რაც უფრო მეტად მივენდობით უფალს, მით მეტად ვიღებთ ღვთის მზრუნველობას
რაც უფრო მეტად მივენდობით უფალს, მით მეტად ვიღებთ ღვთის მზრუნველობას
როგორც ვიცით, მაცხოვარი სამი წლის მანძილზე ქადაგებდა. ქადაგების პირველივე წელს თავის მოწაფეთაგან, რომლებიც მრავლად ჰყავდა შემოკრებილი ქადაგების დაწყების დროიდან , გამოარჩია თორმეტი მოწაფე, უწოდა მათ მოციქულნი და წარგზავნა საქადაგებლად. ამის შემდეგ მალევე გამოარჩევს სამოცდაათ მოციქულსაც და მათაც წარგზავნის საქადაგებლად... ამჯერად სწორედ მოციქულთა გამორჩევისა და საქადაგებლად წარგზავნის შესახებ ვისაუბრებთ...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

მოციქულთა გამორჩევა და მივლენა საქადაგებლად (მათე 10, 1-15; მარკოზი 3, 13-19; 6, 7-13; ლუკა 9, 1-6; 10, 1-12)
- ჩვენ ვიცით, რომ ქადაგების დაწყების დროიდან უფალს უამრავი ადამიანი დაჰყვებოდა თან, მათ შორის უკვე გამოჩნდა უამრავი მოწაფეც. როგორ შეიძლება განვასხვავოთ ჩვეულებრივი ხალხი მოწაფეთაგან?

- მოწაფეები გაცილებით ხშირად იმყოფებოდნენ უფალთან, თითქმის განუშორებლად დაჰყვებოდნენ თან და მის მორჩილებაში იყვნენ. სხვა ადამიანები კი, როდესაც მაცხოვარი მათ ქალაქში ან სოფელში გამოჩნდებოდა, მოუსმენდნენ, მის სასწაულებს იხილავდნენ და წავიდოდნენ. როდესაც უფალი სხვა ადგილას გადავიდოდა, იქ სხვა ხალხი ხვდებოდა. მოწაფეები, ფაქტობრივად, ყველგან დაჰყვებოდნენ. ცნობილია ისეთი ფაქტებიც, როდესაც გარკვეული პერიოდის შემდეგ სიღრმისეული გახდა მაცხოვრის სწავლება, ჭეშმარიტებას უფრო მეტად და მეტად აჩვენებდა უფალი თავის მოწაფეებს, ძალიან ბევრმა მოწაფემ დატოვა მაცხოვარი, იმის გამო, რომ მათი გულები არ იყო გაღებული ღვთისთვის - მისი სწავლება ვერ მიიღეს და წავიდნენ, დატოვეს უფალი. შემდგომში უფალი ეკითხება მოციქულებს: თქვენც გინდათ, წახვიდეთო? რაზეც პეტრე ყველა მოციქულის ნაცვლად მიუგებს: ცხონების სიტყვები შენთანაა, შენ ხარ მხსნელი და სად უნდა წავიდეთ, უფალოო. ე.ი. მოწაფეთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გულით ვერ მიიღეს უფალი, ასე ვთქვათ, აღტკინების მომენტში გაჰყვენენ უფალს, მაგრამ შემდეგ ვერ ჩასწვდნენ მის სწავლებას და მიატოვეს, მაგრამ იყვნენ მოწაფეები, რომლებიც მუდმივად დარჩნენ უფალთან. სწორედ მათგან გამოარჩია უფალმა ჯერ თორმეტი და შემდეგ 70 მოციქული. როდესაც მოციქულებზე სულიწმინდა გარდამოვიდა, ვიცით, რომ იმ დროს სულ 120 ადამიანი იყო შეკრებილი. ესენი იყვნენ უფლის თორმეტი მოციქული (ოღონდ უკვე იუდას ნაცვლად - მატათა), სამოცდაათი მოციქული და დედები, რომლებიც განუყრელად თან დაჰყვებოდნენ მაცხოვარს. ამ დროისათვის იმ მოწაფეთა რიცხვი, რომლებიც მაცხოვრის სწავლებით იყვენენ განბრძნობილნი, 120-ს შეადგენდა.

- რა ნიშნით, რის მიხედვით გამოარჩია უფალმა თავის მოწაფეთაგან სწორედ მოციქულებად წოდეული ადამიანები?

