ადამის ტირილი
ადამის ტირილი
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით: "საყვარელი ღმერთი შეურაცხვყავი". სამოთხისეული სილამაზის დაკარგვას კი არ ნანობდა, არამედ ღმერთის სიყვარულის მოკლების გამო იურვოდა. ყველა სული, რომელმაც სულიწმინდით შეიმეცნა ღმერთი და შემდეგ დაკარგა მადლი, განიცდის ტანჯვას ღმერთისთვის წყენის მიყენების გამო.

წუხდა ადამი დედამიწაზე, მწარედ ქვითინებდა, არ უნდოდა აქ ყოფნა და ქვითინებდა: "მოწყენილია ჩემი სული უფალზე ფიქრით; ცრემლიანი დავეძებ მას. როგორ არ უნდა ვეძებო? როცა მასთან ვიყავი, ჩემი სული მხიარული და მშვიდი იყო, მტერს არ შეეძლო რაიმე დაეშავებინა ჩემთვის. ახლა კი ბოროტმა სულმა დამიპყრო, მარყევს და მტანჯავს; ამიტომაა მოწყენილი ჩემი სული, თვით სიკვდილამდე; იგი მიისწრაფვის ღმერთისაკენ, არაფერი ახარებს დედამიწაზე, არაფერი ამშვიდებს; კვლავ მინდა ვნახო ღმერთი; კვლავ მინდა დავტკბე. ერთი წუთითაც არ მავიწყდება მე იგი, მწარედ განვიცდი და ვტირი: "შემიწყალე, ღმერთო, შენი დაცემული ქმნილება". ასე ქვითინებდა ადამი და მისი ცრემლები ალბობდა დედამიწას; მთელ უდაბნოს ესმოდა მისი კვნესა; ფრინველები და მხეცები დუმდებოდნენ. ადამი კი ქვითინებდა, რამეთუ მისი ცოდვების გამო ყველა არსებამ დაკარგა მშვიდობა და სიყვარული.

დიდი იყო ადამის ტანჯვა სამოთხიდან განდევნისას, მაგრამ როცა მან დაინახა თავისი ძე აბელი, მოკლული ძმისაგან - კაენისაგან, უფრო დანაღვლიანდა, კიდევ უფრო დიდი შეიქნა მისი ტანჯვა; იტანჯებოდა და ფიქრობდა: "ჩემგან იშვება და გამრავლდება ხალხი და ყველა დაიტანჯება, ერთმანეთისადმი მტრულ დამოკიდებულებაში იცხოვრებენ და მოკლავენ ერთიმეორეს". ზღვასავით უკიდეგანო იყო ეს ტანჯვა. მისი გაგება ძალუძს მხოლოდ იმას, ვინც შეიმეცნა უფალი და მისი ჩვენდამი სიყვარული. მე დავკარგე მადლი და ადამთან ერთად ვუხმობ უფალს: "შემიწყალე მე, უფალო, მაჩუქე თავმდაბალი სული და სიყვარული.

ო, სიყვარულო უფლისა! ვინც შეგიმეცნა შენ, იგი განუწყვეტლივ დაგეძებს დღე და ღამე, დაგეძებს და გიხმობს: მოწყენილია ჩემი სული შენზე უფალო, ცრემლიანი დაგეძებ შენ; ან კი როგორ არ უნდა გეძებო? შენ შემამეცნებინე შენი თავი სულიწმინდით და ეს შემეცნება იზიდავს ჩემს სულს, ცრემლებით გეძიოს შენ".

ტირის ადამი: "არაა სათნო ჩემთვის უდაბნო; არ მსიამოვნებს არც მაღალი მთები, არც მინდვრები, არც ტყეები, არც ფრინველთა გალობა; არაფერი მიზიდავს; ჩემი სული უდიდეს ნაღველშია. მე ვაწყენინე ღმერთს და კვლავ სამოთხეში რომც დამამკვიდროს, იქაც ტანჯვაში ვიქნები და ვიტირებ: რატომ ვაწყენინე საყვარელ უფალს".

ღმერთი ამოუხაპავი სიყვარულია და მისი აღწერა შეუძლებელია. დადიოდა ადამი დედამიწაზე, მწარედ ტიროდა, გონებით კი მუდამ ღმერთზე ფიქრობდა; გულში ძლიერი ტკივილი ჰქონდა, ცრემლებს აფრქვევდა. როცა მისი სხეული იქანცებოდა და ცრემლების ფრქვევა აღარ შეეძლო, მაშინაც კი მისი სული ღმერთის სიყვარულით იწვოდა, რამეთუ აღარ შეეძლო, დაევიწყებინა სამოთხე და მისი მშვენიერება; მაგრამ უფრო მეტად ადამის სულს ღმერთი უყვარდა და ამ სიყვარულის ძალით მიიწევდა მისკენ.

ო, ადამ, მე ვწერ, მაგრამ შენ ხედავ, ჩემს უძლურ გონებას არ შეუძლია გაიგოს, როგორ ნაღვლობდი შენ ღმერთზე და როგორ ეწეოდი სინანულის ჭაპანს. ო, ადამ, შენ ხედავ: მე, შენი შვილი, ვიტანჯები დედამიწაზე. მცირეა ჩემში ცეცხლი, ძლივს ბჟუტავს ჩემი სიყვარული. ო, ადამ, გვიმღერე გალობა უფლის მიმართ, დაე, გამხიარულდეს სული ჩემი ღვთისა მიმართ, დაე, ვაქებდე და ვუგალობდე მას, როგორც აქებენ ცაზე ქერუბიმნი და სერაფიმნი, როგორც ზეციური ანგელოზები უგალობენ სამწმიდა გალობას. ო, ადამ, ჩვენო მამავ, გვიგალობე გალობა უფლისა, რათა ისმინოს მთელმა დედამიწამ, რათა შენმა შვილებმა თავიანთი გონება მიმართონ ღმერთისაკენ, დატკბნენ ზეციური გალობის ჰანგებით და დაივიწყონ დედამიწაზე ცხოვრების სიმწარე.

