"ნუთუ ჩვენზე იმეფებ? ნუთუ პატრონი გაგვიხდები?"
"ნუთუ ჩვენზე იმეფებ? ნუთუ პატრონი გაგვიხდები?"
ქანაანის - აღთქმის ქვეყანაში დაბრუნებული იაკობი ესავმა თბილად მიიღო. იგი შვილებთან ერთად კვლავ აღთქმის ქვეყანაში დამკვიდრდა. როგორც ვიცით, იაკობს თორმეტი ვაჟი და ერთი ასული ჰყავდა. შვილებს შორის გამორჩეულად იოსები უყვარდა. ძმებს მისი შეშურდათ და შეიძულეს. მათი გრძნობა კიდევ მეტად გაამძაფრა იოსების უცნაურმა ხილვებმა. გადაწყვიტეს, თავიდან მოეშორებინათ. ჯერ მისი მოკვლა განიზრახეს, მაგრამ ბოლოს, იუდას რჩევით, ეგვიპტეში მიმავალ ვაჭრებს მიჰყიდეს. ამგვარად აღმოჩნდა იოსები ეგვიპტეში, სადაც შემდგომში უფლის რჩეული ერი უნდა გამრავლებულიყო და გაეტარებინა მონობის პერიოდი...

ეგვიპტეში იოსები ერთხანს მონობაში იყო, შემდეგ უდიდეს პატივსა და წარმატებას მიაღწია - ეგვიპტის მმართველი გახდა. სწორედ იოსების მმართველობის პერიოდში ჩავიდნენ ისრაელიანები ეგვიპტეში.

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

- რატომ უყვარდა იაკობს შვილებს შორის გამორჩეულად იოსები?

- არ შეიძლება მამამთავარ იაკობს იოსების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამოჩენის გამო რაიმე მიკერძოება დავაბრალოთ. იოსები თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით, ღვთივსათნო ქმედებებით და თვისებებით იმსახურებდა ამას. იაკობი, როგორც ღვთის საიდუმლოთა მჭვრეტელი და მამამთავარი, ამით ამხილებდა დანარჩენ შვილებს, რათა მათაც იოსების მსგავსად ეცხოვრათ, მისი მსგავსნი გამხდარიყვნენ (ეკლესია არ გვასწავლის, რომ იაკობის დანარჩენი შვილები არ ადიდებდნენ უფალს, მაგრამ არ იყვნენ ისეთი გამორჩეულები, როგორიც იოსები იყო). თუმცა იმის ნაცვლად, რომ მამის ქმედება სწორად განეჭვრიტათ, თავიანთი ცხოვრება შეეცვალათ და დამსგავსებოდნენ იოსებს, შურით აღიძრნენ მის მიმართ და მისი მოკვლა გადაწყვიტეს. სწორედ შურისა და სიძულვილის გრძნობა, რომელიც იოსების მიმართ აღეძრათ, მოწმობს, რომ ისინი არ იყვნენ სულიერად იმგვარად ამაღლებულნი, როგორიც იოსები იყო.

- ძმების შური და სიძულვილი იოსების მიმართ კიდევ უფრო გაამძაფრა იოსების უცნაურმა ხილვებმა...

- ბიბლიის ყველა მონაკვეთი, სადაც კი საუბარია იოსების შესახებ, გვისაბუთებს, რა ღვთივსათნოდ ცხოვრობდა იგი მიწიერადაც და სულიერადაც. ამიტომაც დაუწყო უფალმა სიყმაწვილიდანვე საღვთო საიდუმლოთა განცხადება. ვიცით, რომ მან სიზმარი ნახა: ყანაში პურის მკისას უფროსი ძმების ძნები იოსების ძნას თავს უხრიდნენ. როდესაც სიზმარი ძმებს უამბო, გაჯავრებულმა ძმებმა უთხრეს: "ნუთუ ჩვენზე იმეფებ? ნუთუ პატრონი გაგვიხდები?" მეორედ იოსებს დაესიზმრა, რომ მზე, მთვარე და თორმეტი ვარსკვლავი თაყვანს სცემდნენ. ამ სიზმრის მოთხრობის შემდეგ მამაც გაუჯავრდა: "რას ნიშნავს ეგ სიზმარი? ნუთუ მე, დედაშენი და შენი ძმები უნდა გეახლოთ და თაყვანიგცეთ?" თუმცა იაკობი მიხვდა, რომ ეს სიზმრები მომავალს მოასწავებდა. ეს იყო ღვთისგან განცხადებული წინასწარმეტყველება იოსებზე. ამ ხილვებმა და ფაქტებმა უფრო მეტად აღუძრათ ძმებს შური იოსებისადმი. როგორც ვთქვით, ეს ნიჭი იოსებს ღვთისგან ჰქონდა მიცემული, არა იმისათვის, რომ ძმებს მიწიერი შური აღძვროდათ, არამედ მათაც გასჩენოდათ საღვთო შური და ისე ეცხოვრათ, როგორც იოსები ცხოვრობდა.

