ვენახი და რტონი ვენახისანი
ვენახი და რტონი ვენახისანი
მესია, რომელიც მღვდელმთავრებმა ვერ შეიცნეს
იოანეს სახარებაში მაცხოვარი აღდგომისა და ცხოვრების ხატად გვევლინება. მის გარშემო მიმდინარე მოვლენებში ჩვენ როგორც დრომოჭმულ სინამდვილეს, ისე მომავლის ესქატოლოგიას (რელიგიური მოძღვრება ქვეყნის აღსასრულის შესახებ) ვხედავთ. მეორე მხრივ, სახარებაში პარალელურად კერძო, პიროვნულ და ზოგადსაკაცობრიო აღდგომასთან დაკავშირებული მოვლენები ვითარდება: "ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, - ბრძანებს უფალი, - რომ ყველას, ვინც ხედავს ძეს და სწამს იგი, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს" (იოან. 6:40), "ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე" (იოან. 6:54), "ვერავინ მოვა ჩემთან, - განაგრძობს იგი, - თუკი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს" (იოან. 6:44). რადგან, განმარტავს იესო ქრისტე: "მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე" (იოან. 11:25-26). ეს სიტყვები ხაზს უსვამს მამისა და ძის ერთობლივ ნებას - კაცობრიობა სიკვდილის ტყვეობიდან იქნეს გამოხსნილი.

სიყვარულია ის ჭეშმარიტი ფასეულება, რომლითაც შესაძლებელია ამ მიზნის განხორციელება. იესო ქრისტემ ისრაელს გადარჩენის შესახებ ახალი ცოდნა მოუტანა. იუდეველებს მიაჩნდათ, რომ, ისევე როგორც ეგვიპტის ტყვეობიდან გამოსვლის დროს, მესიის მოსვლის პირველი და შთამბეჭდავი ნიშანი დამპყრობლის გამანადგურებელი მარცხი და ისრაელის ხელთ დიდი წარმატებებისა და ძალაუფლების გადაცემა უნდა ყოფილიყო. იუდეველებს სურდათ, მათი გასაკეთებელი საქმე ამჯერადაც ღმერთის ხელით გაკეთებულიყო. იუდეველებმა საკუთარი შესაძლებლობები ვერ შეაფასეს, ვერ გაიგეს, ღმერთი მათგან რას მოელოდა. წმინდა წერილი გვამცნობს, რომ ყველა, ერი თუ ადამიანი, ვინც საკუთარ კეთილდღეობას სხვისი ხელიდან მოელის, წარმართია და სიკვდილის სენითაა შეპყრობილი. იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს ჯვარი შესთავაზა. მან განაცხადა, რომ ადამიანში კერპთაყვანისმცემლური ბუნება მხოლოდ წარმართობის სიკვდილით შეიძლება დაიძლიოს: "ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს" (იოან. 3:3); და სასუფევლისკენ მიმავალი გზა მხოლოდ ჭეშმარიტების მსახურებაშია.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. უფალი ბრძანებს: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს" (იოან. 12:24).

ვაზი, რომელიც უფალმა "ეგვიპტიდან გადმოიტანა და დარგო"
"უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით. ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის" (ფსალმ. 79:8-9).

ვაზი ჭეშმარიტად ისრაელის სიმბოლოდ იყო ქცეული. ვაზი, როგორც ემბლემა, ძვ. წ. აღ-ის II საუკუნის მეორე ნახევარში ანტიოქე ეპიფანეს წინააღმდეგ აჯანყებულ მაკაბელებს აერთიანებდა. ვაზი ტაძრის მორთულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. საწმინდარში შესასვლელის თაღს ოქროთი ჩამოსხმული ვაზი და მტევნები ამშვენებდა, რომლისთვისაც ერთი მარცვლის შემატებისთვის ოქროს გაღების უფლების მოპოვებაც კი უდიდეს პატივად ითვლებოდა.

ეგვიპტიდან გადმოტანილი ვაზის შესახებ ნათქვამია: უფალმა "დაბარა, ქვები მოაცილა, ჩაყარა წითელი ვაზი, ჩადგა კოშკი მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა იქ და დაელოდა, ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა" (ეს. 5:2).

