სასუფეველი რომ მოვიპოვოთ, ჩვენი თავი უნდა ვაიძულოთ, ცოდვებს განვეშოროთ და კეთილი საქმეები ვქმნათ
სასუფეველი რომ მოვიპოვოთ, ჩვენი თავი უნდა ვაიძულოთ, ცოდვებს განვეშოროთ და კეთილი საქმეები ვქმნათ
იოანე ნათლისმცემლის შეფასების შემდეგ მაცხოვარი მის ირგვლივ შეკრებილ ადამიანებს მიმართავს: "დღითგან იოვანე ნათლისმცემლისა ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაი იიძულების და, რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი; რამეთუ ყოველნი წინასწარმეტყველნი და სჯული ვიდრე იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ". თუ მიღება გსურთ, იგია ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს, მაგრამ ვის ვამსაგავსო ეს მოდგმა და ვისი მსგავსნი არიან ისინი? ისინი ჰგვანან ყრმებს, რომლებიც მოედანზე სხედან და მოუხმობენ თავიანთ ამხანაგებს: სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, ვგოდებით და არ იგლოვეთ. ვინაიდან მოვიდა იოანე, არ ჭამს, არ სვამს და თქვენ ამბობთ, ეშმაკი ჰყავსო. მოვიდა კაცის ძე, ჭამს, სვამს და ამბობთ: აჰა კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მეგობარი მეზვერეთა და ცოდვილთაო" (მათე 11, 12-19; ლუკა 7, 29-34)...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

- რას გულისხმობს უფალი, როდესაც ბრძანებს: იოანე ნათლისმცემლის დროიდან სასუფეველი იიძულების და ვინც არ აიძულებს თავს, მან ვერ მიიტაცოს იგიო?

- სასუფეველი რომ მოვიპოვოთ, დავიმკვიდროთ, ჩვენი თავი უნდა ვაიძულოთ, რომ ცოდვებს განვეშოროთ და კეთილი საქმეები ვქმნათ, ღვთის მცნებები აღვასრულოთ. ცოდვის ჩადენა გაცილებით ადვილია, ვიდრე ღვთის მცნებების აღსრულება. თუ თავს არ ვაიძულებთ, საუფეველს დავკარგავთ. სასარგებლო მცენარეებს მოვლა-პატრონობა სჭირდება ადამიანისგან, სარეველა მცენარეები კი, რომლებიც კულტურულ მცენარეებს აზიანებენ და აშთობენ, არავითარ მოვლას არ საჭიროებენ, თავისთავად მრავლდებიან, ასევე თავისთავად მრავლდება ცოდვები ადამიანში, იმის გამო, რომ ადამის დაცემის შემდეგ ცოდვამ დაიმკვიდრა ადამიანში, ცოდვამ დაიმკვიდრა ხილულ სამყაროში. ადამიანი ცოდვისკენ გახდა მიდრეკილი და იმისათვის, რომ ცოდვებს განვეშოროთ, თავი უნდა ვაიძულოთ, რათა სასუფევლის დამკვიდრება შევძლოთ, ეს კი საჭიროა დღიდან იოანე ნათლისმცემლისა - მას შემდეგ, რაც იოანემ ქადაგება დაიწყო, მაცხოვარი უკვე მიწაზეა და ვინც იოანეს სიტყვას მოისმენდა და ჭეშმარიტად შეიცნობდა, თუ რას ქადაგებდა იოანე, ის უფალთან მივიდოდა და უფალთან, სასუფეველში დაიმკვიდრებდა. სასუფეველი რა არის? - უფალთან მყოფობა. უფალი იმ დროს ხილულად იყო მიწაზე, უკვე იქ, უფალთან იყო სასუფეველი და ადამიანებს შეეძლოთ სასუფეველი დაემკვიდრებინათ. არა იმ გაგებით, რა გაგებითაც ახლა ვამბობთ, არამედ იმით, რომ უფალთან ყოფილიყვნენ, უფალი იყო მათთან. ვინც იოანეს მოუსმენდა, უკვე შეეძლო ეზრუნა სასუფევლისთვის, ეიძულებინა თავი იმასათვის, რომ სასუფეველი დაემკვიდრებინა.

- შემდეგ მაცხოვარი ბრძანებს: ყველა წინასწარმეტყველი იოანემდე წინასწარმეტყველებდა. თუ მიღება გსურთ, იგია ელია, რომელიც უნდა მოვიდესო...