- მათი გამორჩევა მოხდა მათივე შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე. უფალმა უწყოდა თითოეული იმ ადამიანის გული, რომელიც მას ემოწაფებოდა, მათ შორის კი სწორედ ისინი გამოარჩია, რომლებიც ყველაზე უკეთესად იტვირთავდნენ იმ საქმეს, რაც მოციქულებს უნდა ეტვირთათ. რაც შეეხება იუდას, სულიერი წარმატებულობის გამო კი არ გამოარჩია, არამედ იმისათვის, რომ თავად იუდას სული გადაერჩინა. ყველა ის სასწაული, რაც მაცხოვარმა აღასრულა, იუდამაც იხილა, სხვა მოციქულების მსგავსად, იუდაც აღასრულებდა ღვთისგან მინიჭებული ძალით სასწაულებსა და კურნებას. ამ ყველაფრის შემდეგ მას უნდა გახსნოდა გულისყური და თუ მაცხოვრის გაცემის ცოდვის ჩადენას ვერ ასცდებოდა, ამ უმძიმესი ცოდვის შემდეგ მაინც მოსულიყო ჭეშმარიტ სინანულში და საკუთარი სული გადაერჩინა. საუკეთესო შანსი იუდას სულის გადასარჩენად იყო სწორედ ის, რომ თორმეტ მოციქულს შორის ყოფილიყო, თუმცა, გამოიყენებდა თუ არა ამ შანსს, ეს თავად იუდას თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული.

- რატომ წარგზავნა უფალმა მოციქულები საქადაგებლად თავისი მიწიერი მოღვაწეობის პერიოდში სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში, რა იყო იმ დროს მოციქულთა მისია და დანიშნულება?

- როდესაც უფალი შემდგომ თვითონაც შევიდოდა ამ ადგილებში საქადაგებლად, ადამიანთა გონება და გულები ასე თუ ისე მომზადებული უნდა ყოფილიყო მისი სწავლების მისაღებად. ამ ადამიანებმა მოციქულებისგან იცოდნენ, რომ მათ ქალაქში ქრისტე, მაცხოვარი უნდა მისულიყო. მოციქულები მათ აუწყებდნენ - ქრისტემ წარმოგვგზავნა, იესომ წარმოგვგზავნაო. უბრალო მებადურების ნაქადაგები სიტყვა განაკვირვებდა ადამიანებს. ისინი ფიქრობდნენ - თუკი ეს უბრალო ხალხი ასეთ სწავლებას გვაძლევს, თავად ამ სწავლების მომცემი რაოდენ აღმატებული უნდა იყოს მათზეო და მოუთმენლად ელოდნენ იესოს გამოჩენას, რათა მისგან მოესმინათ მხსნელი სიტყვები.

საქადაგებლად წარგზავნით მოხდა მოციქულთა განბრძნობაც, უფალმა მოციქულები წინასწარ შეამზადა მომავალი ღვაწლისთვის, რაც მათ მაცხოვრის ჯვარცმის, აღდგომის, ზეცად ამაღლებისა და სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ უნდა ეტვირთათ.

საქადაგებლად წარგზავნილი მოციქულები უკვე პირდაპირ, კონკრეტულად აუწყებდნენ ადამიანებს, მესია, მხსნელი უკვე მოსულია და სულ მალე თქვენს ქალაქშიც გამოჩნდებაო.

- რა სულით მოქმედებდნენ და ქადაგებდნენ ამ დროს მოციქულები? ვიცით, რომ იმ პერიოდში მათი თვალთახედვა ჯერ კიდევ მიწიერი იყო...

- როდესაც მოციქულები ქადაგებდნენ, ან ნებისმიერი ადამიანი ღვთის სიტყვას ქადაგებს, ეს ხდება სულიწმინდისგან, ღვთისგან. მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ, როდესაც მოხდა მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლა, მათზე საბოლოოდ დაივანა სულიწმინდამ. როდესაც მაცხოვრის ამქვეყნად ყოფნის დროს ქადაგებდნენ, მათზე მაშინაც იყო სულიწმინდა დავანებული, მაგრამ სულიწმინდა წარმართავდა მათ საქმიანობას ამ მომენტში, მისი გარდამოსვლით კი საბოლოოდ დაივანა მათზე სულიწმინდამ და მოხდა მადლით მათი განბრძნობა. მოციქულთა პირით მაშინაც თავად უფალი მეტყველებდა, ოღონდ თავად მოციქულების სულიერი მდგომარეობა პირველი ქადაგების პერიოდში ბევრად განსხვავდებოდა იმისაგან, რაც მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის ნახვისა და ქადაგების დაწყების შემდეგ ჰქონდათ.

- საქადაგებლად წარგზავნის წინ მაცხოვარი მოციქულებს ეუბნება: "წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ; არამედ ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან წადითო". რატომ უნდა ექადაგათ მოციქულებს მხოლოდ ისრაელიანთა, იუდეველთა შორის?

