მოსე თვითონაც წყლიდან იქნა გამოყვანილი, შემდეგ კი თავად გამოიყვანა წყლიდან ისრაელის ერი და იხსნა ეგვიპტელთა მონობისგან
მოსე თვითონაც წყლიდან იქნა გამოყვანილი, შემდეგ კი თავად გამოიყვანა წყლიდან ისრაელის ერი და იხსნა ეგვიპტელთა მონობისგან
როგორ ცხოვრობდნენ ისრაელიანები ეგვიპტეში იოსების მმართველობის დროს? როდის აღმოჩნდნენ ეგვიპტელთა მონობაში? რატომ დაუშვა უფალმა თავისი რჩეული ერის მონობაში ჩავარდნა? რატომ ეშინოდათ ეგვიპტის ფარაონებს ისრაელიანთა რიცხობრივი ზრდისა? - ამჯერად სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

ისრაელიანთა ყოფა ეგვიპტეში
- როდესაც ისრაელიანები ეგვიპტეში ჩავიდნენ, იმხანად ეგვიპტეს ფაქტობრივად იოსები განაგებდა, რომელიც იმ დროს დაახლოებით ორმოცი წლის იყო. ამის შემდეგ მან კიდევ სამოცი წელი იცოცხლა და გარდაცვალებამდე მართავდა ეგვიპტეს. მის სიცოცხლეში ებრაელები პატივდებულნი იყვნენ, რადგან იოსებმა შიმშილიანობის დროს გადაარჩინა ეგვიპტე. იოსების გარდაცვალების შემდეგაც ერთხანს შეინარჩუნეს ისრაელიანებმა ამგვარი ყოფა. მაგრამ შემდეგ, როგორც ბიბლია მოგვითხრობს, მოვიდა ახალი ფარაონი, რომელიც არ იცნობდა იოსებს. სწორედ მისი მოსვლის შემდეგ აღმოჩნდნენ ისრაელიანები ეგვიპტელთა მონობაში.

ისრაელიანები ეგვიპტეში დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 1800-იან წლებში ჩავიდნენ. ძველი ბიბლიური ტექსტებიდან ვიგებთ, რომ ეს მოხდა 1805 წელს ქრისტეს შობამდე. ამ პერიოდში ეგვიპტე ერთიანი იყო და მას ფარაონები განაგებდნენ. იოსები კი ეგვიპტეს მართავდა ძველი წელთაღრიცხვის 1750-იან წლებამდე. 1650-იან წლებში, ე.ი. ერთი საუკუნის შემდეგ, ეგვიპტეში ანარქია იწყება და ეგვიპტის სამეფო იყოფა ორად - სამხრეთ და ჩრდილოეთ ეგვიპტედ. სამხრეთ ეგვიპტის სამეფოს მმართველები ხდებიან თებელი მეფეები, რომლებიც ეგვიპტელები იყვნენ, სამხრეთ სამეფოს კი მართავენ ეგვიპტოლოგიაში ჰიქსოსებად (რაც ეგვიპტურად უდაბნოს მეფეებს ნიშნავს) ცნობილი მეფეები. სავარაუდოდ, ჩრდილოეთში ძალაუფლება აიღეს ისრაელიანებმა, რომლებიც არეულობის დაწყებისას ფაქტობრივი მმართველები იყვნენ. ჰიქსოსები რომ ისრაელიანები იყვნენ, იქიდანაც ჩანს, რომ ისინი უდაბნოს მეფეებად - უდაბნოდან მოსულებად იწოდებიან. ებრაელები უდაბნოში ცხოვრობდნენ, თანამედროვე არაბეთის უდაბნოდან მოვიდნენ ეგვიპტეში და, როგორც ჩანს, ასეც სახელდებოდნენ.

ჰიქსოსების მმართველობა ჩრდილოეთ ეგვიპტეში დაახლოებით 150 წელი გრძელდებოდა. შემდეგ სამხრეთელი მეფეები - ფარაონები ამარცხებენ ჩრდილოეთის სამეფოს და აერთიანებენ ეგვიპტეს. ჰიქსოსების მმართველობა სრულდება. ახალმა ფარაონმა, გაერთიანებული ეგვიპტის ახალმა მმართველმა, მონებად აქცია ებრაელები. ამის შემდეგ ხდება ისრაელიანების საზოგადოების დაბალ ფენად გადაქცევა.

