როდესაც გადამწყვეტი წამი უდგება ადამიანს, თუკი უფალს აირჩევს, ის ჭეშმარიტად ღვთის მსახური ყოფილა
როდესაც გადამწყვეტი წამი უდგება ადამიანს, თუკი უფალს აირჩევს, ის ჭეშმარიტად ღვთის მსახური ყოფილა
განვაგრძობთ საუბარს მაცხოვრის სწავლებებთან დაკავშირებით. ამჯერად მათეს სახარების მეექვსე თავში გადმოცემულ სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "ორი ბატონის სამსახური"...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

ორი ბატონის სამსახური (მათე 6,24-34):
"არავის შეუძლია ერთდროულად ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც. ამიტომაც გეუბნებით თქვენ, ნუ ზრუნავთ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ და რა სვათ, განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე? შეხედეთ ცის ფრინველებს, ისინი არც მკიან, არც ბეღელში აგროვებენ, და თქვენი ზეციური მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არ ხართ? რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს? სამოსელზე რაღას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან; არც შრომობენ, არც ართავენ... თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? ამგვარად, ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთ? ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან თქვენმა ზეციურმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე და ეს ყოველივე შეგემატებათ. ამგვარად, ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი".

- რას გულისხმობს უფალი ორი ბატონის სამსახურში, რა იგულისხმება ორ ბატონში?

- ორ ბატონში იგულისხმება ღმერთი და წუთისოფელი, მიწიერი საზრუნავები. ღმერთთან არყოფნა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ადამიანი გონებით და სიტყვით უარყოფს ღმერთს, - ეს თავისთავად ღვთის უარყოფაა, - მაგრამ მაშინაც კი, თუ ადამიანი მიწიერებას, მიწირ საქმეებსაა მიჯაჭვული, მისი ბატონი უკვე წუთისოფელია და ეს ადამიანი მოშორებულია ღმერთს. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანმა არ უნდა იზრუნოს მიწიერ საქმეებზე, მაგრამ პირველ რიგში უნდა იზრუნოს სულისთვის, ღვთის სადიდებლად, ყველა ჩვენი ქმედება უნდა იყოს ღვთის სადიდებელი. როგორც პავლე მოციქული ამბობს - ვინც ჭამს, ღვთის დიდებით ჭამს და ვინც არ ჭამს, ღვთის დიდებით არ ჭამსო. მარხულობ? უფალი უნდა ადიდო იმისთვის, რომ მარხულობ. შენი ქმედებით ჭამ?Uუფალი უნდა ადიდო იმისთვის, რომ ეს მოგცა. არც ერთი გამტყუნდება ღვთის წინაშე და არც მეორე. თუ მმარხველი მჭამელს განიკითხავს, ის გამტყუნდება ღვთის წინაშე, თუ მჭამელი მმარხველს განიკითხავს, ღვთის წინაშე ისიც გამტყუნდება.

შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს სიმდიდრე, მაგრამ ეს არ იყოს მისი წუთისოფელზე, მიწიერებაზე მიჯაჭვულობის მიზეზი, არამედ ამ სიმდიდრეს იყენებდეს ღვთის სადიდებლად - კეთილი, ქველი საქმეებისთვის, მაგრამ თუ სიმდიდრეს დიდებისა და პატივის მოსაპოვებლად იყენებს, მაშინ ის სიმდიდრეზეა მიჯაჭვული და მისი ღმერთი სიმდიდრეა. შესაძლოა ასეთი ადამიანი უამრავ ქველმოქმედებასაც აკეთებდეს, მაგრამ მისი კეთილი საქმეები ღვთის წინაშე არაფერს წარმოადგენს, რადგან ეს არის მხოლოდ ანგარება და საკუთარი სიამოვნებისთვის ქმნილი. ქველი საქმეები უნდა გავაკეთოთ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდება, რათა დავეხმაროთ მოყვასს. სხვა მიზანი არ უნდა გვამოძრავებდეს. თუ სხვა მიზანი გვამოძრავებს, სიმდიდრეზე, ქონებაზე ვართ მიჯაჭვულნი და შესაბამისად წუთისოფელს, მიწიერებას ვემსახურებით. შესაძლოა ადამიანი მიჯაჭვული იყოს თავის პატივზე, თავის მიწიერ კარიერაზე. გავიხსენოთ ქართველი მგალობელი ფილომონ ქორიძე. იგი მე-19 საუკუნეში ლასკალას ერთ-ერთი წამყვანი მომღერალი იყო, მაგრამ რადგან იმ პერიოდში საქართველოში ფაქტობრივად არ მოიძებნა კაცი, რომელიც ქართულ საგალობლებს ნოტებზე დაწერდა, დატოვა თავისი პატივი, თავისი დიდება, სიმდიდრე, ჩამოვიდა საქრთველოში და თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იწერდა ქართულ საგალობლებს, ე.ი. როდესაც საჭირო გახდა, მან ყველგვარი მიწიერი დიდება უარყო. ეს არის ჭეშმარიტი ღვთის დიდება. მისი საერო მოღვაწეობაც კი ღვთის ბეჭდით იყო აღბეჭდილი, რადგან როდესაც მისი საქმე დასჭირდა ეკლესიას, მან ეს გააკეთა. თუკი გადამწყვეტი მომენტი დგება და ადამიანს არ შეუძლია მიიღოს გადაწყეტილება - მიატოვოს აბსოლუტურად ყველაფერი და გაჰყვეს უფალს, ასეთ ადამიანი ორ ბატონს ემსახურება, მაგრამ სინამდვილეში ერთი ბატონის, მამონას, მიწიერების მსახურია. მიწიერების მსახურებაში კი, როგორც ვთქვით, შეიძლება უამრავი რამ ვიგულისხმოთ - სიმდიდრე, პატივი, კარიერა... როდესაც გადამწყვეტი წამი უდგება ადამიანს, თუკი უფალს აირჩევს, ის ჭეშმარიტად ღვთის მსახური ყოფილა, თუ აირჩევს მამონას, მიწიერების მსახური ყოფილა და გამოდის, რომ უფალთან არაფერი აკავშირებდა, ამიტომაც ამბობს უფალი - ორი ბატონის მსახური ვერ იქნებიო.

- შემდგომ მუხლებში გადმოცემულია სწავლება იმის შესახებ, რომ ადამიანი არ უნდა ზრუნავდეს ხვალეზე...