- რათა ისრაელიანები, იუდეველები წინ არ აღდგომოდნენ მოციქულთა ამ პირველ ქადაგებას და მათთვისაც არ წამოეყენებინათ ის ბრალდება, მაცხოვარს რომ უყენებდნენ - წარმართებსა და ცოდვილებთან ერთად დადისო. ამასთან, იმ დროს მოციქულთა ქადაგებით უფალს ისრაელიანები უნდა მიეყვანა ჭეშმარიტებამდე, ჯვარცმისა და აღდგომის შემდგომ - უკვე მთელი კაცობრიობა.

- საქადაგებლად წარგზავნისას უფალი მოციქულებს აძლევს ეშმაკთა განსხმის, კურნებისა და სხვა სასწაულთა ქმნის ძალასა და ნიჭს. რატომ იყო საჭირო, რომ ღვთის სიტყვის ქადაგებასთან ერთად მოციქულებს სასწაულებიც აღესრულებინათ?

- როგორც ვიცით, ღვთის სასწაულები აღესრულება იმისათვის, რომ ადამიანებმა სულიერი სარგებელი მიიღონ. მოციქულებს სასწაულთა ქმნის ძალა და ნიჭი იმის გამო მიეცათ ღვთისგან, რომ მათ სიტყვას ფასი დასდებოდა და უფრო ადვილად მისულიყო ადამიანთა გულებამდე. როდესაც ისინი ქადაგებასთან ერთად სასწაულებსაც აღასრულებდნენ, მათი სიტყვა უფრო დამაჯერებელი ხდებოდა - არ იყო მხოლოდ სიტყვა, საქმითაც ამტკიცებდნენ თავიანთ ნათქვამს. იმდროინდელი კაცობრიობის გონება არ იყო ღვთისმეტყველებაში იმდენად ამაღლებული, რომ მხოლოდ სიტყვაში დაენახათ ჭეშმარიტება და იმით, რომ ადამიანები ხედავდნენ მოციქულთა მიერ ქმნილ სასწაულებს, უკვე მათ სიტყვასაც ერწმუნებოდნენ.

- უფალი მოციქულებს ასევე ეუბნება: "უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით; ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით; ნურც ფუთას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, ვინაიდან მშრომელი თავისი საზრდოს ღირსიაო"...

- სასწაულთა ქმნის ძალას აძლევს და თან აფრთხილებს, არავითარი სარგებელი, საფასური არ აიღონ ამაში, იმის გამო, რომ ეს ძალა და ნიჭი არ იყო მათი, არამედ ღვთისგან ჰქონდათ მიცემული. იმაში, რაც უფლისაა, არ შეიძლება საფასური ავიღოთ, სარგებელი ვეძიოთ. თან არაფერი წაიღოთო, ამას კი იმის გამო ეუბნება, რომ თავად მოციქულები განმტკიცებულიყვნენ ღვთის სარწმუნოებაში. როდესაც მოციქულები ნახავდნენ, რომ არაფერი ჰქონდათ და მიუხედავად ამისა, ნახავდნენ, რომ არაფერი მოჰკლებიათ, არც ტანსაცმელი დასძველებიათ, არც ფეხსაცმელი დაზიანებიათ, კიდევ უფრო განმტკიცდებოდნენ ღვთის სარწმუნოებაში.

როდესაც ისრაელის ერმა უდაბნოში ორმოცწლიანი მოგზაურობა დაასრულა, უფალმა უთხრა ისრაელიანებს: ორმოცი წლის მანძილზე ვინმე სნეული გყოლიათ ერში? ტანსაცმელი დაგიძველდათ თუ ფეხსაცმელი მთელი ამ ხნის მანძილზე? - ერთ-ერთი სასწაული ისრაელიანთა უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალისა ის იყო, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე სნეული არავინ ჰყოლიათ, არც ტანსაცმელი და არც ფეხსაცმელი არ დაზიანებიათ. ე.ი. იცოდნენ რა მოციქულებმა ძველი აღთქმიდან ის, რაც უფალმა ებრაელებს უდაბნოში მისცა, მათ კი - აქვე, ამით კიდევ ერთხელ განუმტკიცდებოდათ რწმენა, რომ იესო იყო განკაცებული ღმერთი. თუ ჩვენც ისევე მივენდობით უფალს, როგორც მოციქულები, ჩვენც ასევე მოგვაგებს. უფალი ყველა ადამიანზე ზრუნავს, მაგრამ ჩვენ რაც უფრო მეტად მივენდობით უფალს, ღვთის ზრუნვას მით მეტად ვღებულობთ საკუთარ თავზე.

ბეჭდვა
1კ1