არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
წერა–კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში ისწავლა. 1885 წლის 5 აგვისტოს ამავე მონასტერში მორჩილად მიიღეს. 1889 წელს ანაფორა უკურთხეს. 1892 წლის 29 ოქტომბერს ფერისცვალების მონასტერში არქიმანდრიტმა კესარიამ (ჩეკურაშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად გერმანე უწოდა. ამავე წლის 12 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს. 1897 წლის 1 ოქტომბერს მღვლად დაასხეს ხელი. 1898 წელს მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა. 1901 წლის 5 მარტს მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტრის მმართველად გადაიყვანეს და ამავე წლის 25 მარტს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1904 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1912 წლის 15 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა.
1912 წლის 17 ნოემბრის წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, ამავე წლის 11 დეკემბერს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. მას დაწინაურებასა და წინსვლას ულოცავს სულიერი ძმა, მოწამეთას მონასტრის მღვდელმონაზონი პავლე: ,,თქვენო მაღალღირსებავ, დიდად პატივცემულო და ყოვლად პატიოსანო, მაღალღირსო არხიმანდრიტო გერმანე, მაკურთხე და შემინდევით. პირველ ყოვლისა სიმდაბლით გამოვითხომ შენდობას თქვენი მაღალ ღირსებისაგან და გეანბორებით წმიდა მსხვერპლის შემწირველის მარჯვენას და მოგილოცავ აღმატებული ხარისხის მიღებას და გისურვებ, რათა ურცხვენელად შეგესრულებიოს დედამან ღვთისამან და მიგაგებოსთ იესო ტკბილს. კეთილ საგზლოვანი თქვენი ბარათი მივიღეთ, რომლითაც ძლიერ განვიხარე. ეხლა ჩემს ამბავს იკითხამთ, ვარ თქვენი ლოცვით ჯერჯერობით გვარიანათ, აწი ღმერთმა უწყის. ექვთიმე იყო გუშინ აქა და მოკითხვა თქვენგნივ გარდავეცი. თუ შეგვექმნა ტფილისისკენ წამოსვლა გნახავთ. შემინდევი მაღალ ღირსო ასე ცირე ბარათისათვის, მაგრამ მე როგორი მოუცლელობა მაქვს ეხლა, ეს თქვენი მორჩილი მოგახსენებთ. ვრცელ ბარათს მერმეთ გაახლებთ. არხიმანდრიტმან და მისმან შვილებმა მოგიკითხესთ. თქვენი მაღალღირსებისათვის, მარადის მლოცველი, უღირსი მღვდელმონაზონი პავლე (ჯაფარიძე)".
მისი დანიშვნის დროს ქვათახევის მონასტერი ძლიერ შეჭირვებას განიცდიდა, რის გამოც მონასტერში ბერების რიცხვი ერთობ შემცირებული იყო. საძმოს შემადგენლობა მღვდელმონაზონ ნეოფიტესა (ვარდოსანიძე) და ორი მორჩილისაგან: მათე კირვალიძესა და გიორგი წიკლაურისგან შედგებოდა. მონასტერს დაგროვილი ჰქონდა უამრავი ვალები, რომლის გადახდაც მას საკუთარი ძალებით არ შეეძლო.
