თუ ღვთის სიტყვას ვქადაგებთ, მრისხანებაში არ უნდა ვიყოთ
თუ ღვთის სიტყვას ვქადაგებთ, მრისხანებაში არ უნდა ვიყოთ
მათეს სახარების თანახმად, ბეთსაიდისა და კაპერნაუმის მიმართ წარმოთქმული წინასწარმეტყეველების შემდეგ მაცხოვარი ამბობს: "გადიდებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისაო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს. ჰეი, მამაო! ვინაიდან ასეთი იყო შენი ნება-სურვილი; ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა მე და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა, და იმისა, ვისაც ძეს სურს განუცხადოს; მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენოთ თქვენ; იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი - მსუბუქი".

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- "გადიდებ შენ, მამაო, რამეთუ დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთა და განუცხადე ჩვილებს". რას გულისხმობს მაცხოვარი ამ სიტყვებში, რის შესახებ გვაუწყებს?

- აქ აღწერილი და ნაწინასწარმეტყველებია ის ფაქტი, როდესაც მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის დროს თავად ჩვილი ბავშვებიც კი, რომელთაც ჯერ ერთი სიტყვაც არ ეთქვათ თვიანთი ბუნებითი წესის გამო, გალობდნენ: "ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა..." ეს იყო უდიდესი სასწაული. თუ განვავრცობთ ღვთის ამ სიტყვას, "ბრძენებსა" და "გონიერებში" უნდა ვიგულისხმოთ ისრაელის სასულიერო ელიტა - მწიგნობარნი, ფარისეველნი, სჯულისმეცნიერნი, რომელთაც თავიანთი სიბრძნითა და განსწავლულობით უნდა მიეღოთ უფალი, მესია, რადგან მთელი ცხოვრება სწავლობდნენ სჯულს და ემზადებოდნენ მესიის მისაღებად, მაგრამ არ მიიღეს მაცხოვარი, იმის გამო, რომ მათი სწავლება უკვე გადაცდენილი იყო ჭეშმარიტებას და მხოლოდ მიწიერად იყვნენ ბრძენნი და გონიერნი. ჩვილებში უნდა ვიგულისხმოთ სწავლებით ჩვილნი, ყველა ის ადამიანი, ვინც მაცხოვარი მიიღო - მეთევზურნი, მიწისმუშაკნი, მეზვერენი. ისინი სულიერად იყვნენ ჩვილები. მათ არ ჰქონდათ სჯულის სწავლება, როგორც სჯულის მეცნიერებსა და ფარისევლებს, რომლებიც ბრძენებად და გონიერებად მიიჩნევდნენ თავს, საზოგადოებაც თვლიდა ბრძენ და გონიერ ადამიანებად, მაგრამ მათგან დაფარულ იქმნა მაცხოვარი. არა იმის გამო, რომ უფალმა დაუფარათ, არამედ თავიანთი გონებადაბინდულობით, თავიანთი ჭეშმარიტებიდან გადაცდომით, თავიანთი დაუნახაობით თვითონვე დაიბინდეს გონება, როდესაც არ მიიღეს მაცხოვარი. ხოლო ჩვილები არიან ის ადამიანები, რომლებიც თითქოსდა მზად არ იყვნენ მესიის მისაღებად, ცოდნაც კი არ ჰქონდათ, არ იყვნენ განსწავლულნი, მაგრამ მთამა გონებით ჩვილობამ, მათმა კეთილმა და ლმობიერმა გულმა გამოიწვია ის, რომ მიმღებნი გახდნენ ღვთის სიტვისა. ადამიანთა გულებს მხოლოდ და მხოლოდ უფალი ხედავს. როდესაც უფალმა შეხედა გონებით, სულიერად ჩვილთა გულებს, რომელთა გულებიც ღია იყო ღვთის სიტყვის მისაღებად, სწორედ ამ გულებში შევიდა და ამ გულებმა მიიღეს მაცხოვარი. მიწიერად ბრძენთა და გონიერთა - ისრაელის სასულიერო ელიტის გულები კი დახშული აღმოჩნდა ღვთისთვის და თავისთავად დაფარული იყო მათთვის ჭეშმარიტება.

- შემდეგ მაცხოვარი ბრძანებს: "ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა მე და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა და არავინ იცნობს მამას, გარდა ძისა..."