ამ იგავში ისრაელი ღმერთის ვენახად იხსენიება. ღმერთს თავისი ვენახი უბრალოდ კი არ უყვარს, არამედ მან დარგო, მოუარა და გააწყო იგი. როდესაც ვენახი სუსტი იყო, ღმერთი ზრუნავდა და იცავდა მას, როდესაც ყველაფერი მომზადდა, ღმერთი დაელოდა "სავსე მტევნების გამოღებას". მაგრამ, ნათქვამია იგავში, ღმერთის მცდელობის მიუხედავად, ისრაელი გაცუდდა, ვაზმა "ხენეში ნაყოფი გამოიღო". უფალი ბრძანებს: "მე დაგრგე რჩეულ ვენახად, ჭეშმარიტ თესლად დაგთესე. როგორ გადაჯიშდი და უცხო ვაზად როგორ შემეცვალე!" (იერ. 2:21); ოსიას სიტყვებით კი უფალი ისრაელს პირდაპირ იხსენიებს წარმართად: "დაცარიელებული ვენახია ისრაელი, ნაყოფსაც თავის მსგავსს იძლევა; რა უხვი ნაყოფიც ჰქონდა, ასევე გააუხვა სამსხვერპლოები; რა კარგი მიწაც ჰქონდა, ასევე დაამშვენა სვეტები" (ოს. 10:1).

ეზეკიელ წინასწარმეტყველი კი აზუსტებს: ვაზმა ცუდი ნაყოფი რომ გამოიღო, ამაში მევენახე არ არის დამნაშავე, თავად ისრაელია მიზეზი, რომ "აღმოცენდა და შეიქნა რტოგაშლილი და ტანდაბალი ვაზი, რომლის ტოტები არწივისკენ იხრებოდა და მისი ფესვები მის ქვეშ იყო" (ეზეკ. 17:5-6). "ახლა განგვსაჯეთ, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას ხალხო, მე და ჩემი ვენახი" (ეს. 5:3), - ბრძანებს უფალი. უვარგისი ვაზი უნდა განადგურდეს. ესაია წინასწარმეტყველი ასე აღგვიწერს იმ ერისა და ხალხის ბედს, ვინც ჭეშმარიტი სიკეთე ვერ შეაფასა და დროებითი სიამოვნების ძიების გამო კერპთაყვანისმცემლობას დაუბრუნდა: "ახლა გაგიცხადებთ, რას დავმართებ ჩემს ვენახს, - განაგრძობს უფალი, - ღობეს მოვურღვევ, რომ გაპარტახდეს; ზღუდეს მოვუნგრევ, რომ გაითელოს. გავაველურებ, არ გაისხლება და არ დაიბარება, და ამოვა იქ ნარი და ეკალი, ღრუბლებს ვუბრძანებ, წვიმა არ აწვიმოს მათზე" (ეს. 5:5-6). ერთი სიტყვით, უფალი მოვა და ნებისმიერი პიროვნების, ერისა და ქვეყნის ცხოვრებაში იმ სამართალს განახორციელებს, რომელიც მათ დაიმსახურეს.

ვინაიდან ეს დებულება არც დროსა და არც სირცეს არ ექვემდებარება, ვენახის განადგურება, როგორც კერძო მოტივი, წინასწარმეტყველთა წიგნებში მრავალჯერ არის წარმოდგენილი (მაგალითად: ეს. 16:8; იერ. 5:17; 12:10; ოს. 2:12; ამ. 4:9 და სხვა). ერთ-ერთ წინასწარმეტყველებაში სოფონია წერს: "განიავდება მათი ქონება და გაუკაცურდება მათი სახლები; ააშენებენ სახლებს და შიგ ვერ იცხოვრებენ; ჩაყრიან ვენახებს და მათ ღვინოს ვერ დალევენ" (სოფ. 1:13). მათი მონაპოვარი გავერანდება, ამ ადგილას ახალი ვენახი გაშენდება და ჩადენილი ცოდვების გამო ამ ვენახის მადლით მათი შთამომავლობა ვერ დატკბება.

