ნუ იდარდებთ, თქვენ გყავთ დედა ღვთისა!
ნუ იდარდებთ, თქვენ გყავთ დედა ღვთისა!
"ჩვეულებრივ, სიკვდილი კაცისა დიდი მწუხარების გამომწვევია იმიტომ, რომ იგი მრავალს დააკლდება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი კი მიცვალების, ანუ მიძინების შემდეგ მახლობელთა მისთა და საერთოდ, სოფელს კი არ მოაკლდა, პირიქით, სოფელმა იგი შეიძინა, ანუ როგორც საგალობელშია ნათქვამი - შობასა ქალწულება დაიმარხა და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევა. თუ ამქვეყნად მისი ცხოვრება მხოლოდ რამდენიმე მახლობლისათვის იყო ცნობილი, რომელნიც მისგან გამოუთქმელ ნუგეშს, დიდსა და სულიერს სარგებლობას იღებდნენ, ამ სოფლიდან იმ სოფელში გადასვლის შემდეგ იგი მთელი სამყაროსათვის შეიქმნა წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა. აი, მიზეზი ამისა, რომ ჩვენ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინებას სიხარულით ვდღესასწაულობთ".

* "ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრება საუკეთესო მაგალითია ჩვენთვის, განსაკუთრებით ქრისტიანი ქალებისთვის. ქალწულებს იგი გამოუთქმელი სულიერი და ხორციელი სიწმიდის მაგალითს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ სულიერად და ხორციელად შემკული ქალწული მარიამი ყოველი ღირსებითა და მშვენიერებით იყო სავსე, საოცარი თავმდაბლობითა და სიმშვიდით გამოირჩეოდა. ამიტომ იმ ქალწულებმა, რომლებიც ღმრთისაგან ბოძებული ხორციელი და სულიერი მშვენიერებით ქედმაღლობენ, უნდა იფიქრონ, ვინ შეიძლება იყოს უმშვენიერესი და უდიდესი მარიამისა, რომელიც ამასთან საოცრად თავმდაბალი და მშვიდიც იყო".
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)

"წმინდანები გვშუამდგომლობენ უფალთან, როგორც ძმებს, ყოვლადწმინდა ქალწული გვშუამდგომლობს, როგორც შვილებს. აწ მიაპყარით თვალი მის შესავედრებელ სახეს - რაოდენ დიდია მისი კადნიერება; და სახეს მავედრებელს - როგორი მხურვალეა მისი ვედრება! განა შეიძლება მასზე წყალობა არ იყოს მოღებული? ამ აზრს ატარებს ცნობილი გამოთქმა ქებათა ქებიდან, რომლითაც, ვფიქრობ, უფალი მიმართავს ქალწულს: "შენ დაატყვევე ჩემი გული, ო, სძალო, დაო, ჩემო! ერთი შეხედვით შენი ერთი შემოხედვით შემოიჭერ ჩემს გულში, იარაღს ვყრი, მრისხანებას დავუტევებ, მიტევებას მოგმადლი!"

აი, როგორ წყალობას, როგორ შეწევნას მოიღებს ჩვენზე, ქრისტიანებზე, უწმინდესი მარიამი".

* "მადლი, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს აქვს ღვთისაგან, ღვთის დედის ღირსებას უნდა შეესაბამებოდეს. ეს ღირსება კი უსაზღვროა, აქედან - მადლიც, რომელსაც ის იღებს, ასევე უსაზღვროა. წყალობაც, რომელსაც ის ქრისტეანეთა მიმართ მოიღებს, ამდენადვე უნდა შეესაბამებოდეს დედის სიყვარულს შვილებისადმი და ეს სიყვარულიც უსაზღვროა. ქალწული - ეს ზღვაა მადლიან ძალთა. მართლაც, ის ვრცელი ზღვაა, რამეთუ მასში, როგორც ღვთის დედაში, სულის ღვთაებრივ ნიჭთა ყველა დაუშრეტელი მდინარე ჩაედინება. ზღვაა - ტევადობით უდიდესი, რადგან მასზე, როგორც ღვთის დიდებაზე, იგივე ღვთაებრივი ნიჭები უხვად იღვრება. ამგვარად, ნიჭების მიხედვით, რომელსაც იღებს, როგორც დედა ღვთისა, ის - უკიდეგანო ზღვაა; ხოლო ძღვნით, რომლებსაც მოიღებს, როგორც ქრისტიანთა დედა, ის - ულევი ზღვაა.

ქალწულის კეთილკრძალულნო თაყვანისმცემელნო, მისი ყველა უპირატესობიდან იმას მიაქციეთ ყურადღება, რომ ის ღვთისა და ქრისტიანთა დედაა და როგორც ღვთის დედას, ყველა წმინდანზე და ანგელოზზე უმეტესი კადნიერება აქვს ღვთის - თავისი ძის მიმართ; ხოლო როგორც ქრისტიანთა დედა, წმინდანებზე და ანგელოზებზე მეტად მოიღებს წყალობას ჩვენზე - თავის შვილებზე".

