მარიამის დაბადება და ქრისტეს შობა ერთმანეთის მსგავს მოვლენებად შეიძლება ჩაითვალოს. მათ მიერ მიღებული დოგმატის მიხედვით მიჩნეულია: მიუხედავად იმისა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ისევე ჩვეულებრივად ჩაისახა და დაიბადა, როგორც ყოველი ადამიანი, იმის გამო, რომ იესო ქრისტეს ცოდვიდან გამომსყიდველი ქმედება უნდა განეხორციელებინა, ყველა ადამიანისგან განსხვავებით, მიეცა პრივილეგია პირველქმნილი ანუ ადამის ცოდვის შედეგებისგან ჩასახვის წუთიდან განთავისუფლებისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაიბადა ისეთ სრულყოფილ მდგომარეობაში, როგორშიც სამოთხეში ცოდვით დაცემამდე ადამი და ევა იყვნენ. დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი: "ამ გამორჩეული მადლით ის ყველა სხვა ზეციურ და მიწიერ არსებას დიდად აღემატება".

ერთი შეხედვით, დოგმატი კეთილ მიზნებს ემსახურება, თითქოს მისი არსებობა ღვთისმშობლის თაყვანისცემის საბაბს კიდევაც აძლიერებს და ხაზს უსვამს ჯერ კიდევ დაბადებამდე მასში არსებულ სიწმინდესა და გამორჩეულობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დოგმატს საფუძვლად უდევს წარმოდგენა, რომ საბოლოო სრულყოფილებად განხორციელებისთვის ღვთაებრივ სიტყვას, ანუ იესო ქრისტეს ესაჭიროებოდა მშობლის სრულყოფილი, ცოდვით შეულახავი ბუნება. ამიტომ ძე ღვთისამ განკაცებამდე და ჯვარცმამდე თავისი მომავალი მშობელი ყოვლადწმინდა მარიამი განამზადა და საყოველთაო ცოდვის ტყვეობიდან გაათავისუფლა.

არგუმენტები, რომლებითაც მარიალური დოგმატის დასაბუთებას ცდილობენ, ასეთია:

მარიალური დოგმატის დასაბუთებისთვის რომის კათოლიკური ეკლესია წმინდა წერილს იყენებს, კერძოდ: "მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!" (დაბ. 3:15). სიტყვებში "დედაკაცის თესლს შორის", მათი აზრით, იგულისხმება, რომ ღვთისმშობელი თავის ღვთაებრივ ძესთან ერთად უნდა დაუპირისპირდეს და დაამარცხოს გველი. აქედან გამომდინარე, მათ მიაჩნიათ, თუ ღვთისმშობელში ადამის ცოდვა კვლავაც იმოქმედებდა, ამ ბრძოლაში მისი მონაწილეობა არასრულფასოვანი იქნებოდა. სინამდვილეში კი წმინდა წერილი გვამცნობს: იესო ქრისტე განკაცდა და ადამიანური ჰიპოსტასი მარიამისგან, სრულფასოვანი და მიწიერად სრულყოფილი დედისგან მიიღო, სიტყვები "დედაკაცის თესლი" კი უეჭველად ძე კაცისას, ანუ თვითონ იესო ქრისტეს და მომავალში მართლმორწმუნე ქრისტიანებს გულისხმობს. სახარების ისტორიაში მაცხოვრის გვერდით ბრძოლაში ღვთისმშობელი სხვაგვარად მოიაზრება. უფალი ბრძანებს: "ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას" (მათ. 5:39).

