წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება - 21 ნოემბერი (4 დეკემბერი)
წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება - 21 ნოემბერი (4 დეკემბერი)
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული, ანუ შესულია იმ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში, რომელიც ეკლესიის მიერაა დადგენილი. ყოვლადწმინდა მარიამის მშობლებს იოაკიმე და ანა ერქვათ. ისინი დედამიწაზე ყველაზე წმინდა ცოლ-ქმარი იყვნენ იოაკიმემ და ანამ ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, შვილი არ ჰყოლიათ. მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის ბავშვი ებოძებინა, თან აღთქმა დადეს, ძე იქნებოდა თუ ასული, ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი მართალი ლოცვა და წმინდა ცოლ-ქმარს ასული აჩუქა.

ნანატრ გოგონას წმინდა იოაკიმე და ანა თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ, ზრდიდნენ, აფუფუნებდნენ, ყრმა მარიამი კი საღმრთო მადლით განადიდებდა და განაძლიერებდა მოხუც მშობლებს. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ როდესაც ჩვილი მარიამი ექვსი თვის გახდა, დედამ მიწაზე დასვა, სურდა გამოეცადა, შეძლებდა თუ არა ფეხზე დგომას. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ მასთან დაბრუნდა, მაშინ მართალმა ანამ ის ხელში აიტაცა და შესძახა: "ცხოველი არს ღმერთი ჩემი, შენ მიწას ფეხს არ დააკარებ მანამ, სანამდის უფლის ტაძარში არ მიხვალ". ამის შემდეგ ანამ თავის საძინებელ ადგილას განსაკუთრებული სამყოფელი მოაწყო, სადაც არანაირი უწმინდურობა არ დაიშვებოდა, შეკრიბა უზაკველი ცხოვრების მქონე ებრაელი ასულები, რათა მათ ეზრუნათ ღვთივრჩეულ ყრმაზე.

მარიამი ერთი წლისა რომ გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა და მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები და პატივსაცემი მოხუცები მიიწვია. მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა ჩვილი დალოცეს და ღმერთს მისი კურთხევა შესთხოვეს.

მარიამს ორი წელი შეუსრულდა. გარშემომყოფნი განცვიფრებულნი იყვნენ მისი გულისა და გონების არაჩვეულებრივი განვითარებით, რომელიც ასაკს დიდად აღემატებოდა. მისი ბავშვური სიბრძნე კეთილისმყოფელ მზის შუქს ედრებოდა, მარიამი თავისი ასაკის სხვა ბავშვებს არ ჰგავდა და მართალი იოაკიმე ჩქარობდა, იგი აღთქმისამებრ ღვთის ტაძარში მიეყვანა, მაგრამ ანამ, რომელსაც დედური გული ამოქმედებდა, სთხოვა, რომ კიდევ ერთი წელი გადაედოთ. ბრძენი მშობლები ასულს უფლის სამსახურისთვის ამზადებდნენ და მასში აყალიბებდნენ აზრს, რომ იგი ღვთისთვის ჰყავდათ აღთქმული, რომ ღმერთთან ყოფნა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მშობლებთან, რომ მშობლები ვერ მისცემენ იმას, რასაც ღმერთი მიჰმადლებს. "ისმინე, ასულო და მოჰყავ ყური შენი და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ", - ამბობს დავით მეფე ფსალმუნში და აი, დადგა ღვთის წინაგანგებულების საიდუმლოს აღსრულების დრო. წმინდა ყრმა შედის წმიდათაწმიდათაში, რითაც დასაბამს იღებს ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შერიგების საიდუმლო, ის ხომ აურაცხელ ცოდვათა გამო აქამდე მოკლებული იყო სასუფეველს.