ისრაელიანები რომ ჩრდილოეთში ცხოვრობდნენ, ეს ბიბლიიდანაც ცნობილია. სწორედ ისრაელიანების დამონებას ემთხვევა ის პერიოდი, როდესაც ეგვიპტეში იწყება არა ქვის მასალით, არამედ აგურით მშენებლობა. ცნობილი მეფეთა ველი, ფარაონთა სამარხები აგურით შენდება. ბიბლიაში მოხსენიებულია, რომ ისრაელიანებს სწორედ აგურის დამზადება ევალებოდათ, როდესაც მოსეს ისინი ეგვიპტიდან უნდა გაეყვანა.

- ცხადია, ღვთის რჩეული ერის - ებრაელების ეგვიპტელთაგან დამონება ღვთის განგებულებით მოხდა. რატომ დაუშვა უფალმა თავისი რჩეული ერის მონობაში ყოფნა? რამდენი ხანი დაჰყვეს ისრაელიანებმა ეგვიპტელთა მონობაში, ვიდრე უფალი მათ აღთქმული ქვეყნისკენ წაიყვანდა და რისთვის იყო საჭირო მონობაში გატარებული საუკუნეები?

- ებრაელი ერი ეგვიპტიდან ჰიქსოსების მმართველობის დასრულებიდან 150 წლის შემდეგ გავიდა. სულ კი ისრაელიანებმა ეგვიპტეში 400 წელი დაჰყვეს. როგორც ვიცით, როდესაც იაკობი ღვთის განგებით ეგვიპტისკენ გაემართა, მისი ოჯახი 75 სულისგან შედგებოდა; ეგვიპტეში ყოფნისას გამრავლდა იაკობის ვაჟთაგან ისრაელის ერი. პერიოდი რჩეული ერის ეგვიპტეში ყოფნისა საჭირო იყო იმისათვის, რომ ერი ჩამოყალიბებულიყო და გამრავლებულიყო. იქ ყოფნით უფალმა თავის ერს გამრავლების პირობები შეუქმნა. უფალმა დაუშვა მათი მონობაში ყოფნა, რათა სიმტკიცე და ერთობა შეენარჩუნებინათ. ვიცით, რომ მონობაშიც კი არ ჰქონდათ მტკიცე ერთიანობა: როდესაც ეგვიპტელი ჩაგრავდა ებრაელს და მოსემ ეგვიპტელი მოკლა, მეორე დღეს ნახა, რომ ებრაელები ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ. თუმცა გასაჭირსა და მონობაში ყოფნის დროს გაცილებით მეტად იყო შესაძლებელი სიმტკიცისა და ერთობის შენარჩუნება. ებრაელები მმართველი კასტა რომ ყოფილიყვნენ, ეგვიპტიდან არ გამოვიდოდნენ, მაგრამ რადგან გასაჭირი ადგათ, ავიწროებდნენ, გაერთიანდნენ კიდეც და წამოსვლის სურვილიც ჰქონდათ. ისრაელიანებს იმიტომაც უნდა გამოეცადათ მონობა, რომ შემდგომ, აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალთ, განთავისუფლებულებს უფრო მეტად ედიდებინათ უფალი.

ვიცით, როგორ ეურჩებოდა რჩეული ერი ღმერთს აღთქმული ქვეყნისკენ მოგზაურობის დროს. თუკი მონობიდან გამოყვანილი ერიც კი ეურჩებოდა უფალს, თავისუფლებაში გამოზრდილი ხომ მით უფრო არ დაემორჩილებოდა.

ებრაელთა ეგვიპტელთა მონობაში ყოფნა საჭირო იყო ჭეშმარიტი სარწმუნოების, ჭეშმარიტი ღმერთის რწმენის შესანარჩუნებლადაც: ადამიანს თავისი ბატონი არ უყვარს. ასევე არ უყვარდათ ისრაელიანებს ეგვიპტელები. მათი სიძულვილი ღმერთმა ეგვიპტელთა სარწმუნოებისკენ მიმართა, რათა კერპთაყვანისმცემლობა უარეყოთ და უფრო ადვილად მიეღოთ ჭეშმარიტი ღმერთი. მიუხედავად რჩეულ ერზე უფლის მზრუნველობისა, ვიცით, რომ როდესაც აღთქმული ქვეყნის საზღვართან მივიდნენ, ვერ შეძლეს იქ შესვლა. ამისთვის კიდევ 40 წელი დასჭირდათ.

