ცნობა და მუსრვა ბოროტებისა
ცნობა და მუსრვა ბოროტებისა
"ეგრეთცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშვინველად ცხოველად, ხოლო უკუანასკნელი ადამ - სულად განმაცხოველებელად".
(1 კორ. 15:45)

ბოროტება
ბიბლიურ ისტორიაში რა სახის მატარებელიც არ უნდა იყოს ბოროტება, ეს იქნება ბნელი ნათელის გვერდით, ადამიანის მდევარი, მეგზური თუ ყოველდღიურ ყოფაში "მოხმობილი" ძალა, ის მაინც დაუშვებელი ხასიათისაა და მახინჯ, სიკეთის შერყვნილ სახედ წარმოგვიდგება.

მორწმუნე ადამიანის ბოროტებასთან სულიერ ბრძოლას შემდეგნაირად გვიხატავს წმინდა მოციქული პავლე:

"14. ესე უწყით, რამეთუ შჯული სულიერ არს, ხოლო მე ხორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა.

15. რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ.

16. ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი არა მნებავს და მას ვჰყოფ, თანა-მოწამე ვარ შჯულისა, რამეთუ კეთილ არს.

17. აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკვიდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაი.

18. რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაი დამკვიდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ხორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაი იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ.

19. რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ.

20. ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკვიდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაი" (რომ. 7:14-20).

შეგახსენებთ, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც თავისი გონებრივი და სულიერი სრულყოფილების შედეგად უფლის მადლი მოიხვეჭა და მესამე ცაზე უფრო სრული სამოთხე მოიხილა, ვიდრე ადამს ეპყრა. ამ ნაწყვეტში რომაელთა მიმართ ეპისტოლედან ბოროტებასთან ჭიდილზეა საუბარი. ეს წერილი პავლე მოციქულმა სამოთხის ხილვაზე გაცილებით უფრო გვიან დაწერა:

"ვიცი კაცი ქრისტეს მიერ უწინარეს ათოთხმეტისა წლისა, გინა თუ ხორცითა, არა ვიცი, გინა თუ თვინიერ ხორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, აღიტაცა ესევითარი კაცი ვიდრე მესამედ ცადმდე. და ვიცი ესევითარი კაცი, გინა თუ ხორცითა გინა თუ გარეშე ხორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად" (2 კორ. 12:2-4). ამ ხილვის შესახებ აი ასე, მესამე პირში წერს წმინდა პავლე და ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი ხილვაც კი ვერ იქნება ნიშანი ბოროტებასთან ბრძოლის დასრულებისა.

ადამმა თავისი შთამომავლობა არა მხოლოდ უმძიმეს ცოდვაში ჩააგდო და უფალთან პირდაპირ ურთიერთობას ჩამოაშორა, არამედ მან ღმერთის ქმნილება - ადამიანი, რეალური არსება - არარეალობასთან, ბოროტებასთან დაუნდობელ ბრძოლაში ჩააბა. ადამის დაცემის წუთიდან მოყოლებული, ეზიარება რა ადამიანი ეშმაკისგან ნაბოძებ ცოდვას, ბრძოლის მიზეზიცა და მსხვერპლიც მუდმივად თვითონ ხდება. ასეთ ბრძოლაში შესული ყოველი ჩვენგანი, ვისაც შესწევს უფლისკენ მობრუნების ძალა, ალბათ ისევ პავლე მოციქულის სიტყვებს მოუხმობს და იტყვის: "უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიხსნეს ხორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა? ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა ქრისტე იესოის მიერ უფლისა ჩუენისა... რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესოის მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა" (რომ. 7:24-25; 8:2).

ჭეშმარიტად უსაზღვროა უფლის სიყვარული ყოველი ადამიანისადმი, რამეთუ ეს სიტყვები ერთნაირად შეიძლებოდა აღმოეთქვა ღვთის მხილველ ადამსაც, მესამე ცამდე აღტაცებულ წმინდა მოციქულსაც, მაცხოვრის ნებისმიერ მოწაფესაც და საკუთარ ცოდვებთან ხელჩართული ბრძოლით მოქანცულ ყოველ ჩვენგანსაც.