"ო, ადამ, შენ ცხოვრობ ცაში და უცქერი უფალს, დიდებით მჯდომარეს მამის მარჯვნივ; უცქერი ქერუბიმებს, სერაფიმებს, ყველა წმინდანს, ისმენ ზეციურ გალობას, რომლის სიტკბოებამ შენს სულს დედამიწა დაავიწყა. ჩვენ მოწყენილნი ვართ დედამიწაზე, გვენატრება ღმერთი. მცირეა ჩვენში ცეცხლი, რათა მგზნებარედ გვიყვარდეს უფალი. შთაგვაგონე ჩვენ, რა უნდა ვაკეთოთ სამოთხის მოსაპოვებლად".

ადამი პასუხობს: "ნუ მაწუხებთ მე, შვილნო; ღმერთის სიყვარულის სიტკბოებისაგან არ შემიძლია გავიხსენო დედამიწა".

"ო, ადამ, მწუხარებენ ჩვენი სულები, ვიტანჯებით; გვითხარი რაიმე დამამშვიდებელი".

"ნუ მაწუხებთ მე. ჩემი ტანჯვის დრო წავიდა. სამოთხის სილამაზემ და სულიწმინდის სიტკბოებამ დამავიწყა დედამიწა, მაგრამ გეტყვით თქვენ: უყვარხართ უფალს; იცხოვრეთ სიყვარულში, შეიმუსრეთ გულები და ღვთის სული დაიმკვიდრებს თქვენში. იგი სახლდება გულებში წყნარად და მშვიდად; ანიჭებს მათ სიმშვიდეს და უსიტყვოდ ღაღადებს ხსნაზე. უგალობეთ ღმერთს სიყვარულსა და სულის თავმდაბლობაზე; ეს უხარია უფალს".

"ო, ადამ, ჩვენო მამავ, რა ვქნათ? ჩვენ ვგალობთ, მაგრამ არ არის ჩვენში სიყვარული და თავმდაბლობა".

"მოინანიეთ ღმერთის წინაშე და სთხოვეთ. მას უყვარს ადამიანი და ანიჭებს იმას, რაც მისთვის საჭიროა. მე ბევრი მოვინანიე და ბევრი ვიტანჯე იმის გამო, რომ ღმერთს ვაწყენინე და რომ ჩემი ცოდვებისათვის დაიკარგა მშვიდობა და სიყვარული დედამიწაზე. ჩემი ცრემლები ალტობდნენ მთელ დედამიწას. უდაბნოს ესმოდა ჩემი კვნესა. თქვენ ვერ გაიგებთ ჩემს ტანჯვას, ვერც იმას, როგორ ვქვითინებდი ღმერთსა და სამოთხეზე. სამოთხეში სულიწმინდა მამხიარულებდა და არ ვიცნობდი არავითარ ტანჯვას. მაგრამ როცა განვიდევნე სამოთხიდან, შიმშილმა და სიცივემ გამტანჯა; მხეცები და ფრინველები, რომლებიც თვინიერნი იყვნენ და ვუყვარდი მე, გამირბოდნენ, რადგან ეშინოდათ ჩემი. მტანჯავდა ბოროტი ზრახვები; მწვავდა მზე და ქარი; მასველებდა წვიმა; მაწამებდა ავადმყოფობა და ყველა მიწიერი საზრუნავი, მაგრამ ვითმენდი და მტკიცე იმედი მქონდა ღმერთისა. თქვენც ატარეთ მონანიების ტვირთი: შეიყვარეთ ტანჯვა, გათანგეთ სხეული, მოიპოვეთ თავმდაბლობა და შეიყვარეთ მტრები, რათა დასახლდეს თქვენში სულიწმინდა. აი, მაშინ შეიცნობთ და მოიპოვებთ ზეციურ სამეუფოს. მე კი ნუ მაწუხებთ; ღმერთის სიყვარულისაგან დამავიწყდა დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზე მკვიდრობს; დამავიწყდა თვით ჩემით დაკარგული სამოთხე, რამეთუ ვჭვრეტ უფლისა და წმინდანების დიდებას, რომლებიც ღვთის სახის ნათლისაგან თვითონაც ბრწყინავენ უფლის მსგავსად".

"ო, ადამ, გვიგალობე ზეციური გალობა, რათა ისმინოს დედამიწამ და დატკბეს ღმერთისადმი სიყვარულის სიმშვიდით. ჩვენ გვინდა მოვისმინოთ ეს გალობა: იგი ტკბილია, რამეთუ იგალობება სულიწმინდით".

ადამმა დაკარგა მიწიერი სამოთხე და ტირილით ეძებდა მას: "ო, სამოთხევ ჩემო, უმშვენიერესო სამოთხევ". მაგრამ უფალმა, თავისი უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულებით ჯვარზე, მისცა მას სხვა სამოთხე, უკეთესი წინანდელზე, ზეცაში, სადაც სუფევს წმინდა სამების ნათელი.

რა უნდა მივცეთ უფალს ჩვენდამი ასეთი განუზომელი სიყვარულის სანაცვლოდ?!
ბეჭდვა
1კ1