ცოლს კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველი იცავდა
ცოლს კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველი იცავდა
ღვთისმშობლის სასწაული
ძველ წიგნებში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ მოხდენილი უამრავი სასწაულია მოთხრობილი. მათ შორისაა ქვემოთ მოყვანილი ამბავიც.

ბედნიერად ცხოვრობდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ისინი წარმოშობით დიდებულთა წრეს ეკუთვნოდნენ და კარგი შემოსავალი ჰქონდათ. ქმარს უყვარდა თავისი მორჩილი ცოლი, რომელიც დილა-საღამოს გულითად ლოცვებს აღავლენდა მეუღლისათვის. ქალი მშვენიერი იყო შესახედავად, სულითაც მშვიდი, თავმდაბალი, ღვთის მცნებათა აღმსრულებელი. კაცთა მოდგმის მოძულე ეშმაკს შეშურდა ქრისტიანული ოჯახის კეთილდღეობა. ნელ-ნელა გაუგრილა ქმარს გული ცოლის მიმართ, თვალი სხვა ქალებისაკენ გაურბოდა, რომლებიც ცოდვილ სურვილებს უსრულებდნენ. დრო გადიოდა. ქალი უფრო ხშირად რჩებოდა შინ მარტო. ქმარი გვიან ბრუნდებოდა და ჩხუბის საბაბს ეძებდა.

ამ უბედურებას ისიც დაემატა, რომ მათი ქონება ნელ-ნელა მცირდებოდა. მალე ეს მდიდარი ოჯახი გაღარიბდა, მაგრამ მწუხარებამ და განსაცდელებმა ვერ შეკრა ოჯახი. ქმარი ეჩხუბებოდა ცოლს - მზითვი საკმარისად რატომ არ მოიტანე. შენ მხოლოდ უბედურება მოგაქვსო.

ქმარი დაეხეტებოდა ქალაქში, ტრიალებდა მდიდარი ნაცნობების სიახლოვეს, იქნებ დამეხმარონ, იქნებ იმათ მაინც ვესესხო ფული, ვისაც ჩემი გაღატაკება არ შეუტყვიაო. შინ მარტო დარჩენილი ქალი კი დროს ლოცვაში ატარებდა. ღმერთს ძველი სიმდიდრის დაბრუნებას კი არ სთხოვდა, არამედ უწინდელ ოჯახურ თანხმობასა და სიყვარულს ევედრებოდა. განსაკუთრებულად ლოცულობდა ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიმართ, ათასჯერ მოიდრეკდა მუხლს და ქმრის გულის მოდრეკას სთხოვდა. მაგრამ ერთხანს ეშმაკის ბოროტებამ გადასწონა ღვთისმოშიში ქალის ლოცვა.

ერთხელ ქმარი რომელიღაც დუქანში იჯდა და უაზროდ იხედებოდა აქეთ-იქით. ხალხი შემოდიოდა, სადილობდა და შინ ბრუნდებოდა. მაგრამ მას სახლის გახსენებაც არ უნდოდა, მოაბეზრა თავი ცოლ-შვილმა. ამ დროს უცნობი კაცი მივიდა მასთან და ეშმაკურად გამოელაპარაკა: შენ ადრე მდიდარი იყავი, მაგრამ გაღარიბდი. გაქვს საშუალება, ძალიან მალე დაიბრუნო ქონება და შეიძლება უფრო გამდიდრდე კიდეცო. გაუხარდა კაცს: მითხარი, რა ვქნა ამისთვისო. მომყიდე შენი ცოლი. არ გიყვარს, არაფრად გიღირს, მე კიდევ მხევლად მინდაო. რისთვის გჭირდება ანდა რას უზამ? - ჰკითხა კაცმა. შენ რა გენაღვლება, - უთხრა უცნობმა, - რომც მოვკლა, შენთვის სულ ერთი არ არის? ყოველდღე რომ ეჩხუბები, ეშმაკისა და ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის არ იმეტებ ხოლმე? როცა ჩემი მონა იქნება, რასაც მინდა, იმას ვუზამ.