ამრიგად, სამოთხეში დაეცა ადამიანი, მაგრამ მასში ღვთის ხატმა ღვთის მსგავსების აღდგენისთვის დაიწყო ბრძოლა. ამ ბრძოლაში ერთ-ერთი უმთავრესი კი იმის ცოდნაა, თუ როგორ ჩნდება ბოროტება და რა სახით ვლინდება იგი.

სამი მთავარი წყარო ბოროტებისა
ადამიანს უფალმა თავისი ნება დასაბამითვე ამცნო: ადამს უარი უნდა ეთქვა ბოროტების ნაყოფის შეცნობაზე, რადგან ბოროტების ნაყოფი სიკვდილია, მოკვდავობა კი ადამიანისთვის არაბუნებრივია (დაბ. 2:16-17). მამაკაცი და დედაკაცი მაინც ეზიარნენ ბოროტებას (დაბ. 3:22). მიუხედავად ამისა, უფლის ნებით, ადამიანს არ დაუკარგავს შესაძლებლობა, ახლებურად შეიცნოს სიკეთე. სიკეთე, არა მხოლოდ როგორც ღვთის მიერ განხორციელებული ფაქტი, არამედ როგორც ადამიანში მოქმედი, ბოროტების წინააღმდეგ მიმართული ცოცხალი ძალა. რადგან მას შემდეგ, რაც უფალმა "საშუებელსა სამოთხისასა დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახვილი იქცევისი დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა" (დაბ. 3:24), ადამიანისთვის უკვდავების მოპოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდა შესაძლებელი, თუ ყოველგვარ ბოროტებაზე შეგნებულ და სრულ უარს იტყვის.

ბიბლიის დასაწყისშივე, იქ, სადაც პირველად მოიხსენიება "ხე იგი ცნობად კეთილისა და ბოროტისა" (დაბ. 2:9), ნათლად ჩანს სიკეთისა და ბოროტების ურთიერთდაპირისპირება. დაბადების წიგნში, ერთი მხრივ, ჩვენ თვალწინ იშლება უფალის ყოვლისმომცველი მადლით განხორციელებული ღვთაებრივი ქმნილება (დაბ. 1:31), ხოლო, მერე მხრივ, ჩნდება და სინამდვილედ ცდილობს დამკვიდრდეს ბოროტება, რომელიც ეწინააღმდეგება უფლის ნებას და ხელს უშლის ადამიანის თავისუფალ, უფლისკენ მიმავალი გზით განვითარებას. შემდგომ წმინდა წერილში ვხედავთ, რომ ბოროტება ცდილობს შეენაცვლოს, შეეწინააღმდეგოს სიკეთეს. ბიბლია ერთმნიშვნელოვნად გვიჩვენებს, რომ მიწიერ ცხოვრებაში კეთილს მუდმივად თან სდევს ბოროტი.

ბოროტება თვითდამკვიდრებისთვის იმდენად მოურიდებლად და თავხედურად მოქმედებს (მათ. 4:1-11; ლუკ. 4:1-13), რომ მაცხოვარსაც არ ერიდება. უფალი იესო ქრისტეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ ეშმაკთან ბრძოლაში ადამიანის პირად ნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. თვითონ ადამიანმა - იესომ ჰრქუა: "წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე" (მათ. 4:10). ამის შემდეგ განხორციელდა ადამიანისა და უფლის საერთო ნება, და "მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას" (მათ. 4:11).

წმინდა წერილის მიხედვით:
* ბოროტება და მთავარი შემწე ბოროტებისა თვით ეშმაკია, სწორედ ის ცდილობს აცდუნოს და ბოროტებას აზიაროს ადამიანი. წმინდა ეფრემ ასური ბრძანებს: "ვაი მას, ვინც იცის სიკეთე და ხელს ბოროტებას უწვდის, რადგან ბოლო ჟამს იგი ბოროტთა ანგელოზთა ხელთ მიიქცევა".

