საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
16 დეკემბერს საკითხავი სახარება (ლუკა 18,18-27)
18. და (მას ჟამსა შინა) ჰკითხა მას ვინმე მთავარმან და ჰრქუა: მოძღვარო სახიერო, რაი საქმე ვქმნე, რაითა ცხოვრებაი საუკუნოი დავიმკვიდრო?

19. მიუგო მას იესუ: რაისა მეტყვი მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოი ღმერთი.

20. მცნებანი იცნი: ნუ იმრუშებ, ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.

21. ხოლო მან თქუა: ეგე ყოველი დავიმარხე სიყრმით ჩემითგან.

22. ესმა რაი ესე იესუს, ჰრქუა მას: ერთიღა გაკლს შენ: ყოველი, რაიცა გაქვს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე.

23. და ვითარცა ესმა ესე მას, მწუხარე იქმნა, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად.

24. ვითარცა იხილა იგი იესუ, რამეთუ შეწუხნა, თქვა: ვითარ ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუნდეს საფასე!

25. უადვილეს არს მანქანისა საბელი ხვრელსა ნემსისასა განსვლად, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა.

26. ხოლო რომელთა-იგი ესმა, ჰრქუეს მას: და ვის ხელეწიფების ცხოვრებად?

27. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.

დღეს წაკითხულ სახარებაში მოთხრობილია მდიდარი ჭაბუკის შესახებ, რომელსაც შემოსილი ჰქონდა სრულყოფილების გარკვეული ხარისხი, მაგრამ მაინც შორს იყო ცათა სასუფევლისგან, რადგან ძალზე შეჰყვარებოდა სიმდიდრე და ქვეყნიური კეთილდღეობა. განვიხილოთ დღევანდელი სახარება.

"და ჰკითხა მას (იესუს) ვინმე მთავარმან და ჰრქუა: მოძღვარო სახიერო რაი საქმე ვქმნე, რაითა ცხოვრებაი საუკუნოი დავიმკვიდრო?" (მუხლი 18).

"არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოი ღმერთი", ანუ რატომ მიწოდებ მე სახიერს, განა არ იცი, რომ სახიერი მხოლოდ და მხოლოდ შემოქმედი ღმერთია?! მაგრამ უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთისა, ხომ არის კიდევ ჭეშმარიტი და სრულყოფილი ღმერთი?! ხოლო თუ ჭეშმარიტი ძეა ღმრთისა და თავადაც ჭეშმარიტი ღმერთი, მაშინ სახიერია, ვითარცა ყოვლადსახიერისგან შობილი და ამქვეყნად მოვლინებული! მაშ, რატომ არ იწყნარებს, როცა სახიერს უწოდებენ? იმიტომ, რომ ჭაბუკი ადამიანად მიიჩნევდა მას და არა ღმერთად და ამის გამო არ ჰქონდა უფლება, სახიერი ეწოდებინა მისთვის, ვითარცა, როგორც თვითონ ეგონა და სჯეროდა - ადამიანისთვის: რამეთუ საკუთრივი აზრითა და მნიშვნელობით ერთი მხოლოი ღმერთია სახიერი. ამრიგად, ჭაბუკის მისალმებაში იმაზე მეტი, აღმატებული იყო შთადებული, რისი თქმაც და წოდებაც ადამიანს ადამიანისთვის შეუძლია, ხოლო მდიდარი ჭაბუკისთვის იესო ქრისტე ადამიანი იყო, ოღონდ გამორჩეული მოძღვარი. ამიტომაც უარყო უფალმა და არ შეიწყნარა მისი მიმართვა.

დღევანდელ სახარებაში საყურადღებოა აგრეთვე ამ მდიდარი ჭაბუკის ღვთისმოშიშება. წარჩინებული და მდიდარი გამოირჩეოდა რწმენით. ზედმიწევნით იცოდა საღმრთო სჯული და აღასრულებდა კიდეც მას. ასეთია კი დღეს ჩვენი ახალგაზრდობა? როგორ განსხვავდებიან სახარებისეული ჭაბუკისგან! უკვე აღარც ვამბობთ, ასრულებენ თუ არა საღმრთო მცნებებს, ან თუ ცდილობენ, უკიდურეს შემთხვევაში შეიმეცნონ ღმერთისკენ და საუკუნო ცხოვრებისკენ მიმავალი გზები?! თუ კითხულობენ მაინც სახარების ჭაბუკივით: "რაი საქმე ვქმნე, რაითა ცხოვრებაი საუკუნოი დავიმკვიდრო?" რა არის ამის მიზეზი? რატომაა თანამედროვე ახალგაზრდობა ასეთი გულგრილი ცხოვრების მთავარი საკითხის - სარწმუნოებისადმი? მიზეზი სათანადო აღზრდა-განათლების უქონლობაში უნდა ვეძიოთ.