ღვთის რისხვის მტევნები
ძველ აღთქმაში დაწყებული ვაზის თემა ახალ აღთქმაში გრძელდება და ახალი შინაარსით წარმოგვიდგება. უფლის ვენახი ეთნიკურ ისრაელს აღარ წარმოადგენს, ეს უკვე ღმერთის სასუფეველია, რომელიც ყველა მორწმუნე მუშაკს აერთიანებს და ცათა სასუფეველისთვის განამზადებს. თემის ასეთი განვითარება აშკარად მოჩანს მათეს სახარებაში - ვენახის მუშების საზღაურთან დაკავშირებულ იგავში (მათ. 20:1-11). აქ ცათა სასუფევლის ოჯახია წარმოდგენილი, რომლის პატრონიც თავის ვენახში სამუშაოდ მუშებს ქირაობს, მათთვის სამართლიანი ცხოვრების წესებს თვითონ აწესებს და თვითვე აღასრულებს.

სხვაგან, მათეს სახარებაში, ბოროტ მევენახეებთან დაკავშირებულ ამბავში (მათ. 21:33-43), აშკარაა პარალელი ესაია წინასწარმეტყველის წიგნში წარმოდგენილ იგავთან (ეს. 5:1-7). ვენახის პატრონი სიმბოლურად ღმერთს წარმოგვიდგენს, რომელმაც ვაზი გააშენა და თავის ვაზს იცავს. შემდეგ გაშენებულ ვაზს მოსავლელად მევენახეებს გადააბარებს, რომლებსაც მოვლის ნაცვლად ჯერ ვენახისთვის, ხოლო შემდეგ უფლის მიერ წარგზავნილი ხალხისთვის ზიანი მოაქვთ.

ახალი აღთქმის ბოლო წიგნში, იოანეს გამოცხადებაში, ვაზი თავისი სიმბოლური მნიშვნელობით ესქატოლოგიურ შინაარსს იძენს. დაწერილია: "სხვა ანგელოზი გამოვიდა ციური ტაძრიდან და ჰქონდა მასაც მჭრელი ნამგალი. გამოვიდა საკურთხევლიდან სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა ხელმწიფება ცეცხლზე და ხმამაღლა შესძახა მჭრელი ნამგლის მქონეს: მიუშვი ეგ მჭრელი ნამგალი და მოისთვალე მტევნები, რადგანაც დამწიფდა ყურძენი ქვეყნად. დაუშვა ანგელოზმა ნამგალი ქვეყნად და მოისთვლა მტევნები ქვეყნისა და ჩაყარა ისინი ღვთის რისხვის ვეება საწნახელში. დაიწურა საწნახელი ქალაქგარეთ და წარმოსდინდა სისხლი საწნახელს, აღვირამდე რომ სწვდებოდა ცხენებს, ათას ექვსასი უტევანის მანძილზე" (გამოცხ. 14:17-20). ამ ბოლო წიგნში თავს იყრის და ნადგურდება ამა ქვეყნის მთავრის მიერ მოწეული მთელი წარმართული მოსავალი. ადამის მოდგმის მიწიერი ისტორია აქ სრულდება. საბოლოოდ აქ განიყრება ხენეში და სავსე მტევნები. პირველნი რისხვის ვეება საწნახელში დაინთქმებიან, მეორენი კი სასუფეველს დაიმკვიდრებენ.

ვენახი და მევენახე იოანეს სახარებაში
წმინდა კირილე ალექსანდრიელი ბრძანებს: "მაცხოვარს სურს გვიჩვენოს, რომ ადამიანში ღმერთისადმი სიყვარულის აღმოცენებისათვის საჭიროა მრავალგზის ძალვა და მეცადინეობა. იმისათვის, რათა წარმოვიდგინოთ, მასთან ერთობაში რამხელა სიკეთეს ვეზიარებით და რომ მხოლოდ მასთან ერთად ყოფნით არის შესაძლებელი "ამქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გახდეთ" (2 პეტ. 1:4) და მხოლოდ მისგან შეიძლება ებოძოს ადამიანს "დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი" (2 პეტ. 1:4), უფალი ბრძანებს: "მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა" (იოან. 15:1).