ის მოწაფეებიც კი, რომლებიც გარკვეული აქტიური ქმედებით გამოირჩევიან, სულიწმინდის გადმოსვლამდე, სურვილის მიუხედავად, ვერ ეხმარებიან უფალს. სახარებაში აშკარად ჩანს, რომ მიუხედავად დედისა და სხვა ადამიანების დიდი სიყვარულისა, სულთმოფენამდე ვერავინ ახერხებს იესო ქრისტეს გვერით დაუდგეს. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც უამრავი ადამიანის ლიდერი ფაქტობრივად მარტოა. ის ჭეშმარიტად ღმერთია და სიახლოვის მიუხედავად ადამიანები საქმეში მას ვერ ეხიდებიან. მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებაში ამ ნაკლოვანების შესახებ თავის მოწაფეებს იესო ქრისტე თავად მიუთითებს: "კვლავინდებურად გძინავთ და განისვენებთ? აჰა, მოაწია დრომ, და ძე კაცისა მიეცემა ცოდვილთა ხელში" (მათ. 26:45). ანდა: "მესამედაც მოვიდა, და უთხრა მათ: ისევ გძინავთ და განისვენებთ? კმარა, მოაწია დრომ: აჰა, მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში" (მარკ. 14:41). და კიდევ: "უთხრა მათ: რად გძინავთ? ადექით და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში" (ლუკ. 22:46).

სახარება სწორედ იმის შესახებ მეტყველებს, რომ თავის ომში მაცხოვარი მარტო კაცია. ღვთისმშობლის პასიურ ქმედებაში კი მისი ღვთაებრივი ძისა და ყოველი ქრისტიანისადმი უსაზღვრო სითბო და სიყვარული შეიგრძნობა. ღვთისმშობელი თავის დედობრივ მოვალეობას სამაგალითოდ აღასრულებს და სათნოებითა და სასოებით არა მხოლოდ მაცხოვრის, არამედ ყოველი ქრისტიანისა და მონანიეს დედად წარმოგვიდგება. იოანეს სახარებაში ყოველი მორწმუნის გასაგონად არის ნათქვამი: "ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა: დედაო, აჰა, შენი ძე! მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი" (იოან. 19:26-27). ქრისტიანების საერთო დედა არ შეიძლება თავისი შვილებისგან გამორჩეული, ზეადამიანური ნიჭით განსხვავდებოდეს (ეს უფრო ძველბერძნულ წარმართობას მოგვაგონებს). შვილებისგან განუყოფლობის გამო ქრისტიანთა დედა ნებისმიერ ზეადამიანურ ნიჭზე უარს იტყოდა. ღვთისმშობელი მხოლოდ იესო ქრისტეს დედად არ დაბადებულა, მისი სახით ყოველ ქრისტიანს საერთო დედა გამოუჩნდა.

მარიალური დოგმატის მომხრეებს სხვა მტკიცებულებად მთავარანგელოზ გაბრიელის სიტყვები მოჰყავთ: "გიხაროდეს, მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის" (ლუკ. 1:28). საეჭვო არაა, ღმერთის მიერ მარიამის შერჩევა და მის ქალწულ სხეულში ღმერთის ძის განკაცება უდიდესი მადლია.

დაბოლოს, არც ელისაბედის მისალმება: "კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი!" - წარმოადგენს რაიმე უცნაურს საკუთარ სხეულში განკაცებული ღმერთის მატარებელი ღვთისმშობლისთვის. კათოლიკური ეკლესიის ყველა ამ არგუმენტში აშკარად მოჩანს ბოლო დროს გაჩენილი ერთი ტენდენციის ანარეკლი: დასავლეთის ქრისტიანობა ფიქრობს, რომ ცოდვა დაზიანებული ბუნება კი არა, მადლის დაკარგვაა. მართლმადიდებლობა კი მიიჩნევს, რომ სწორედ ცოდვით დაზიანებული ბუნებაა მადლის დაკარგვის მიზეზი. ცოდვისგან განთავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველი ქრისტიანის ვალია, და ამ ბრძოლაში უფალი მადლს არავის მოაკლებს.

მარიალურ დოგმატურ სწავლებაში არსებული სხვა შეუსაბამობანი
უწინარეს ყოვლისა, დოგმატი უბიწო ჩასახვის შესახებ პირდაპირ ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა გადმოცემას, რომლის მიხედვითაც ღვთისმშობელმა თავისი მიწიერი ცხოვრება ჩვეულებრივი ადამიანური სიკვდილით დაასრულა. ამ მოვლენას ეკლესია მიძინების დღესასწაულით აღნიშნავს. სიკვდილი კი პირველქმნილი, ანუ ადამის მიერ განხორციელებული ცოდვის პირდაპირი შედეგია. დაწერილია: "ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა" (რომ. 5:12). შესაბამისად, ღვთისმშობლის სიკვდილი უდავოდ მოწმობს, რომ ადამის ცოდვისგან ის თავისუფალი არ იყო.