სწორედ იმისთვის, რათა ყოველი ცალკეული მორწმუნე ამ უბედურების მსხვერპლი არ გახდეს, ძე ღმერთი მამა ღმერთს შესთხოვს: "არა ვიტყვი, რაითა აღიხუნე იგინი სოფლისაგან, არამედ რაითა დაიცვნე იგინი ბოროტისაგან" (იოან. 17:15).

და სწორედ ამის გამო ყოველდღიურად მრავალგზის შესთხოვს უფალს ქრისტიანი: "...ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან" (მათ. 6:13).

* მეორე წყარო ბოროტებისა თვით ადამიანია. წმინდა ათანასე დიდი გვასწავლის: "ბოროტება არც ღმერთშია და არც ღმერთიდანაა. ის არ იყო დასაბამად და მას არავითარი ყოფა არ გააჩნია. მაგრამ ადამიანები, რომლებსაც სიკეთის არსი აქვთ მივიწყებული, თვითნებობენ და ისე მოქმედებენ, რომ ბოროტების თანაზიარნი ხდებიან. რის შედეგადაც, მათი ქმედება ჯერ უღმერთობად, ხოლო შემდეგ არყოფნად გადაიქცევა".

ასეთ ადამიანებს მიმართავს უფალი: "ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ხელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყვინ. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი" (მათ. 12:34-35).

* მესამე წყარო ბოროტებისა თვითონ ცოდვაა. წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: იესო ქრისტე ისეთ მცნებებს გვთავაზობს, რომელთა შესრულებაც დიდად სასარგებლოა და სრული ნეტარებაა. ამ მცნებებს ჩვენთვის და ყველასთვის, ვინც ჩვენს გვერდით იმყოფება, უდიდესი სიკეთე მოაქვს. სატანა კი ყოველთვის უმძიმეს დავალებებს გვაძლევს, ცოდვაში გვითრევს, სანაცვლოდ კი მხოლოდ გეენის ცეცხლს გვპირდება. ჩვენ ვიცით, რომ ეშმაკი ჩვენი გადარჩენის დაუძინებელი მტერია, მაგრამ მაინც უმეტესწილად მისი ნებით ვმოქმედებთ და არარსებულ ცოდვას წარმოვქმნით. ცოდვას თავისი სამკვიდრებელი და ქმედების ძალა არ გააჩნია. ისევე როგორც ადამის დროს, ცოდვა დღესაც ჩვენი დაუდევრობით პოულობს საკუთარ ადგილს, სხვაგან კი არა, უშუალოდ ჩვენს ცხოვრებაში.

წმინდა წერილი ბოროტების შესახებ (რამდენიმე მაგალითი):
ადამისა და ევას ცოდვა გახდა წყალგამყოფი სიკეთესა და ბოროტებას შორის, რადგან ბოროტება პირველად სწორედ მათში განხორციელდა (დაბად. 3:22). ამ დღიდან მოყოლებული, ადამიანის ცხოვრებისა და მისი ღმერთთან ურთიერთობის შინაარსი ვითარდება როგორც სასტიკი ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. ადამიანი ცდილობს, ადამის ცოდვის გამო მის სხეულში შეხიზნული ბოროტება დაამარცხოს. ამ ბრძოლაში მას მუდმივად ეხმარება "სული სიცოცხლისაი", რომელიც უფალმა კაცს შთაბერა და რომლის საშუალებითაც იგი "სულად ცხოველად" ქმნა. შინაგანი, სულიერი დახმარების გარდა უფალი ადამიანებს მუდმივად უგზავნიდა პატრიარქებს, მსაჯულებს, წინამძღოლებს, წინასწარმეტყველებს. ბოლოს საკუთარი მხოლოდშობილი ძე მოუვლინა კაცობრიობას.

