იოანეს ქადაგებისა და მოღვაწეობის მიზანი და დანიშნულება სწორედ ის იყო, რომ ადამიანები გაჰყოლოდნენ ქრისტეს
იოანეს ქადაგებისა და მოღვაწეობის მიზანი და დანიშნულება სწორედ ის იყო, რომ ადამიანები გაჰყოლოდნენ ქრისტეს
როგორც მათე და ლუკა მახარებლები მოგვითხრობენ, მოციქულთა დამოძღვრისა და საქადაგებლად წარგზავნის შემდეგ საპყრობილეში მყოფ იოანე ნათლისმცემელს ესმა იესოს საქმეების შესახებ, თავისი ორი მოწაფე მიავლინა იესოსთან და შეუთვალა: "შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?" იესომ უთხრა მათ პასუხად: წადით და უთხარით იოანეს, რაც გესმით და ხედავთ: "ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან და ყრუთა ესმის, და მკუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების". ნეტარია ის, ვინც არ შეცდება ჩემშიო.

როდესაც იოანეს მოწაფეები წავიდნენ, იესომ ხალხთან იოანეს შესახებ დაიწყო საუბარი და მიმართა: რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? აბა, რის სანახავად გახვედით - კაცისა, რომელსაც რბილი სამოსელი აცვია? რბილი სამოსით შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან; რიღას სანახავად წახვედით? წინასწარმეტყველისა? აბა, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც. ვინაიდან ეს არის იგი, რომლის შესახებაც დაწერილია: "აჰა, ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა". თქვენ გეუბნებით: "არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი უფროის იოვანეს ნათლისმცემლისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროის მისა არს"... (მათე 11, 1-11; ლუკა 7, 19-28)

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):


- რატომ წარგზავნა იოანე ნათლისმცემელმა იესოსთან თავისი მოწაფეები? ვიცით, რომ იოანემ, უფლის წინამორბედმა, კარგად უწყოდა, რომ იესო ქრისტე იყო აღთქმული მესია, მხსნელი კაცობრიობისა. მისი მისიაც სწორედ ის იყო, რომ ადამიანები ქრისტემდე, მაცხოვრამდე მიეყვანა...

- შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს ეჭვი გაუჩნდეს, თითქოსდა სახარების მონათხრობთა შორის წინააღმდეგობაა, სახარებისეული თხრობანი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რადგან როდესაც იესო ქრისტე ნათელს იღებს იოანესგან, იოანე მის მიმართ ამბობს: აჰა, ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აღიხუნას ცოდვანი სოფლისანი. შემდეგ კი თავის მოწაფეებს წარგზავნის იესოსთან და მათი პირით შეუთვლის: შენ ხარ მომავალი თუ სხვას უნდა მოველოდეთო, მაგრამ აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არის. იოანეს ჰყავდა უამრავი მოწაფე. ზოგიერთმა მოწაფემ, მაგალითად, ანდრია პირველწოდებულმა და იოანე ღვთისმეტყველმა, ნახა რა ქრისტე მაცხოვარი, მაშინვე დატოვა იოანე ნათლისმცემელი და გაჰყვა მაცხოვარს. ეს არ ნიშნავს, რომ მათ თავიანთი მოძღვარი დატოვეს, არამედ რასაც მოძღვარი უქადაგებდათ, რისთვისაც განამზადებდა იოანე ადამიანთა გულებს, ნახეს რა ის, გაჰყვენ მას. იოანეს ქადაგებისა და მოღვაწეობის მიზანი და დანიშნულება სწორედ ის იყო, რომ ადამიანები გაჰყოლოდნენ ქრისტეს, მაგრამ თავად ქრისტეს მოსვლისა და აურაცხელი სასწაულის შემდეგაც კი იოანესთან დარჩა ადამიანთა, მოწაფეთა ნაწილი, რომლებიც იოანეს განადიდებდნენ და არა უფალს და ამის გამო კვლავ იოანეს მოწაფეებად რჩებოდნენ, ხოლო მაცხოვრის მოწაფეებს და თავად მაცხოვარსაც მათი საქმიანობის გამო განიკითხავდნენ. სახარებიდან გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, როდესაც მაცხოვართან მიდიან იოანეს მოწაფეები და ეუბნებიან: რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მიწაფეები კი არ მარხულობენო. ეს არის ადამიანების ის კატეგორია, რომელმაც თავად იოანეს ქადაგება ბოლომდე ვერ გაიგო და იმას კი არ მისდევდნენ, რასაც იოანე ქადაგებდა, არამედ თავად იოანეს განადიდებდნენ და სცემდნენ თაყვანს, - როგორც წმინდა მოღვაწე ადამიანი, მათში თავად იოანე აღძრავდა მასთან ყოფნის სურვილს. სწორედ ასეთი აზროვნების ადამიანები, ასეთი აზროვნების მოწაფეები მიავლინა იოანემ მაცხოვართან, რათა მათ შეეცნოთ იესოში სწორედ ის, ვის შესახებაც იოანე ქადაგებდა და წინასწარმეტყველებდა - ქრისტე, მაცხოვარი. როდესაც იოანეს დანაბარებს გადასცემენ, უფალი მათ პირდაპირ კი არ ეუბნება, სწორედ მე ვარ ის, ვისაც მოელოდით, ანუ მესია, მაცხოვარი, კაცობრიობის მხსნელიო, არამედ, როგორც სახარება გვეუბნება, მაშინ იესომ უამრავი სნული განკურნა სასწაულებრივად და იოანეს მოწაფეებს ეუბნება: უთხარით იოანეს, რაც იხილეთ: მკელობელნი ვლენან, ყრუთა ესმით, კეთროვანნი განიწმინდებიან...…ანუ რასაც იოანე წინასწარმეტყეველებდა ქრისტეს საქმეების შესახებ, რასაც მთელი ძველი აღთქმის სჯული წინასწარმეტყველებდა ქრისტეს მოსვლის შესახებ, აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი ხდება. ამით შეფარვით ეუბნება მათ, მე ვარ ის, ვის შეახებაც იოანე ქადაგებსო, რადგან მათთვის და ადამიანთა იმ კატეგორისთვის, რომელსაც უჭირდა ქრისტეს მიღება, ასე უფრო ადვილად მისაღები იყო ქრისტე. მათ თავიანთ აზროვნებაში უნდა გამოეტანათ დასკვნა, რომ ვინც მათ წინაშეა, სწორედ ის არის კაცობრიობის მხსნელი. შემდეგ უფალი ბრძანებს: "ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდენ ჩემდა მომართო". დაბრკოლება იმას ნიშნავს, რომ იესო არ აღიარო ქრიტედ, მესიად, მხსნელად. ამით უფალი სიტკბოებით ამხილებს მათ. მაცხოვარმა ეს სიტყვები იოანესთვის არ თქვა, არამედ თავად მათთვის, ამ ადამიანებისთვის. როდესაც ისინი მიბრუნდებოდნენ იოანესთან და ეტყოდნენ თავის შეკითხვაზე, თავის დანაბარებზე იესოს პასუხს, ლოგიკურად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ შემდეგ უკვე თავად იოანე ეტყოდა მათ, ვინ იყო მომავალი, იყო თუ არა იესო ქრისტე მხსნელი. შემდგომში მართლაც იოანეს კიდევ უამრავი მოწაფე გახდა ქრისტეს მიმდევარი, თუმცა, როგორც მოციქულთა საქმე მოგვითხრობს, როდესაც სულიწმინდის გარდამოსვლის შემდგომ მოციქულებმა დაიწყეს ქადაგება, იმ დროსაც კი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იოანეს მომდევრები იყვნენ, იოანეს ქადაგება იცოდნენ. ერთ-ერთი ასეთი მოწაფე იოანესი პავლე მოციქულთან მიიყვანეს და მისგან გაიგო ჭეშმარიტება. ანუ თავად იოანეს აღსრულებიდან წლების შემდეგაც კი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მხოლოდ იოანეს ქადაგება იცოდნენ. მეტიც, შუა საუკუნეებშიც კი არსებობდა მიმდინარეობა, რომელიც არა ქრისტეს, არამედ იოანეს აღიარებდა მხსნელად. ცხადია, ეს იყო მწვალებლობა. სწორედ ადამიანების ამგვარი მწვალებლური აზროვნებისგან დასაცავად გაუშვა იოანემ თავისი მოწაფეები იესოსთან, რათა მათაც და მათი სახით ყველა ადამიანს გაეგო, ეჭვი არ შეჰპარვოდა, რომ არა იოანე, არამედ ქრისტე იყო მხსნელი. იოანე კი მოვლინებული იყო იმისათვის, რომ ადამიანთა გულები განემზადებინა ქრისტეს მისაღებად.

- როდესაც იოანეს მოწაფეები თავიანთ მოძღვართან მიდიან, რათა მაცხოვრის პასუხი გადასცენ მას, იესო მის ირგვლივ შეკრებილ ადამიანებთან იწყებს საუბარს იოანეს შესახებ...