მეორე მხრივ, ეს დოგმატი ეწინააღმდეგება სწავლებას გამომსყიდველი მსხვერპლის შესახებ. თუ შესაძლებელი იყო გარკვეული პრივილეგიის მინიჭება და მაცხოვრის მიერ მსხვერპლის გაღებამდე ცალკეული პიროვნებების ცოდვიდან გამოსყიდვა, მაშ, ეს პრივილეგია რატომ არ ვრცელდებოდა სხვა, მაგალითად, ძველი აღთქმის პერიოდში მოღვაწე წმინდანებზე? მაცხოვრის ხორციელ წინაპრებზე? თუ შესაძლებელია, ერთი ადამიანი განთავისუფლდეს ადამის ცოდვისგან, რატომ არ შეიძლებოდა, ძველი აღთქმის დროინდელი ყველა წმინდანი განთავისუფლებულიყო? რატომ უნდა ჩასულიყვნენ ისინი ჯოჯოხეთში? წინასწარმეტყველი და მაცხოვრის წინამორბედი იოანე ნათლისმცემელი კაცობრიობას მოევლინა და ცოდვის ტყვეობიდან განთავისუფლების სახარება ახარა, მაგრამ შესაბამის დრომდე ჯოჯოხეთიდან ვერ განთავისუფლდა, ღმერთისგან განკვეთილობა ვერ გადალახა.

KARIBCHEეკლესიური სწავლება ყოველთვის ქადაგებდა, რომ ღმერთი ჩვენთვის გარდამოხდა ზეცით და ჩვენი ცხოვრებისთვის განკაცდა; ჩვენი გადარჩენისთვის ეცვა ჯვარს, ივნო და დაეფლა; მესამე დღეს ჩვენი აღდგომისთვის აღდგა და თავისი წმინდა სხეულით ზეცად ამაღლდა. ადამიანის გადარჩენა და განღმრთობა მხოლოდ ამ მოვლენების შემდეგ გახდა შესაძლებელი. გამოდის, რომ კათოლიკური დოგმატი უბიწო ჩასახვის შესახებ გაერთიანების ნაცვლად ყოფს, ადამიანებს ერთმანეთისგან აშორიშორებს და მაცხოვრის ჭეშმარიტი ადამიანური ბუნებით განკაცების საკითხს საეჭვოს ხდის. მრავალი წმინდა მამა იყენებს და იმეორებს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს: "რაც არ არის შეთვისებული, ვერ იქნება განკურნებული". იესო ქრისტეს ყოველი ადამიანისთვის გადარჩენის შესაძლებლობა რომ მიეცა, მასში სრული ადამიანი უნდა განხორციელებულიყო (ადამის ცოდვის გარდა, რომელიც ცოდვის ჩადენის სურვილში ვლინდება, რაც ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანისთვის არაბუნებრივია).

მაცხოვრის მიერ შეთვისებული ადამიანური თავისებურებების შესახებ წმინდა იოანე დამასკელი წერს: "ვაღიარებთ, რომ უფალმა მიიღო ყველა ბუნებისეული და უყვედრელი ვნებულება, რადგან მიიღო მან მთლიანი ადამიანი და ყოველივე ადამიანისეული, გარდა ცოდვისა, რამეთუ ეს უკანასკნელი არის არა ბუნებისეული, არა შემოქმედისგან ჩვენში შთათესილი, არამედ ეშმაკისეული დამთესველობის შედეგად ჩვენს თვითუფლებრივ არჩევანში ნებაყოფლობით შემყარებული და არა ძალადობით ჩვენი დამპყრობი. ბუნებისეულია და უყვედრელი ის ვნებულებანი, რომლებიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ადამიანურ ყოფაში შემოვიდა იმ სასჯელისგან გამომდინარე, გარდასვლას რომ მოჰყვა. ასეთებია: შიმშილი, წყურვილი, დაშვრომა, ჯაფა, ცრემლი, ხრწნადობა, სიკვდილისგან გარიდება, შიში, ურვა (რისგანაც არის ოფლი, სისხლის კოლტები), ბუნების უძლურების გამო ანგელოზთაგან შემწეობა და სხვა ამგვარი, რაც ბუნებითად არის ყველა ადამიანში. ამრიგად, ყოველივე მიიღო ქრისტემ, რომ ყოველივე განეკურნა. გამოიცადა და სძლია მან, რომ ჩვენთვის მძლეობა მოემუშაკებინა და [ჩვენი] ბუნებისთვის მოწინააღმდეგის დასაძლევი ძალა მიეცა, რათა ბუნებას, ძველთაგან ძლეულს, სწორედ იმავე შეტევებით, რითაც დაძლეულ იქნა, დაეძლია ძველთაგან მისი მძლეველი" (წმინდა იოანე დამასკელი, "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", თავი სამოცდამეოთხე). ამ ადამიანური უძლურებებით განვლო იესო ქრისტემ თავისი გზა დაბადებიდან ჯვარცმამდე. ჯვარცმა კი მასში არარსებულ უფრო დიდ ნაკლთან ბრძოლის გამო განხორციელდა.