მიუხედავად ამისა, ფსალმუნში ადამიანის შესახებ ვკითხულობთ: "შეიყუარე სიბოროტე უფროს სახიერებისა და სიცრუე უფროს სიმართლისა სიტყვისა" (ფსალმ. 51:5). ეს ერთ-ერთი დიდი ნაკლი ადამიანს მუდმივად თან სდევს. ამ ფსალმუნის ტექსტი გვეუბნება, რომ ადამიანს სიკეთეზე მეტად ბოროტების ჩადენა ეხალისება, რომ მას სიმართლეზე მეტად ტყუილის თქმა ეხერხება.

ესაია წინასწარმეტყველი გვასწავლის, რომ ადამიანს ბოროტისა და კეთილის აღრევაც კი შეუძლია: "ვაი, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ!" (ეს. 5:20).

ალბათ ყოველი ღვთისმორწმუნე ადვილად მიხვდება, როგორი ენით გამოუთქმელი ცოდვა იგულისხმება ამ აღრევაში. უფალი კი წინასწარმეტყველის სიტყვით მოგვიწოდებს: "უკუეთუ მოვიძულენით ბოროტნი და შევიყუარენით კეთილნი და დაემტკიცოს ბჭეთა ზედა მსჯავრი, რათა შეიწყალნეს უფალმან ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან დაშთომილნი იოსებისნი" (ამოს. 5:15).

ბოროტება წმინდა წერილში ბნელის სახით წარმოგვიდგება, ხოლო სიკეთე - ნათლისა, ნათელი კი თვით უფალია. ამქვეყნიურ ბნელში მოვიდა იესო, "მის თანა ცხორებაი იყო და ცხორებაი იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (იოან. 1:4-5). მაგრამ ბოროტთათვის "ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაითა არა ემხილნენ საქმენი მისნი. ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაითა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან" (იოან. 3:19-21).

სიბნელე დაბადების წიგნში უსაგნო არარაობაა, მხოლოდ ადამის ცოდვამ გადააქცია იგი მოქმედ ძალად. იობის წიგნში ავისმოქმედნი დამალვას ბნელში ცდილობენ, მაგრამ უფალი ბნელსაც ხედავს: "არცა იყოს ადგილი დაფარვად მოქმედთა უსჯულოებისათა, რამეთუ არღარა განმამაკაცნეს, რამეთუ უფალი ყოველსა ხედავს" (იობ. 34:22-23). ამრიგად, ბოროტება ბოროტებითაც არ იფარება.

იოანე ღვთისმეტყველი თავისი სახარების დასაწყისშივე პირდაპირ აცხადებს: თუ ადამიანი ბოროტების თანაზიარია, ვერ მივა უფალთან, რადგან უფლის ნათელი მხოლოდ შესაქმე როდია; არც მხოლოდ მაცხოვრის განკაცებაა უფლის ნათელი. უფლის ნათელი მორწმუნეთა გამოსყიდვაა.

აგრეთვე ნათქვამია: "იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი ვიდოდეთ" (ეფეს. 5:8).

წმინდა წერილში ადამიანი მუდმივ მოძრაობაშია:

* ის ბოროტებისკენ მიემართება და აცდუნებს სხვასაც, როგორც, მაგალითად: "რომელმან შეაცთუნნეს წრფელნი გზასა ბოროტსა, განსარყუნელად მიეცეს იგიცა და უბიწოთა განიყონ კეთილნი მათნი, ხოლო ურჩულონი თანაწარჰხდენ კეთილსა და ვერ შევიდენ მას" (იგავ. 28:10);

* ან მიემართება მართალთა გზით: "ალაგთა ცხორებისათა მოაქციიან ბოროტისაგან, ხოლო სიგრძე ჟამთა (გზანი სიმართლისანი, რომელმან შეიწყნარის სწავლაი იგი, კეთილსა შინა იყოს, და, რომელმან დაიმარხოს მხილება, იგი განბრძნდეს, რომელმან დაიმარხნეს გზანი უფლისანი, მან დაიცვნეს სულნი თვისნი, და რომელსა უყუარდეს ცხორებაი, იგი ერეოდის პირითა თვისითა)" (იგავ. 16:17);

* ანდა: "ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენენ ფერხნი ჩემნი, რათა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი" (ფსალმ. 118:101).

"ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშვიდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალსა გულითა წმიდითა" (2 ტიმ. 2:22), - ასე მოძღვრავს ახალგაზრდა კაცს მოციქული პავლე და არა მხოლოდ ტიმოთეს.

მისივე თქმით, სრულყოფილი ადამიანი მხოლოდ ის არის, ვისაც სიკეთის ბოროტებისგან გარჩევა შეუძლია: "ხოლო სრულთაი არს მტკიცე იგი საზრდელი, რომელთა წესითა მით გონებანი წურთილნი ჰქონედ განრჩევად კეთილისა და ბოროტისა" (ებრ. 5:14).

ერთი სიტყვით: მხოლოდ მას შეუძლია გადაარჩინოს თავისი სული, ვისაც ძალუძს ამოიცნოს და უარყოს გზა ბოროტებისა.

ახალ აღთქმაში მაცხოვარი თვითონ მოვიდა ადამის შთამომავლობასთან და ბრძანა: "მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხორებაი" (იოან. 14:6). ამ დღიდან, ვინც მართალი ქრისტიანია, მისთვის გზა უკვე ნათელია. "ღმერთი იმისთვის გაჩნდა ადამიანად, რათა ადამიანი გახდეს ღმერთი".

მაცხოვრის მიერ დაღვრილი სისხლი გადაიქცა ახალ, მაცოცხლებელ, ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზად, როგორც მოციქული პავლე მოგვიწოდებს: "გუაქუს უკუე, ძმანო, კადნიერებაი შესლვად სიწმიდეთა მათ სისხლითა იესუისითა, რომელ-იგი განგვიახლა ჩუენ გზაი ახალი და ცხოველი კრეტსაბმელითა მით, ესე იგი არს ხორცითა მისთაითა, და მღდელთმოძღუარი დიდი სახლსა შინა ღმრთისასა, მოუხდეთ მას ჭეშმარიტითა გულითა, გულ-სავსებითა სარწმუნოებისაითა, სხურებულნი გულითა იჭვისაგან ბოროტისა" (ებრ. 10:19-22).

მზერა თავისა ბოროტისა და მუსრვა ბოროტებისა
მიუხედავად იმისა, რომ ადამის ცოდვა მაცხოვრის მიერ უკვე გამოსყიდულია, წმინდანთა ქრისტიანულ საქციელს პიროვნების, ხალხისა და ქვეყნისათვის მაინც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ამავე დროს, იოანე ღვთისმეტყველი ქრისტიან ერს ასე მიმართავს: "ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას" (1 იოან. 5:19). ბოროტებაზე მდგარ სოფელში არის ცოდვები, რომლებსაც ღვთისმორწმუნე ადამიანი არ უნდა ეგუებოდეს და რაც უფრო ძლიერია ქვეყანაში ღვთის რწმენა, მით უფრო ნაკლებია მასში ღვთის საძულველი სიბილწე.

აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე უფლის თვალში, როგორც გვასწავლის ბრძენი სოლომონ მეფე:

• ამპარტავანი თვალები,

• ცრუ ენა,

• უბრალო სისხლის მღვრელი ხელები,

• ავისმზრახველი გული,

• საბოროტოდ მარდი ფეხები,

• ტყუილების აღმომსუნთქველი და ცრუ მოწმე,

• ძმათა შორის შუღლის მთესველი (იგავ. 6:16-19).

ხაზს ვუსვამთ: ის, ვინც ასეთ უფლის საძულველ საქციელს და სიბილწეს სჩადის, ბოროტის მსახურია და ბოროტია.

ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანი ცოდვილი იბადება, მან კარგად იცის, როგორ ჩაიდინოს ბოროტება და თითქმის არ იცის, როგორ ქმნას სიკეთე. სწორედ ამიტომ იოანე ღვთისმეტყველი კვლავაც მოგვიწოდებს: "საყუარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტსა მას, არამედ კეთილსა, რამეთუ კეთილის მოქმედი ღმრთისაგან არს, ხოლო ბოროტის მოქმედსა მას არა უხილავს ღმერთი" (3 იოან. 1:11).