- ისევე როგორც არაერთ ადგილას, უფალი აქაც განაცხადებს, რომ ის არის ერთარსება სამების ერთ-ერთი პირი. თავად უზენაესმა ანგელოზებმაც კი არ იციან სრულად, ვინ არის მამა და ვინ არის ძე. რაიმე რომ შევიმეცნოთ, მასზე დიდი უნდა ვიყოთ, ამის გამო ნებისმიერი ცოცხალი არსებიდან, მოაზროვნე არსებიდან, ადამიანი იქნება ეს თუ უზესთაესი სერაფიმები და ქერუბიმები, ვერავინ შეიმეცნებს ბოლომდე უფალს. ეს აბსოლუტურად შეუძლებელია. უფალი არის ზეაღმატებული, დაუსაბამო, უშობელი, დაუსრულებელი, ხოლო ყველა მოაზროვნე არსება დაუსრულებელი და დაუსაბამო შემოქმედის შემოქმედების ნაყოფია, ამიტომაც არ შეიძლება შემოქმედს ჩასწვდეს შექმნილი. როდესაც მაცხოვარი ამბობს: "არავინ იცის ძე, გარდა მამისა და მამა, გარდა ძისა", ამით თავის თავს აბსოლუტურად უტოლებს მამას და განგვიცხადებს, რომ ყოვლადწმინდა სამების სამივე ჰიპოსტასი თანაბარია, მათში არავითარი აღმატებული და დაქვემდებარებული მდგომარეობა არ არსებობს. უფალი სწორედ ამ სიტყვებით განგვიცხადებს ამას. მსჯელობისთვისაც რომ დავუშვათ და ვთქვათ, რომ ქრისტე იყო ადამიანი და არა ღმერთი, მას არ ეცოდინებოდა მამა, ასევე არა მარტო მამას, ადამიანებს და ანგელოზებსაც შეეძლებოდათ მისი შეცნობა, მაგრამ მაცხოვარი ბრძანებს: "არავინ იცის ძეი, გარნა მამისა და არავინ იცის მამა, გარნა ძისა". ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტე არის სრულყოფილი ღმერთი.

უფალი საღვთო საიდუმლოებებს, თავის თავს ადამიანებს განუცხადებს იმ დოზით, რა დოზითაც ადამიანს შეუძლია მიღება და დატევნა. თუკი უფალი თავის თავს სრულად განგვიცხადებს, არა მარტო ადამიანები, მთელი მოაზროვნე სამყარო, თავად ანგელოზებიც კი ძრწოლისგან განქარდებიან, შეიძლება არარაობად იქცეს ყველაფერი.

- ვის მოუწოდებს უფალი, როდესაც ბრძანებს - მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ?

- ერთი მხრივ, უფალი ამ სიტყვებით მიმართავს ფიზიკურად დამაშვრალ და ტვირთმძიმე ისრაელიანებს, უბრალო ფენას, რომელთაც სიდუხჭირეში უხდებოდათ ცხოვრება. მეორე მხრივ კი ისარელის ელიტას, სჯულისმეცნიერებსა და ფარისეველთ, რომლებმაც მაცხოვარი არ მიიღეს. მათ შორისაც იყვნენ ისეთები, თუნდაც გამალიელი, ნიკოდიმოსი, იოსებ არიმათიელი, რომლებმაც მიიღეს უფალი, მაგრამ უმეტესობამ არ მიიღო მცხოვარი. შეიძლება ეს ადამიანები არ იყვნენ ფიზიკურად დამაშვრალნი, მაგრამ სულიერად იყვნენ ამგვარ მდგომარეობაში. არა მარტო ისინი, მთელი კაცობრიობა იყო სულიერად დამაშვრალი, გაღატაკებული, თუმცა ამას მხოლოდ კაცობრიობის მცირედი ნაწილი თუ ხვდებოდა და სწორედ მათაც მიმართავს უფალი: "მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენო". ესენი იყვნენ უმეტესად საზოგადოების დაბალი ფენების წარმომადგენლები, რომლებიც ფიზიკურადაც იყვნენ მაშვრალნი და ტვირთმძიმენი. ვიცით, რომ პირველი ადამიანები, რომლებმაც მაცხოვარი მიიღეს, იყვნენ სწორედ საზოგადოების დაბალი ფენების წარმომადგენლები, ის ადამანები, რომლებიც დღედაღამ შრომობდნენ იმისათვის, რომ დღიური საზრდელი მოეპოვებინათ. თუმცა უფალი ამ სიტყვებს ბრძანებს არა მხოლოდ ამ აზრით, არამედ გაცილებით ზეაღმატებული აზრითაც: "მაშვრალნი და ტვირთმძიმენი" - ანუ ცოდვებით დამძიმებული ადამიანები მოდით ჩემთანო. ცოდვებით დამძიმებული იყო მთელი კაცობრიობა, მაგრამ უფალთან ის მივიდოდა, ვინც თვლიდა, რომ ცოდვებით იყო დამძიმებული. ამდენად, როდესაც უფალი ბრძანებს, მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენიო, ყველა ადამიანს გულისხმობს, მაგრამ მათგან ვინც თვითონ თვლის, რომ მაშვრალი და დამძიმებულია ცოდვებით, ის მივა უფალთან და ღვთის შეწევნასაც ის მიიღებს. ხოლო ვინც არ თვლის, რომ მაშვრალი და ტვირთმძიმეა, არ მივა უფალთან. რა თქმა უნდა, უფალი მათთვისაც მოვიდა, მაგრამ ღვთის წყალობას ისინი ვერ მიიღებენ, იმის გამო, რომ თავად არ მიდიან უფალთან. უფალი ამბობს - "მოვედით". ჩვენ უნდა მივიდეთ უფალთან. უფალი ყოველთვის გველოდება, მაგრამ ჩვენ უნდა მივიდეთ მასთან, ჩვენ უნდა მივმართოთ ჩვენი გული უფლისკენ.