- ძველი აღთქმის პერიოდში ყველა წინასწარმეტყველი წინასწარეტყველებდა მაცხოვრის განკაცების შესახებ, რომ მოვიდოდა მხსნელი, რომელიც კაცობრიობას გამოიხსნიდა დაცემულობისგან და დააბრუნებდა სასუფეველში, იოანე კი ამბობდა, უკვე მოსულია ის, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენო. ამით განსხვავდებოდა იოანეს წინასწამეტყველება სხვა წინასწარმეტყველებისგან.

ძველი აღთქმის პერიოდშივე იყო წინასწარმეტყველება, რომ მაცხოვრის მოსვლის ჟამს გამოჩნდებოდა ელია წინასწარმეტყველი, მაგრამ ვიცით, რომ ეს წინასწარმეტყველება მაცხოვრის მეორედ მოსვლის პერიოდს შეეხება. სწორედ მაცხოვრის მეორედ მოსვლის დროს მოვა ელია წინასწარმეტყველი ანტიქრისტეს სამხილებლად და ადამიანებს განამტკიცებს სარწმუნოებაში. როდესაც მაცხოვარი ბრძანებს, ესაა ელიაო, არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით. როგორც ვთქვით, პირდაპირი მნიშვნელობით ელია ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს მოვა, უფლის მეორედ მოსვლის წინამორბედია, მაგრამ როგორც ელია ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ მოვა და განამზადებს ადამიანთა გულებს, ასევე იყო იოანე მაცხოვრის მოსვლის წინამორბედი. იოანე გაცილებით აღმატებულია, ვიდრე ელია წინასწარმეტყველი, რადგან მან ქრისტეს მოსვლას განუმზადა ადამიანთა გულები, ადამიანები ქრისტესკენ მოაქცია, მაგრამ იმის გამო, რომ ებრაელები, იუდეველები ელიას თვლიდნენ უაღმატებულესად წინასწარმეტყველთა შორის, და მართლაც ასე იყო, ამის გამო ეუბნება, ესე არს ელიაო - როგორც ელიაა უდიდესი, ასევე უდიდესია იოანეც, თქვენ ნუ გგონიათ, რომ ეს ილიაზე ნაკლებია, არათუ ნაკლები, უმეტესიც კი არის, იცოდეთ და ვისაც მიღება გსურთ, მიიღეთო.

- ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? - წარმოთქვამს მაცხოვარი ფარისეველთა და სჯულისმეცნიერთა მიმართ, როდესაც მათ ყურად არ იღეს ღვთის სიტყვა, იქვე იგავურ სწავლებასაც მოაყოლებს და ამხილებს მათ... რომელ მოდგმაზე საუბრობს მაცხოვარი?

- ამ სიტყვებს უფალი ამბობს იუდეველთა მიმართ, უფრო მეტად იმ მოდგმაზე, იუდეველთა იმ თაობაზე, სჯულისმეცნიერებსა და ფარისევლებზე, რომლებიც მაცხოვრის დროს ცხოვრობდნენ, რომლებსაც ყველაზე მეტად მიეცათ ღვთის სიტყვა, ღვთის გამოცხადება, თუმცა განკაცებული ღმერთი აცვეს ჯვარს. ეს იყო იუდეველთა ყველაზე უსჯულო მოდგმა. სწორედ მათ მიმართ ამბობს უფალი, ვის ვამსგავსო ეს მოდგმა - ბავშვები უფრო აღმატებულნი არიან, ბავშვების აზრიც კი უფრო აღამატებულია თქვენს აზრებზეო. მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, არ ჭამდა, არ სვამდა, ანუ მკაცრი მმარხველი, ზეაღმატებული მოღვაწე იყო და ამბობდით, ეშმაკეულიაო, მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს და ამბობთ, აჰა კაცი, მჭამელი და მსმელი, მეგობარი მეზვერეთა და ცოდვილთაო - ის, რომ იოანე უდაბნოში გაიზარდა, არ ჭამდა, არ სვამდა, თქვენთვის გავაკეთე, რათა ამით მოსულიყავით ჩემამდე; ვინც ამას ეწინააღმდეგებოდით, ამის საპირისპირო გიჩვენეთ, ამის საპირისპირო გავაკეთე, მაგრამ თქვენ არც იოანეს გაჰყევით და არც მე მომყევებითო. არის ადამიანთა კატეგორია, რომელსაც ღვთის მცნებების აღასრულება არ უნდა და მიზეზებს ეძებს იმისათვის, რომ თავისი უსჯულოება გაამართლოს. სწორედ ასე იყვნენ იუდეველები. იოანეს არ გაჰყვნენ იმის გამო, მკაცრი მმარხველია, მკაცრი მოღვაწეაო და ეშმაკეულს უწოდებდნენ, მაცხოვარს არ მიჰყვებოდნენ იმის გამო, რომ მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობარიაო. უფალი ეუბნება, მე ორივე მოგეცით, სწავლების მიღება გინდოდათ, ორივე განახეთო. თუ იოანეს გაჰყვებოდით, ჩემთან მოგიყვანდათ. იოანეს მარხვა და მოღვაწეობა არ მოგეწონათ? მისი საპირისპირო გავაკეთე მიწიერი ცხოვრებით, მაგრამ არც ეს მოგწონთ, თქვენ მიღება არ გინდათ, თორემ აქ არაფერ შუაშია იოანეს მარხვა და ჩემი ჭამა-სმა. ჯიუტი ბავშვებივით ხართ, რომლებიც ყველაფერზე მიზეზს ეძებენ, რომ თავი გაიმართლონ. თქვენი ცხოვრების წესის შეცვლას კი არ ცდილობთ, არამედ მიზეზებს ეძებთ, რომ თავი გაიმართლოთო.

