უფალმა იქ დაამარცხა ეშმაკი, სადაც ეშმაკმა სძლია ადამს
ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაფანტვის შემდეგ კაცობრიობამ თანდათან დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი, დაივიწყეს აღთქმა მესიის, მხსნელის მოვლინების შესახებ, ცრუ ღმერთებს დაუწყეს თაყვანისცემა და მსხვერპლის შეწირვა.
გაჩნდა კერპთაყვანისმცემლობა. დედამიწა წარმართობის წყვდიადმა მოიცვა. უფალმა ინება, რომ დედამიწაზე ადამიანთა ერთ ნაწილს მაინც სცოდნოდა, რა არის ჭეშმარიტება, შემოენახა აღთქმა მხსნელის მოვლინების შესახებ, ჭეშმარიტი ღმერთისთვის ეცა თაყვანი, რომლისგანაც შემდგომში იშვებოდა მაცხოვარი. ამგვარად გაჩნდა საფუძველი ღვთის რჩეული ერის - ებრაელთა წარმოშობისა. მათ წინაპრად და მამამთავრად ღმერთმა გამოარჩია კერპთაყვანისმცემელთა შორის მცხოვრები ერთი კეთილმსახური კაცი აბრამი, რომელსაც შემდგომ ეწოდა აბრაამი და მისცა აღთქმა "აღთქმის ქვეყნის" დამკვიდრების შესახებ... გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).წარმართობა და კერპთაყვანისმცემლობის წარმოშობა
- დაახლოებით როდის წარმოიშვა წარმართობა ადამიანთა შორის და რა გახდა ამის მიზეზი?- წარღვნის შემდეგაც, როდესაც ნოე გადარჩა თავის ოჯახთან ერთად, ისევე როგორც ადამის ცოდვით დაცემამდე, ყველა ადამიანს ჭეშმარიტი სარწმუნოება ჰქონდა. როგორც ბიბლია მოგვითხრობს, ბაბილონის გოდოლის მშენებლობის წამოწყების პერიოდში, ნებროთის დროს, კაცობრიობის უდიდესი ნაწილი კვლავ დაშორებული იყო ღმერთს, თანდათან დაიწყო ადამიანთა რწმენის გაწარმართება. იწყეს ციური სხეულების - მზის, მთვარის, ვარსკვლავების... და ბუნებრივი მოვლენების თაყვანისცემა. ეს იყო პირველი გადახრა ჭეშმარიტებიდან - ადამიანებმა თაყვანისცემა დაუწყეს არა შემოქმედს, არამედ ქმნილებებს. უშუალოდ კერპების თაყვანისცემას ოდნავ მოგვიანებით დაედო საფუძველი. როდესაც ადამიანები გარდაიცვლებოდნენ, მით უმეტეს, შეძლებულნი, წინაპართა საფლავებზე შთამომავლები მათ ძეგლებს დგამდნენ. ამ გზით წინაპარს მიაგებდნენ პატივს. ადამიანთა ჭეშმარიტ ღმერთთან დაცილება ბოროტმა სათავისოდ გამოიყენა - ძეგლებიდან ეხმიანებოდა ან სხვა სახის ჩვენებით უკავშირდებოდა მათ. ამის შემდეგ თავად ძეგლების თაყვანისცემა დაიწყეს. იქმნებოდა ცრუ ღმერთების კერპები, რომელთა შექმნითაც თაყვანს სცემდნენ იმ "ღმერთებს", რომლებსაც თვითონ გულისხმობდნენ ამა თუ იმ კერპის მიღმა. თვლიდნენ, რომ "ღმერთები" თავად კერპებში ცხოვრობდნენ. თუ ამ დრომდე ადამიანები ღვთისგან შექმნილ ქმნილებებს ეთაყვანებოდნენ, მერე თავიანთი ხელით შექმნილი კერპების თაყვანისცემა დაიწყეს. ეს არის უკვე კლასიკური კერპთაყვანისმცემლობა.
კერპთაყვანისმცემლობისადმი მიდრეკილება სათავეს იღებს ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტის პერიოდიდან. აბრაამის ურის ქვეყნიდან გამოსვლის დროისთვის - ქრისტეშობამდე დაახლოებით XX ს-ში მთელ დედამიწაზე ფაქტობრივად კერპთაყვანისმცემლობა ბატონობს. არსებობს უძველესი სირიული აპოკალიფსი "განძთა ქვაბი", რომელიც მოგვითხრობს კერპებისადმი მსხვერპლის შეწირვის საფუძველზე. ერთ-ერთ მდიდარ კაცს გარდაცვალების შემდეგ შვილმა ოქროს ქანდაკება დაუდგა და რომ არ მოეპარათ, "ყრმა" - ახალგაზრდა მცველი დაუყენა. ერთ დღეს მცველს ეშმაკმა ჩააგონა, ბატონისთვის ძვირფასი ნივთები მოეპარა. მოიპარა და გადამალა კიდეც. ბოროტი სული ოქროს ქანდაკებაში შევიდა და იქიდან მოუწოდა საგონებელში ჩავარდნილ ბატონს - თუკი პირმშოს შემომწირავ, განძის ადგილსამყოფელს გეტყვი და ყოვლისმცოდნესაც გაგხდიო. ბატონიც დაჰყვა ბოროტის ნებას - საკუთარი შვილი შესწირა მსხვერპლად. სანაცვლოდ მოპარული ძვირფასეულობაც იპოვა და ეშმაკის მანქანებით სხვადასხვა მოვლენის გამოცნობაც შეძლო.