- შემდეგ მაცხოვარი წარმოთქვამს: "იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი ტკბილი და საამურია და ჩემი ტვირთი - მსუბუქი"...

- აქ უფალი გვასწავლის, ისე ვიცხოვროთ, როგორც თვითონ ცხოვრობდა მიწიერი ცხოვრების დროს - მშვიდად, აუღელვებლად, არავის არ ვეკამათოთ, არ ვეჩხუბოთ, არ ვამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. ჩვენ უნდა ვიქადაგოთ სიმართლე, ჭეშმარიტება, ღვთის სიტყვა, მაგრამ არამც და არამც ეს არ უნდა იყოს კამათის ფორმით, ჩხუბის ფორმით. თუ ღვთის სიტყვის ქადაგება გადაგვდის ჩხუბში და კამათში, მეორე მხარე ამას არ ღებულობს. უფალი გვეუბნება: "შემდგომად ერთისა და ორისა შეგონებისა განეშორე". უფალი ასევე გვეუბნება: ნუ დაუყრით მარგალიტებს ძაღლებს და ღორებს, რადგან ფეხქვეშ გათელავენო, ე.ი. ჩვენ კი უნდა ვიქადაგოთ ღვთის სიტყვა, მაგრამ უნდა ვუქადაგოთ მათ, ვინც მიიღებს ამას. ერთხელ შეიძლება ყველას ვუქადაგოთ, მაგრამ არამც და არამც ეს არ უნდა გადაიზარდოს მრისხანებაში. მრისხანებით არ უნდა ვაკეთოთ. უფალი ბრძანებს: "მრისხანებამან კაცისამან სიმართლე ღვთისა ვერა ქმნეს". თუ ღვთის სიტყვას ვქადაგებთ, მრისხანებაში არ უნდა ვიყოთ, რადგან მრისხანებით არ ხდება ღვთის სიმართლის დამტკიცება. ხდება პირიქით. თუ ჩვენ ვმრისხანებთ, ადამიანები გამოიტანენ დასკვნას, რომ სიმართლეს არ ვამბობთ.

როდესაც ღვთის სიყვარულით აღასრულებ ყველაფერს, ის უღელი, რასაც ჰქვია ღვთის მცნებების აღსრულება, უკვე ტკბილი და საამური ხდება. ვინც თვლის, რომ მძიმეა ქრისტიანული ცხოვრება, მას უფალი არ უყვარს. ვისაც უყვარს უფალი, მისთვის ღვთის მცნებების აღსრულება ტკბილი და საამურია - თუ ტკბილია ღვთის მცნებების აღსრულება ჩვენთვის და ვთვლით, რომ ეს ადვილია, მაშინ გვიყვარს უფალი. თუ ვთვლით, რომ ძნელია, მაშინ უფალი არ გვყვარებია. რა დონეზეც მივიჩნევთ, რომ ძნელია ღვთის მცნებების აღსრულება, იმ დონეზე არ გვყვარებია უფალი.

ბეჭდვა
1კ1