და კიდევ:

"მნებავს თქუენი, რაითა ბრძენ იყვნეთ კეთილისათვის და უმანკო - ბოროტისათვის" (რომ. 16:19);

"სიყუარულითა შეუორგულებელითა... განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა" (რომ. 12:9);

"რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი; დაიცვნეს უფალმან სულნი წმიდათა მისთანი. და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნნეს იგინი" (ფსალმ. 96:10);

"რომელმან ყოს კეთილისათვის ბოროტი, არა მოაკლდეს სახლსა მისსა ძვირი" (იგავ. 17:13);

"რომელმან იცოდის კეთილი საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა" (იაკობ. 4:17);

"16. განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა.

17. ისწავეთ კეთილსა ქმნაი გამოიძიეთ მშჯავრი, იხსენით მიმძლავრებული, უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქურივი.

18. და მოვედით და შევიტყუნეთ, - იტყვის უფალი, - და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი, განვასპეტაკო.

19. და უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ.

20. ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახვილმან შეგჭამნეს თქვენ" (ეს. 1:16-20).

ბოროტი ცდილობს, ადამიანი მთლიანად უკუაქციოს საკუთარი ცოდვების განცდისგან, შეატრიალოს ამპარტავნებისკენ, ყოველდღიური სიამოვნებისკენ, მთავრობისმოყვარეობისკენ და ბოლოს მისი სული სიკვდილს დაუმორჩილოს, ანუ საბოლოოდ გაანადგუროს. ღმერთი კი სულია, და ის ადამიანს არწმუნებს, რომ ჭეშმარიტი სიკეთე მუდმივი ფასეულებები და უკვდავებაა, რაც სულიერი სისრულისთვის ყოველდღიური ბრძოლაა. უფალი ამ ბრძოლაში საბოლოო არჩევანის ნებას პიროვნებას აძლევს. სწორედ ეს არჩევანია ადამიანების ძირითადი განმასხვავებელი. მოციქული პავლე ამ განსხვავებას ასე გაგვიმარტავს:

"რომელნი-იგი ხორციელად არიან, ხორცთასა ზრახვენ, ხოლო რომელნი-იგი სულიერად არიან, - სულისასა" (რომ. 8:5).

ბოროტება მუდმივად თავის დროს ელის. ის ყოველთვის ადამიანზე გამარჯვებას ცდილობს. ქრისტიანი ბოროტით აღძრულ ამპარტავნებას - სიმდაბლეს უპირისპირებს; ანგარებას - მოწყალებით თოკავს; სიძვას - უმანკოებით ახშობს; მრისხანებას - სიმშვიდით აქარწყლებს; ნაყროვანებას - მარხულობით იოკებს; შურის სიბნელეს - სიყვარულით ანათებს; სასოწარკვეთილებას - ღმერთისადმი უსაზღვრო სასოებით ასხივოსნებს. ყველა ამ შვიდ სათნოებას ქრისტიანი გულით ატარებს და ბოროტისგან აღძრულ შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას თავისი სიყვარულით აღსავსე სულიერებით წამლობს.

ბოროტება მუდამ თან სდევს, როგორც სიკეთეს - ზოგადად, ისე ადამიანს - კერძოდ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი თავისი არსით სიკეთეა და კეთილისმქმნელია. უფალმა ასე უბრძანა ბოროტს: "მტერობაი დავდვა შორის შენსა და შორის დედაკაცისა, და შორის თესლისა შენისა და შორის თესლისა მისისა. იგი შენსა უმზირდეს თავსა და შენ უმზირდე მისსა ბრჭალსა" (დაბად. 3:15).