აბრაამის გამორჩევა, უფლის ნებით წარმოშობილი რჩეული ერი და "აღთქმის ქვეყანა"
აბრაამი ებრაელთა, ისრაელის ერის წინაპარი და პირველი მამამთავარი გახლდათ, რომლისგანაც გამრავლდა ღვთის რჩეული ერი - ებრაელები, ისრაელიანთა ერი. პირველად სწორედ აბრამმა (მას შემდგომ ეწოდა აბრაამი) მიიღო აღთქმა "აღთქმის ქვეყნის" დამკვიდრების შესახებ, რომელსაც ღმერთი დაუმკვიდრებდა მისგან გამრავლებულ რჩეულ ერს, რომლისგანაც იშვებოდა მაცხოვარი: როდესაც კერპთაყვანისმცემლობა მოედო ქვეყნიერებას, ღმერთმა ინება, ადამიანთა ერთი ნაწილი მაინც ყოფილიყო ისეთი, რომელსაც ეცოდინებოდა ჭეშმარიტება, ჭეშმარიტ ღმერთს სცემდა თაყვანს. ღვთისგან რჩეული ადამიანების ნაწილი - ებრაელი ხალხი, რომელთაც ისრაელიანებიც ეწოდათ, იქნებოდა ნოეს ერთ-ერთი ვაჟის - სემის შთამომავალი, რომელსაც ნოემ, უფლის შთაგონებით, უწინასწარმეტყველა, რომ სწორედ მისი შთამომავლობისგან წარმოდგებოდა მაცხოვარი, მესია. სემის პირველი შთამომავალი გახლდათ ებერი, რომლის გავლენითაც ეწოდა სემის შთამომავლობას ებრაელები. აბრამი კი, რომლისგანაც ახალი ერი - ებრაელი ერი წარმოიშვა, სწორედ სემის და ებერის შთამომავალი იყო. აბრამი კერპთაყვანისმცემლებს შორის ცხოვრობდა, ქალდეველთა ქვეყანაში - შუამდინარეთში, ქალაქ ურში. თუმცა მას არ დავიწყებია აღთქმა მხსნელის მოვლინების შესახებ. თავის ოჯახთან ერთად კეთილმსახურებით და ღვთის დიდებით ცხოვრობდა. ამიტომაც გამოარჩია ღმერთმა ახალი ერის წარმომშობად, რათა მას შემდგომში თავისი ცოდნა, თავისი ღვთისმოშიშება შთამომავლობისთვის გადაეცა. ებრაელ ერს რჩეული ერი ეწოდა იმის გამო, რომ უფალმა გამოარჩია, რათა ამ ერში დაცულიყო ჭეშმარიტება. როგორც ვიცით, შემდგომში ისრაელიანთა ერიც ხშირად განუდგებოდა ჭეშმარიტ ღმერთს, მაგრამ ებრაელებში ყოველთვის იყვნენ დარჩენილი ჭეშმარიტი სარწმუნოების შემნახველნი. ელია წინასწარმეტყველის პერიოდი გავიხსენოთ: უფალი ელია წინასწარმეტყველს ეუბნება, - წადი და ამოხოცე ბაალის მსახურნიო. ელია მიუგებს, - როგორ, უფალო, როდესაც მხოლოდ მე დავრჩი, ვინც არ აღიარა ბაალიო. უფალი კი ეუბნება: არა, შვიდი ათასი მახვილის ამღები მყავს დატოვებული, რომელთაც ბაალის წინაშე მუხლი არ მოუყრიათო. ე.ი. ნებისმიერ დროს იყვნენ ისრაელიანთა შორის ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები შემორჩენილნი. იმ დროსაც, როდესაც მათ მაცხოვარი აცვეს ჯვარს, ვიცით, რომ მრავალი ადამიანი მოექცა ქრისტიანობაზე. ებრაელთა შორის ყოველთვის იყო შემორჩენილი ჭეშმარიტი სარწმუნოება და ეს იმისათვის იყო საჭირო, რომ ამ ერში უნდა მოსულიყო უფალი. განკაცებული უფალი უნდა შობილიყო იქ და უნდა შობილიყო მათგან, ვისაც ჭეშმარიტი სარწმუნოება ჰქონდა. ებრაელი, ისრაელის ერი რჩეული იყო მაცხოვრის მოსვლამდე. მაცხოვრის მოსვლისა და კაცობრიობის გამოხსნის შემდეგ რჩეული ერი არის არა კონკრეტულად რომელიმე ერი, არამედ ზოგადად ქრისტიანობა. ახალი ისრაელი არის ქრისტიანობა - როდესაც საუბარია ახალ ისრაელზე, აქ იგულისხმება ზოგადად ქრისტიანობა და არა კონკრეტულად ერთი რომელიმე ერი...
