სულიწმინდის გამოხატულება ადამიანში არის სინდისის ხმა
სულიწმინდის გამოხატულება ადამიანში არის სინდისის ხმა
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ სასწაულზე - მუნჯის ალაპარაკებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც მაცხოვარმა რამდენიმე იგავიც მოაყოლა:

იესოსთან მიიყვანეს ბრმა და მუნჯი, რომლებიც ბოროტისგან იყვნენ შეპყრობილნი. როდესაც მაცხოვარმა ეშმაკი განდევნა მათგან, მუნჯი ალაპარაკდა და ბრმას თვალისჩინი დაუბრუნდა. გაოცებული ხალხი ამბობდა: ასეთი რამ არასოდეს მომხდარა ისრაელშიო. იერუსალიმიდან ჩამოსულმა ფარისევლებმა და სჯულისმეცნიერებმა კი თქვეს: ნამდვილად ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით, დევნის ეშმაკებსო. მაცხოვარმა იცოდა მათი გულისზრახვები და იგავურად მიუგებს: "როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა? თუ სამეფო სამეფოს წინააღმდეგ დაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს. თუ ქალაქი და სახლი დაიყოფა თავისი თავის წინააღმდეგ, ვეღარ გაძლებს; თუ სატანა სატანას დევნის, თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა; როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, ვითომ მე ბელზებულით ვდევნიდე ეშმაკებს. თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი რიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები. თუ მე ღვთის სულით ვდევნი ეშაკებს, მაშინ მოსულა თქვენთან ღვთის სასუფეველი. ანდა როგორ შეუძლია ვინმეს შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს ძლიერის ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ წაართმევს იარაღს, გათოკავს და შემდეგ გაძარცვავს მის სახლს; ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია და ვინც ჩემში არ აგროვებს, ის ფანტავს. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმინდის გმობა არ მიეტევებათ. ვინც სიტყვას იტყვის კაცის წინააღმდეგ, მას მიეტევება; მაგრამ თუ ვინმე იტყვის სულიწმინდის წინააღმდეგ, მას არ მიეტევება არც ამ წუთისოფელში და არც მომავალში" . ლუკა მახარებელი მაცხოვრის მიერ მუნჯის ალაპარაკების სასწაულს კიდევ ერთ იგავს მოაყლებს, რომელიც მათე მახარებელს ცალკე აქვს მოთხრობილი: "როდესაც არაწმინდა სული გამოვა ადამიანიდან, დადის უწყლო ადგილებში, ეძებს სიმშვიდეს, მაგრამ ვერ პოულობს; მაშინ ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო. მივა და იპოვის მას დაგვილს და მოვლილს. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება" (მათე 12,22-32; მარკოზი 3, 20-30; ლუკა 11, 14-26).