იოსები ეგვიპტეში
- ალბათ იოსების გაყიდვა და ეგვიპტეში მოხვედრაც ღვთის განგებულებით მოხდა...

- იაკობი, რომელსაც იოსები მკვდარი ეგონა, წლები გლოვობდა მის დაკარგვას. ამ დროს იოსები ეგვიპტეში დამკვიდრდა. უფალი ზოგჯერ ადამიანის ცუდ ჩვევას, ცოდვასაც კი კეთილ ბოლოს გამოუჩენს - მან იოსების ძმების შური გამოიყენა იმისათვის, რომ იოსები ეგვიპტეში ჩაეყვანა და შემდეგ გზა განემზადებინა იაკობის დანარჩენი შვილებისა და საერთოდ რჩეული ერისათვის...

ეგვიპტეში ჩასული იოსები პირველად ეგვიპტის ფარაონის ციხის მცველის ოჯახში მოხვდა მონად. იგი თავისი ბატონისთვისაც კი ყველაფერს პირნათლად ასრულებდა, მისი შრომითა და ერთგულებით კიდევ უფრო გამდიდრდა საპყრობილის მცველი. მაგრამ ბოროტს არასოდეს "სძინავს", ყოველთვის იმას ცდილობს, რომ ღვთივსათნო და მართალი ადამიანები აცდუნოს და უფალს მოაცილოს. ეშმაკმა საპყრობილის ცოლი აღძრა, რომელმაც ისურვა, იოსებთან ცოდვით დაცემულიყო. ამ დროს კიდევ ერთხელ დამტკიცდა იოსების ღვთისმოყვარეობა, სიწმინდე და ერთგულება. ქალს მტკიცედ შეეწინააღმდეგა. შემდეგ, როდესაც ქალმა ცილი დასწამა, თითქოს იოსებმა მასთან შესცოდა, მან, როგორც მართალმა კაცმა, ის სასჯელიც იტვირთა, რომელიც იმ ცოდვის გამო უნდა მიეღო. ამგვარად მოხვდა იოსები საპყრობილეში.

იოსები საპყრობილეში იმ დრომდე დარჩა, ვიდრე ფარაონმა უჩვეულო სიზმრები არ იხილა, რომელთა ახსნაც ვერც ერთმა ბრძენმა და სწავლულმა ვერ შეძლო. ფარაონმა სიზმრად ნახა, რომ მდინარიდან გამოვიდა შვიდი მსუქანი და შვიდი მჭლე ძროხა. მჭლე ძროხებმა მსუქნები შეჭამეს და ისევ მჭლეებად დარჩნენ. შემდეგ იხილა, თითქოს ჯეჯილის ერთმა ღერომ შვიდი სავსე თავთავი გამოიღო, მერე - შვიდი უმარცვლო. უმარცვლოებმა შეჭამეს მარცვლოვანები და ისევ უმარცვლოებად დარჩნენ.

როდესაც ფარაონის სიზმრების ახსნა ვერავინ შეძლო, მან შეიტყო საპყრობილეში მყოფი იოსების შესახებ. ფარაონის ბრძანებით, იოსები სასახლეში მიიყვანეს. უფლის შთაგონებით, მან ფარაონს აუხსნა სიზმრების მნიშვნელობა: ჯერ დადგება შვიდი მოსავლიანი წელიწადი, რომლებსაც შვიდი უმოსავლო მოჰყვება და დაიწყება შიმშილობაო. ამასთან, მეფეს ურჩია, მოეძებნა გონიერი და პატიოსანი კაცი, რომელიც მოსავლიანობის დროს ხორბლის მარაგს გააკეთებდა შიმშილობის წლებისთვის. ფარაონმა ეს საქმე თვითონ იოსებს დაავალა და მთელი ეგვიპტის უფროსად დანიშნა...