- ბიბლიის თანახმად, ეგვიპტის ფარაონებს ეშინოდათ ისრაელიანთა რიცხობრივი ზრდისა და სიძლიერისა. რა იყო ამის მიზეზი?

- თუკი დამონებული ერი ძალიან გაიზრდებოდა, შესაძლებელი იყო, ის ვეღარ გაეკონტროლებინათ და ისრაელიანებს მმართველი ხელისუფლება დაეპყროთ. თანაც ვიცით, რომ დამონებამდე ისრაელი ჩრდილოეთ ეგვიპტეს მართავდა, ძლიერი და მებრძოლი ერი იყო. ბოლო 150 წლის განმავლობაში დამონებული ისრაელიანები უფრო მეტად გამრავლდნენ. ეგვიპტელები ყველანაირად ცდილობდნენ მათ შევიწროებას, რათა კვლავ არ მოეპოვებინათ უფლება ჩრდილოეთსა და საერთოდ მთელ ეგვიპტეზე.

- ბიბლიიდან ისიც ვიცით, რომ ებრაელთა მონობაში ჩავარდნა იმიტომაც დაუშვა უფალმა, რომ ღვთის რჩეულმა ერმა იოსების გარდაცვალების შემდეგ თანდათან დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი...

- მათ იოსებისგან შემორჩენილი პატივი და უპირატესობა ჰქონდათ ეგვიპტეში და იოსების გარდაცვალების შემდეგ თანდათან დაივიწყეს ჭეშმარიტი ღმერთი და ბიწიერებას მიეცნენ. ამას ადასტურებს ისიც, რომ ჰიქსოსების მმართველობის პერიოდში სამხრეთში არ ჩანს არავითარი ნიშანი ერთი ღმერთის თაყვანისცემისა.

მონობაში ჩავარდნის შემდეგ, ბოლო 150 წლის განმავლობაში ებრაელთა დევნა დაიწყო. ისრაელიანებს ყველაზე მძიმე სამუშაოს ავალებდნენ, რომ მათი რიცხვი შემცირებულიყო. მიუხედავად ამისა, ისინი კიდევ უფრო მრავლდებოდნენ. მაშინ ფარაონმა ბრძანა, ებრაელთა ახალშობილი ვაჟები დაეხოცათ ან წყალში ჩაეყარათ. ამ საშინელმა უბედურებამ ებრაელებს ჭეშმარიტი ღმერთი გაახსენა და მხურვალედ დაიწყეს ვედრება, შეეწყალებინა ისრაელიანთა ერი. მხოლოდ ღვთის იმედი დარჩათ და მისგან მოელოდნენ მხსნელს.

მოსეს დაბადება
კანონი, რომლის თანახმადაც ებრაელთა ყველა ახალშობილი ვაჟი უნდა დაეხოცათ, ფარაონს, სავარაუდოდ, მოსეს დაბადების წინ უნდა გამოეცა, რადგან მის ძმაზე, მოსეზე სამი წლით უფროს აარონზე, იგი არ გავრცელებულა.

ახალდაბადებულ მოსეს დედა სამი თვე მალავდა, მაგრამ მეტხანს დამალვა აღარ შეიძლებოდა, ამიტომ ჩალის გაფისულ კალათში ჩააწვინა, დილაადრიან ჩუმად ჩავიდა ნილოსზე და მდინარეს გააყოლა, თავის ქალიშვილ მარიამს კი დაავალა, ჩუმად ედევნებინა თვალი, რა მოუვიდოდა ბავშვს.

ჩვილი მდინარეზე საბანაოდ გამოსულმა ფარაონის ასულმა იპოვა. მიხვდა, რომ ებრაელი იყო, მაგრამ შეებრალა და მისი აღზრდა გადაწყვიტა. როგორც ვიცით, მოსეს ძიძად საკუთარი დედა აუყვანა ფარაონის ასულმა.

ახალშობილს მოსე უწოდეს, რაც წყლიდან გამოყვანილს, გამოსულს ნიშნავს. მოსე თვითონაც წყლიდან იქნა გამოყვანილი, შემდეგ კი თავად გამოიყვანა წყლიდან ისრაელის ერი და იხსნა ეგვიპტელთა მონობისგან.
ბეჭდვა
1კ1