აღმსარებელი - მღვდელი ნიკოლოზ დეკანოსიძე
აღმსარებელი - მღვდელი ნიკოლოზ დეკანოსიძე
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა, მისი მრევლის პატრონობაც მამა ნიკოლოზმა ითავა. კომკავშირელებმა მამა ნიკოლოზი შავ სიაში შეიყვანეს. ამ დროს ის ზრდიდა სამ გერს, სამ ღვიძლ შვილს და ცოლი მეოთხეზე იყო ფეხმძიმედ. მამა ნიკოლოზი ვინმე პერანიძემ საიდუმლოდ გააფრთხილა და მისი რჩევით მოძღვარმა სამი წლით ბელაქანს შეაფარა თავი. იმავე საღამოს დაეცნენ კომკავშირელები მის ოჯახს და ფეხმძიმე ქალი ბავშვებთან ერთად გარეთ გამოყარეს და სახლში ცხოვრება აუკრძალეს. ისინი ას წელს გადაცილებული სილოვან ჩხეიძის ოჯახმა შეიფარა. 1932 წელს მამა ნიკოლოზი დაბრუნდა სოფელში. ახალდაბრუნებული ყარსისუბნელ და ვარდისუბნელ გაკულაკებულ გლეხებთან ერთად ეკლესიაში ჩაკეტეს. სოფლის თავკაცები თბილისიდან ელოდნენ მათი დახვრეტის ბრძანებას. ყარსისუბნელმა კალენიკე კურტანიძემ დასახვრეტთა სიაში შეგნებულად არ შეიყვანა მამა ნიკოლოზი. კალენიკე სერგო ორჯონიკიძის ნათლული ყოფილა. საგულისხმოა, რომ არც დანარჩენი ხალხი დახვრიტეს.

ამ ამბის შემდეგ მთავრობისგან საიდუმლოდ, ღამღამობით ეწეოდა ღვთისმსახურებას, ხან თავის სახლში, ხან მორწმუნეთა ბინაზე. ამისთვის ორჯერ დააპატიმრეს, პირველად 1941 წელს, როცა სამი წლის ბავშვს ნათლავდა, მაშინ დააყენეს მილიცია და მეორედ 1944 წელს. ორჯერვე წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს. მამა ნიკოლოზი ვერც პატიმრობაში გატეხეს. ერთხელ ძალით სცადეს მისი გაპარსვა, ხელები გაუკრეს და ის იყო, საქმეს უნდა შესდგომოდნენ, რომ მამა ნიკოლოზმა ჩექმებიანი ფეხით ხელიდან გააგდებინა სამართებელი და თმის საპარსი. მას შემდეგ აღარავინ მიჰკარებია.

1945 წელს ციხიდან გამოსული მამა ნიკოლოზი კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) სოფელში დააბრუნა და ყარსუბნისა და ვარდისუბნის სამრევლოები ჩააბარა. მამა ნიკოლოზი კიდევ 25 წელი ემსახურა უფალს და 91 წლისა მშვიდობიანად აღესრულა 1970 წელს.

გამოყენებული ლიტერატურა:

გიორგი მაჩურიშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე, "XVIII-XX საუკუნეებში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა").

ფოტოზე: მღვდელი ნიკოლოზ დეკანოსიძე ოჯახთან ერთად. იხილეთ სურათის წყარო

ბეჭდვა
1კ1