ერიც ისეთი იყო, როგორიც ხელისუფლება, მთელ ერში არ არსებობდა სარწმუნოება
ერიც ისეთი იყო, როგორიც ხელისუფლება, მთელ ერში არ არსებობდა სარწმუნოება
სოლომონის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ აღესრულა აქიას წინასწარმეტყველება: ისრაელის სამეფო ორად გაიყო - ისრაელისა და იუდეველთა სამეფოდ. იუდეველთა სამეფო მხოლოდ ისრაელიანთა ორი - იუდასა და ბენიამინის ტომისგან შედგებოდა, დანარGენი ათი ტომისგან შემდგარ სამეფოს კი უწინდელი სახელი - ისრაელის სამეფო ეწოდა...

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

- როგორ მოხდა ისრაელის ერის ორ სამეფოდ გაყოფა? როგორც სოლომონის მეფობის ხანაზე საუბრისას ითქვა, ისრაელის სამეფოს ორად გაყოფის მიზეზი არ ყოფილა მხოლოდ სოლომონ მეფის ცოდვა...

- სოლომონის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი მემკვიდრე - რობოამი ავიდა. სოლომონის შთამომავლობა, მით უფრო რობოამი, ღვთის ჭეშმარიტი მადიდებელი რომ ყოფილიყო, ისრაელის ორ სამეფოდ გაყოფა არ მოხდებოდა, მაგრამ რობოამი გაცილებით მეტს სცოდავდა, ვიდრე სოლომონმა სცოდა სიცოცხლის ბოლოს. ბიბლიაში ისრაელის სამეფოს გაყოფის უშუალო საბაბად მოხმობილია შემდეგი ფაქტი: სოლომონის მეფობის უკანასკნელ წლებში, მეფის ბრძანებით, გადასახადები ძალიან გაიზარდა. ხალხი დიდ გასაჭირში ჩავარდა. სოლომონის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრესთან - რობოამთან ისრაელის სხვადასხვა ტომის უხუცესები მივიდნენ და ხარკის შემსუბუქება სთხოვეს. რობოამმა სამი დღის ვადა ითხოვა. სათათბიროდ ჯერ უხუცესები იხმო, რომლებიც სოლომონთან მსახურობდნენ, შემდეგ ეთათბირა ახალგაზრდებს, რომლებიც მასთან ერთად გაიზარდნენ. უხუცესებმა ხარკის შემცირება ურჩიეს, ახალგაზრდებმა კი უთხრეს, ეს არ გაეკეთებინა, რადგან სისუსტეში ჩაუთვლიდნენ. რობოამმა ახალგაზრდების რჩევა გაითვალისწინა და ხალხს განუცხადა, რომ შემცირების ნაცვლად, პირიქით, გაუზრდიდა გადასახადს. ამით აღშფოთებულმა ებრაელთა ათმა ტომმა უარი თქვა რობოამის მორჩილებაზე. ახალი მეფე აირჩიეს და ცალკე სამეფო ჩამოაყალიბეს. იუდას და ბენიამინის ტომებმა ერთგულება გამოიჩინეს და მეფედ ცნეს რობოამი, დავით მეფის შვილიშვილი. ეს იყო მიწიერი საბაბი ისრაელის სამეფოს გაყოფისა.

