ღვთისმშობლის შესხმა
ღვთისმშობლის შესხმა
იმ უმთავრეს სიწმინდეთა შორის, რომლისკენაც მიპყრობილი იყო ჩვენს წინაპართა მზერა, ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს ღვთისმშობელს. ყოვლადწმინდას უგალობენ ჰიმნოგრაფთა თაობები: იოანე მინჩხი, მიქაელ მოდრეკილი, დავით აღმაშენებელი, დემეტრე-დამიანე, თამარი... ღვთისმშობელს მიმართავდნენ, როგორც სასოებას და იმედს. საეკლესიო ჰიმნებსა და საგალობლებში ღვთისმშობელი დასახულია "ქალწულთა შვენიერებად", "ცად სულიერად", "ზღუდედ და ნავთსაყუდელად ყოველთა ქრისტიანეთა", "კაცთა დაბნელებული ბუნების განმაახლებლად", "ადამის ასულად", "კიბედ, აღმყვანებელად კაცთა ზეცათა სასუფეველსა..."

ღმერთმა დედათა შორის გამოარჩია მარიამი, რათა ის გამხდარიყო ღვთისმშობელი. განკაცება თვით ღვთაების ნება იყო და ეს სასწაული ღვთისმშობელს ყველას წინაშე აღამაღლებს. ამიტომაც არის ის "ქალწულთა მიერ სანატრელი" ("გიხაროდენ, ქალწულთა მიერ სანატრელო"). მარიამს უწოდებენ "ღვთივსანატრელ და ყოვლადბრწყინვალე ქალწულს":

"ქერობინთა უაღრესო
ცათა უვრცელესო, სძალო ღმრთისაო,
დედობრივთა წესთა გარე-წარსრულო,
უმამოდ და უხრწნელად მშობელო ქრისტესო,
რომელი სთქუ - აღესრულა,
რამეთუ გნატრიან ქუეყანისანი
და იდიდები ზეცისათაგან!"

იოანე მინჩხი (Xს.)

ეს სიტყვები სახარების სიტყვების გამოძახილია: "თქვა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა, რამეთუ აჰა, ესერა, ამიერიდგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი" (ლუკა, 1,46-48).

ღვთისმშობელი წარმოდგენილია ღვთაებრივი სიბრძნის - მაცხოვრის სახლად - "სულიერ ცად", რომელიც ცისა და ქვეყნის მეფემ აიგო და ააგო კაცთათვის:

"ფესვთა მათგან ოქროვანთა შემკული ხარ შენ, ქალწულო,
იაკინთე ძოწეული სამოსლად გაქვს, ღვთისმშობელო...
პატიოსან და წმიდა არს სახელი შენი, სანატრელო,
ეკლესიაი ბეთლემისაი ცათა მსგავს არს, უბიწოო".

ფილიპე, "ქება ბეთლემისაი" (Xს.)

ღვთისმშობლის სანატრელობისა და ერთადერთობის მოტივი მთელი სიძლიერითაა გამოხატული ღვთისმშობლის შესხმაში, რომელსაც "მანანაი" ჰქვია. აქ ყოვლადწმინდა ქალწული დასახულია: "ძალთა მიერ სანატრელად", "ცხრა ნეტარებითა ნეტარეულად" ("გიხაროდენ, ცხრა ნეტარებითა ნეტარეულო!"). "ვაქებდეთ, ვადიდებდეთ, თაყვანის ვსცემდეთ და ვნატროდეთ ყოვლადწმიდასა ქალწულსა ღვთისმშობელსა მარიამს, რამეთუ მან ჰსთქვა: ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი. აჰა, გნატრით ნათესავნი ქრისტეანეთანი, ღვთივსანატრელო მარიამ, და ვიტყვით: ნეტარ არიან თვალნი შენნი, რამეთუ ჰხედვენ რომლისათვის მრავალთა მეფეთა გული უთქმიდა ხილვად. ნეტარ არიან ბაგენი შენნი, რომლითა შეეხები ნაკვერცხალსა მას ისაიას ბაგეთა განმწმედელსა, ნეტარ არს პირი შენი, რომლითა ამბორს უყოფ პირსა, მოსეს პირისა განმაბრწყინვებელსა. ნეტარ არს წიაღი შენი, რომლითა შეიტკბობ, რომელი იყო წიაღით მამისათა, ნეტარ არიან ძუძუნი შენნი, რომლითა იტვირთე ცათა დაუტევნელი, და ნეტარ არიან იგინიცა, რომელთა ისმინონ სიტყვა შენგან შობილისა ღვთისა და დაიმარხონ იგი".