ქმარს ეჭვი შეეპარა, - ამ ციცქნა ქალის საფასურად იმდენს რას მომცემსო. მაშინ უცნობმა უთხრა, - თუ გინდა, ხელწერილს დაგიწერ, ჯერ ფულს მოგცემ და მერე კი შენი ცოლი მომგვარეო. ცოლის დათმობა ცოტათი გაუჭირდა კაცს, შეეცოდა კიდეც. მერე კი, ვაი თუ უცნობმა გადაიფიქროსო, ხელწერილის დაწერას დათანხმდა. უცნობმა უთხრა: ფული ქალაქგარეთ მაქვს ჩაფლული მიწაში. მოდი, ხვალ დილით მოგცემ და ორი თვის შემდეგ იმავე ადგილას მომიყვან შენს ცოლსო. მეორე დღეს კაცი უცნობთან ერთად ქალაქგარეთ წავიდა. შევიდნენ უღრან ტყეში. ერთ ადგილას უცნობმა მიწის ამოთხრა ურჩია კაცს. თვითონაც ეხმარებოდა. დიდი ორმო ამოთხარეს. გამოჩნდა ურიცხვი თვალმარგალიტი და ოქრო-ვერცხლი. უცნობმა ყველაფერი კაცს გადასცა და პირობა შეახსენა.

ამ ორ თვეში კაცმა ვალები გადაიხადა, გამოისყიდა ადრე გაყიდული სახლი და უწინდებურად განცხრომით ცხოვრებას მიჰყო ხელი. მაგრამ აი, დადგა დღე, როცა "მწყალობლისთვის" ცოლი უნდა მიეყვანა. შებინდდა თუ არა, ცოლს უბრძანა, ჩაიცვი და გამომყევიო. ქალს გული ცუდს უგრძნობდა, ეხვეწებოდა, შინ დავრჩებიო, მაგრამ ამაოდ. დამორჩილდა მის ნებას.

მდუმარედ დაადგნენ გზას. ტაძრის წინ გაიარეს. კარი ღია ჩანდა. ქალმა ქმარს ტაძარში შესვლის ნება სთხოვა - ღვთისმშობლის ხატის წინ ვილოცებო. ძალიან არ მოეწონა ცოლის თხოვნა, შერცხვა კიდეც, ტაძარში როგორ შესულიყო ამისთანა საქმის მოქმედი. მაგრამ უარი ვეღარ უთხრა, - ვინ იცის, უკანასკნელად ვუსრულებ სურვილსო. წადი და მალე დაბრუნდი, მე აქ დაგელოდებიო.

ქალი დაემხო ღვთისმშობლის ხატის წინ, მოსალოდნელი ბოროტებისგან დაცვა სთხოვა უფლის დედას. ისე გულითადად ლოცულობდა, ქმარი რომ ელოდებოდა, დაავიწყდა. ლოცვამ სიმშვიდე და სიხარული მოჰგვარა. სხეულიც, სულიერი მწუხარებისგან მოუძლურებული, დასვენებას სთხოვდა და ღვთის განგებულებით, ხატის წინ იატაკზე დამხობილს ჩაეძინა...

ამასობაში ქმარი ქუჩაში ბოლთას სცემდა. ერთი პირობა იფიქრა, - შევალ და გამოვაგდებ ტაძრიდანო, მაგრამ ამ დროს კიბეზე ეკლესიიდან მომავალი ცოლი შეამჩნია. ქალს სახეზე თავსაფარი ჩამოეფარებინა, თითქოს ქარისგან თავის დასაცავად. მოდი, აღარ ვეჩხუბები, ცოდოა. მაინც საუკუნოდ უნდა გავშორდეთო, - გაიფიქრა კაცმა. გავიდნენ ქალაქგარეთ. ქალი მცირედითაც არ აღელვებულა, არ უკითხავს, სად მივდივართო. თითქოს უკვე იცოდა, რა ბედიც ელოდა. ქმარს შეეწყალა ცოლი, ასე საცოდავად რომ მიჰყვებოდა. როგორც იქნა, შევიდნენ ტყეში და იმავე ადგილას მივიდნენ, სადაც ორი თვის წინ ფული მისცეს. შუაღამე იდგა. მოისმა ადამიანის ფეხის ხმა. კაცი წინ წავიდა, პირობის შესრულება აუწყა უცნობს: ცოლი მოგიყვანე და ახლა ხელწერილი მომეციო. უცნობმა დიდი სიამოვნებით მისცა ხელწერილი. თვითონ კი ნასიამოვნები ქალისკენ გაემართა, რომელსაც უკვე თავის საკუთრებად თვლიდა. აბა, გულიანო მლოცველო, უკვე ჩემს ხელში ხარ, - უთხრა უცნობმა და ქალს კადნიერად მოჰკიდა ხელი. მაგრამ იმავე წამს ცეცხლმოკიდებულივით გვერდზე გადახტა და დაიყვირა. ქალს თავსაფარი ჩამოუცურდა და გამოჩნდა მთელი დიდებულებით.

