აბელი - ხატი და მსგავსი ღვთისა
აბელი - ხატი და მსგავსი ღვთისა
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით , სამოძღვრო მცნებებიდან, უწინარეს ყოვლისა, ათი მცნების პირველი ("მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყუნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე") და მეორე ("არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ") მცნებები გვახსენდება. ისტორიაში აბელისა და კაენის ამბავი გარკვეულ წყალგამყოფად გადაიქცა, სადაც ერთ მხარეს ისინი იმყოფებიან, ვისაც ყური აქვს და უფლის სიტყვას ისმენს, ხოლო მეორე მხარეს ისინი, ვისაც არ სურს მოისმინოს და შესაბამისად ყურიც არ ეძლევა. თუ აბელი, რომელსაც მაცხოვარი მართალს უწოდებს (მათ. 23:35), ახალ აღთქმაში ძალადობის პირველი მსხვერპლია, კაენი პირველი ბოროტმოქმედია, რომელმაც უდიდესი ცოდვა ჩაიდინა და "მოკლა თავისი ძმა" (1 იოან. 3:12).

მოციქული პავლე გვასწავლის, რომ ვისაც ყური არ აქვს, მშვინვიერი კაცია და "მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯოს" (1 კორ. 2:14), ადამიანში აღძრული შური და დავა კი სწორედ ასეთი მშვინვიერებისა და ხორციელობის ნიშანია. სხვაა სულიერი ადამიანი, რომელიც "ყველაფერს განსჯის, თვითონ კი არავისგან განისჯება" (1 კორ. 2:15).

ცოდვით დაცემის შემდეგ პირველი სახე სიკვდილისა ადამმა სულიერი სიკვდილის შედეგად მიიღო. შესაბამისად, სიკვდილის ძალა ადამმა უკვე სამოთხეში შეიგრძნო: მან შეასრულა გველის ნება, მიიღო აკრძალული ნაყოფი და სულიერად სამოთხეში არა მხოლოდ დაეცა, არამედ მოკვდა კიდეც. ახალ, უჩვეულო მდგომარეობაში ადამისათვის ღმერთი უხერხულობის შეგრძნების მიზეზად და ხელისშემშლელ ფაქტორად გადაიქცა. ცოდვილმა ადამიანმა ღვთის სასუფეველში ყოფნის უნარი დაკარგა, შეეცადა ღმერთს დამალვოდა და უღმერთო სივრცის ძიება დაიწყო. ამიტომ ღმერთმა "დაამკვიდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა" (დაბ. 3:24).

ამქვეყნიურ ცხოვრებაში ადამი სულიერი სიკვდილით და ხორციელი ხრწნილებით შემოვიდა. შემდეგ ადამის შთამომავლობა ორად გაიყო და დასაბამიდან მოყოლებული ერთნი ღვთის სასუფეველში დაბრუნებას ლამობენ, ხოლო მეორენი, მშვინვიერ ყოფას შეგუებულნი, ამქვეყნიურ სიამოვნებას ეძებენ და სულიერად განძარცვულები, როგორც წარღვნამდე, ისე წარღვნის შემდეგ, მიგნებული ქმნილი ძალებისგან კერპებსა და ღვთაებებს ქმნიან და ღმერთებად აღიარებენ. ჭეშმარიტი ღმერთის მაძიებელი ადამიანებისათვის კი ღმერთთან მიმავალი გზის ძიება მანამდე გაგრძელდა, სანამ კაცობრიობას მაცხოვარი არ მოევლინა, ადამის ცოდვა თავად არ იტვირთა და სიკვდილი სიკვდილით არ დაამარცხა.

