ამათ მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს, შენ კი ისინი გაგვიტოლე ჩვენ
ამათ მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს, შენ კი ისინი გაგვიტოლე ჩვენ
იგავი "ვენახის მუშაკებზე"
"ახალ აღთქმაში" უფლის არაერთი იგავია მოთხრობილი. ერთ-ერთი მათგანია "იგავი ვენახის მუშაკებსა და მათ საზღაურზე", რომლის შესახებაც საუბარია მათეს სახარების მეოცე თავში.

იგავი შემდეგი შინაარსისაა: "ცათა სასუფეველი წააგავს ადამიანს - სახლის პატრონს, რომელიც დილაადრიან გავიდა თავისი ვენახისთვის მუშაკთა დასაქირავებლად. მუშაკებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და ვენახში გაისტუმრა. მესამე საათი (ჟამი) იქნებოდა, რომ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში უქმად მდგარნი. უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო, და ისინიც წავიდნენ. კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე (ჟამზე) და ასევე მოიქცა. გავიდა მეთერთმეტე საათზე, ნახა სხვა უქმად მდგომნი და უთხრა მათ: წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ. რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის განმგებელს: დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე. მივიდნენ მეთერთმეტე საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი. პირველად მისულებმა იფიქრეს, მეტს მივიღებთო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს. როცა მიიღეს, ბუზღუნი დაიწყეს. სახლის პატრონს ეუბნებოდნენ: ამათ მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს, შენ კი ისინი გაგვიტოლე ჩვენ, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე დავითმინეთ. მან კი ერთ მათგანს მიუგო პასუხად: მეგობარო, არ გაწყენინებ, განა დინარად არ მომირიგდი? აიღე შენი გასამრჯელო და წადი; მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. ნუთუ არა მაქვს უფლება, რაც მე მეკუთვნის, ჩემი ნებისამებრ მოვიხმარო? იქნებ შენს თვალს შურს, კეთილი რომ ვარ?"

წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებით, იგავში ვენახი ღვთის მცნებათა აღსრულების ის წიაღია, სადაც ამ ვენახის პატრონი იწვევს საღმრთო საქმიანობისთვის, ნეტარი თეოფილაქტე კი ბრძანებს, რომ ვენახის დამუშავება ამ იგავში სათნოებებზე მიანიშნებს, რომელთა მეოხებითაც ხდება შესაძლებელი საკუთარი სულის სრულყოფა.

რაც შეეხება სახლის პატრონს, ორიგენესა და ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით, ის არის მეუფე ეკლესიისა - ქრისტე, რომელმაც მამის წიაღი დატოვა, კაცობრივი ხატება მიიღო, მოვიდა ჩვენთან და თავისი ვენახის დასამუშავებლად ანუ ეკლესიურ სათნოებათათვის თვითონ დაიქირავა, თავადვე დაადგინა მუშაკები - თავისი მოწაფეები, მოციქულები და მიმდევრები, რათა წმინდა წერილის შესწავლასა და წმინდა მცნებების აღსრულებაში დახმარებოდა მათ. ვენახის დამუშავებაში სწორედ წმინდა წერილის შესწავლა და წმინდა მცნებათა აღსრულება იგულისხმება. კომენტატორების ნაწილი კი ბრძანებს, რომ ვენახის დამუშავებაში იგულისხმება ის სათნოებები, რომლებითაც ვენახის მუშაკი საკუთარ სულს სრულყოფს.

როგორც აღვნიშნეთ, იგავის თანახმად, სახლის პატრონი სხვადასხვა ჟამს (საათს) ქირაობს მუშაკებს ვენახში სამუშაოდ. საინტერესოა, ვის გულისხმობს უფალი სხვადასხვა ჟამს დაქირავებულ მუშაკებში. ნეტარი იერონიმესა და წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებით, განთიადისას დადგენილი ის მუშაკია, ვინც ბავშვობიდანვე ეწევა საღვთო ღვაწლს ჭეშმარიტი სრულყოფისათვის. მე-3 ჟამისას დაქირავებული ყმაწვილობიდან მოკიდებული სრულყოფს თავის სულს. მე-6 და მე-9 ჟამისანი ხნოვანობაში, სიჭარმაგეში მიჰყოფენ ხელს ღვთისათვის ამ სათნო საქმეს, ხოლო მე-11 ჟამის მუშაკი მხოლოდ სიბერეში, სიცოცხლის ბოლოჟამს მიმართავს საღმრთო ღვაწლს.