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- სახარებაში მუნჯის ალაპარაკების რამდენიმე ფაქტია მოთხრობილი. მაცხოვარს გაცილებით მეტი მსგავსი სასწაული ექნებოდა აღსრულებული, მაგრამ ეს ამბავი მოციქულებს იმის გამო აქვთ მოთხრობილი, რომ ამ სასწულს მოჰყვა იუდეველების ბრალდება მაცხოვრის მიმართ - ეშმაკთა მთავრის ძალით დევნის ეშაკებსო. თავიანთი ამპარტავნება და პატივმოყვარეობა იუდეველებს ყველაფერს აფიქრებინებდა ქრისტეზე, გარდა იმის, რომ ის იყო მესია, განკაცებული ღმერთი, ამიტომც იფიქრეს და ამბობდნენ მასზე - ეშმაკთა მთავრის ძალით განასხამს ეშმაკებსო. ამის საპასუხოდ უფალი მიმართავს მათ: მე თუ ეშმაკის ძალით განვასხამ ეშმაკებს, ეშმაკი მაძლევს იმის ძალას, რასაც ვაკეთებ, მაშინ თქვენი ძეები, ანუ მოციქულები რიღათი განასხამენ? - ეს ამბავი იმ დროს ხდება, ეს სასწაული იმ დროს აღასრულა უფალმა, როდესაც მოციქულები უკვე წარგზავნილი ჰყავდა საქადაგებლად და ღვთისგან მინიჭებული ძალით ისინიც აღასრულებდნენ სასწაულებს. როდესაც უფალი იუდეველებს ეუბნება: თუ მე ეშმაკის ძალით ვახდენ სასწაულებს, ეშმაკი მაძლევს იმ სასწაულების ძალას, რასაც ვაკეთებ, მაშინ რიღათი აღასრულებენ სასწაულებს მოციქულები, რომლებიც მე მოვავლინე თქვენდამი და ჩემგან მინიჭებული ძალით ისინიც აღასრულებენ ამ სასწაულებსო, გვიჩვენებს, რომ ეს ძალა არა სხვისი, არამედ თავისია და ეუბნება იუდეველებს - ამით მიხვდით, რომ ეს ძალა არათუ ეშმაკისგან, ღვთისგან მოცემულიც კი არ მაქვს, იმის გამო, რომ თავად მე ვარ უფალი და მე ვარ თვითონ ამ ძალაუფლების მიმნიჭებელი. თუ მე ეშმაკისგან მაქვს მოცემული ეს ძალა, მაშინ არ შემიძლია ვინმეს მივცე, მაგრამ მოციქულებს ეს ძალა ჩემგან აქვთ მიცემული და ისინი იქნებიან თქვენი განმსჯელნიო. ვიცით, რომ შემდგომში უფალი ეუბნება მოციქულებს: "დასხდეთ განსჯად საყდართა ზედა ათორმეტთა ტომთა ისრაელესათა". მოციქულები როგორ განსჯიდნენ? განმსჯელი ხომ უფალია, მაგრამ ადამიანთა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფარისეველთა და სჯულისმეცნიერთა განმსჯელად იქნება მოციქულთა ქადაგება, მოციქულთა სიტყვა, - ის, რომ მოციქულებმა უქადაგეს და მათ არ მიიღეს. ამით უფალი იდეურად ეუბნება იუდევლებს - მე იმდენად ზეაღმატებული ვარ იმაზე, რასაც თქვენ წარმოიდგენთ, თითქოსდა ეშმაკს ვემსახურები, შემიძლია არა თავად განვსაჯო, არამედ სხვა ადამიანებსაც მივცე იმის ძალაუფლება, რომ განსაჯონ სხვებიო, და სწორედ ამით დაფარულად მიანიშებს, მე ვარ სამყაროს შემოქმედი, მე ვარ ყველაფრის შემოქმედი და მე ყველაფერი ხელმეწიფებაო.

შემდეგ უფალი ბრძანებს, - ხოლო თუ მე ღვთის სულით ვდევნი ეშმაკებს, ღვთის ძალით ვაკეთებ ამას, როგორც ზოგიერთი თქვენგანი თვლის და ამბობს, მაშინ მოსულა თქვენთან ღვთის სასუფეველი, - აღსრულებულა წინასწარმეტყველთაგან თქმული, მიხვდით, რომ მე ვარ მესია, მე ვარ განკაცებული ღმერთი და მოდით, მოიქეცით ჩემსკენ, გაიგეთ, შეისმინეთ, რასაც მე გასწავლით, რათა თავი გადაირჩინოთო.