* "ვინც საკუთარ დედას არ ეთაყვანება, პატივს არ სცემს, არ არის ღირსი იწოდოს ადამიანად; ვინც ღვთის დედას პატივს არ სცემს და მოკრძალებული არ არის მის მიმართ, არ შეიძლება იწოდოს ქრისტიანად. ვის შეუძლია თავი შეიქოს იმით, რომ ქრისტეს ერთგული მონაა, თუ ის მარიამის ერთგული მონა არ იქნება? ან რა კრძალულება შეიძლება ჰქონდეს მის მიმართ, თუ დედის მიმართ არ იქნა კრძალული? რაიმე უბედურებით ყველაფრისადმი მოწიწება რომ დამეკარგა, მას არასდროს დავკარგავდი ქალწულ მარიამის მიმართ. ყოველი შეჭირვების ჟამს - სხეულებრივისა თუ სულიერისა, რომელშიც არ უნდა აღმოვჩნდე, მას მივმართავ დარწმუნებული იმაში, რომ მასთან ვპოვებ ჩემს სნეულებათა კურნებას, უბედურებებში - ნუგეშს, ცოდვებში - მიტევებას. ჯოჯოხეთშიც კი არ ვკარგავ იმედს ზეციური დედოფლის. ვიდრე ის თავისი კალთით მიფარავს, არ მეშინია წარწყმედისა".

* "უმშობლებოდ დარჩენილო ობლებო! მწუხარენო, ცოდვილნო! ნუ დამწუხრდებით: გყავთ დედა, დედა ღვთისა! დედა, რომელიც მოგზაურებს შეგიფარებთ, სიღარიბეში მყოფთ დაგაპურებთ, მწუხარებაში განუგეშებთ და ავადმყოფებს განგკურნავთ, ტყვეობიდან დაგიხსნით და ცოდვებს მოგიტევებთ. ნუ იდარდებთ: თქვენ გყავთ დედა ღვთისა!"
ეპისკოპოსი ილია მინიატისი

"მოციქულ იოანეს სახლში სიჩუმესა და სიმშვიდეს დაუსადგურებია. ამ სულიერ ატმოსფეროს არაფერი არღვევს. პატარა და მოკრძალებული ოთახი სიკვდილის სარეცლის გარშემო ორ რიგად განალგებული ჩრდილებითაა განათებული. შეიძლებოდა გეფიქრათ, რომ ოთახში არავინაა. სინამდვილეში კი მასში ქრისტეს მთელი მხედრობაა შეკრებილი. აქ არიან მოციქულები, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოიქროლეს, რათა მოძღვრის დედა თავის საუკუნო სამყოფელში გაეცილებინათ. ისინი ღვთისმშობლის სარეცელთან თავდახრილნი დგანან. დედა ღვთისა კი განისვენებს. სახეზე დაჰნათის ნეტარებისა და რაღაც იდუმალი ბედნიერების კვალი, რომელიც მწუხარების არარსებობას მოწმობს, ასევე სავსეა მოწყალებითა და შემწყნარებლობით წუთისოფლისადმი, რომელმაც მას და მის ძეს აგრერიგად მცირე თანაგრძნობა, სტუმართმოყვარეობა და სიყვარული აჩვენა".
წმინდა ნიკოლოზ სერბი

"ო, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღვთისმშობელო, გვითხარი ჩვენ, შენს შვილებს, როგორ ხარობდა შენი სული ღმერთზე - შენს მაცხოვარზე! შეჰყურებდი მის მშვენიერ სახეს და ფიქრობდი, რომ ეს ისაა, რომელსაც შიშით და სიყვარულით ემსახურება ყველა ზეციური ძალა? რას გრძობდა შენი სული, როცა გეჭირა ხელში შენი მშვენიერი პატარა? როგორ ზრდიდი მას? როგორ გტკიოდა სული, როცა იოსებთან ერთად სამი დღე დაეძებდი მას იერუსალიმში? რა ტანჯვას განიცდიდი, როცა უფალი გადასცეს ჯვარცმისთვის და იგი იტანჯებოდა? როგორი სიხარული დაგეუფლა აღდგომას? ან როგორი სევდა უფლის ამაღლებისას?

ჩვენს სულს სურს იცოდეს შენი ცხოვრების შესახებ უფალთან დედამიწაზე; შენ არ მოინდომე გადმოგეცა ყველაფერი ეს წერილობით, დუმილით დაფარე შენი საიდუმლო".
წმინდა ბერი სილუანი
ბეჭდვა
1კ1