შეწევნისთვის ღვთისმშობელს ანგელოზებზე ხშირადაც კი მიმართავდნენ ხოლმე, რადგან ისაა შუამავალი ადამიანსა და მაცხოვარს შორის: "სანატრელი ძალთა შორის". იგი მარადიულ ბედნიერებასა და ნეტარებას არის ნაზიარები. ქრისტიანულ მწერლობაში ყოვლადწმინდა ქალწული უპირისპირდება ევას, რომლის ბრალითაც პირველი ადამიანი სამოთხეს მოაკლდა, ხოლო ღვთისმშობელი სამოთხის მკვიდრი გახდა: "ცხოვრება, ადამის ბრალთა დამხსნელი, გვიშევ, ჰოი, ღვთისმშობელო, და ევას მწუხარება სიხარულითა უოხჭნოითა აღავსენ, რამეთუ შენგან შობილმან ღმერთმან ხრწნილება მათი უხრწნელ ჰყო, იშვა რა ორითა ბუნებითა - ღმერთი სრული და კაცი სრული, და კვალად მაგნა მუნვე სამოთხედ" ("ჟამნიდან").

ღვთისმშობელი მარადის "სანატრელი" და "კურთხეულია", რადგან სწორედ მის მიერ "ღირს ვიქმნენით პოვნად სამოთხისა შვებასა".

ღვთისმშობელი დაულეველი სიხარულის, შვებისა და იმედის წყაროა: "ოქროსა უბრწყინვალესი", "გუნდრუკისა უპატიოსნესი", "მირონისა უსუნნელესი", "სასოებისა სიმდიდრე", "სიყვარულისა სრულება", "ცოდვილთა ცხონება", "მართალთა მხიარულება", "ვნებულთა ლხინება", "უვნებელთა დიდება..."

ღვთისმშობელი ამასთანავე არის საქართველოს მფარველიც. ამიტომაც ღვთისმშობლისკენ, მიღმა სამყაროსკენ მიმართულ ქართველ ჰიმნოგრაფებს არ ავიწყდებათ "საქვეყნო სათხოვარი" და მხოლოდ საკუთარ სულს კი არა, მტერთა ძლევასა და "ეკლესიათა შეურყევლობას" ევედრებიან შემოქმედის დედას. თვით ლოცვად აღვლენილ პოეზიაში საქართველო, ეროვნული საფიქრალი ანათებს ქართველ ჰიმნოგრაფთა სულს. ამ განწყობილების გამოძახილია X-XI საუკუნეების ქართველი ჰიმნოგრაფის - კაპრაშის სიტყვები:

"ევედრე აწ ძესა შენსა, სანატრელო,
რაითა მოჰმადლოს მეფესა
ძლევაი მტერთა ბარბაროზთაი
და დაცვაი ეკლესიათა
შეურყეველი!"

სახარებაში ვკითხულობთ: "ნეტარ-არიან რომელთა ისმინონ სიტყვა ღვთისა და დაიმარხონ იგი". ამასთან დაკავშირებით "ღვთისმშობლის შესხმის" ("მანანაი") ავტორი წერს: "ჰოი, საყვარელნო ქრისტესნო! ვისმინოთ და დავიმარხოთ ტკბილნი სიტყვანი, რათა ნეტარება იესო ქრისტეს მიერ მოვიღოთ, რამეთუ ბრძანებს ყოვლადტკბილი იგი, და სახიერებით შვენიერი მოძღვარი: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, ნეტარ-იყვნენ წმიდანი გულითა, ნეტარ იყვნენ მოწყალენი ხელითა და სხვანი. აწ უკვე, საყვარელნო, ესე სათნოებანი მოვიგოთ და ღვთისა მიერ ნეტარება მოვიღოთ. ვითარმედ ნეტარ-არს მონისა მის, რომელსა მოვიდეს უფალი მისი და ჰპოოს იგი ესრეთ სათნოებისა მოქმედი, რამეთუ ესე ვითარნი სათნოებანი, ძმანო, აქაცა ყოვლისა განსაცდელისა განგვათავისუფლებენ, და მას საუკუნოსა ღვთისმშობლისა და ყოველთა მართალთა თანა ღვთივშვენიერითა გვირგვინითა და ბრწყინვალებითა მრავლითა გვახარებენ".
ბეჭდვა
1კ1