როდესაც ადამიანს ღვთის სათნო გზაზე სიარული სურს, მიწიერებაზე მიბმული აღარ უნდა იყოს
როდესაც ადამიანს ღვთის სათნო გზაზე სიარული სურს, მიწიერებაზე მიბმული აღარ უნდა იყოს
განვაგრძობთ საუბარს მაცხოვრის სასწაულებთან დაკავშირებით...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- რატომ არის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მაცხოვრის მიერ აღსრულებული სასწაულები სხვადასხვა მახარებელს სხვადასხვაგვარად და სხვადასხვა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აქ-ვს გადმოცემული?

- არათუ სასწაულებს, არამედ მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოვლენას მახარებლები ხშირად სხვადასხვაგვარად აღწერენ, მაგრამ ეს არ ნიშავს, რომ ეს მოვლენები იყო სხვადასხვა. თუ დაუკვირდებით, როდესაც სხვადასხვა მახარებელი ამა თუ იმ სასწაულს ან იგავს მოგვითხრობს, ყველა მათგანი არის აბსოლუტურად იდენტური, ამბავი ზუსტად ერთნაირია, მაგრამ სხვაობები არის თხრობაში. ნებისმიერი მოვლენა, ამბავი რომ ათ სხვადასხვა ადამიანს მოუთხროთ, ათივე სხვადასხვანაირად - სხვადასხვა სახით და სიტყვებით გადმოგვცემს, შეიძლება ზოგმა განავრცოს, ზოგიერთმა შეამოკლოს... ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური მომენტი.

ზოგიერთ შემთხვევაში სახარებაში სხვადასხვა სასწაული თუ იგავი მართლაც არ არის დაწყობილი ქრონოლოგიურად, ანუ მოთხრობილი არ არის იმის მიხედვით, დროში როგორი თანმიმდევრობით აღესრულა. სახარება არ არის ისტორია, ქრონოლოგიური მოვლენების აღმწერი, არამედ ადამიანის სულიერი გადარჩენისთვის დაწერილი წიგნი, მოციქულებიც ქრონოლოგიურად კი არ აღწერენ მოვლენებს, არამედ მათი სულიერი მნიშვნელობის მიხედვით, - თუ რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ სასწაულს, მოვლენას, იგავს, სწორედ ამას გადმოგვცემენ მოციქულები, ამიტომ, რომელი სასწაული მოხდა პირველად და რომელი - შემდეგ, აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმისათვის, რომ ჩვენ სასწაულის არსი გავიგოთ, ის გავიგოთ, რაც უფალმა ამით ქმნა. თუმცა ბევრი სასწაული, მოვლენა თუ იგავი სახარებაში ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაცაა მოთხრობილი. იოანებს სახარების ბოლოს წერია: დაიწერა, რათა "გრწმენეს და ცხორებაი გაქუნდეს". მახარებელი ასევე გვეუბნება: "და არიან სხვანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი, თუმცაღა დაიწერებოდეს თითეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნებიო" - რაც დაიწერა, საცხოვნებლად დაიწერა და დაიწერა ის, რაც საცხოვნებლად არის საკმარისი, თორემ რაც მაცხოვარმა ქმნა, ყველაფერი რომ დაწერილიყო, მთელი დედამიწაც ვერ დაიტევდა აღწერილ წიგნებსო.

პეტრეს სიდედრის გამოჯანმრთელება
(მათე 8,14-17; მარკოზი 1,29-34; ლუკა 4,38-41)
ერთხელაც იესო პეტრეს სახლში იმ დროს მივიდა, როდესაც მისი სიდედრი ცხელებით შეპყრობილი იწვა. მაცხოვარმა შერისხა სიცხე, ხელი შეახო და ქალიც მაშინვე განიკურნა, მყისვე წამოდგა და ემსახურა მათ. როდესაც მოსაღამოვდა, მაცხოვართან მიიყვანეს სხვადასხვა სნეულებით დაავადებულნი. მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა, რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ თქმული: "მან უძლურაბანი ჩუენნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტვირთა". განკურნებულთა შორის მრავალი იყო ეშმაკეული, მათგან გამოსული ეშმაკები ყვიროდნენ და ამბობდნენ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა. მაცხოვარი რისხავდა მათ და უკრძალავდა ლაპარაკს, რადგან ისინი იცნობდნენ მას.

