ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება - 21 (04.12) ნოემბერი
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება  - 21 (04.12) ნოემბერი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.

როგორც ცნობილია, მარადქალწული მარიამის მშობლებმა - მართალმა იოაკიმემ და ანამ, რომლებიც მოხუცებულობამდე უშვილონი იყვნენ, აღთქმა დადეს, რომ თუ შვილი შეეძინებოდათ, უფალს შესწირავდნენ. ღმერთმა შეისმინა მათი ვედრება და მისცა მათ ასული.

როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, მისმა მშობლებმა ღვთისთვის მიცემული აღთქმა შეასრულეს, უხმეს ნათესავ-ახლობლებს, პატარა მარიამი საუკეთესო შესამოსლით შემოსეს და გალობითა და ანთებული სანთლებით ხელში იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. აქ მარიამს მღვდელმთავარი შეეგება მრავალრიცხოვანი სამღვდელო დასით.

ტაძარში შესასვლელად თხუთმეტსაფეხურიანი კიბის ავლა იყო საჭირო (რიცხვი 15 მიუთითებს ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის თარიღს - ნისანის (მარტის) თხუთმეტს. ჩვეულებრივ, მორწმუნენი თითო საფეხურის ავლისას თითო ლოცვას კითხულობდნენ, რაც სიმბოლურად მიანიშნებდა უფალთან მიახლოებას). როცა პატარა მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს, მან, მიუხედავად ასაკისა, სწრაფად აირბინა კიბე. მღვდელმთავარმა სულიწმინდის კარნახით იგი წმიდათაწმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ თვითონ შედიოდა წელიწადში ერთხელ სამსხვერპლო სისხლით. ეს იყო ერთგვარი აღსრულება წინასწარმეტყველებისა: მოსეს დროს აგებული მოძრავი კარვის წმიდათაწმიდაში შეტანილ იქნა სჯულის კიდობანი აღთქმის ფილებით, აარონის კვერთხი და ტაკუტი მანანით (ზეციური პურით). მარიამის წმიდათაწმიდაში შესვლისას ებრაელთა ეს უძველესი სიწმინდენი იქ უკვე აღარ იმყოფებოდა - ღვთის რჩეულმა ერმა ისინი თავისი ცოდვების გამო დაკარგა, მაგრამ ყოვლადწმიდა ქალწულის შესვლამ სიმბოლურად შეავსო ეს დანაკარგი - ღვთისმშობელი ის ტაკუკია, რომელმაც ზეციური პური დაიტია; აარონის კვერთხია, რომელიც გამხმარი ტოტისგან - ბერწი მშობლებისგან - აღმოცენდა (ძველ აღთქმაში მოთხრობილია, თუ როგორ აყვავდა აარონის გამხმარი კვერთხი); დაბოლოს, სჯულის კიდობანია, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "აღდეგ, უფალო, განსასუენებლად შენდა, შენ და კიდობანი სიწმინდისა შენისა" (ფს. 131:8).

მარადქალწულმა მარიამმა თერთმეტი წელი დაჰყო ტაძარში. ის იზრდებოდა კეთილმსახურ ქალწულთა წრეში, კითხულობდა საღვთო წიგნებს, ხელსაქმობდა, განუწყვეტლივ ლოცულობდა და ღვთის სიყვარულით სულდგმულობდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იერუსალიმის ტაძარში მიყვანების მოსახსენებლად წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უძველესი დროიდანვე დააწესა დღესასწაული. პირველ ცნობას ამ დღესასწაულის აღსრულების შესახებ შეიცავს პალესტინელ ქრისტიანთა გადმოცემანი, სადაც საუბარია იმის თაობაზე, რომ წმინდა დედოფალმა ელენემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების მოსახსენებლად ეკლესია აღაშენა.

ეკლესიის მამათა მიხედვით, ყოვლადწმინდა ქალწული ახალი აღთქმის კიდობნად იწოდება, რადგან მუცლით ატარებდა ქვეყნიერების გამომხსნელს - მაცხოვარს, რომელმაც კაცობრიობას მარადიული ცხოვრებისაკენ გაუხსნა გზა.

ამგვარად, ღვთისმშობლის მიერ "ცხორებაი იქმნა ძეთათვის კაცთაისა". თუკი ევას შეცოდებით წყევა შემოვიდა ამქვეყნად, ღვთისმშობლის მეოხებით კურთხევა მოგვენიჭა, ყოვლადწმინდა ქალწულმა დაუტევნელი დაიტია. დაიტია ის, რომელსაც ცანი ვერ იტევენ, რომელმაც აღხოცა შეცოდებანი კაცთანი და ჯვარს ეცვა ჩვენთვის.

იხარებს მართლმადიდებელი ეკლესია, რამეთუ ღვთისმშობლის მიერ განხორციელდა ძე ღმრთისა, უძლურთა შემწე, დაცემულთა ხელისაღმპყრობელი, შეჭირვებულთა ნუგეშისმცემელი, ცოდვილთა მწყალობელი და საუკუნო სასუფევლის მომნიჭებელი.
................................

ასევე ნახეთ:

იხარებს მართლმადიდებელი ეკლესია, რამეთუ ღვთისმშობლის მიერ განხორციელდა ძე ღმრთისა

მარიამი შედის წმინდათა წმინდაში - ამ მოქმედებით იწყება ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შერიგების საიდუმლო


როგორ შეეძლო დედაკაცს შესულიყო წმიდა წმიდათაში, თუ შესვლა აკრძალული იყო ყველასთვის?

ეს ყრმა იყო სამკვიდრებელი ღვთის მადლისა








ბეჭდვა
1კ1