- ამით უფალი გვეუბნება, არ იზრუნო მიწიერისთვისო, თან კითხვას სვამს: ხვალისთვის რატომ ზრუნავ შენ, ადამიანი, რომელსაც ასეთი გონება და შესაძლებლობები მოგეცი? შეხედე, ცის ფრინველები, ველის ყვავილები... არაფერი არ ზრუნავს ხვალისთვის, ყველას უფალი აძლევს. თუკი მათთვის ვზრუნავ და ვაძლევ ყველაფერს, რაც სჭირდებათ, შენთვის - ადამიანისთვის მეტად არ ვიზრუნებ, რომელიც ჩემს ხატად და მსგავსად შეგქმენი? უფალს ერთი ადამიანის სულადაც კი არ უღირს მთელი ხილული სამყარო, ერთი ადამიანის სული გაცილებით მნიშვნელოვანია უფლისთვის, ვიდრე მთელი ხილული სამყარო და თუკი ამ ხილულ სამყაროში ერთ ცის ფრინველსაც არ ტოვებს უყურადღებოდ, განა ადამიანს დატოვებს? ამ სწავლებას აძლევს უფალი ადამიანებს და იქვე ეუბნება, ნუ იზრუნებ ხვალისთვის, მიწიერისთვის. შენს მაგივრად ამას მე გავაკეთებ, ოღონდ შენ შენი თავისთვის, შენი სულისთვის იზრუნე, სინამდვილეში რაც შენი საქმეა, რაც შენთვის სასარგებლოა ის გააკეთე და მიწიერ პრობლემებს მე მოგიგვარებო. თუ ამაში არ ვენდობით უფალს, არ გვწამს, რომ ის აუცილებლად მოგვიგვარებს მიწიერ პრობლემებს და ჩვენ ვიწყებთ ამაზე ზრუნვას, უფრო და უფრო მეტი პრობლემა გვიჩნდება, რადგან უფალს არ ვუშვებთ ჩვენს პრობლემებთან, ადგილს აღარ ვუტოვებთ, რომ მან გადაწყვიტოს ჩვენი პრობლემები. შესაძლოა ვინმემ ისიც იკითხოს - ძალით რატომ არ ერევა უფალი ადამიანის საქმეშიო. იმის გამო, რომ უფალმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა. ეს ადამიანმა უნდა გააკეთოს თავის თავისუფალი ნებით. ჩაურევლობით უფალი კი არ სჯის ადამიანს, არამედ ანახვებს, რას წარმოადგენს უფლის გარეშე, წამალს აძლევს, რომ იქნებ გამოფხიზლდეს, მიხვდეს, რას წარმოადგენს ღვთის გარეშე, იქნებ უფალს მიანდოს ყველაფერი და შემდეგ ყველაფერი მოგვარდება.

- თუმცა ხვალეზე არზრუნვა ბევრს სულ სხვაგვარად ესმის, ბევრი ადამიანი თვლის, რომ რადგან უფალმა ეს სწავლება მოგვცა, ერთგვარ მცნებად დაგვიდო - ნუ ზრუნავ ხვალეზეო, სახვალიოდ, სამომავლოდ არაფრის გაკეთება არ შეიძლება...

- ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერი არ უნდა ვაკეთოთ. რაც საჭიროა, ყველაფერი უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ჩვენმა მიწიერებაზე ზრუნვამ არ უნდა გადააჭარბოს ჩვენი სულისთვის ზრუნვას. როდესაც ადამიანი იმიზეზებს, ხვალისთვის რაღაც მაქვს გასაკეთებელი და ამის გამო დღეს ეკლესიაში ვერ მივალო, ეს არის ხვალეზე ზრუნვა, თორემ ხვალეზე ზრუნვა არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ ვაკეთოთ მიწიერი საქმეები. როდესაც წმინდა მამები მონასტრებს აარსებდნენ და ქვის საცხოვრებელ სახლებს აგებდნენ, რომლებიც რამდენიმე თაობის ადამიანის სიცოცხლესაც კი ეყოფოდა, გამოდის, რომ ხვალისთვის ზრუნავდნენ. ეს ასე არ არის. უბრალოდ, არ შეიძლება მიჯაჭვულობა ხვალინდელ დღეზე - როდესაც არჩევანი გვიდგება: ვაკეთოთ სულისთვის სასარგებლო რამ თუ ხორციელი, და ჩვენ ხორციელს ვირჩევთ, ამას ჰქვია ხვალეზე ზრუნვა. ხვალინდელ დღეზე, ხორციელზე ზრუნვის საბაბით რომ ვტოვებთ სულიერ გასაკეთებელს, ვაკნინებთ სულიერ მდგომარეობას.

როდესაც უფალმა ადამი სამოთხიდან გამოდევნა უთხრა - პიროფლიანი ჭამდე პურსო.Eეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შრომით უნდა მოვიპოვოთ საზრდო, მაგრამ არ უნდა ვიყოთ ჩვენი შრომის იმედზე. უნდა ვიშრომოთ, მაგრამ იმ აზრითა და იმედით, რომ მომცემელი ჩვენი შრომის ნაყოფისა უფალია, ვშრომობთ, მაგრამ შემდეგ უფალი გვაძლევს.
ბეჭდვა
1კ1