ბიბლიური თვალსაზრისით, იესო ქრისტე ფუნქციურად ისრაელია, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ჩვენი მაცხოვარი ვაზია ჭეშმარიტი, რომელსაც თავისი მადლით და ცხოვრებით ღვთის შესაფერისი ნაყოფი მოაქვს. ღმერთის მიერ ეგვიპტიდან გამოტანილმა და დარგულმა ვაზმა - ისრაელმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა. ხალხის მოძღვრებმა ვერ შეაფასეს საკუთარი დანიშნულება და მდგომარეობა, ვერ გამოიჩინეს საჭირო რწმენა და ისრაელმა ხენეში ნაყოფი გამოიღო.

"მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა" (იოან. 15:1), - ბრძანებს უფალი. მართლაც, კაცობრიობამ არ იცის სხვა ვაზი, რომელიც თავის ნაყოფს უშუალოდ ღმერთისთვის აღივებს და ეს ნაყოფი ღმერთამდე აჰყავს. იესო ქრისტე ძეა ღვთისა და ის თავის ქცევაში მამის ნებისადმი სრულ მორჩილებას გამოხატავს. ჩვენ ვხედავთ იმას, რაც ისრაელს უნდა განეხოციელებინა და რითიც ყოველმა ღვთისმორწმუნემ უნდა იხელმძღვანელოს.

მორწმუნისთვის მთავარი სულიერი საზრდო უნდა იყოს, რადგან ის საზრდო ზრდის ადამიანს, რომელსაც მისი გული ითხოვს. უფალი თავის მოწაფეებს ახლებურად უხსნის ჭამადის შინაარსს: "ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე" (იოან. 4:34); იოანეს სახარების მეოთხე თავში უფალი თავის მოწაფეებს სოფლიდან გამოსულ ხალხზე მიუთითებს და ბრძანებს: "აჰა, მე გეუბნებით: აღაპყრეთ თვალნი და იხილეთ, ყანები როგორ გადათეთრებულან სამკალად. მომმკელი საზღაურს იღებს და საუკუნო სიცოცხლისთვის იწევს მოსავალს, რათა ერთად ხარობდნენ მთესველიცა და მომმკელიც" (იოან. 4:35-36). იოანე ოქროპირი ამ ქარაგმას ჩვეულებრივი საგნების ხატოვნ ასახვად მოიხსენიებს. ამ ეპიზოდის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლოცვა და მარხვა ქრისტიანის უმთავრეს საქმეს, საკუთარი თავისა და სხვათა ცოდვილობისგან გამოხსნას ემსახურება. ამ აზრს მათეს სახარებაც ადასტურებს, სადაც იესო ქრისტე ბრძანებს: "ეს მოდგმა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება" (მათ. 17:21).

ვენახი, ვაზი და ლერწები
ვაზისა და ლერწების სახე იოანე მახარებელს აღებული აქვს იუდეველთა ყოველდღიური სინამდვილიდან. ამ სახელებშია ასახული მაცხოვრისა და მისი მოწაფეების ურთიერთდამოკიდებულება. უფალი თავის მოწაფეებს ასე მიმართავს: "მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ" (იოან. 15:5). იესო ქრისტე ჭშმარიტი ნაყოფის მომტანი ვაზია. ვინაიდან ვაზის დანიშნულება სავსე მტევნების გამოღებაა, უდიდესი მნიშვნელობა ლერწებს და იმას ენიჭება, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ვაზმა საბოლოოდ კარგი ნაყოფი მოიტანოს. ლერწების არსებობა ვაზზეა დამოკიდებული, და რადგან ვაზის სახეში იესო ქრისტეა ნაგულისხმევი, მოწაფეები, რომლებსაც ნაყოფი გამოაქვთ, რჩებიან ვაზის ნაწილად, ესე იგი მის მოწაფეებად. სხვების შესახებ იესო ქრისტე ბრძანებს: "ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის" (იოან. 15:6).