მშვინვიერებას შეგუებული კაენი
იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: "ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდიმოსი, იუდეველთა მთავარი, რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენ მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს" (იოან. 3:1-3). უნდა ვიგულისხმოთ, რომ აქ საუბარი კვლავდაბადებით იმ სულიერი სიცოცხლის დაბრუნებაზეა, რომელიც ადამიანმა სამოთხეში დაკარგა. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი სახარების მოცემულ ფრაგმენტს ასე განმარტავს: "ნიკოდიმოსი იესო ქრისტეს ისეთ მასწავლებლად მიიჩნევდა, რომელთანაც სუფევს უფალი. მას არ ესმოდა, რომ ის ჭეშმარიტ ღმერთს ესაუბრებოდა. უფალი განუმარტავს ნიკოდიმოსს: რადგან "ზემოდან" არ შობილხარ, ანუ სულიერად ჯერ არ დაბადებულხარ, მიწიერი წარმოდგენა გაქვს ჩემზე. ამიტომ გეტყვი: შენ იქნები ეს თუ სხვა ადამიანი, თუ ღმერთისგან სულიერად ხელახლა არ დაიბადებით, მე სულიერად ვერ დამინახავთ და ვერც სასუფეველს დაიმკვიდრებთ". ამავე დროს, ისიც უნდა აღვნიშნოთ, როდესაც ადამიანი მიწიერად კვდება, ის იმ ტყავის სამოსსაც კარგავს, რომელითაც უფალმა ადამი და მისი დედაკაცი შემოსა (დაბ. 3:21), ანუ თუ ადამიანი ისე გარდაიცვალა, რომ მეორედ დაბადებით ღვთის სასუფეველში დაბრუნების უნარი არ აღიდგინა, სამოთხისა და მიწიერი სხეულის გარეშე დარჩენილი, ვერც სასუფეველში და ვერც ქვეყანაზე ვერ მკვიდრობს. მიწიერ ცხოვრებაზე უფრო დაბლა, ქვესკნელში დაინთქმება.

ედემში დაცემული და ცოდვის ტყვედ ქცეული ადამიანი ღმერთმა არ მიატოვა. "ადამ, სადა ხარ?" - უფალი უხმობს ადამს, მაგრამ არა იმის გამო, რომ ვერ ხედავს და არ იცის, სად იმყოფება, არამედ იმისათვის, რათა ადამიანი დაფიქრდეს, გაარკვიოს, ღმერთთან არის თუ ეშმაკთან, თავისი შეცდომა დაინახოს, აღიაროს, ცოდვა მოინანიოს და, დანაშაულის გამო ეშმაკის ტყვეობაში ჩავარდნილმა, საკუთარი პიროვნული ნება გამოხატოს და საკუთარი თავის გამოხსნაში მონაწილეობა მიიღოს. საუბედუროდ, ადამი ღმერთს ვერ დაუბრუნდა, მან ცოდვა არ აღიარა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ჩადენილი ცოდვის მიმართ გაცნობიერებული მორჩილება გამოავლინა. შემდეგ ადამი შეეცადა ღმერთთან ურთიერთობა ჩადენილი ცოდვის აღიარების გარეშე შეენარჩუნებინა, თავისი ცოდვა მან დედაკაცსა და ღმერთს გადააბრალა: "შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე" (დაბ. 3:12). ეს კი ღვთის ხატებისა და მსგავსებისათვის, ანუ სრულყოფილი ადამიანისათვის შეუსაბამო ქმედებაა, რადგან ამ შემთხვევაში ყველა პიროვნული ძალა, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს, ირღვევა და პიროვნება ღვთისადმი სასოებას კარგავს. ღვთისადმი სასოების გარეშე დარჩენილ ადამიანში ამპარტავნება, ანგარება, მრისხანება, შური, ცბიერება, მზაკვრობა, ვერაგობა და ეგოიზმი მკვიდრდება.

უკვე აღვნიშნეთ, რომ უფალს არც ადამი და არც მისი შთამომავლობა არ დაუწყევლია. მაგრამ, ისიც ნათელია, რომ ხრწნადი და ცოდვილი ადამიანი პირველქმნილი ქვეყნისათვის უცხო და მიუღებელი იქნებოდა და ადამის შთამომავლობა ვეღარ შეძლებდა ღმერთის ნებით აღორძინებული, სრულყოფილი ქვეყნის მართვას, და რადგან ღმერთმა ადამიანი ქვეყნის მფლობელად და მმართველად დაადგინა, უფალი ეუბნება ადამს: "მიწა დაიწყევლოს შენ გამო" (დაბ. 3:11), ანუ ღმერთმა ქვეყანაც ადამიანის ცოდვიან ბუნებას დაუქვემდებარა. ცხადია, დაწყევლილი და სახეცვლილი მიწა ედემის მიწის მსგავსი ვერ იქნებოდა, მაგრამ ეს მიწა ედემთან ახლოს მდებარეობდა და დასამუშავებლად მაინც კარგი უნდა ყოფილიყო.