იგავში ხსენებული ყველა ჟამის მუშაკი უქმად დგას მანამ, სანამ სახლის პატრონი არ დაიქირავებს მათ და არ გაუშვებს ვენახში სამუშაკოდ. წმინდა მამათა მოძღვრებით, უქმად დგომაში ცხოვრების ისეთი წესი იგულისხმება, როდესაც ადამიანი თავისი ნებით არ ისმენს ღვთის სიტყვას, ღვთის მოწოდებას. ასეთი ცხოვრება კი უფლის თვალში უქმი და ფუჭია, თუმცა იგავიდან ნათლად ჩანს, რომ უფალი არასოდეს ტოვებს უყურადღებოდ ღვთის გზას ჩამოშორებულ ადამიანებს, არამედ ყოველჟამიერად უხმობს საღმრთო ვენახში ანუ ეკლესიაში სამუშაოდ - ღვთის სიტყვის მოსასმენად და აღსასრულებლად, სანაცვლოდ კი საზღაურს ჰპირდება, რასაც იგავში ფულის ერთეული - დინარი (დრაჰკანი) გამოხატავს: "დრაჰკანი "ვენახის მუშაკების" იგავში სულიწმინდის მადლია, რომელსაც საღმრთო ვენახის ყველა გულმოდგინე მუშაკი მიიღებს", - ბრძანებს ნეტარი თეოფილაქტე.

იგავიდან ნათლად ჩანს, რომ ღვთიური მადლის მისაღებად და ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა დროს, ცხოვრების რომელ მონაკვეთში შეუდგება ადამიანი ქრისტეს გზას და დაიწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, რაც უფლის მცნებათა აღსრულებით გამოიხატება - ადრეული სიყმაწვილიდან თუ სიბერის ჟამს. კომენტატორთა განმარტებით, დრო არ არის პირობა ღვთის სასუფევლის შეძენისა და დამკვიდრებისთვის, არამედ საჭიროა განვეშოროთ უქმად ყოფნის ცხოვრების წესს, მოვინანიოთ თუნდაც სიბერის ჟამს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბოლოჟამინდელი სინანულის გამო მადლი მოგვაკლდება ღვთისგან - გულმოდგინებით აღსრულებული მცირე ღვაწლიც ისევე მოგვაპოვებინებს ნეტარ ცხოვრებას, როგორც განთიადიდან, ე.ი. სიყმაწვილიდან ღვთივსათნოდ მცხოვრები მიიღებს მას ჯილდოდ უფლისაგან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის იმედით ადამიანმა სინანული და ეკლესიური ცხოვრების დაწყება ბოლო ჟამისთვის გადადოს, რადგან არავინ უწყის, როდის დაუდგება ბოლო ჟამი.

როგორც იგავის თხრობისას აღვნიშნეთ, სახლის პატრონი განთიადისას დაქირავებულ მუშაკებს წინასწარ მოურიგდა გასამრჯელოზე, დანარჩენებს კი აღუთქვა, რაც გერგებათ, მიიღებთო. საზღაურის გადახდა მან მე-11 ჟამს (საათს) დაქირავებული მუშაკებიდან დაიწყო და თითო დინარი მისცა საზღაურად, ისევე, როგორც განთიადისას დაქირავებულებს, რამაც ამ უკანასკნელთა დრტვინვა გამოიწვია - ვენახის პატრონმა ბოლო ჟამის მუშაკებთან გაგვატოლაო. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი შენიშნავს, განთიადის ჟამის მუშაკებმა უფალი შურით შეურაცხყვეს: "მწუხარენი იყვნენ კეთილსა ზედა სხვისასა, რომელ-ესე შურისა ბოროტისა საქმე არს". აქედან გამომდინარე, ადამიანი შესაძლოა მთელი სიცოცხლის განმავლობაში იღვწოდეს ღვთისთვის და აღასრულებდეს ღვთივსათნო საქმეებს, მაგრამ თუკი მას მომაკვდინებელი და სულის დამღუპველი ცოდვა - შური შეიპყრობს, მისი ღვაწლი ამაოა. სწორედ ეს დაემართათ პირველი ჟამის მუშაკებს. თუმცა გარდა შურისა, ისინი ანგარიშსწორებისას მიჩქმალულ უნდობლობას, მოჩვენებითობას და სხვათა დასანახად მუშაკობას ავლენენ. მათ უფრო მეტი კი არ სურთ, - მაშინ თავიდანვე არ წავიდოდნენ ვენახში სამუშაოდ, - არამედ სხვებზე მეტი, რათა სხვებს გაასწრონ და მათზე მეტად ამაღლდნენ. ამიტომაც ვერ გამართლდნენ ისინი უფლის თვალში. განთიადისას დაქირავებული მუშაკებიდან ერთ-ერთის მიმართ წარმოთქმული სიტყვები - "მიიღე შენი და წადი", - წმინდა ბასილი დიდის განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ უმადურ მუშაკებს მხოლოდ მიწიერი საზღაური შერჩათ, რადგან, როგორც წმინდა გრიგოლი ამბობს: "მომჩივანი, მდრტვინავი და მაყვედრებელი ვერ დაიმკვიდრებს ზეციურ სასუფეველს".

პირველი ჟამის მუშაკების საპირისპიროდ მდგარი უკანასკნელი ჟამის მუშაკები კი იმის გამო გახდნენ პირველებზე წინ მდგომარენი და იმის გამო მიიღეს უფრო მეტი საზღაური, ვიდრე ისინი ელოდნენ, რომ ისინი ყოველგვარი გარიგების გარეშე გაემართნენ ვენახში სამუშაკოდ, მორჩილად გასწიეს მუშაკობა და მიენდნენ ვენახის პატრონს ანუ უფალს.
ბეჭდვა
1კ1