პეტრეს სიდედრის განკურნება იყო ერთ-ერთი პირველი სასწაული. როდესაც მაცხოვარმა ეს სასწაული აღასრულა, საბოლოოდ არ ჰყავდა გამორჩეული მოციქულები, მათ ჯერ კიდევ არ დაუტევებიათ ყოველივე ქრისტესთან განუყრელად მყოფობისთვის. ეს ადამიანები ჯერ კიდევ თავიანთ სახლებში დადიოდნენ. პეტრეს სიდედრის სასწაულებრივი განკურნების შემდეგ, იმავე საღამოს, უფალმა კიდევ აურაცხელი სასწაული აღასრულა: გაიგეს რა ადამიანებმა ეს ამბავი, მაცხოვარს კიდევ უამრავი ადამიანი მიუყვენეს განსაკურნებლად, ანუ ეს ხდება მაცხოვრის ქადაგების დაწყების საწყის ეტაპზე. ამის შემდეგ ფაქტობრივად მოციქულებიც განუყრელად მყოფობენ უფალთან, უკვე სახლებშიც აღარ დადიან.

- როგორც მათე მახარებელი გვაუწყებს, უამრავი სნეულის განკურნებით, იმ აურაცხელი სასწაულით, რომელიც მაცხოვარმა პეტრეს სიდედრის განკურნების დღესვე ქმნა, აღესრულა ესაიას წინასწარმეტყველება...

- რა თქმა უნდა. როგორც ვიცით, არსებობდა წინასწარმეტყევლება იმის შესახებ, როგორ უნდა შეეცნო ხალხს მესია - აუარებელი სასწაული იქნებოდა აღსრულებული მესიის მოსვლის დროს. მართლაც, ვიცით, რომ მაცხოვარმა უამრავი სასწაული აღასრულა. არც ერთ წინასწარმეტყველს და მართალს, ერთად აღებულსაც კი, არ აღუსრულებია იმდენი სასწაული, რამდენიც მაცხოვარმა ამქვეყნად ხორციელად ყოფნის დროს აღასრულა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ნიშანი ასევე იმისა, რომ ადამიანებს ერწმუნათ ქრისტე. ეს სასწაულები პირველ რიგში არა ხორციელი კურნებისათვის, არამედ ადამიანთა სულიერი კურნებისათვის იყო განკუთვნილი - თუ სასწაულის აღსრულების დროს ხორციელად ერთი ადამიანი იკურნებოდა, სულიერად ათასობით ადამიანი ღებულობდა კურნებას.

იესოს მიმდევრებზე
(მათე 8,18-22; ლუკა 9,57-62)
როდესაც მათე მახარებელი ამ სასწაულებს გადმოგვცემს, იქვე მოგვითხრობს, რომ როდესაც იესომ დიდძალი ხალხი იხილა, უბრძანა გაღმა გასულიყვნენ. მას ერთი მწიგნობარი მიუახლოვდა და უთხრა: მოძღვარო, გამოგყვები, სადაც უნდა წახვიდე. მაცხოვარმა მიუგო: მელიებს სორო აქვთ და ცის ფრინველებს - ბუდეები. კაცის ძეს არ გააჩნია, სად მიიდრიკოს თავი; ხოლო სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა: უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო. იესომ მიუგო: შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ. ამ ფაქტს მოგვითხრობს ლუკა მახარებელიც, რომელიც ოდნავ განავრცობს თხრობას. ლუკას მონათხრობის თანახმად, მაცხოვართან სხვა მოწაფეთაგანიც მივიდა და უთხრა: მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ჯერ ნება მომეცი, შინაურებს გამოვემშვიდობო. იესომ უთხრა მას: არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისთვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და თან უკან იხედება.

- რას გვასწავლის, რის შესახებ გვაუწყებს მაცხოვარი, როდესაც იმ ადამიანებს, რომელთაც სურვილი აქვთ მას გაჰყვნენ, მიუგებს - კაცის ძეს არა აქვს ადგილი, სადაც თავი მიიდრიკოსო?

- ამით უფალი გვეუბნება, რომ მას, ვინც სამყაროს შემოქმედია და ყველაფერი მისია, დედამიწაზე ადგილიც კი არ ჰქონდა, სადაც თავს მიიდრეკდა, მისი მიწიერი საკუთრება იქნებოდა. ამით უფალმა გვასწავლა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამქვეყნად, როგორ უნდა მოვეკიდოთ მიწას, ამქვეყნიურ ცხოვრებას. მიწაზე ადამიანმა არაფერი არ უნდა დაიმკვიდროს. სწორედ ეს ასწავლა უფალმა ადამიანებს, თორემ მთელი სამყარო უფლისაა და სადაც მოისურვებდა, იქ ექნებოდა თავის მისადრეკი ადგილი. იმისათვის, რომ ჩვენ მართლა ღვთივსათნოდ ვიცხოვროთ, არ უნდა ვიზრუნოთ მიწიერი სიამეების მოპოვებაზე. საცხოვრებელი იქნება ეს თუ სხვა აუცილებელი ყოფითი, მიწიერი რაღაცეები. მიდრეკილნი არ უნდა ვიყოთ მიწიერი ქონებისა და სიამეების გავრცობისკენ. რასაც უფალი გვაძლევს, ჩვენთვის ის არის კმა - საკმარისი და კმაყოფილნი უნდა ვიყოთ იმით, რასაც უფალი მოგვცემს.