კაენი, როგორც პირმშო და ადამის მემკვიდრე, მამის კვალს გაჰყვა, ახალი შეცდომები დაუშვა და ამით ადამის ცოდვას ხორცი შეასხა (შესაძლოა სწორედ იმის გამოა დაწერილი, "საშოს ამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდებაო" (ლუკ. 2:23), რომ კაენის მსგავსად ყველა პირველშობილი ძე ადამს არ მიემსგავსოს). კაენი კარგ მიწაზე მკვიდრობდა, მას მოსავალიც კარგი უნდა მიეღო და რადგან მიწა ცოდვის გამო დაწყევლილი იყო, მიიჩნია, რომ მიწა მას მფარველობდა და მის სურვილებს ასრულებდა. კაენმა მიიჩნია, რომ მიწა უფლის ნების საპირისპიროდ მის სამსახურში ჩადგა. კაენმა ღვთის ნებით მიწაში არსებული მიწის ძალა მიწის ნებად აღიქვა და ამპარტავნება დაეუფლა. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ, რომ კაენის საბოძვარი გარეგნულად კეთილ შთაბეჭდილებას ტოვებდა და ამიტომ ღმერთისგან კაენი შექებასაც კი მოელოდა. მაგრამ შინაარსი კაენის მოქმედებისა სხვა იყო. წმინდა მამების განმარტებით, ძღვენი მან უგულოდ შეარჩია და ღმერთისადმი დამოკიდებულებაშიც ასეთივე უგულისყურობა გამოავლინა, უფალი კი გულს უმზერს და კაენის "ძღვენს არ მიჰხედა". ღვთისთვის გამზადებული საბოძვრისადმი კაენის ასეთ დამოკიდებულებას სხვა მიზეზიც უნდა ჰქონოდა. კაენი ბოლომდე ვერ გაერკვა ადამის ცოდვის მნიშვნელობაში და ამიტომ სამოთხის გარეთ ცხოვრების საჭიროება გაცნობიერებული არ ჰქონდა, შესაბამისად, ედემის აღმოსავლეთით ცხოვრებით უკმაყოფილო უნდა ყოფილიყო. კაენს ადამის ცოდვის სიმძიმე რომ დაენახა, მამის ცოდვიან გზას არ აირჩევდა. უფალს შესაწირავი ასეთ გაუგებრობაში მყოფმა კაენმა განუმზადა, ამიტომ სამსხვერპლოსთან ღვთის მომლოდინე კაენი ახალი ქომაგის, მიწის ძალით იყო აღფრთოვანებული და მისი გული მიწის იმედით იყო აღვსილი. ეს კი კერპთაყვანისმცემლობაა, რადგან კაენი ქმნილს - მიწას, ანუ საკუთარ აღმოჩენას ეთაყვანება და არა შემოქმედს.

საბაბი მშვინვიერი კაცის გაბოროტებისა და მასში მოქმედი მხეცი
კაენი ხედავდა, რომ მის ძმას სხვა მისწრაფებები ჰქონდა. კაენს თავიდანვე აღიზიანებდა, რომ მისი უმცროსი ძმა კაენის "ახალ მიგნებებს" არად მიიჩნევდა და მის უპირატესობას არ აღიარებდა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ძმებს შორის კონფლიქტი და აბელის მკვლელობის საწყისები კაენში, როგორც ადამის შეცდომების გამგრძელებლის ბუნებაში, თავიდანვე იყო მოკალათებული. კაენისათვის ეს ბრძოლა ღმერთთან დაპირისპირებით დაიწყო: ხორციელ კაცს არც ღმერთი უყვარს და არც სულიერი ადამიანი. ხორციელი სულიერის მიმართ შურით ივსება, ჯავრობს სულიერი ადამიანის არსებობის გამო და ცდილობს, ჩამოიშოროს იგი, - გვასწავლიან წმინდა მამები.

