გულწრფელი სინანულით ადამიანს საშუალება ეძლევა, ანგელოზთა მსგავს სიხარულს ეზიაროს
გულწრფელი სინანულით ადამიანს საშუალება ეძლევა, ანგელოზთა მსგავს სიხარულს ეზიაროს
რა არის უფლის მთავარი სათქმელი იგავში "დაკარგული დრაქმა"?
უფლის ერთ-ერთი იგავი, "დაკარგული დრაქმა", მოთხრობილია ლუკას "სახარების" მე-15 თავში. შინაარსი ასეთია: დედაკაცს, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს სანთელს, არ გამოგვის სახლს და გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის? როდესაც იპოვის, დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს: ჩემთან ერთად იხარეთ, ვინაიდან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო.

ასევე იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთი მონანიე ცოდვილის გამო.

როგორც ვხედავთ, იგავის თანახმად, ათი დრაქმის მფლობელი დედაკაცი ერთ დრაქმას კარგავს და მანამდე ეძებს, ვიდრე არ იპოვის. ბიბლიის კომენტატორთა განმარტებით, დედაკაცი დედაეკლესიაზე მიგვანიშნებს, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ დააარსა და დაგვიტოვა, რათა სული გადავირჩინოთ. დედაეკლესიას განასახიერებს იგავში მოხსენიებული სახლიც. რაც შეეხება ათ დრაქმას - ეკლესიის მრევლზე, საეკლესიო ერზე მიგვანიშნებს. დაკარგული დრაქმა კი ეკლესიის წიაღს მოწყვეტილ ცოდვილ ადამიანს განასახიერებს, რომელიც განეშორა საეკლესიო ცხოვრების წესს, შესაბამისად, უფალსაც დაშორდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საგანგებო იგავური მინიშნება აქვს სიტყვა "დაკარგვას" - იგი ღვთის ხატებისა და მსგავსების დაკარგვაზე მიგვანიშნებს.

იგავში ნახსენები დრაქმა ბერძნული წვრილი ფული იყო, რომელსაც არც წარწერა ჰქონდა და არც გამოსახულება. იმხანად მიმოქცევაში იყო დინარიც (ძველქართულად დრაჰკანი) - კეისრის გამოსახულებითა და შესაბამისი წარწერითურთ. რატომ გაამახვილა ყურადღება უფალმა ამ ორი ფულის ერთეულიდან დრაქმაზე? როგორც აღვნიშნეთ, დაკარგული დრაქმა ეკლესიის წიაღს მოწყვეტილი ცოდვილი ადამიანის განსახიერებაა. ეკლესიური ცხოვრების წესიდან განშორებული ადამიანი კი კარგავს ღვთის ხატებას და მსგავსებას და დრაქმასავით უსახური რჩება.

რაც შეეხება იგავში ნახსენებ ანთებულ სანთელს, რომელსაც დედაკაცი დაკარგული დრაქმის მოსაძებნად ანთებს - იგი უპირველესად ეკლესიაში დამკვიდრებული სულიწმინდის მადლის გამომხატველია, თუმცა ამავდროულად მეორე იგავური მინიშნებაც აქვს - ღვთის სიტყვას, წმინდა სახარებას ნიშნავს, რომელიც იქადაგებოდა ქრისტეს ეკლესიაში მონანიე ცოდვილთა გადასარჩენად. ანთებული სანთელი სიმბოლურად ასევე განასახიერებს უფალ იესო ქრისტესაც; როგორც ანთებული სანთელი ანათებს უკუნ სიბნელეს, ასევე გაანათა და გააცისკროვნა ცოდვის მონობასა და სიბნელეში - ცოდვის ჯურღმულში მყოფი კაცობრიობა ამქვეყნად განხორციელებულმა ძე ღვთისამ - იესო ქრისტემ.

სახლის დაგვა-დასუფთავებით კი მაცხოვარი რჯულისმიერ სიწმინდეზე მიგვანიშნებს. ამასთანავე, მიგვითითებს, რომ ცოდვილთა განწმენდა და გამართლება მხოლოდ დედაეკლესიის წიაღში, უფლისმიერი მადლითაა შესაძლებელი.

იგავის დასასრულს დედაკაცს ხელში უჭირავს ნაპოვნი დრაქმა, რაც მონანიე ცოდვილის განსახიერებაა, და მოუხმობს მეგობრებსა და მოძმეებს, რათა დაკარგული დრაქმის პოვნის ამბავი ახაროს. იგავში "დაკარგული დრაქმაზე" უფლის მთავარი სათქმელი სწორედ დაკარგულის პოვნა - ცოდვილის ეკლესიის წიაღში დაბრუნება და მისი სულის გადარჩენაა.

"ესრეთ იყოს სიხარული წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს" - ეს არის უფლისმიერი შეგონება, რომელიც თან ერთვის იგავს. ამ სიტყვებით იესო ქრისტე შეგვაგონებს, რომ ანგელოზები თუნდაც ერთი მონანიე ცოდვილის გამო ხარობენო. ამასთანავე უფალი გვეუბნება, რომ გულწრფელი სინანულით ადამიანს საშუალება ეძლევა, ეზიაროს ანგელოზთა მსგავს სიხარულს, ისინი ხომ უფლის სიახლოვით ტკბებიან ზეციურ სასუფეველში და მარადიულად განიცდიან სიხარულსა და ნეტარებას.
ბეჭდვა
1კ1