- მაცხოვარი ამ სიტყვებს ეუბნება ფარისევლებსა და სჯულისმოძღვრებს და მათ მიმდევრებს. ვიცით, რომ როდესაც მაცხოვარი ქადაგებდა, ისინი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ და ცდილობდნენ, წინ აღდგომოდნენ მის ქადაგებას, თავიანთი აზროვნებით დაეკნინებინათ. რატომღა უქადაგებდა და ამხილებდა მათ მაცხოვარი?

- უფალი არასოდეს ამხილებდა მათ პირდაპირ, არამედ ყოველთვის ზოდაგად ქადაგებდა, რადგან როდესაც ადამიანს კონკრეტულად ვეუბნებით მისი დანაშაულისა და შეცოდების შესახებ, ძალიან ძნელად ღებულობს ამგვარ მხილებას, მით უმეტეს, როდესაც ადამიანს გაქვავებული აქვს გული და თვითონ ვერ გრძნობს თავის ცოდვებს, მისი მხილება აბსოლუტურად უადგილოა, რადგან უფრო მეტად უსასტიკდება გული. ამიტომაც იყო, რომ უფალი იუდეველებს არა პირდაპირ, არამედ იგავურად ამხილებდა, რათა გაეგოთ, მიმხვდარიყვნენ თავიანთ შეცდომებს. იმ წუთში თუ ვერ გაიგებდნენ, შემდეგ დაფიქრებულიყვნენ, გამოეტანათ დასკვნები და მიეღოთ ჭეშმარიტება. ამან შედეგი გამოიღო. როდესაც პავლე მოციქული იერუსალიმში ჩადის, იაკობ მოციქული ეუბნება - ნახე, რაოდენი არიან მწიგნობართაგან და ფარისეველთაგან მოქცეული ძმანი, რომლებიც სჯულის მოშურნენი არიანო. რა თქმა უნდა, პირველი შფოთი ეკლესიაში სწორედ სჯულის მოშურნეობით აღსრულების გამო შეიქმნა, როდესაც იუდეველები, სჯულისმეცნიერებიდან მოქცეული ქრისტიანების ნაწილი ითხოვდა, რომ ძველი, მოსეს სჯული ქრისტიანებსაც სრულად შეესრულებინათ. მოციქულთა პირველი კრება სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბა და დაადგინა, რომ არ იყო ქრისტიანისთვის სჯულის აღსრულება საჭირო, მაგრამ აქედან ჩანს ფაქტი იმისა, რომ მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ ძალიან ბევრი ფარისეველთაგანი და სჯულისმეცნიერი ქრისტეს მიმდევარი გახდა. უფალი ტყუილად არ ამბობდა იგავებს, ტყუილად არ უქადაგებდა იუდეველებს.Eერთი იუდეველიც, ერთი ფარისეველიც კი რომ მოქცეულიყო ასეთი ქადაგებით, იმისთვისაც კი ღირდა ასეთი ქადაგება. სწორედ იმიტომ უქადაგებდა მაცხოვარი მათ იგავურად, რადგან მათ გულებს უფრო მეტად შეეძლო იგავური ქადაგების მიღება, ვიდრე პირდაპირი სიტყვის მიღება. მოციქულებს პირდაპირ ეუბნებოდა, პირდაპირ ასწავლიდა, რადგან მოციქულები ქრისტეს მიმღები, მიმდევარი ადამიანები იყვნენ.

ბეჭდვა
1კ1