კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა - 26 (08.01) დეკემბერი
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა - 26 (08.01) დეკემბერი
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად. ამიტომაც ამ დღესასწაულს ეწოდება "კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა".

საეკლესიო სწავლების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უკავშირდება ორი დოგმატი. ესენია: ღვთისმშობლის მარადქალწულობა და მისი ღვთისმშობლად სახელდება. ღვთისმშობლის ცხოვრება განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია იმ უდიდესი მოვლენისა და მისიის გამო, რომელიც ყოვლადწმინდა მარიამმა აღასრულა.

წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ყოვლადუბიწო ქალწულის მშობლები, წმინდა იოაკიმე და ანა, მის შობამდე უშვილონი იყვნენ. მათ აღთქმა დადეს, თუ შვილი შეეძინებოდათ, ღმერთს შესწირავდნენ მსახურად. ღმერთმა ისმინა მოხუცი ცოლ-ქმრის ვედრება და მისცა ასული, რომელსაც მარიამი დაარქვეს.
როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა, აღთქმისამებრ, ტაძარში მიიყვანეს და ღვთის მსახურად შესწირეს. დედა ღვთისა ღვთისმოსაობით იზრდებოდა უფლის სახლში. შესაძლოა, ასეთი აღზრდა იმ დროს სხვასაც მიეღო, მაგრამ მარიამი თავისი ადამიანური ბუნებითაც გამოირჩეოდა. ორი ფაქტორის - გარემოს, რომელშიც იზრდებოდა, და ადამიანური ხასიათის - თანხვედრამ განაპირობა ის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ზნეკეთილად, უბიწოდ აღიზარდა.

წმინდა წერილში იმასაც ვკითხულობთ, რომ მარიამმა ღვთის წინაშე სამუდამო ქალწულების აღთქმა დადო. მას მოხუცი მშობლები ადრევე გარდაეცვალა, ამიტომ ყოვლადუბიწო ქალწულზე ზრუნვა სამღვდელო პირთ მოუწიათ. მისი აღთქმის შესახებ რომ გაიგეს, ეკლესიის მსახურნი საგონებელში ჩაცვივდნენ, აღარ იცოდნენ, რა ექნათ: იძულებით აღთქმის დარღვევა ცოდვად მიაჩნდათ, არც მოზრდილი გოგონას ტაძარში გაჩერებას თვლიდნენ მიზანშეწონილად... ასეთი გაურკვევლობისას ლოცვით მიმართეს ღმერთს და უფალმაც გამოუცხადა, რომ მოეძებნათ ღირსეული კაცი, რომელიც მეუღლეობას გაუწევდა, მაგრამ დაიცავდა მის ქალწულებას.

ამისათვის შეარჩიეს 12 უცოლო მამაკაცი დავითის ტომიდან, რომელთა შორისაც იყო მართალი იოსებიც. გადმოცემით, მას იმ დროს 80 წლისთვის მიეღწია. მღვდელმთავარმა გამოართვა მათ კვერთხები და საკურთხეველში მოათავსა. მეორე დღეს ნახეს, რომ იოსების კვერთხი განედლებულიყო, მსგავსად აარონის კვერთხისა. ასე გახდა ნაზარეთელი იოსები დამწინდველი ყოვლადწმინდა ქალწულისა.