ღმერთმა მოუწოდა აბრამს, თავისი ოჯახით გამოსულიყო ურიდან, დაეტოვებინა სამშობლო და წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი უჩვენებდა: "წადი შენი ქვეყნიდან და მიდი იმ ქვეყანას, რომელსაც გიჩვენებ. მე წარმოვადგენ შენგან დიდძალ ხალხს და იკურთხებიან შენგან ყოველი ტომნი ქვეყნისანი", ანუ უფალმა აღუთქვა აბრამს, რომ მას გაამრავლებდა, მისგან წარმომდგარ ერს დაუმკვიდრებდა იმ ქვეყანას, სადაც მიიყვანდა. ეს იყო ქანაანის ქვეყანა, რომელსაც შემდგომში, სწორედ იმის გამო, რომ უფალმა აბრამს აღუთქვა, ამ ქვეყანაში დაამკვიდრებდა მისგან წარმოშობილ ერს, "აღთქმის ქვეყანა" ეწოდა, მოგვიანებით კი პალესტინა.
როდესაც აბრამმა აღთქმა მიიღო, 75 წლის იყო. ის ერწმუნა ღვთის აღთქმას, დაემორჩილა მის ბრძანებას და უცხო ქვეყნისკენ გაემართა. თან წაიყვანა მამამისი - თარა, თავისი ცოლი სარა და ძმისწული ლოთი, რომელიც დაობლების შემდეგ აბრამის ოჯახში იზრდებოდა. თარაც კერპთაყვანისმცემელი იყო, იგი გზად ქალაქ ხარანში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.
ღმერთმა აბრამი თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე მიიყვანა, სადაც მაშინ ნოეს ერთ-ერთი ვაჟის, ქამის შთამომავლები - ქანანელები ცხოვრობდნენ და ქანაანის ქვეყანა ეწოდებოდა. ქანაანის ქვეყნის საზღვართან აბრამს კვლავ გამოეცხადა უფალი და უთხრა, რასაც უყურებ აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით, შენ და შენს შთამომავლებს მივცემო. ე.ი. აბრამმა კვლავ მიიღო აღთქმა, რომ ეს ტერიტორია, ეს ქვეყანა მთლიანად მისი შთამომავლების, მისგან გამოსული, წარმომდგარი ერისა იქნებოდა, სადაც შემდგომში მოვიდოდა მაცხოვარი.
- რატომ უნდა მოსულიყო სწორედ ამ ტერიტორიაზე და აქ აღესრულებინა კაცობრიობის გამოხსნა?
- ეკლესიისა და წმინდა მამათა გადმოცემითა და თვალთახედვით, ეს ის ტერიტორიაა, სადაც მიწიერი სამოთხე - ედემის ბაღი არსებობდა. დავით ფსალმუნთმგალობელიც გვაუწყებს: "დედად სიონსა რქვას კაცმა, რამეთუ კაცი იშვა მას შინა" - სწორედ სიონის მიწისგან შექმნა უფალმა ადამიანი, ადამიანის სამშობლო არის ისრაელი, ედემის ბაღი ამ ტერიტორიებს მოიცავდა, აქ ცხოვრობდნენ პირველი ადამიანები - ადამი და ევა ცოდვით დაცემამდე. წარღვნის დროს თავად ედემის ბაღი ზეცად იქნა ატაცებული, მაგრამ მიწიერად ეს ტერიტორია იყო. მაცხოვარი სწორედ აქ უნდა მოვლინებოდა კაცობრიობას, იქ უნდა მომხდარიყო გამოხსნა, სადაც ცოდვით დაცემა მოხდა. უფალმა იქ დაამარცხა ეშმაკი, სადაც ეშმაკმა სძლია ადამს.
შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იერუსალიმი იყო ედემის ბაღი, გოლგოთა კი მაშინდელი სამოთხის ცენტრი, სადაც იდგა კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხე.
- რატომ უმეორებს უფალი აბრამს აღთქმას ქანაანის ქვეყანაში შესვლის წინ?
- ორჯერ აღთქმის მიცემით უფალი აბრამს განამტკიცებს, რათა ამ საყოველთაო კერპთმსახურების დროს არ შესუსტებოდა სარწმუნოება.
- პირველი, რაც აბრამმა აღთქმის ქვეყანაში შესვლის წინ მოიმოქმედა, იყო მსხვერპლშეწირვა უფლისადმი. რა გამოხატა ამით?
- ისევე, როგორც ნოემ წარღვნის შემდგომ, უფლისადმი მსხვერპლშეწირვით აბრამმა გამოხატა მადლიერება ღვთისადმი, ეს ჭეშმარიტ ღვთის თაყვანისმცემელთა ჩვეულება იყო.