არსებობს სხვა მიზეზიც, რისთვისაც მართლმადიდებელი ეკლესია ამ დოგმატს მართებულად ვერ ჩათვლის: ძველი აღთქმის ისტორია არის ამბავი იმის შესახებ, რომ ადამიანმა ღმერთის შესაქმის შეცნობა შეძლო და მამამთავრების, მართალი და წმინდა მამების ღვაწლით მისი მიბაძვა და მისგან სწავლა დაიწყო; ეს პროცესი თანმიმდევრულად განვითარდა და იმ პიროვნებამდე მივიდა, რომელშიც უნდა გამოვლენილიყო მთელი კაცობრიობის სიწმინდე, არა როგორც საჩუქარი, არამედ როგორც პიროვნული ღვაწლი. დოგმატის კათოლიკური ვარიანტი კი მთელ ამ მოლოდინს, დაშვრომასა და თავდადებას უაზრობად აქცევს. გამოდის, უბიწოება ნებისმიერ ადამიანს შეიძლებოდა მინიჭებოდა; ყოველგვარ აზრს კარგავს ძველი აღთქმა, მთლიანად კაცთა მოდგმისა და ყოველი კერძო პიროვნების უფალთან შეხვედრის სამზადისი.

მართლმადიდებლური სწავლება ღვთისმშობლის დაბადების შესახებ
როგორც უკვე აღინიშნა, სწავლება ღვთისმშობლის შესახებ ორ უმნიშვნელოვანეს საფუძველზეა აგებული. უწინარეს ყოვლისა, სწავლება მთლიანად ქრისტოლოგიური ბუნების მატარებელია და უფლის განკაცებისა და ადამის შთამომავლობის გამოხსნის პროცესისგან განყენებულად არც ერთ შემთხვევაში არ განიხილება. მეორე თავისებურება კი ის გახლავთ, რომ დოგმატური სწავლება არ შეიძლება სრულფასოვნად იქნეს მიჩნეული, თუ ღვთისმშობლის თაყვანისცემის შესახებ ლიტურგიულ ცოდნას არ გავითვალისწინებთ.