უფალი იქვე იმასაც გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს მიდრეკილი და მიჯაჭვული მიწიერებაზე. ერთი მოწაფეთაგანი ეუბნება, ვიდრე გამოგყვები, ჯერ მიცვალებულ მამას დავმარხავო, მეორე ეუბნება, - წავალ და სახლობას გამოვემშვიდობებიო. თუ მიწიერი თვალსაზრისით გადავხედავთ, შესაძლოა ეს აბსოლუტურად ლოგიკური იყოს, მაგრამUუფალი ამით გვანახებს, როდესაც ადამიანს უნდა ღვთის სათნო გზაზე იაროს, ის აღარ უნდა იყოს მიწიერებაზე მიბმული. მისთვის მიწიერება დამთავრებული უნდა იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანმა მიწაზე მიწიერი საჭიროებები არ მიიღოს, მაგრამ არ უნდა იყოს ამისთვის მზრუნველი და როდესაც არჩევანი აქვს, - უფალი თუ ვინმე ან რამე სხვა, რაც არსებობს ამ სამყაროში, რაც არ უნდა იყოს არჩევანი უფალთან მიმართებით, ადამიანმა ყოველთვის უფალი უნდა აირჩიოს. ვიდრე არჩევანი დაუდგება, ჩვეულებრივად უნდა აკეთოს მიწიერი საქმეები, იზრუნოს აუცილებელ და საჭირო მიწიერ საქმეებზე, მაგრამ როდესაც არჩევანის წინაშე დადგომა მოუხდება, აუცილებლად უნდა აირჩიოს უფალი. თუ ამ არჩევანის დროს მიწიერს აირჩევს, ის უკვე კარგავს უფალს.

ზღვის დაწყნარება
(მათე 8,23-27; მარკოზი 4,35-41; ლუკა 8,22-25):
ერთხელ მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად ნავში ჩაჯდა და მათთან ერთად მეორე ნაპირისკენ გაცურა. მაცხოვარს ჩაეძინა. მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა, ღელვა ატყდა და ნავი წყლით აივსო. მოწაფეები იესოსთან მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, გვიხსენი, ვიღუპებითო. მაცხოვარი წამოდგა, შერისხა ქარი და ღელვა და ყველაფერი მიწყნარდა. შემდეგ მოწაფეებს მიუბრუნდა და მიმართა: რამ შეგაშინათ მცირედმორწმუნენო? რატომ ხართ ასეთი მხდალნი, რატომ არა გაქვთ რწმენა? გაოცებული მოწაფეები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ვინ არის ეს, ქარიც და ზღვაც რომ ემორჩილება?

- ეს სასწაული უფალმა უშუალოდ მოციქულების განსამტკიცებლად აღასრულა. ცხადია, მაცხოვარს შეეძლო, რომ საერთოდ არ დაეძინა, მაგრამ ეს საჭირო იყო მოციქულებისთვის, რათა მათ დაენახათ, თუ რაოდენ მცირე იყო ჯერ მათი სარწმუნოება. მოციქულებს ჯერ კიდევ არ შეეძლოთ ეფიქრათ და ერწმუნათ, კაცობრიობის მხსნელი ჩვენთან არის და არაფერი მოგვივაო. ამიტომაც გააღვიძეს მაცხოვარი. მან შერისხა ქარები და დაწყნარდა ღელვა. ამ სასწაულით უფალმა ორმაგად აღამაღლა მოციქულების სარწმუნოება და მათი ცოდნა. ერთი მხრივ გაიგეს,Oროგორი მცირედმორწმუნენი იყვნენ, მეორე მხრივ კი დაინახეს, რომ კაცი, რომელიც ჯერ კიდევ უდიდეს მოძღვრად, მასწავლებლად, წინასწარმეტყველადაც კი მიაჩნდათ, არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. მათ წინაშე იდგა ის, ვისაც შეეძლო ქარი და ელვაც კი დაემორჩილებინა, ვისაც ყველაფერი მორჩილებდა. ამის შემდეგ უკვე მოციქულების ღვთისმეტყველური დონეც ამაღლდა და ნელ-ნელა დაიწყეს იმის შემეცნება, რომ მათი მოძღვარი იყო არა ჩვეულებრივი ლიტონი, თუნდაც ყველაზე წმინდა კაცი, არამედ განკაცებული ღმერთი. მათი სარწმუნოება ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ, რომელიც საბოლოოდ მაცხოვრის აღდგომის, ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ავიდა იმ სიმაღლეზე, რა სულიერი სიმაღლითაც ჩვენ მოციქულებს ვიცნობთ.
ბეჭდვა
1კ1