ნახეთ, როგორ განაგებს უფალი საქმეებს - იოსები ჯერ ეგვიპტეში მონად გაყიდა. ის იქ ავტორიტეტული მონა გახდა. მას რომ ღვთივსათნოდ არ ეცხოვრა და ერთი ჩვეულებრივი მონათაგანი ყოფილიყო, მაშინ არც ეშმაკი აღუძრავდა ციხის მცველის ცოლს მასთან ყოფნის სურვილს. ეს სწორედ იმისთვის მოხდა, რომ იოსების სიწმინდე შეებღალა. არც საპყრობილეში აღმოჩნდებოდა, საიდანაც შემდეგ ფარაონთან მოხვდა. ამის შემდეგ განადიდა უფალმა იოსები - მან უდიდესი მიწიერი პატივი მიიღო - ფარაონის მამად იწოდებოდა. როდესაც ადამიანი ღვთივსათნოდ ცხოვრობს, მოთმინებით იტანს ყველა განსაცდელს, უსამართლოდ მოწევნულსაც კი, არა მარტო ზეცაში, დედამიწაზეც პატივდებული იქნება ღვთისგან, რასაც, ცხადია, ადამიანი თავმდაბლად უნდა შეხვდეს.

იოსები ღვთის განგებულებით მოხვდა ფარაონთან და თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით შემდგომში არა მარტო თავისი ერი - ისრაელი გადაარჩინა, არამედ ეგვიპტელებიც,- რომ არა იოსები, იმ შვიდი წლის განმავლობაში, როდესაც შიმშილობა ჩამოვარდა მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ ებრაელები, ეგვიპტელებიც დაიხოცებოდნენ.

ისრაელიანთა მიერ აღთქმული ქვეყნის დატოვება და ეგვიპტეში წასვლა
როდესაც აღსრულდა იოსების წინასწარმეტყველება, შვიდი ნაყოფიერი წელიწადის შემდეგ დაიწყო შიმშილობა, იაკობმა თავისი ათი უფროსი ვაჟი ეგვიპტეში გაგზავნა ხორბლის საყიდლად. ისინი ეგვიპტის მმართველთან - იოსებთან მივიდნენ და თაყვანი სცეს. ამგვარად აღსრულდა მისი ხილვა, თუმცა ძმებმა ეგვიპტურ სამოსში გამოწყობილი იოსები ვერ იცნეს. იოსებმა მაშინვე იცნო ძმები, მაგრამ თავისი ვინაობა არ გაუმხელია, რადგან სურდა შეეტყო, გამოსწორდნენ თუ არა. თავის ვინაობას მხოლოდ მას შემდეგ უმხელს, როცა რამდენჯერმე გამოცდის და საბოლოოდ რწმუნდება, რომ ძმები გამოსწორდნენ.

როდესაც ძმებმა გაიგეს, რომ ეგვიპტის მმართველი მათი ძმა იოსები იყო, შეეშინდათ, რადგან ჯერ კიდევ მიწიერად აზროვნებდნენ და იფიქრეს, რომ იოსები შურს იძიებდა მათზე. მაგრამ, როგორც ვიცით, იოსები თავიდანვე ღვთივსათნო ცხოვრებით გამოირჩეოდა. ის შეიძლება შევადაროთ ახალაღთქმისეულ ადამიანს. მან დაამშვიდა ძმები: "თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად გამომგზავნა ღმერთმაო". შემდეგ ისინი კვლავ ქანაანის ქვეყანაში გაუშვა, რათა მთელი ოჯახი ეგვიპტეში ჩამოეყვანათ - ჯერ ორი წლის დაწყებულია შიმშილობა და კიდევ ხუთი წელი გაგრძელდება, ჩამოდით და აქ დასახლდითო. ისრაელიანები ეგვიპტეში რომ დასახლებულიყვნენ, ცხადია, ეს ღვთის განგებულება იყო. ღვთისგან ნებართვის მიღების შემდეგ იაკობი შვილებითა და შვილიშვილებით ეგვიპტისკენ გაემართა. ეგვიპტეში სულ 72-ნი ჩავიდნენ, იქ კიდევ 3 - იოსები და მისი ორი ძე დახვდათ. ე.ი. იმ დროს ისრაელი სულ 75 ადამიანისგან შედგებოდა.

- საერთოდ, რატომ უნდა გასულიყვნენ ისრაელიანები აღთქმული ქვეყნიდან და გარკვეული პერიოდი ეგვიპტეში ეცხოვრათ?