- მაცხოვარი აფასებს იოანეს. აქ არის მეორე მომენტიც: იყო ადამანთა კატეგორია, რომელებიც ქრიტეს მიმდევრები იყვნენ, მაგრამ იოანეს არ აღიარებდნენ. სხვა ადგილას სახარებაში უფალი ამბობს: მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, არ ჭამდა, არ სვამდა და ამბობდით, ეშმაკეულიაო, ანუ იოანეს ზოგიერთები თავისი განსაკუთრებული მოღვაწეობის გამო განიკითხავდნენ, ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც იოანეს განადიდებდნენ, მაგრამ სიტვით განადიდებდნენ და არა მის ნაქადაგებ სიტყვას, სწორედ მათ ამხილებს უფალი და ეუბნება: რისთვის დადიოდით უდაბნოში იოანეს სახილველად? თუ ბეწვით შემოსილი კაცის ნახვა გინდოდათ, სამეფო სასახლეებში არიან, თუ ბუნების მშვენიერების ნახვა გინდოდათ, უდაბნოში რა გინდოდათ, იქ ბუნების მშვენიერება არ არის. თუ წინასწარმეტყველის სახილველად გადიოდით, გეტყვით, არა მხოლოდ წინასწარმეტყველის, არამედ უმეტეს წინასწარმეტყველისა, - წინასწარმეტყველზე აღმატებულისო. ამის შემდეგ მაცხოვარი იოანეზე ამბობს: "არა აღდგომილ არს ნაშობთაგან დედათაი უფროის იოვანეს ნათლისმცემლისა; ხოლო უმცირესი სასუფეველთა ცათასა უფროის მისა არს". თავისთავად აქ არ იგულისხმება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. როდესაც მაცხოვარი ხალხს უქადაგება, არ იტყოდა, უმეტესი დედაჩემია და შემდეგ - იოანეო. სწორედ იმის გამო შეიქმნა იოანე ღირსი, უფლის წინამორბედი გამხდარიყო, რომ მასზე უმეტესი არავინ შობილა კაცთა შორის, მაგრამ უფალი ბრძანებს: სასუფეველში უმცირესიც კი მასზე დიდიაო. როდესაც იოანე სასუფეველში შევიდოდა, მაშინ კი არ იქმებოდა სასუფეველში მასზე დიდი უმცირესიც კი, არამედ იოანე რაც აქ, მიწაზე იყო, სასუფეველში მყოფი უმცირესიც კი მასზე დიდია თავისი საქმეებით, ღვთის მარადიული დიდებითო. ეს არ ნიშნავს, რომ როდესაც იოანე სასუფეველში შევიდოდა, მასზე დიდი იქნებოდა უმცირესი სასუფეველში. იოანე როდესაც მიწაზე იყო, იმ დროსთან შეფარდებით იქნებოდა სასუფეველში მყოფი ნებისმიერი უმცირესიც კი მასზე დიდი. ცხადია, ისინი, რომლებიც მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდგომ დაიმკვიდრებდნენ სასუფეველს. იმ დროს კი, როდესაც მაცხოვარმა ეს სიტყვები წარმოთქვა, საერთოდ არ იყო გახსნილი სასუფევლის კარი, მხოლოდ ანგელოზები განადიდებდნენ მარადიულად უფალს. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ანგელოზებიც. რა თქმა უნდა, სასუფეველში მყოფი უმცირესი ანგელოზთაგანიც გაცილებით მეტად განადიდებს უფალს და აღასრულებს ღვთის მცნებებს, ვიდრე თუნდაც ყველაზე წმინდა ადამიანი დედამიწაზე ყოფნის ჟამს. ხოლო როდესაც იოანე სასუფეველში შევიდა, ის უაღმატებულესი შეიქნა ყველა ადამიანთა შორის თავისი ღვთის მადიდებლობით. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.

- ძველი აღთქმის პერიოდში მრავლად იყვნენ წმინდა და მართალი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით, თავინთი სიტყვით განადიდებდნენ უფალს, თუმცა უფალი მხოლოდ იოანეს მიმართ ამბობს ამ სიტყვებს. მაინც რით იყო იოანე ნათლისმცემელი უდიდესი, გამორჩეული ადამიანთა შორის?

- რა თქმა უნდა, ძველი აღთქმის პერიოდში არაერთი მართალი და წმინდა ადამიანი არსებობდა, მაგრამ ისეთი რამ, რაც იოანეს შემთხვევაში მოხდა, არასოდეს მომხდარა. ჰეროდეს მიერ 14 ათასი ყრმის ამოხოცვისა და მართალი ზაქარიას მოკვდინების შემდეგ მართალმა ელისაბედმა ორი წლის ყრმა იოანე უდაბნოში გაიყვანა. მალე ელისაბედიც გარდაიცვალა და ხუთი წლის ასაკიდან მარტოდმარტო აღიზარდა უდაბნოში. მისი გონებაც განუწყვეტლივ უფლის დიდებით იყო დაკავებული, იგი თავისი მიწიერი ღვაწლით და სულიერი მდგომარეობით ყველას აღემატებოდადა. ამიტომაც იყო იოანე უპირატესი ადამიანთა შორის და ამიტომაც შეიქნა ღირსი იმისა, რომ უფლის წინამორბედი ყოფილიყო. ვინმე რომ მასზე უპირატესი ყოფილიყო, ის შეიქნებოდა ამის ღირსი და არა იოანე, ისევე როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იმის გამო შეიქნა ღირსი, განკაცებული ღმერთის დედა გამხდარიყო, რომ, როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, ყველა ადამიანზე მეტად სწორედ მან მოისმინა და აღასრულა ღვთის მცნებები.

ბეჭდვა
1კ1