რობოამ მეფის გადაწყვეტილებაში გამოჩნდა, რომ ის უფრო და უფრო წარემატა ცოდვაში: მთელმა იმდროინდელმა სამყარომ იცოდა სოლომონ მეფის სიბრძნე, მისი მრჩევლებიც რაოდენ ბრძენი ადამიანები იყვნენ, რობოამმა კი მათი სიბრძნე არად ჩააგდო და ახალგაზრდების რჩევა მიიღო, რაც თავადაც სურდა. სოლომონ მეფე მოხუცებულობაში მიენდო თავის თავს, ღვთისგან ბოძებული სიბრძნე თავისად ჩათვალა და ამით დასცილდა უფალს. რობოამმა სოლომონის სიბრძნეც კი მიატოვა. მამამისის მრჩევლების რჩევის უგულებელყოფით მამასაც აღუდგა წინ. ამით უფრო მეტად მიენდო საკუთარ თავს და უფრო მეტად დასცილდა უფალს, რამაც გამოიწვია სულიერი თვალსაზრისით ისრაელის სახელმწიფოს გაყოფა. ამასთან, სოლომონის მიერ დაწესებული გადასახადების შეცვლის მოთხოვნით ისრაელიანები უფალს აღუდგნენ წინ. ესეც მიანიშნებდა, რომ ერი უსჯულოებაში იყო და ამიტომაც ვერ ეგუებოდა საღვთო სიბრძნით დაწესებულ კანონებს.

- როგორ წარიმართა გაყოფის შემდეგ თითოეული სამეფოს ყოფა-ცხოვრება?

- ისრაელის სამეფოს პირველი მეფე გახდა იერობოამი, რომელმაც უსჯულოებაში რობოამსაც კი გადააჭარბა. იმის შიშით, რომ მის სამეფოში მცხოვრებ ებრაელებს იერუსალიმში არ დაეწყოთ სიარული მსხვერპლის შესაწირად და ამით თავისი სახელმწიფო არ დაეკარგა, მან ისრაელის სამეფოს დედაქალაქში - სამარიაში ააგო სამსხვერპლო, სადაც აღესრულებოდა მსხვერპლშეწირვა. კერპები დადგა, ხბოების ქანდაკებები გააკეთებინა და ისრაელის ერს ეუბნებოდა - აჰა თქვენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანესო. ისრაელის სამეფო საფუძველშივე უკვე ღვთის გზას ჩამოსცილდა.

ისრაელის სამეფოში ძალიან ხშირად იცვლებოდა სამეფო დინასტიები, მათ სხვადასხვა ტომიდან ჰყავდათ მეფეები. ოთხ თაობაზე მეტი არც ერთ სამეფო დინასტიას არ უარსებია. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც რომელიმე ტომს მხოლოდ ერთი მეფე ჰყავდა დინასტიაში. ხშირად აწყობდნენ შეთქმულებებს, რომლებიც მეფის, სამეფო ოჯახისა თუ მთელი სამეფო გვარის განადგურებითაც კი მთავრდებოდა. განუწყვეტლივ მიმდინარეობდა ბრძოლა სამეფო ხელისუფლებისთვის და თითქმის ყველა დინასტია მოდევნო სამეფო დინასტიის დამფუძნებელმა გაანაგდურა. საერთო ჯამში, ერიც ისეთივე იყო, როგორიც ხელისუფლება. მთელ ერში დაიკარგა სარწმუნოება, მხოლოდ ერთეულნი დადიოდნენ იერუსალიმში და აღასრულებდნენ მოსეს სჯულს - ღვთივსათნოდ ცხოვრობდნენ. ლევიტელთა შორისაც კი ბევრი აღასრულებდა მოსეს სჯულს. ამასთან, მეფეებს ხშირად წარმართები მოჰყავდათ ცოლებად, რომლებიც ხელს უწყობდნენ ერში წარმართობის გავრცელებას.

შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო იუდეველთა სამეფოში. მათ შეინარჩუნეს ერთი სამეფო დინასტია - იუდას დავით მეფის შტოდან ჰყავდა ყველა მეფე. მათ შორისაც იყვნენ მეფეები, რომლებიც სულიერად ვერ იდგნენ სათანადო სიმაღლეზე, მაგრამ ასევე ხშირად გამოჩნდებოდნენ ისეთნი, რომლებიც საღვთო სჯულის აღსრულებას ცდილობდნენ და ერსაც, ხალხსაც ამისკენ მოუწოდებდნენ. მეფე იოშია გავიხსენოთ. მის შესახებ ბიბლია გვაუწყებს: ისეთი მოშურნეობით არც ერთ მეფეს არ აღუსრულებია მოსეს სჯული, როგორითაც იოშიამ აღასრულაო. თავად დავითსა და სოლომონზე მეტი მოშურნეობით აღასრულებდა იოშია მეფე ღვთის სჯულს. ამდენად, მოსეს სჯულის აღსრულება, შესაბამისად, სულიერება იუდეველთა სამეფოში გაცილებით მაღალ დონეზე იდგა. სწორედ ამან განაპირობა, რომ იუდეველთა სამეფომ გაცილებით მეტხანს - 4 საუკუნეზე მეტი იარსება, ვიდრე ისრაელის სამეფომ. მან 3 საუკუნეც ვერ გაძლო.

შემდგომში, როდესაც აღდგა იუდეის, ისრაელის ქვეყანა, სამეფო აღარ აღმდგარა. ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ისრაელს მეფე აღარ ჰყოლია, თუ არ ჩავთვლით მაცხოვრის მოსვლის პერიოდისთვის ჰეროდესა და მისი შთამომავლების მეფობას. ჰეროდეც არ ყოფილა წმინდა სისხლის ისრაიტელი - ის დედით იყო ებრაელი, მამით კი არაბი. როგორც ვიცით, ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ ოთხ სამთავროდ გაიყო ისრაელი. სამი სამთავროს მმართველობა ეპყრათ ჰეროდეს შვილებს, მეოთხე სამთავროს კი თავად რომი განაგებდა - იერუსალიმში იჯდა პილატე პრონტოელი, რომელიც არ იყო ჰეროდეს შთამომავალი. ამდენად, ჰეროდესა და მისი შთამომავლების სამეფო დინასტიამაც მხოლოდ ორი თაობა იარსება. თუ ამ დინასტიას არ ჩავთვლით, ბაბილონის ტყვეობიდან გამოსვლის შემდეგ ისრაელს მეფე აღარ ჰყოლია, ისრაელის ერს განაგებდნენ მღვდელმთავრები. რომის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ, როდესაც ისრაელი რომმა დაიპყრო, ადგილობრივი მმართველი იყო რომისგან დანიშნული პროკონსული, ისრაელის ერის საშინაო საქმეებს კი კვლავ მღვდელმთავრები განაგებდნენ. პირველი საუკუნის 70-იანი წლებიდან, როდესაც ებრაელებმა აჯანყება მოაწყვეს რომის იმპერიის წინააღმდეგ, ისრაელიანები გაანადგურეს და განდევნეს ისრაელის ტერიტორიიდან. მხოლოდ 1947 წელს აღდგა ისრაელის სახელმწიფო და ებრაელებიც ამის შემდეგ დაბრუნდნენ თავიანთ მიწაზე. ამის შემდეგ ისრაელი საპარლამენტო მმართველობის ქვეყანაა.

- რატომ ვერ მოახერხეს ისრაელის სამეფოში ერთი სამეფო შტოს, დინასტიის შენარჩუნება?

- ამის პირობა მისი შექმნის საფუძველშივე იყო ჩადებული. "ვინც მახვილი აიღოს, მახვილითვე მოისრასო". თავად იერობოამმა, ისრაელის პირველმა მეფემ, მიიტაცა მეფობა, რომელიც არ ეკუთვნოდა. ცხადია, უფალმა დასაჯა სოლომონი, რობოამი და მისი შთამომავლებიც იმის გამო, რომ არ აღასრულეს ღვთის ნება, მათი საქციელით კი დაისაჯა ისრაელის სამეფო და გაიყო, მაგრამ იერობოამის საქციელი გაცილებით არაღვთივსათნო იყო - მან მიიტაცა მეფობა, და რაც მახვილით მიიტაცა, მახვილითვე წაერთვა. ვინც მას წაართვა მახვილით, მასაც მახვილითვე წაერთვა - შეიქმნა ერთგვარი მოჯადოებული წრე: კლავდნენ წინა მეფეს და სხვა ტომის წარმომადგენელი იტაცებდა მეფობას, მასაც კლავდნენ და მახვილის ამღები თვითონაც მახვილით კვდებოდა. ისრაელის ყველა მეფე ძალით მოვიდა ხელისუფლებაში. საბოლოოდ, ისრაელის სამეფო მთლიანად განადგურდა. იუდეის სამეფოს დაცემის შემდეგაც კი ისრაელის სახელმწიფოს სამეფო მმართველობა აღარ ჰქონია.