მამა გერმანემ დანიშვნისთანავე მონასტერში საძმოს შევსებაზე იფიქრა და ქართლ–კახეთის მონასტრების მთავარხუცესს არქიმანდრიტ ნაზარის (ლეჟავა) სთხოვა სხვადასხვა მონასტრებიდან მამები ქვათახევში განემწესებინათ. 1912 წელს ნათლისმცემლის მონასტრიდან – მღვდელმონაზონი სერგი (ძოწაძე), ხირსიდან – მღვდელმონაზონი ეფრემი (მენთეშაშვილი), ხოლო შიო–მღვიმედან –მღვდელმონაზონი დოდო (მარმარაშვილი) გადმოიყვანეს. 1913 წელს მამა გერმანემ მორჩილებად მიიღო და ანაფორები უკურთხა ბესარიონ კუხალაშვილს, საბა ვარდუაშვილსა (შემდგომაში მღვდელმონაზონი აბო) და სვიმონ ძამაშვილს (შემდგომში მღვდელმონაზონი აითალა). მან დახმარებისათვის მიმართა გორის ეპისკოპოს ანტონს (გიორგაძე) და სთხოვა, აღეძრა შუამდგომლობა წმინდა სინოდში, რათა მონასტრისათვის ვალები ეპატიებინათ. 1916 წლის 15 მარტს მეუფე ანტონი წერილს უგზავნის მამა გერმანეს: ,,მამაო არხიმანდრიტო! მოგიკითხავ ძმურის სიყვარულით და გისურვებ ყოველ კეთილს. 14 ამა მარტს გახლდით სახელმწიფო პალატაში ჩემი მონასტრის მამულის გარდასახადის შესახებ. სხვათა შორის, თქვენი მამულის თაობაზედაც ვკითხე პალატაში ერთ დიდ პირს და მან მითხრა, რომ უწმიდესი სინოდის ობერპროკურორმა აღძრა შუამდგომლობა, რომ ეს ფული ეპატიოს ქვათახევის მონასტერსაო. ამ დღეებში მოველით უქაზს ამ მონასტრის გათავისუფლებაზე, თანაც ის ფული, რომელიც შეუტანიათ ბერებსა (მგონი 1000 მანეთამდე), უკან დაუბრუნდებათო. ისთე გამიხარდა, თითქო ჩემთვის ეჩუქებიოსთ ეს ფული. ქვათახევის ღვთისმშობელი ისთე არ მოიძულებდა თავის მონასტერს, რომ ეს ფული გარდახდომოდათ. იყავით ბედნიერად და მხიარულად. თქვენი პატივის მცემელი ეპისკოპოსი ანტონი."
1917 წლის 12 მარტს (ახ. სტილით 25 მარტს) სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღსდგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. მამა გერმანე ამჯერად უკვე საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველს, გურია–სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) მიმართავს დახმარების სათხოვნელად, რათა გაუმჯობესებულ იქნას მონასტრის ძმათა მდგომარეობა.
1917 წლის 11–17 სექტემბერს, როგორც ერთ–ერთი მონასტრის წინამძღვარი მიწვეული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე დელეგატად. 1918 წელს არქიმანდრიტი გერმანე მარტყოფის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1921 წელს საქართველოში დამყარდა კომუნისტური ხელისუფლება, რასაც მოჰყვა ტაძრებისა და მონასტრების დახურვა, სიწმინდეების შეურაცხყოფა, სასულიერო პირთა განუკითხავი დევნა–შევიწროება და ლიკვიდაცია. გამონაკლისი არც მარტყოფის მონასტერი იყო.
1923 წელს მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გერმანე იაშვილი, რომელსაც ხალხი წმინდა კაცს უწოდებდა და დიდად სასოებდა, საკათალიკოსო საბჭოს სწერდა: "თანამდებობისამებრ ჩემისა, ვაცნობებ თქვენს უწმინდესობას გარემოებას ჩვენი მონასტრისა შესახებ იმისა, რომ მარტყოფი-ნორიოს კომიტეტის წევრნი უპირებენ ჩამორთმევას ყოველნაირი ქონებისა და დათხოვნასა ჯეელი ბერებისა...
დიდ ხუთშაბათს აღწერეს ყოველივე ქონება, ხოლო ეკლესიის შიგნით არსებული საგნები ვეღარ მოასწრეს. თხოვნა ჩემი დააკმაყოფილეს იმით, რომ საღმრთო მსახურებისათვის არ შემიშალეს ხელი.
აღდგომის მესამე დღეს უნდა მოსულიყვნენ წასაღებად ქონებისა, მაგრამ ხალხი ურმებს არ აძლევს და არცა თანახმანი არიან მონასტრის გაძარცვაზე.
არ ვიცი, რით დამთავრდება ეს ჩვენი საქმე, დეკრეტი არა ჰქონდათ თან წამოღებული და შემპირდნენ მოტანას. უმორჩილესად გთხოვთ თქვენს განკარგულებას, თუ როგორ მოვიქცეთ ქონების ჩამორთმევის დროს".