მარიამი სამი წლის გახდა და დაუდგა ჟამი მშობლებთან განშორებისა. წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას კარგად ახსოვდათ მთავარანგელოზის ნათქვამი და გადაწყვიტეს, საზეიმოდ, როგორც მესიის დედას ეკადრებოდა, მიეყვანათ ტაძრად მხოლოდშობილი ასული. სტუმრად ნათესავები, მეზობლები და მეგობარნი მიიწვიეს. აქვე იყო ნორჩ ქალწულთა, მარიამის თანატოლთა მთელი გუნდი, რათა იგი ტაძარში გაეცილებინათ. ყველა გაემართა იერუსალიმისკენ, რომელიც ნაზარეთიდან სამი დღის სავალით იყო დაშორებული. წმინდა ქალაქში შესვლის და იქ შვიდდღიანი მარხვითა და ლოცვით განწმენდის შემდეგ იმ ჩვეულების მიხედვით, რომელიც ტაძარში მსხვერპლის შემწირველებს უნდა დაეცვათ, იოაკიმე და ანა თანამხლებლებთან ერთად ტაძარს მიუახლოვდნენ, ხელში ეპყრათ სამი წლის ასული - მიმადლებული მარიამი. უბიწო ქალწულთა დასი მიაცილებდა მას, ნაცნობები და ნათესავებიც თან მისდევდნენ. - ყველა ანთებული სანთლებით ხელში ისწრაფოდა, რომ ქალწული მარიამის, მოხუცებული მშობლების ერთადერთი შვილის, ტაძრად მიყვანებაში წილი დაედო და წმინდა საგალობლებსაც აღავლენდნენ.

ტაძრიდან მათ შესახვედრად გამოვიდა მღვდელმთავარი ზაქარია, მამა იოანე ნათლისმცემლისა. იგი ელისაბედის, წმინდა ანას დისშვილის ქმარი გახლდათ. ყრმა მარიამმა, როგორც კი კიბეზე ფეხი შედგა, დაუხმარებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური და მუხლებზე შემოეხვია ზაქარიას. "მღვდელმთავარი სულიწმიდის მადლმა მოიცვა, - ბრძანებს წმინდა თეოფილაქტე, - მიხვდა, რომ ეს ყრმა იყო სამკვიდრებელი ღვთისა მადლისა და მასზე უფრო ღირსეული... გაიხსენა, რომ სჯულის კიდობანი, კანონთა მიხედვით, წმინდა წმინდათაში უნდა ყოფილიყო დაბრძანებული, მიხვდა, რომ ეს მარიამზე იყო ნათქვამი, ამიტომაც დაუფიქრებლად გაკადნიერდა და წმინდა ქალწული, წინააღმდეგ სჯულისა, წმინდა წმინდათაში შეიყვანა.

გახარებულმა მშობლებმა მადლობა შესწირეს უფალს, შინ დაბრუნდნენ და დიდი სერობა გამართეს, ხოლო მათმა კურთხეულმა ასულმა ღვთის სახლში განაგრძო ცხოვრება.

იერუსალიმის ტაძარს გარს ქვის შენობები ერტყა. ერთ-ერთში ღვთის სამსახურად შეწირულნი ცხოვრობდნენ, მეორეში - ქვრივნი, რომლებსაც ღვთის წინაშე წმინდად ცხოვრების აღთქმა ჰქონდათ დადებული, მესამეში - მამაკაცნი, ნაზორეველებად წოდებულნი... წმინდა ზაქარიამ ყრმა მარიამი ქალწულებს ჩააბარა აღსაზრდელად. მათგან შეისწავლა მარიამმა საღვთო წერილი, ძველებრაული დამწერლობა, ქსოვა და ქარგვა. მისი მოქარგული სამოსით იმოსებოდნენ მღვდელნი ღვთისმსახურებისას.

წარემატებოდა სიბრძნით ქალწული მარიამი და განემზადებოდა სულიერ ტაძრად უფლისა.

ყველაფერი კი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებით დაიწყო. ამ კურთხეულ დღეს "განგებულებისა ღვთისა დასაბამი არს და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება". ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებით ზეიმობდნენ ძველი დროის ქრისტიანები. წმინდა ელენე დედოფალს ამ დღესასწაულის სახელობის ტაძარიც კი აუგია.

ტროპარი:

დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმამაღლად: გიხაროდენ, განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.

კონდაკი:

ყოვლადწმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად ღმრთისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოზნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.
............................................
აქვე წაიკითხეთ:

მარიამი შედის წმინდათა წმინდაში - ამ მოქმედებით იწყება ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შერიგების საიდუმლო

როგორ შეეძლო დედაკაცს შესულიყო წმიდა წმიდათაში, თუ შესვლა აკრძალული იყო ყველასთვის?

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება


ბეჭდვა
1კ1