- საინტერესოა, რატომ ინება უფალმა რჩეული ერის ორად გაყოფა...

- ეს ისრაელის ერმა თავისი საქციელით მოიწია თავს, მეფისა და ერის მიზეზით. მაგრამ რა იყო ღვთისთვის სათნო ისრაელის სახელმწიფოს, ისრაელის ერის ორად გაყოფაში? - ვისაც ისრაელის სახელმწიფოში ღვთივსათნოდ ცხოვრება სურდა, ყველა იუდეველთა სამეფოში იყრიდა თავს. ფაქტობრივად, მოსეს სჯულის აღმსრულებელი ადამიანები ერიდებოდნენ ისრაელის სამეფოში ცხოვრებას და იუდეველთა სამეფოში გადმოდიოდნენ. მართალია, იუდეაშიც ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც არ აღასრულებდნენ მოსეს სჯულს, მაგრამ ისინი გაცილებით ცოტანი იყვნენ, ვიდრე ისრაელის სამეფოში, სადაც ფაქტობრივად მოსეს სჯულს არავინ აღასრულებდა, იშვიათი გამონაკლისის გარდა.

- რატომ გადაუხვია რჩეული ერის უმეტესობამ ღვთის გზას?

- ეს მოხდა თითოეული მათგანის თავისუფალი ნებით, უფლის ხელი მათ ამგვარ ქმედებაში არ ურევია. უფალი ყოველგვარ პირობას უქმნიდა მათ, ხელს უწყობდა, რომ ჭეშმარიტ ღმერთთან ყოფილიყვნენ.

- როდის გაიყო ისრაელის სახელმწიფო ორ სამეფოდ და კიდევ რომელი სახელმწიფოები არსებობდა მსოფლიოში ამ პერიოდისთვის?

- ისრაელის სახელმწიფოს ორად გაყოფა მოხდა ძველი წელთაღრიცხვის X საუკუნეში. ამ პერიოდისთვის არსებობდა ეგვიპტის ძლიერი სახელმწიფო; ასურეთის სახელმწიფო, რომელსაც უკვე დაეპყრო სპარსეთი. ძველი წელთაღრიცხვის VII საუკუნეში ასურეთის სამეფომ დაიპყრო და მთლიანად გააუქმა ისრაელის სამეფოც, იუდეველთა სამეფოდან კი ხარკს იღებდა (150 წლის შემდეგ იუდეველთა სამეფოც გაანადგურეს და გააუქმეს ბაბილონელებმა).

შემდგომ მსოფლიოში მოვლენები ამგვარად ვითარდება: მიდიელებისა და ბაბილონელების კოალიციამ დაამარცხა ასურეთი, მისი დედაქალაქი ნინევია კი აღგავა პირისაგან მიწისა. ისრაელისა და იუდეველთა სამეფოებს სამხრეთიდან - ეგვიპტის, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ჯერ ასურეთის, შემდეგ კი ბაბილონის სახელმწიფოების მხრიდან ელოდა საფრთხე. ხოლო მას შემდეგ, რაც ამ სამეფოებმა არსებობა შეწყვიტეს (ისრაელის სამეფო გაუქმდა ძველი წელთაღრიცხვის 722 წელს, იუდეველთა კი 586 წელს), ასპარეზზე გამოჩნდა სპარსეთის სახელმწიფო.
ბეჭდვა
1კ1