1923 წლის 19 აპრილს მარტყოფის აღმასრულებელმა კომიტეტმა აღწერა მონასტერი. როგორც მამა გერმანე იუწყება, იმ დროისათვის მონასტრის საძმო, გარდა საქონლის მწყემსისა და კურატი ბიჭისა, 12 კაცისგან შედგებოდა. ესენი იყვნენ: არქიმანდრიტი გერმანე (იაშვილი), მღვდელ-მონაზონი ევაგრე (დიასამიძე), მღვდელ-მონაზონი ხარლამპი (ხომასურიძე), მღვდელ-მონაზონი იოანე (მაისურაძე), მღვდელ-მონაზონი ანტონი (ოროჟდანოვი), ბერდიაკონი იოაკიმე (რამაზაშვილი), ბერდიაკონი აიათალა (ძამაშვილი), ბერდიაკონი იოსები, ბერი იოსები (მელაძე) და კიდევ სამი უცნობი ბერი.
"ამ 14 კაციდან დასტოვეს მონასტერში ბრმანი, მკელობელნი და მოხუცებულნი, სულ 6 კაცი და ერთი ჯეელი ბიჭი. ბერდიაკონი აიათალა მომვლელად უძლურია. მწყემსი და კურატი სრულიად დაითხოვეს, დანარჩენთ, რომელთაც სიჯეილე შესწევთ, ე.ი. 3 მღვდელ-მონაზონს, ერთ ბერს და ერთ მორჩილს, გამოუცხადეს, - თუ იგინი ისურვებენ მონასტერში დარჩენას, მაშინ უნდა გადაიხადონ სენაკების ნალო¬გი (ხარკი), ხოლო მოხუცებულნი კი უხარკოდ იცხოვრებენ. მათი სიტყვით, ნალოგი იქნება თვეში 2 მანეთი ოქროთი, რომლის გადახდა შეუძლებელია ჩვენი ბერებისათვის.
შესანახად მოხუცებულთა ძმათა მონასტერს დაუტოვეს 2 დესიატინა მიწა და ძროხა თავისი ხბოთი, ხოლო დანარჩენი ერთი უღელი ხარი და ერთი მოზვერი წაიყვანეს. გარდა ამისა, მორთულობა, რაც უკეთესი იყო, თავისი სამმართველოსათვის წაიღეს. აპირებენ სამზარეულოს ჭურჭლის წაღებასაც. უმორჩილესად გთხოვთ, დარიგება მისცეთ ამ ჩვენი მონასტრის ძმათ, თუ როგორ მოიქცნენ ამ შემთხვევაში".
1934 წელს კომუნისტებმა ხელახლა დაარბიეს მარტყოფის მონასტერი და მამა გერმანე ძმებთან ერთად იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა და ქირით დასახლებულიყო სოფლის ზემოუბანში. მალე ყაჩაღებად გადაცმულ ჩეკისტებს დაურბევიათ, სამღვდელო სამოსი წაურთმევიათ და მოხუცი ბერისთვის წვერის ცალი მხარე ჩამოუპარსავთ. ბერს ერთი სამდურავიც არ დასცდენია, რაც მის სიწმინდესა და ურისხველობაზე მეტყველებს. სამრეკლოდან ზარები ჩამოუხსნიათ, მამა გერმანეს არც მაშინ დასცდენია საყვედური, მხოლოდ ეს უთქვამს: დრომ მოიტანა, ეკლესიებს რომ არბევენ, აბუჩად იგდებენ და ეს არავის შერჩებაო. თვითონ კი წამითაც არ შეყოყმანებულა. ძველებურად ემსახურებოდა ღმერთსა და მოყვასს. მას წინასწარმცნობელობის მადლიც ჰქონია. დიდად დამაშვრალმა მამა გერმანემ 1947 წელს მშვიდად ჩააბარა სული თვისი უფალს.
გამოყენებული ლიტერატურა:
გიორგი მაჩურიშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე, "XVIII-XX საუკუნეებში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა").
აქვე წაიკითხეთ: ბერები »»
სურათზე: არქიმანდრიტები გერმანე იაშვილი და ხარლამპე ხომასურიძე