უფალმა გააფრთხილა კაენი: "ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე" (დაბ. 4:7). ამ დროს კაენს ღვთისა და მოყვასის წინაშე ჯერ კიდევ ბრალი არ ჰქონდა განხორციელებული, ცოდვა ჯერ მხოლოდ მის აზრებში ტრიალებდა. კაენს არჩევანი უნდა გაეკეთებინა, მას თავისი ნებით უნდა გადაედგა ერთადერთი გადამწყვეტი ნაბიჯი და ან ღმერთის რჩევა მიეღო და ცოდვაზე გაბატონებულიყო, ან უარი ეთქვა ღმერთის რჩევაზე და ეშმაკს დამონებოდა. კაენმა მეორე გზა არჩია და იმ ცოდვის მორჩილი გახდა, რომლის შესახებაც გაფრთხილებული იყო.

კაენის გარშემო ადამიანთაგან მხოლოდ მშობლები და აბელი იყო, ამიტომ სიტყვები: "ცოდვა ჩასაფრებულია კართან" - გვაფიქრებინებს, რომ ჩასაფრებულ ცოდვას მხეცის სახე აქვს. ეს ძალა მხოლოდ ცხოველურ საწყისად შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ ცხოველი აღარც სიბრძნით გამორჩეული გველი იყო. ცხოველი უკვე უხეში და დაუნდობელი მხეცია, რომელიც კაენიდან ადამიანურ გრძნობებს და გონებას გამოდევნის და მასში თავის მხეცურ საწყისს დაამკვიდრებს. კაენში მხეცი უსამართლობის შეგრძნებისა და უკმაყოფილების ბოღმის სახით შეიჭრა. როდესაც უფალმა კაენსა და მის ძღვენს არ მიხედა, "ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა" (დაბ. 4:5). კაენი რომ სულიერი პიროვნება ყოფილიყო, სამართალი ღმერთთან უნდა ეძებნა, მან კი მზერა მიწას მიაპყრო. თავისი შინაარსით ეს საქციელი ღვთის უარყოფისა და მიწიერი ძალების მოხმობის ტოლფასია. უფალმა უთხრა კაენს: "თუ სიკეთის მქმნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო?" (დაბ. 4:5). მაგრამ, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს, მშვინვიერ კაცს არც ღმერთი უყვარს და რაც ღვთის სულისაგან არის, ვერც იმას შეიწყნარებს (1 კორ. 2:14).

მეორე მხრივ, კაენს არ სურს საბოლოოდ დაკარგოს ღმერთის მფარველობა, უფრო სწორად, მას სურს, მიწაც შეინარჩუნოს და ზეცაც. უფალი კი გვასწავლის: "არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შეძლებთ, ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც" (მათ. 6:24). დასახული მიზნის განსახორციელებლად კაენმა, თავისი აზრით, გამოსავალი გამონახა და მხეცური ლოგიკით გადაწყვიტა, თუ აღარ იარსებებდა აბელი, ღმერთი კაენს მოხედავდა და ის არც პირმშოობას დაკარგავდა და კვლავაც ერთადერთი საყვარელი მემკვიდრე იქნებოდა. ეს გადაწყვეტილება კაენმა უკვე დაზიანებული ცხოველური წარმოსახვით მიიღო, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც სათავეს უფალში იღებს, ადამიანს სიყვარულის გამრავლებისკენ და არა შემცირებისკენ მოუწოდებს. კაენის წარმოდგენაში ღმერთს იმის გამო შეიძლება უყვარდეს, რომ სხვა სიყვარულის ობიექტი არ გააჩნია. "სიყვარულის" ასეთი გაგება კაენის გულში მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც მის მშვინვიერ ბუნებაში მხეცი შეიჭრა. ასეთ შემთხვევაში ადამიანისათვის საყვარელი არსებების წრე ნელ-ნელა ვიწროვდება, ბოლოს მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარული რჩება, ეს კი თვითგანადგურების პროცესის ბოლო ეტაპია. კაენს ეს აღარ ესმის, რადგან მხეცისთვის, რომელიც მასშია ჩასახლებული, მხოლოდ მეტოქეობაა გასაგები და მისაღები.