"როგორ შეუძლია ეშმაკს ეშმაკის განდევნა?"
(მათე 12,25-26; მარკოზი 3,23-26; ლუკა 12,17-18)
იუდეველთა მხილებას უფალი იგავურად იწყებს და ეუბნება მათ: როგორ შეიძლება ეშმაკი ეშმაკს განასხამდეს, მაშინ ხომ თავად ეშმაკი ეშმაკს უპირისპირდება და მისი სამეფო დაინგრევა. თუ სახლში ან სამეფოში შიგნით არეულობა იქნება, თავად სამეფო დაუპირისპირდება თავის თავს, ასეთ შემთხვევაში არათუ სამეფოს გარეთ, სამეფოს შიგნითაც კი ვერ მოაგვარებს თავის საკითხებს, ამ ოჯახს და ამ ქვეყანას არ შეუძლია გარეშე მტერს და გარეშე ძალას დაუპირისპირდეს. თუკი მიწაზე ხდება ასე, მით უმეტეს მისტიკურ სამყაროში, დაცემულ ანგელოზებში - თუ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ვეღარ აღასრულებენ თავიანთ სურვილს - დაღუპონ ადამანები და წინ აღუდგნენ უფალს. ეს არ ნიშნავს, რომ დაცემულ სულებს ერთმანეთი უყვართ, მეტიც, ერთმანეთი სძულთ, ისევე როგორც ღმერთი, ისევ როგორც ადამიანები, მაგრამ შეკრულნი არიან ერთი აზრით - როგორ დაღუპონ ადამიანები და როგორ აღუდგნენ წინ უფალს. არა სიყვარული, არამედ სხვათა სიძულვილი აკავშირებთ ერთმანეთთან და თუ ეშმაკი ეშმაკს განასხამს ადამიანიდან, გამოდის, რომ ერთ ეშმაკს სურს მეორე ეშმაკი განდევნოს, რაღაც სიკეთე მისცეს ამ ადამიანს, რაც წარმუდგენელია, ამიტომაც შეუძლებელია, ეშმაკი ეშმაკს განასხმიდეს.

- მათე და მარკოზ მახარებლების თანახმად, მუნჯის ეშაკისგან განკურნების სასწაულს მაცხოვარი შემდეგ იგავურ თქმასაც მოაყოლებს: ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერის სახლში და გაძარცვოს იგი, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს. ძლიერის გათოკვას კი მასზე უძლიერესი შეძლებს... ლუკა მახარებელი სხვაგვარად მოგვითხრობს ძლიერის და უძლიერესის შესახებ იგავურ თქმას: "როდესაც ძლიერი იარაღით იცავს თავის სამეფოს, მისი ქონება მშვიდობით არის. ხოლო როდესაც მასზე ძლიერი დაესხმის თავს და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომლის იმედიც ჰქონდა და ნადავლს გაინაწილებს", რასაც მოჰყვება მაცხოვრის შეგონება: "ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგია, და ვინც ჩემთან არ კრებს, ის განაბნევს", რასაც უკვე სამივე მახარებელი გადმოგვცემს...

- ამ იგავური თქმით მაცხოვარი იუდეველებს ეუბნება შემდეგს: ეს კაცი მოიყვანეთ ჩემთან, ვინაიდან ვერავინ შეძლო მისი განკურნება, რადგან ეშმაკისგან იყო შეპყრობილი და ადამიანური ძალით შეუძლებელია ბოროტის დამარცხება, მაგრამ როდესაც მოვა მასზე უძლიერესი, ანუ ყველაზე უძლიერესი - უფალი, მას შეუძლია შებოჭოს იგი, ადამიანისგან განდევნოს ბოროტი და მისი სული გადაარჩინოს. ამდენად ძლიერში იგულისხმება დაცემული ანგელოზი, ხოლო უძლიერესი მისსა - არა მარტო დაცემულ ანგელოზზე, არამედ ყველა არსებაზე უძლიერესი, არის უფალი. როდესაც ყველაზე უძლიერესი მოვა, ანუ მე მოვალ, შევკრავ დაცემულ სულს და განვდევნი აქედანო. ეს იგავი, ეს იგავური თქმა მოთხრობილია არა ამ კონკრეტულ ამბავზე, კონკრეტულ ფაქტზე, როდესაც უფალმა მუნჯი განკურნა, არამედ მასზე, რომ უფალი თავისი მოსვლით სატანას შეკრავდა და ადამიანებს გამოიხსნიდა, ადამიანებს დაუბრუნებდა ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზას, რომელიც დაცემულ ანგელოზებს ჰქონდათ ხელში ჩაგდებული და ადამიანთა სულებს პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ მიაქანებდნენ.

