შეუცნობელი სახე სიწმინდისა, უმანკოებისა
შეუცნობელი სახე სიწმინდისა, უმანკოებისა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელის ხსენებისას შეუძლებელია, თვალწინ არ წარმოგვიდგეს მართალი ნოე და ის დრო, როდესაც გარდამეტებული, ცამდის ასული ადამიანთა ცოდვების გამო მთელი ქვეყანა წყლით დაიფარა. ერთადერთი, რაც ამის გახსენებაზე სულს ნუგეშს გვრის, არის ნოე და მისი კიდობნიდან ამოფრენილი მტრედი, რომელმაც კაცობრიობას სასჯელისგან განთავისუფლება აუწყა. ცოდვასა და მის შედეგზე საუბრისას უნდა გავიხსენოთ დასაბამიერი, პირველქმნილი ადამისეული ცოდვა და მისით წარღვნილი, დაცემული კაცთა მოდგმა. სად არის დასასრული ამ სასიკვდილო ცოდვისა? - იქ, სადაც დასაბამი დაედო ღვთისმშობლის შობას.

აჰა, ბერწი, დახშული მართალი ანას საშოდან ქვეყნიერებას მოევლინა მტრედი სიცოცხლისა, ყოვლადკურთხეული ქალწული მარიამი, რჩეული ჭურჭელი ღვთისა, რომელმაც თავის წიაღში დაიტია მხსნელი სოფლისა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც გაათავისუფლა კაცობრიობა საუკუნო სასჯელისაგან. მედღესასწაულე ეკლესია ადიდებს და ღირსებით აღამაღლებს სიცოცხლის მტრედს - ღვთის დედას და ნეტარს უწოდებს მას, რამეთუ იგია წინასწარმაუწყებელი ცოდვით წარღვნილი კაცობრიობის სასჯელისგან გამოხსნისა.

წმინდა ქალწული სიმაღლეა სიწმინდისა, წყაროა მშვენიერებისა, რომლისგანაც სვა სიცოცხლის წყალი ყოველმა სულიერმა. კეთილ ნიადაგზე აღმოცენებული ნერგი სიხარულისა, სილამაზისა, რომელიც დახუნძლულია ცხრა ნაყოფით სულიწმინდისა, დიადი ჭურჭელი შემოქმედისა, შობიდანვე აღბეჭდილი შვიდი ნიჭით ზეციური სულისა. საკუთარ წიაღში დამტევნელი დაუტევნელისა, დასაბამის მიმცემი დაუსაბამოისა, მშობელი ყოველთა მშობლისა და თავისი წმინდა რძით მასაზრდოებელი ყოველთა მასაზრდოებლისა. დედა ღვთისა, წმინდა მარიამი ქალწულთა ბეჭედი და მონაზონთა მშვიდი ნავსაყუდელია. ზეცისა და ქვეყნის დედოფალი, დედა თითოეული ადამიანისა, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთის ძმანი და დანი შევიქმენით. თავის წმინდა წიაღში მომდუღებელი და მატარებელი ახალი აღთქმისა, კაცობრიობის მხსნელისა, ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომისა. ზებუნებრივი სიწმინდით აღმატებული ქერუბიმებსა და თვით ექვსფრთოვან სერაფიმებზე. დაუჭკნობელი ყვავილი სიცოცხლისა და საოცარი ჯილდო ღვაწლმოსილ, მხცოვან და კეთილმორწმუნე იოაკიმესი და ანასი. მშობელი ახალი ადამისა და თავად აღდგინება ახალი ევასი. ქვეყნიერების დედა, დედობრივი სითბოთი მზრუნველი თითოეულ ჩვენგანზე. დამწუხრებულ, გამწარებულ დედათა ნუგეში, მათი ლოცვისა და ვედრების მსწრაფლშემსმენი და აღმასრულებელი. ჯოჯოხეთში მყოფ სულთათვის დაუღალავი მეოხი და შუამდგომელი საკუთარი ძისა და ღვთის წინაშე. დედა, რომელშიც არის თვისება შობისა, ქვეყნიერებაზე მოვლინებისა. იგი არის სახე ეკლესიისა, ღვთის ტაძრისა, რამეთუ მის წმინდა წიაღში - ემბაზში ვიშვებით ყველანი სულიერად. დედა ყველაზე ერთგული მზრუნველია საკუთარ შვილებზე, მსგავსად ეკლესიისა, რომელიც დღენიადაგ და დაუსაბამოდ ზრუნავს ქრისტეს სამწყსოზე, თავის საყვარელ მრევლზე. დედა აღმატებულად საყვარელია შვილებისთვის ხორციელთა შორის, სამოციქულო ეკლესიაც ერთია და შეუდარებლად ძვირფასია ქრისტიანთათვის. შვილებზე განრისხებულ მამასთან დედა შუამდგომლობს მათ შესარიგებლად, ასევე ღმერთსა და ეკლესიასთან დაშორებულ ადამიანთათვის ღვთისმშობელია მარადის მეოხი და შემარიგებელი. დედა საკუთარი წიაღიდან კვებავს ახალშობილს, ღვთის სახლიც თავისი წმინდა წიაღიდან, საყვარელი ბარძიმიდან მაცხოვრის განმაღმრთობელი სისხლითა და ხორცით კვებავს ყოველ მორწმუნეს.

ღვთის სულიერ ქმნილებათაგან ერთადერთი ღვთისმშობელია, რომელშიც ასე სრულად და სისავსითაა თავმოყრილი სათნოებათა მთელი საუნჯე. იგია მყუდროება სულისა, ნათელი გონებისა, მომნიჭებელი მშვიდობისა და გვირგვინი უბიწოებისა. მფარველი დემონთაგან, დამხსნელი შიშთაგან და მანუგეშებელი საფრთხეთაგან. სულიერი საკმეველი, რომელიც კეთილსურნელებით აღავსებს სიმყრალეს ცოდვილი სულისას, რწმენის აღმაღორძინებელი და მაცოცხლებელი ურწმუნოთა გულებში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი არის შეუცნობელი სახე სიწმინდისა, უმანკოებისა. ქალწული, რომელიც ღვთის ცოცხალ ტაძრად და სიტყვიერ სამოთხედ იქცა. მისი საშო უფლის საყდრად იქნა მომზადებული, მუცელი კი ცაზე უვრცელესია, მისგან განხორციელდა პირველ საუკუნეთა ღმერთი ჩვენი უფალი იესო ქრისტე, განმწმენდელი სულთა და ხორცთა ჩვენთა, რომლისგანაც გამოხსნილნი ვართ საუკუნო სიკვდილისაგან, სამუდამო ტანჯვისა და მარადიული წყევლისაგან, ამინ!
ბეჭდვა
1კ1