იმ დროს, როდესაც ისრაელი აღთქმულ ქვეყანაში შევიდა, ჭეშმარიტი ღმერთის ხსოვნა მათ გარდა, ფაქტობრივად, აღარავის ჰქონდა
იმ დროს, როდესაც ისრაელი აღთქმულ ქვეყანაში შევიდა, ჭეშმარიტი ღმერთის ხსოვნა მათ გარდა, ფაქტობრივად, აღარავის ჰქონდა
დაახლოებით როდის შედიან ისრაელიანნი აღთქმულ ქვეყანაში? რა მდგომარეობაა ამ პერიოდისთვის ხილულ სამყაროში? როდის იწყება ისრაელის ერში მსაჯულთა ხანა?

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- ქრისტეშობამდე 1800 წელს ისრაელიანნი ეგვიპტელთა ოთხასწლიან მონობაში აღმოჩნდნენ. აღთქმულ ქვეყანაში კი 440 წლის შემდეგ - დაახლოებით ქრისტეშობამდე მე-14 საუკუნის შუა ხანებში შევიდნენ, როდესაც ჯერ კიდევ ეგვიპტის ზეობის ხანა იდგა. შესაძლოა, ტექნიკური ან კულტურული ცივილიზაცია სხვა ხალხებსაც ჰქონდათ, მაგრამ ცივილიზებული სახელმწიფოს სახით მხოლოდ ეგვიპტე არსებობს. ამ პერიოდში სახელმწიფოები ყალიბდებიან. უფრო ძლიერი ქალაქ-სახელმწიფოები იპყრობენ სხვა ქალაქებსა და ტომებს, მაგრამ ეგვიპტეს ჯერ კიდევ ვერ უწევენ კონკურენციას. ასეთი რამ ხდება 2-3 საუკუნის შემდეგ, როდესაც მიდია, შემდეგ ბაბილონი, ოდნავ მოგვიანებით კი ირანი ხდებიან წამყვანი სახელმწიფოები, რომლებიც შემდგომ თავად ეგვიპტესაც იპყრობენ.

ეს ის პერიოდია, რომელზეც არგონავტების მითი მოგვითხრობს. ამ დროისათვის უკვე არსებობდა კოლხური კულტურა, კოლხეთის სახელმწიფო, ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები, რომლებიც აქტიურად მოიწევდნენ აღმოსავლეთით და იქ თავიანთ კოლონიებს აარსებდნენ. ეს ხდებოდა თანამედროვე თურქერთის ტერიტორიაზე. ამ პერიოდისთვის და ოდნავ მოგვიანებითაც ბერძნები, როგორც მათ სხვა ერები უწოდებდნენ - ზღვის ხალხები, ეგვიპტეშიც გამოჩნდნენ, მაგრამ იქ ფეხი ვერ მოიკიდეს, რადგან ეგვიპტეს ორგანიზებული სახელმწიფო მექანიზმი ჰქონდა - ჰყავდა არმია. ამიტომ მასთან ბრძოლა ძნელი იყო. საზოგადოდ, სახელმწიფოები, მით უფრო - ძველი სახელმწიფოები ყოველთვის ტრადიციულობას ინარჩუნებდნენ, რამაც შემდგომში დაღუპა კიდეც ეგვიპტე: ტექნიკის განვითარების კვალდაკვალ ახალჩამოყალიბებულ სახელმწიფოებში ეგვიპტეზე გაცილებით უკეთესი საბრძოლო ტექნიკა ჰქონდათ. მოგვიანებით, როდესაც ეგვიპტელები და ირანელები ერთმანეთს ებრძოდნენ, ირანელები ბევრად უკეთესად იყვნენ აღჭურვილნი, ეგვიპტელთა აღჭურვილობა კი ისეთივე იყო, როგორიც ხუთი, ათი საუკუნის წინათ. ეგვიპტურ არმიაში აბჯარი არავის ეცვა, მაშინ როდესაც ირანელთა მთელი არმია აბჯარასხმული იყო. ეგვიპტურ იარაღს უკვე აღარ შეეძლო მოწინააღმდეგის განადგურება.

ისრაელიანთა აღთქმულ ქვეყანაში შესვლისას კი ეგვიპტე ჯერ კიდევ მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრად რჩებოდა, როგორც კულტურის, ასევე სახელმწიფოებრივი მოწყობის მხრივ.

- რა მდგომარეობაა ამ დროისთვის კაცობრიობაში სულიერი თვალსაზრისით?

- ჭეშმარიტი სარწმუნოება მხოლოდ ისრაელს აქვს, კაცობრიობის დანარჩენი ნაწილი კი კერპთაყვანისმცემლობის მორევშია ჩაფლული. სხვადასხვა ერსა და ხალხში სხვადასხვა სახის კერპთმსახურება, მსხვერპლშეწირვის სახე და წესი არსებობდა. ზოგიერთი ხალხი სულაც ადამიანებს სწირავდა მსხვერპლად. ყველაზე მკაცრი და სასტიკი მსხვერპლშეწირვა ქანანელთა შორის იყო დამკვიდრებული - კერპებს საკუთარ შვილებს სწირავდნენ. სხვაგან უფრო "ჰუმანური მსხვერპლშეწირვა" იყო გავრცელებული - მსხვერპლად ცხოველები შეიწირებოდა. ეგვიპტელებიც ასეც იქცეოდნენ.