ჩნდება კითხვა: თუკი მარიამმა ღმერთს მარადიული ქალწულების აღთქმა მისცა, რაღატომ მიიჩნია უფალმა საჭიროდ მამაკაცზე მისი დაწინდვა? ეს ღვთის განგებულების საიდუმლოა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე. უფალმა არ ისურვა, იესო ქრისტეს დაბადებისთანავე გაცხადებულიყო მისი ქალწულისგან შობა. წმინდა მამები ამბობენ, რომ ღვთისთვის უმჯობესი იყო, თავისი კურთხეული ძის განხორციელების საიდუმლო დრომდე დაეფარა, რათა არ გაცხადებულიყო, რომ ყოვლადწმინდა მარიამი ის ქალწულია, რომელზეც წინასწარმეტყველებდა წმინდა ესაია: "აჰა მუცლად-იღებს ქალწული და შობს ძეს". ეს წინასწარმეტყველება კარგად იცოდა მართალმა იოსებმაც, ისიც ელოდა მესიას სჯულის სხვა მიმდევრებივით და სწორედ ამიტომ დაიტია უდიდესი საიდუმლო ღვთისმშობლის უმამაკაცოდ დაფეხმძიმებისა, რომლის შესახებაც ანგელოზმა აუწყა.
ყოვლადწმინდა ქალწული უბიწო, ღვთისმოსავი, ზნეკეთილი და ბრძენი იყო. სწორედ ამ თვისებების გამო გამოარჩია უფალმა ღვთისმშობლად და მის წიაღში ინება განკაცება, იმ უდიდესი საიდუმლოს აღსრულება, რომელსაც 5000 წელი ელოდა ძველი აღთქმის კაცობრიობა.

წმინდა წერილი გადმოგვცემს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელში უფალი ჩვენი, იესო ქრისტე უმამაკაცოდ, სულიწმინდის მადლით ჩაისახა.
ღვთისმშობლის მიერ მაცხოვრის შობაც განსაკუთრებული მოვლენაა. დედა ღვთისა ყრმას ბუნებრივი სახით შობს, ისე, როგორც ყველა ქალი, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: ღვთისმშობელი არ განიცდის სამშობიარო ტკივილებს, იმას, რაც ყოველთვის თან ახლავს ფიზიოლოგიურ მშობიარობას. მოგეხსენებათ, ტანჯვით შობა შვილისა, ფაქტობრივად, სასჯელად მიეცა დედაკაცს (ევას).

დედა ღვთისა, როგორც ჩასახვამდე, ისე შობის შემდეგაც, ქალწულად რჩება - ასეთია ნება უფლისა. ამიტომ უწოდებს ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მარადქალწულს. ეს ურწმუნოთათვის ძნელი აღსაქმელი და დასაჯერებელია, მაგრამ ვისაც სწამს, რომ უფალი ქვეყნიერების შემოქმედია, მან ისიც იცის, რომ ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია.

ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის ღვთისმშობლად სახელდება ძე ღვთისას განკაცების დოგმატს უკავშირდება. ამ წოდებით ეკლესია აღიარებს, რომ უფალ იესო ქრისტეში ღმერთი შეუერთდა ადამიანს ქალწული მარიამის წიაღში ჩასახვისთანავე, მიიჩნევს, რომ მაცხოვარი სრული ადამიანი და სრული ღმერთია. გარდა ამისა, ქალწული მარიამის განსადიდებლად და საქებრად ყველაზე მეტად შესაფერისი მისი ღვთისმშობლად სახელდებაა.

ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიიჩნევს უპირატესად ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესად სერაფიმთა. მართლმადიდებლური სწავლებით, დედა ღვთისა უფლის მიერ შექმნილ ყველა გონიერ არსებას აღემატება. ერთ-ერთი საეკლესიო საგალობელი ასეთი სიტყვებით ადიდებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს: ,,უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა..." შესაძლოა ვინმეს გაუკვირდეს კიდეც, როგორ შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს უსხეულო, წმინდა არსებებზე, ანგელოზებზე უპირატეს სიწმინდესო. მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის, თუ რამხელა მისია აღასრულა წმინდა მარიამმა - მისი სხეული უფლის განხორციელებული სიტყვის ტაძარი გახდა. ამ პატივის გამო ღვთისმშობელი ანგელოზებზე აღმატებულია.

კრება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა


კონდაკი: რომელი პირველ მთიებისა მამისაგან იშუა უდედოდ ქუეყანასა ზედა, უმამოდ განკაცნა დღეს შენგან, რომელსა ვარსკულავი ახარებს მოგვთა, ხოლო ანგელოზნი მწყემსთა თანა დიდების მეტყუელებენ უთესლოსა შობასა შენსა, ღმრთივმიმადლებულო

ბეჭდვა
1კ1