როდესაც ადამიანი სულიერი იარაღით - ლოცვით, მარხვით, ღვთის მცნებების აღსრულებით იცავს თავის სულიერ მდგომარეობას, ის ისედაც დაცულია, მაგრამ თუ ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ეს ღვთისგან აქვს მიცემული, არამედ თვლის, რომ საკუთარი ძალით აკეთებს ამ ყველაფერს, მოვა მასზე უძილერესი - ეშმაკი, რომელიც შებორკავს და გაძარცვავს იმ სულიერი წარმატებისგან, რაც ჰქონდა. მაგრამ თუ ადამიანს გაცნობიერებული აქვს, რომ ამ ყველაფერს არა საკუთარი ძალით, არამედ სულიწმინდის ძალით, ღვთის ძალით აღასრულებს, ღვთის ძალით ეწინააღმდეგება ეშმაკს და არა თავისი ძალით, ის მტკიცედ დგას და მტკიცედ არის მისი სამეფოც, მისი სული უფალთანაა. სწორედ აქედან გამომდინარე უნდა ვიგულისხმოთ, - თუ უფალთან ვართ, ვთვლით, რომ ღვთის შეწევნით გვაქვს სულიერი თუ ხორციელი წარმატება, უფალთან ვკრებთ ამ ყველაფერს, მაგრამ თუ ჩავთვლით, რომ ჩვენით მივაღწიეთ სულიერ თუ ხორციელ წარმატებას, რაც მოვიპოვეთ, ყველაფერს განვაბნევთ, ვფანტავთ იმის გამო, რომ მოვა ბოროტი და სულიერსაც და ხორციელ წარმატებასაც წარგვტაცებს.

- რის შესახებ გვაუწყევს უფალი, როდესაც ბრძანებს: ყველა ცოდვა და გმობა მიეტევება ადამანს, სულიწმინდის გმობის გარდაო? რა იგულისხმება სულიწმინდის გმობაში?

- როგორც მახარებელი გვეუბნება, ამას იმის გამო ეუბნება მაცხოვარი იუდეველებს, რომ ამბობდნენ, ბელზებულით დევნის ეშმაკებსო. იმდენად იყო მათი გონება დაბნელებული, რომ ღვთის მიერ აღსრულებულ სასწაულებს ეშმაკს აწერდნენ. როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, სულიწმინდის გმობაში არ იგულისხმება, რომ ადამიანმა თქვას, სულიწმინდა არ არსებობსო. ვიცით, რომ ადამიანს ნებისმიერი ცოდვა მიეტევება, რადგან მას შეუძლია შეინანოს ცოდვები, მაგრამ სულიწმინდის გმობის ცოდვაში, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი გვეუბნება, იგულისხმება შემდეგი: ყველა ადამიანს აქვს სინდისი. სულიწმინდის გამოხატულება ადამიანში არის სინდისის ხმა. ადამიანი სულიწმინდის გმობამდე მიდის იმ დროს, როდესაც თავის თავში კლავს სინდისს, მიდის იმ მდგომარეობამდე, როდესაც არანაირ ცოდვაზე სინდისი აღარ ამხილებს. სწორედ ასეთ ადამიანს არ მიეტევება. ადამიანს რომ მიეტევოს, უნდა ჰქონდეს სინანული. სინანული რომ ჰქონდეს, ცოდვა უნდა შეიგრძნოს. ცოდვა რომ შეიგრძნოს, სინდისმა უნდა ამხილოს. თუ სინდისი არ ამხილებს, ცოდვას ვერ შეიგრძნობს, სინანული არ ექნება და არ მიეტევება. ე.ი. თუ ადამიანში სინდისის ხმა აბსოლუტურად გაქრა, იმდენად განდევნა თავისი თავიდან, რომ ვეღარ ახერხებს მის დაბრუნებს, ასეთ ადამიანს არ მიეტევება, მაგრამ ეს არის იშვიათი გამონაკლისი. შესაძლოა, რაღაც ცოდვებთან დაკავშირებით ადამიანმა თავის თავში მიაყუჩოს სინდისი, გარკვეული ცოდვების გამო სინდისმა არ ამხილოს, მაგრამ როდესაც ადამიანს არანაირ ცოდვაზე აღარ ამხილებს სინდისი, ეს არის უკვე სულიწმინდის გმობა, რომელიც არ მიეტევება. არ მიეტევება არა იმის გამო, რომ უფალი სჯის მას, არამედ იმის გამო, რომ თვითონ აღარასოდეს გაუჩნდება სინანულის გრძნობა.

ბეჭდვა
1კ1