პირველი თავისებურება ადამიანის მიერ მაცხოვართან შესახვედრად გამოვლილ გზასა და სამზადისს გულისხმობს. ძველი აღთქმის წიგნებით გადმოცემულ ღვთისმეტყველებაში მუდმივად გამოსჭვივის კაცთაგან რჩეულთა წარმოჩინების იდეა: ამ პროცესს თანმიმდევრულად თუ განვიხილავთ, დავინახავთ, რომ შეირჩა ნოე, აბრაამის შთამომავლობა, შემდეგ ისრაელი - როგორც ხალხი, ხალხიდან - იუდეველთა ტომი, ტომში - "დავითის სახლი". "არჩეული წრე ნელ-ნელა შევიწროვდა... და გამოიკვეთა მისი უკანასკნელი, უმაღლესი რჩეული წევრი - ყოვლადწმინდა მარიამი. მისთვის განხორციელდა მთელი ეს წინასამზადისი, რადგან სწორედ მას უნდა "გაეცა" თავისი ადამიანური ბუნება, რათა განკაცების საიდუმლო მასშივე განხორციელებულიყო" (ვ. ლოსკი, "დოგმატური ღვთისმეტყველება"). ამრიგად, არ შეიძლება ქალწული მარიამი არც ისტორიისა და არც მაცხოვრის მოლოდინში მყოფი ადამის შთამომავლობისგან იზოლირებულად დავინახოთ. კაცობრიობის მთლიან მესიანურ პროცესში მას გამორჩეული ადგილი უკავია. ღვთისმშობლის სიდიადე იმაში მგომარეობს, - ბრძანებს წმინდა გრიგოლ პალამა, - რომ მისი პიროვნება კაცობრიობის თანმიმდევრული განვითარებისა და განწმენდის შედეგია. პროცესი ძველი აღთქმის მრავალ თაობაში მიმდინარეობდა და საბოლოო სახე წმინდა ქალწულ მარიამში მიიღო.

მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს, რომ ეს არც იძულებითი და არც მექანიკური პროცესი არ ყოფილა. მარიამის სიწმინდეში სრულად გამოვლინდა როგორც პიროვნული, ისე მისი წინაპრების თავისუფალი ნება. ამასთან, ყოვლადწმინდა მარიამის სიწმინდე მისი წმინდა ცხოვრებისა და ღრმა პიროვნული რწმენის შედეგია. ადამიანის თავისუფალი ნებით ქმედება, მესიანური ყოფის იმდენად მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ როდესაც ღმერთის განკაცების დრო დადგა, ეს პრინციპი მაშინაც კი არ დაირღვა. "ძის განკაცება არა მხოლოდ მამა ღმერთის, მისი ძალისა და სულის საქმე იყო, არამედ ღვთისმშობლის რწმენის საქმესაც წარმოადგენდა, - აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზ კავასილა, - რადგან მისი ყოვლადწმინდა ნებისა და სასოების გარეშე წმინდა სამების გადაწყვეტილება არ განხორციელდებოდა. ღმერთის მხოლოდშობილი ძე მიწიერად სრულყოფილ ადამიანს უნდა ეშვა და კაცობრიობის გადარჩენა სწორედ ასეთი ადამიანის ნებას უნდა დაკავშირებოდა. იესო ქრისტეს თავისი მიწიერი სხეული იმ წმინდა პიროვნებისგან უნდა მიეღო, ვისაც ამ მოვლენის შესახებ წინასწარ ეცნობებოდა, ვინც შეძლებდა, ეს საოცრება გაეცნობიერებინა და თანხმობის გადაწყვეტილება თავისი ნებელობით მიეღო. ღმერთის ძემ ისურვა, მიწიერი დედის სხეულში ისევე ლაღად გამოზრდილიყო, როგორც განხორციელდა ძე ღვთისმშობელში..." ღვთისა და ადამიანის ერთობლივი ნების შესახებ წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს: "მას შემდეგ, რაც წმინდა ქალწულმა თავისი კეთილი ნება გამოავლინა, ანგელოზის მიერ გამოთქმული ღმერთის სიტყვის შესაბამისად, მასზე სულიწმინდა გადმოვიდა, განწმინდა იგი და ღვთის სიტყვის მიღებისა და მშობლობის ძალა მიანიჭა". თუ გავითვალისწინებით, რომ წმინდა მარიამი ღვთისმშობლად ადამის მთელი შთამომავლობიდან შეირჩა, დავინახავთ, რომ ღვთის განკაცების მომენტში მან თავის ხატში სრულიად კაცობრიობა გამოაჩინა და სიტყვებში: "აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი სიტყვისამებრ!" (ლუკ. 1:38) - კაცთა მოდგმის სახელით ღვთის ნების აღსრულებისთვის მზადყოფნა გამოხატა. ამ სიტყვებში პირველად გამოვლინდა, რომ ადამიანი უკვე განმზადდა ღვთისმოსაობის საიდუმლოსთან შესახვედრად და ღმერთი ხორცით მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა (1 ტიმ. 3:16).
ბეჭდვა
1კ1