- ისრაელიანები თავიდანვე აღთქმულ ქვეყანაში რომ დამკვიდრებულიყვნენ, ძალიან ადვილად შეერეოდნენ სხვა ხალხებს და გაქრებოდნენ, რადგან რჩეული ერი რიცხობრივად ძალიან მცირე იყო. ამიტომ საჭირო იყო, ისინი სხვაგან გამრავლებულიყვნენ, გამოზრდილიყვნენ და შემდეგ დაბრუნებულიყვნენ აღთქმულ ქვეყანაში. ამიტომაც გაიყვანა უფალმა ისინი აღთქმული ქვეყნიდან და სრულიად განსხვავებული მენტალიტეტის ხალხთან დაასახლა. ეგვიპტელები სირცხვილადაც კი თვლიდნენ ისრაელიანებთან ქორწინებას. არც ებრაელებს ჰქონდათ ეგვიპტელებთან ქორწინების სურვილი. ცხადია, ასიმილაციის საფრთხეც ნაკლებად იყო. რჩეული ერი ეგვიპტეში გამრავლდა - შემდგომ ორ მილიონამდე ებრაელი გამოვიდა ეგვიპტიდან და აღთქმულ ქვეყანაში დამკვიდრდა.

იაკობის გარდაცვალება
ეგვიპტეში ჩასვლისას იაკობი 130 წლის იყო, იქ კიდევ 17 წელი იცოცხლა. სიკვდილის წინ დალოცა და აკურთხა შვილები. იოსებს მიმართა: ამის შემდეგ რომ შეგეძინება შვილები, ისინი ჩაითვლებიან შენს შთამომავლებად, შენი ორი ძე კი ჩემს შვილებად იწოდებიანო. ისინი ხელებგადაჯვარედინებულმა დალოცა - ერთი ხელი იოსების ერთ ძეს დაადო თავზე, მეორე ხელი კი მეორეს, რითაც მოასწავა ჯვრის ცხოველსმყოფელი და ყოვლადძლიერი ძალა. მართლაც, როდესაც შემდგომში ისრაელის ერი ეგვიპტიდან გავიდა და აღთქმულ ქვეყანაში დამკვიდრდა, ისრაელიანთა ტომობრივ ჩამონათვალში იოსების ტომი ცალკეა მოხსენიებული, მისი ორი ძის - ეფრემისა და მანასესი კი ცალ-ცალკე.

იაკობმა წინასწარმეტყველურად განჭვრიტა თავისი შვილების, თითოეული მათგანის მოდგმის მომავალი. განსაკუთრებული კურთხევა ერგო იუდას - მას იაკობმა უწინასწარმეტყველა, რომ მისი მოდგმა ისრაელის მწყემსი გახდებოდა. აქ იგულისხმება ისიც, რომ მეფეები იუდას ტომიდან იქნებოდნენ, ამასთან, იუდას ტომი შეინარჩუნებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და იუდას ტომიდან იშვებოდა ხორციელად მაცხოვარი. აქ არა მარტო ძველი აღთქმის ისრაელის, არამედ ახალი ისრაელის - ქრისტიანთა დამწყსვაზეცაა საუბარი. იაკობმა იწინასწარმეტყველა ისიც, რომ მხსნელი მაშინ მოვიდოდა, როდესაც ებრაელ ხალხს აღარ ეყოლებოდა საკუთარი მეფე და მთავრები იუდას ტომიდან. შემდგომში მართლაც ყველაზე მეტად იუდას ტომმა შეინარჩუნა ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაცხოვარიც ხორციელად დავით მეფის შტოდან იშვა და ეს მოხდა მაშინ, როცა ურიებს აღარ ჰყავდათ საკუთარი მეფე, ისინი რომაელებს ემორჩილებოდნენ და მეფედ მათი დადგენილი კაცი ჰყავდათ.

დანის ტომზე კი ამბობს: დანი უნასია, გზაზე გაწოლილი. სწორედ აქედან გამომდინარე ვარაუდობს ზოგიერთი წმინდა მამა, რომ შესაძლოა ანტიქრისტე დანის ტომიდან მოვიდეს...

გარდაცვალების შემდეგ იაკობი, ანდერძის თანახმად, აღთქმულ ქვეყანაში წაასვენეს და აბრაამისა და ისააკის გვერდით დაკრძალეს.
ბეჭდვა