მას შემდეგ, რაც მკვლელობა ჩაიდინა, კაენმა ადამის მსგავსად ცოდვის ღმერთისგან დამალვა გადაწყვიტა, ანუ ურწმუნოება გამოიჩინა. დაწერილია: "უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს" (დაბ. 4:10). სავარაუდოა, რომ მან აბელი იმ მიწაში საგულდაგულოდ დაფლა, რომელიც თავის მოკავშირედ მიაჩნდა. მაგრამ მიწამ გამოავლინა ღვთისადმი მორჩილება და კაენმა მოულოდნელად უფლის ხმა შეიგრძნო: "უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი?" (დაბ. 4:9). უფალი ისეთივე შინაარსის სიტყვებით მიმართავს კაენს, როგორითაც ადამს სამოთხეში ცოდვით დაცემის შემდეგ (დაბ. 3:9). ამ სიტყვებმა ჩადენილ ცოდვაში როგორც ადამი, ისე კაენი ამხილა. შეკითხვა ამ შემთხვევაშიც იმისათვის დაისვა, რათა კაენი დაფიქრებულიყო და მონანიების სურვილი გასჩენოდა. მაგრამ კაენის პასუხში უფრო მეტი ამპარტავნება და უღმერთობაა, ვიდრე ადამის პასუხში იყო: "მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ" (დაბ. 4:9). მხეცის ძალით შებოჭილი კაენი, ანუ შეპყრობილი გიჟი, თავისი მიწიერი კეთილდღეობის სანაცვლოდ მსხვერპლად მოყვასის, თავისი ძმის სიცოცხლეს გაიღებს და მას ეს სულაც არ ადარდებს. კაენი მიიჩნევს, რომ მიწაზე ის მყარად მკვიდრობს და მოკლული ძმა მისთვის უკვე არანაირ უხერხულობას, გაუგებრობას და წინააღმდეგობას აღარ წარმოადგენს. ამ მომენტში კაენის ახალი უღმერთო ცხოვრება უკვე ძალას იკრებს და საჭირო ძალების წყაროდ ის მიწას მიიჩნევს. კაენის მიზნების საპირისპიროდ უფალი ასე მიმართავს მას: "ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე" (დაბ. 4:11-12). ეს იმას ნიშნავს, რომ მიწიერების მოტრფიალე კაენი ჭეშმარიტ სიმშვიდეს ვეღარსად იგრძნობს. კაენი მოხეტიალე ადამიანია, ეშმაკის მსგავსად თავისი დაზიანებული სულით იგი დღენიადაგ დაძრწის. მიწიერების თვალსაზრისით, კაენს შეიძლება კეთილმოწყობილი ცხოვრება ჰქონდეს, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, ის სიმშვიდეს მაინც ვეღარ შეიგრძნობს. დანაშაულის ჩადენით, უფრო სწორად, ადამიანის მიმართ დანაშაულის წარმოქმნით, დამალვით, საცხოვრებელი სივრცის დატოვებითა და ახალი საცხოვრებლის შექმნით კაენის მდგომარეობა გარეგნულად ადამის მდგომარეობას ჰგავს: "განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ" (დაბ. 3:24).

აბელი მოკლა კაენმა, მაგრამ სამოთხის შუაგულში დგას სიცოცხლის ხე, რომელიც აბელის მიმდევართა მოლოდინშია, ხოლო რაც შეეხება კაენის შთამომავლობას, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ამაოდ არიან ბედნიერების მაძიებლები, რადგან ისინი დაწყევლილი არიან მიწისგან.
ბეჭდვა
1კ1