არც ვაზი და არც ლერწები მხოლოდ თავისი ცხოვრებისთვის არ ცხოვრობენ. მათი მიზანი ბევრი და სავსე მტევნების გამოღებაა. ეს არის მამის ნების აღსრულება, და იესო ქრისტეს ეკლესია ამ მიზანს ემსახურება. ამიტომ უფალი რომელიმე ერთ ვაზად კი არა, ვენახად იხსენიება, რომლის ნაწილიც ყველა ვაზი, ყველა ლერწი და ყველა მტევანია. ასევე ყველა მორწმუნე ღმერთთან ერთიანია იესო ქრისტეში. ბასილი დიდი ბრძანებს: "რადგან ადამიანი ღმერთი არაა, მაცხოვარმა კვლავდაბადებულად მის განკაცებულებაში მოგვიხსენია... ამიტომ კაცი ძე ღვთისას ერთარსად არ უნდა მოვიაზროთ. იესო ქრისტე ღმერთია და ის ღვთის ერთარსია; ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაცხოვარი არ არის კაცთა მოდგმის ისეთივე დასაბამი, როგორიც მამა ღმერთია - ძე ღმერთის მამა; წმინდა სამების გადაწყვეტილებაში ჩანს, რომ იესო ქრისტე ადამიანის შემოქმედია და მამა ღმერთს ნებავს, ჩვენ გვწამდეს ძისა".

ნაყოფიერი ლერწები ახარებს ვაზს. იოანე ღვთისმეტყველის სახარების ეპიზოდში იესო ქრისტე ესაუბრება სამარიელ დედაკაცს და ამით იუდაისტურ კანონს არღვევს (4:1-39). "იუდეველები არ ურთიერთობდნენ სამარიელებთან, მაგრამ იესო ქრისტე არა რომელიმე ერთი ხალხის, არამედ კაცობრიობის გადასარჩენად მოვიდა". იოანეს სახარება იესო ქრისტეს იმ ერთადერთ პიროვნებად წარმოგვიდგენს, რომლის წყალობითაც მთელი კაცობრიობის ცხოვრება ჭეშმარიტ შინაარსს იძენს. მისი ძალაუფლება სამების ძალით არის განმტკიცებული და ეს მრავალჯერ დასტურდება სახარებაში (4:34; 5:24, 30; 6:29; 8:25; 17:18; 20:21). უკვე აღვნიშნეთ, რომ ხსენებულ ეპიზოდში ქალაქიდან დაბრუნებული მოწაფეები მაცხოვარს საჭმელს სთავაზობენ. ბ. გლადკოვი წერს: ხოლო იესო ქრისტე "იმაზე ფიქრობს, რომ იუდეველთა მიერ მოძულებულმა სამარიელებმაც კი ერთი უბრალო დედაკაცის მონაყოლით მიიღეს მისი სწავლება, აღივსნენ რწმენით და ქალაქიდან მის სანახავად გამოემართნენ" (იქვე, გვ. 157).

"საგნების ასეთმა ხატოვანმა ასახვამ" მოწაფეებზე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება მოახდინა. "პირველი სამკალის" ხილვის შემდეგ, ანუ სამარიელი წარმართების აღტაცების შემდეგ (იოან. 4:1-42), მაცხოვარმა ერთი დიდებული კარისკაცის შვილი განკურნა და ეს ადამიანი მთელი თავისი ოჯახით მოინათლა (იოან. 4:46-54). მაგრამ ნამდვილ მკად მაცხოვარმა ის შემთხვევა მოიხსენია, როდესაც ფილიპემ და ანდრია პირველწოდებულმა მაცხოვართან ელინები მიიყვანეს (იოან. 12:20-30). ამ შემთხვევას უფალმა ესქატოლოგიური მნიშვნელობა მიანიჭა, ამ მომენტს კაცობრიობის გადარჩენისთვის დაწყებული მკის დასაწყისი უწოდა და ბრძანა: "მოაწია კაცის ძის განდიდების ჟამმა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს" (იოან. 12:20-31).
ბეჭდვა
1კ1