ღმერთის ეს სიტყვები მორწმუნეს უდიდეს ძალას ანიჭებს. ბოროტება უფლის მიერ გამოსყიდულმა ყოველმა ქრისტიანმა თვითონ უნდა დაამარცხოს. თავის მხრივ, ბოროტება ადვილად არ ეგუება საკუთარ მარცხს. იოანე ღვთისმეტყველი თავის გამოცხადებაში ასეთ სურათს გვიხატავს: "და განრისხნა ვეშაპი იგი დედაკაცისა მისთვის და წარვიდა ბრძოლის-ყოფად სხუათა მათ თანა თესლისა მისისათა, რომელნი იმარხვენ მცნებასა ღმრთისასა და აქუს წამებაი იესოისი" (გამოცხ. 12:17).

ღვთისმორწმუნე ქრისტიანს არ აშინებს აბობოქრებული ბოროტი. იგი ბოროტის თავს უმზერს, რათა მისი არსი საბოლოოდ გაანადგუროს. მებრძოლ ქრისტიანს ბოროტის მიერ ადამიანში აღძრული მაცდუნებელი დანაპირები და შეთავაზებები კი არა, თვით მიწიერი ქრისტიანული კეთილდღეობაც აღარ იტაცებს. ის, როგორც ჭეშმარიტი მეომარი, საბოლოო გამანადგურებელი ბრძოლისთვისაა მოწოდებული. ძნელია ჯეროვნად შეაფასო ჭეშმარიტი ქრისტიანული გმირობა. ეს რაღაც ზეადამიანური და მიუწვდომელი საქციელია. ასეთი ნათელი მაგალითი მრავლადაა წმინდანთა უკომპრომისო ცხოვრებაში. ასეთი იყო აბო თბილელი (ისმაიტელყოფილი).

აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს, დარჩენილიყო აფხაზეთში: "მეშინის მე შენთვის, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტეისისა ნებსით გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაი შენი წარწყმიდო", - უთხრა მან აბოს. "განმიტევე მე, რაითა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობაი ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ", - უპასუხა ნეტარმა.

წამების დღეს წმინდა აბომ დაიბანა პირი, იცხო ზეთი, მიიღო წმინდა ზიარება და ასე სადღესასწაულოდ განემზადა საწამებლად. "ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშვიდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ", - ამხნევებდა იგი მისი მოსალოდნელი სიკვდილით დამწუხრებულ ქრისტიანებს. ამირამ მისი მოკვლა ბრძანა. წმინდა აბომ ჯვარედინად დაიწყო გულზე ხელები და სიხარულით მოუდრიკა ქედი მახვილს.

ამ ქრისტიანული საქციელის მთავარი მამოძრავებელი ძალა, როგორც თვით წმინდანის სიტყვებიდან ჩანს, მაცხოვრის მიერ წარმოთქმული ერთ-ერთი იგავიც იყო: "არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა" (მათ. 5:15-16).

თუ ადამის საქციელი საყოველთაოა და თვალში საცემია, ჭეშმარიტი ქრისტიანი ანთებული სანთელია, ეს სანთელი სასანთლეზე დგას და ხვიმირის ქვეშ არ იმალება. ასეთი ქრისტიანებისა და ქრისტიანი ერის ცხოვრება მარადიულობით იმოსება და მას ბოროტის მიერ მოვლინებული ვერავითარი ძალა ვერ დაამარცხებს და როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: "მაშინ აღესრულოს სიტყუაი იგი წერილისაი: დაინთქა სიკუდილი ძლევითა. სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? რამეთუ საწერტელ სიკუდილისა - ცოდვაი, ხოლო ძალ ცოდვისა - შჯული. ხოლო ღმერთსა მადლი, რომელმან მომცა ჩუენ ძლევაი ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩუენისა. ამიერითგან, ძმანო ჩემნო საყუარელნო, მტკიცე იყვენით და შეურყეველ და ჰმატებდით საქმესა უფლისასა. მარადის უწყოდეთ, რამეთუ შრომაი ეგე თქუენი არა ცუდად იყოს უფლისა მიერ" (1 კორინთ. 15:54-58).

გაგრძელება იქნება
ბეჭდვა