უცნობმა მის დანახვაზე სახეზე ხელები აიფარა - მისი მრისხანე თვალების დანახვა არ სურდა. შეძრწუნებულმა წამოიძახა: "იესოს დედავ, ვინ დაგიძახა, რატომ მოხვედი? ის ქალი ხომ მე მეკუთვნოდა, მისმა არამზადა ქმარმა მე მომყიდა. წყეულიმც იყავ, მატყუარავ, ცოლის მაგიერ ვინ მომიყვანე?!" ამის შემდეგ უნდა სცემოდა კაცს, მაგრამ უფლის დედამ მზერით შეაჩერა. უცნობი ძირს დაეცა და უკვალოდ გაქრა. უჩინო შეიქმნა ყოვლადწმინდა ქალწულიც. ქმარი შიშით გონს ვერ მოვიდა. როგორც იქნა, მოიკრიბა ძალა და უკან გამობრუნდა. საშინელი სირცხვილი და სინანული ტანჯავდა. აი, თურმე ვის მიჰყიდა ცოლი და ვინ მოვიდა ქალის შესაწევნელად. თვითონ ეშმაკს დაუმეგობრდა, ცოლს კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველი იცავდა. ეს იყო ნაყოფი მისი ბოროტებისა და ცოლის თავმდაბლობისა და ღვთისმოშიშებისა. ფიქრებით გაბრუებული შევიდა ქალაქში, მიუახლოვდა ტაძარს, სადაც ცოლი დატოვა. ამასობაში იქ ცისკრის მსახურება დაწყებულიყო. ტაძრის დარაჯმა შეამჩნია ღვთისმშობლის ხატის წინ დამხობილი მძინარე ქალი, რომელსაც, ეტყობოდა, ბევრი ცრემლი ეღვარა, ახლა კი მძინარეს ღიმილი დასთამაშებდა. გააღვიძა ქალი, ის კი წამოხტა და სიტყვაუთქმელად გარეთ გამოვარდა, გაახსენდა, რომ ქმარი ელოდებოდა. ამ დროს გაიარა ტაძრის წინ კაცმაც. შეშინებული მიუახლოვდა ქმარს. მაპატიე, ჩემო ძვირფასო, არ ვიცი, რა დამემართა. ლოცვისას ჩამეძინა და ამ დროს ტაძარიც დაუკეტიათო, - შეჰკადრა და ცემის მომლოდინე ჩაიკეცა. არა, ჩემო კარგო, მე ვარ შენს წინაშე დამნაშავე, - უთხრა ქმარმა და ტირილით მოუთხრო თავისი დანაშაულისა და ღვთისმშობლის შეწევნის ამბავი.

თავმდაბალმა და მოყვარულმა ცოლმა შეუნდო ქმარს დანაშაული და იმ წუთიდან მათ ოჯახში ძველებური სიყვარული გამეფდა. მადლობა შესწირეს ღვთისმშობელს სასწაულმოქმედი ხატის წინ. მალე ის ქონება, რაც ეშმაკისაგან მიიღეს, ღარიბებს დაუნაწილეს, თავს ირჩენდნენ თავიანთი მარჯვენით და ღვთისმოშიში ცხოვრებით სათნო ეყოფოდნენ უფალს.
ბეჭდვა
1კ1