ეგვიპტეში გაცილებით ჰუმანური იყო მონებისადმი დამოკიდებულებაც. ეგვიპტელი მონისა და რომაელი ან ბერძენი მონის მდგომარეობა განსხვავებული იყო. ისრაელიანნი ეგვიპტეში მონები იყვნენ, მაგრამ თავიანთი სახლები და საკუთრება ჰქონდათ. მათი მონობა ფარაონისთვის მუშაობაში გამოიხატებოდა, რომაელ და ბერძენ მონებს კი არავითარი საკუთრება არ გააჩნდათ.

როდესაც ისრაელიანები აღთქმულ ქვეყანაში შევიდნენ, შეიძლება ითქვას, ისინი იყვნენ ჭეშმარიტი მიმდევარნი მოსეს რჯულისა - ჭეშმარიტი რჯულისა, რომელიც ღვთისგან მიეცათ. მართალია, დარღვევები ხდებოდა, მაგრამ ბევრად იშვიათად, ვიდრე მომდევნო - მსაჯულთა, შემდეგ კი მეფეთა ხანაში.

ვიდრე ისრაელი ეგვიპტეში გადასახლდებოდა, კერპთაყვანისმცემელი კაცობრიობა ჭეშმარიტ ღმერთსაც აღიარებდა, ერთგვარი სინთეზი ჰქონდათ. ფარაონმა აბრაამის ცოლს სარას უსაყვედურა - შენ ჭეშმარიტი ღმერთის მონა ყოფილხარ და რატომ მწირავდი, ცოდვა რომ ჩამედინაო. ამდენად, კერპთაყვანისმცემლები კი იყვნენ, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ გაეწყვიტათ კავშირი ჭეშმარიტ ღმერთთან, უძველესი დროიდან ჭეშმარიტი ცოდნა მაინც შემორჩენოდათ ქვეცნობიერად. იმ დროს კი, როდესაც ისრაელი აღთქმულ ქვეყანაში შევიდა, ჭეშმარიტი ღმერთის ხსოვნა მათ გარდა, ფაქტობრივად, აღარავის ჰქონდა.

მსაჯულთა ხანა
- როდის იწყება მსაჯულთა ხანა და რა იყო მსაჯულთა მისია?

- როდესაც ისრაელი აღთქმულ ქვეყანაში შედის, ფაქტობრივად, უკვე იწყება მსაჯულთა ხანა. მართალია, ბიბლია მსაჯულთა ათვლას ისუ ნავეს ძიდან არ იწყებს, მაგრამ ის შეიძლება პირველ მსაჯულად მივიჩნიოთ. ისუ ნავესი არც სასულიერო პირი ყოფილა და არც წინასწარმეტყველი; ის ერის წინამძღოლი გახლდათ - ის ფუნქცია ჰქონდა, რაც შემდგომ მსაჯულებს მიენიჭათ (მას შემდეგ, რაც ისუ ნავესმა დაანაწილა აღთქმული ქვეყნის მიწები და ყველა ტომმა მოიპოვა თავისი საცხოვრისი, უფალმა გაიყვანა იგი ამ ქვეყნიდან. იმ დროს ისუ ნავესი 110 წლის იყო).

ისრაელს უნდა ეცხოვრა თეოკრატიულ სახელმწიფოში - მათი მმართველი სამღვდელოება უნდა ყოფილიყო, მაგრამ როდესაც არღვევდა საღვთო სჯულს, თავისთავად გამოდიოდა ძველი აღთქმის სამღვდელოების დაქვემდებარებიდან. ამის გამო უფალი სასჯელს უვლენდა რჩეულ ერს - ხშირად ეს გარეშე მტრების სახით ხდებოდა, რომლებიც ისრაელიანებს ნაწილობრივ თუ მთლიანად იპყრობდნენ. როდესაც შეინანებდნენ და უფალს შეწევნას სთხოვდნენ, ღმერთი მათ მოუვლენდა მსაჯულებს - ღვთისმოსავ ადამიანებს, რომლებიც არა მარტო მტრის წინააღმდეგ წინამძღოლობდნენ ისრაელის ერს, არამედ სარწმუნოებაშიც აბრუნებდნენ. როდესაც ერს მტრის მონობისგან გაათავისუფლებდა, მსაჯული ისრაელის მმართველი ხდებოდა, თუმცა მათ არ ჰქონდათ იმდენი უფლება, რამდენიც შემდგომში მეფეებს მიეცათ. მსაჯულები ძირითადად გარეშე მტრებთან დაპირისპირებისას წინამძღოლობდნენ ერს. ისინი წყვეტდნენ სადავო საკითხებსაც - ითავსებდნენ სასამართლო ფუნქციასაც, მაგრამ ეს მისია ძირითადად სასულიერო პირებს ჰქონდათ მინდობილი. როდესაც უფალმა მოსეს რჯული მისცა, დაწვრილებით მიუთითა, რომელი დანაშაულისთვის როგორ უნდა დასჯილიყო ადამიანი, ამიტომ ახალი კანონების შემოღება ამ დროისთვის საჭირო არ იყო.

მსაჯულთა ხანა 400 წელიწადს გაგრძელდა. ბოლო მსაჯული იყო სამოელ წინასწარმეტყველი, რომელსაც ხალხმა მოსთხოვა, მათთვის მეფე დაესვა - სხვა ხალხების მსგავსად, ჩვენც გვსურს, მეფე გვყავდესო. რჩეულ ერს უფალმა აუწყა, რომ ეს სურვილი არ იყო მისთვის სათნო, რადგან ისრაელის მეფე თავად უფალი იყო, მაგრამ ერმა არ ისმინა მისი და, ღვთის ბრძანებით, სამოელ წინასწარმეტყველმა მათ მეფე დაუდგინა.
ბეჭდვა
1კ1