დღევანდელ სახარებაში საგულისხმოა ისიც, რომ ჭაბუკის შეკითხვაზე - რა ვქნა, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო, უფალი სჯულს მიმართავს და შემდეგ საღმრთო მცნებებს ჩამოთვლის: "ნუ იმრუშებ, ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა" (მუხლი 20). ჩვენც ყურადღებით ჩავუფიქრდეთ ამ საღმრთო მცნებებს, ღრმად აღვიბეჭდოთ გონებასა და გულში და ერთგულად აღვასრულოთ. "ნუ იმრუშებ!" - აი, პირველი მცნება, რომელიც იესომ ჭაბუკს შეახსენა. ამ მცნებით აკურთხა ქორწინების სიწმინდე, მიგვითითა მეუღლეთა ურთიერთსიყვარულზე, ერთგულებასა და ერთმანეთისთვის თავდადებაზე და, მაშასადამე, მათ შორის მშვიდობასა და თანხმობაზე, რაც საფუძველთა საფუძველია როგორც ოჯახის, ასევე საზოგადოების ცხოვრებისა. ამავე დროს, ამ საღმრთო მცნებით აკრძალულია ყოველგვარი უზნეობა, ხორციელი თავშეუკავებლობა, დამღუპველი სიამენი, რომლებიც შეურაცხყოფენ ადამიანის ღირსებას, აუძლურებენ გონებას, განრყვნიან საზოგადოებას.

დღევანდელი სახარება გვიჩვენებს, თუ რა სახიფათოა სიმდიდრე ქრისტიანის ზნეობრივი ცხოვრებისთვის. ეს მდიდარი ჭაბუკი ცხოვნების გზას ადგა, მაგრამ რაკი დიდ სიმდიდრეს ფლობდა და უყვარდა კიდეც იგი არ შეეძლო სრულყოფილი გამხდარიყო. რა თქმა უნდა, მდიდართა შორისაც იყვნენ წმინდანნი და კეთილმსახურნი, მაგრამ განა ბევრია ასეთი ცნობილი? უმრავლეს შემთხვევაში, მათ არ შეუძლიათ სწორად გამოიყენონ სიმდიდრე, პირიქით - უჯერო, გაფანტული ცხოვრებისთვის იყენებენ მას.


23 დეკემბერს საკითხავი სახარება (ლუკა 17,12-19=)
12. (მას ჟამსა შინა) და შე-რაი-ვიდა იგი (იესუ) დაბასა რომელსამე, მოეგებოდეს მას ათნი კეთორვანნი კაცნი, რომელნი დადგეს შორს.

13. და მათ აღიმაღლეს ხმაი მათი და იტყოდეს: იესუ, მოძღუარ, შემიწყალენ ჩვენ!

14. და თავადმან ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: წარვედით და უჩვენენით თავნი თქვენნი მღდელთა. და იყო ვითარცა წარ-ოდენ-ვიდეს იგინი მისგან, განწმიდნეს კეთროვნებისა მისგან.

15. ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა და ხმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა.

16. და დავარდა წინაშე ფერხთა იესუისთა და ჰმადლობდა მას. და ესე იყო სამარიტელი.

17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: არა ათნივე განიკურნესა? და ცხრანი იგი სადა არიან?

18. ვერ იპოვნეს ეგოდენ რაითამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაი ღმერთსა, გარნა უცხო-თესლი ხოლო ესე?

19. და ჰრქუა მას: აღდეგ და წარვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.

უმთავრესი დღევანდელ სახარებაში ის არის, რომ არამც და არამც არ უნდა შევაქციოთ ზურგი უბედურებაში მყოფს, რაოდენ უამური შესახედაობა და მდგომარეობა უნდა ჰქონდეს.

ქრისტე-მაცხოვარმა ჯანმრთელობა მიმადლა კეთრით დაავადებულ ათ ადამიანს. კეთრი უმძიმესი დაავადება იყო, გადამდები, არაწმინდა. მოსეს სჯულის მიხედვით, ვინც კეთროვანს შეეხებოდა, უწმინდურად ითვლებოდა და განწმენდის წეს-ჩვეულებანი უნდა აღესრულებინა. კეთროვნები საზოგადოებიდან განკვეთილნი იყვნენ. ამიტომაც სახარებაში მოხსენიებული ათი კეთროვანი უფალს სადმე სახლში კი არ შეხვდა, არამედ დაბაში შესვლის წინ - "შე-რაი-ვიდოდა იგი დაბასა რომელსამე". მიახლოებაც ვერ გაებედათ მასთან და შორით იდგნენ და იქიდან შეჰღაღადებდნენ - შეგვიწყალეო. აი, როგორი ადამიანები შეიწყალა უფალმა!

დასაფიქრებელია კეთროვანთა განკურნების სახეც. როცა ისინი შორიდან უღაღადებდნენ უფალს - "იესუ მოძღუარ, შემიწყალენ ჩვენ!" - ცხადად თხოვდნენ სასწაულებრივ განკურნვას. უფალმა არც უარი უთხრა და არც შეჰპირებია განკურნვას, ესღა უთხრა: "წარვედით და უჩვენენით თავნი თქვენნი მღვდელთა". ეს იყო მინიშნება მოსეს სჯულზე, რომელიც კეთროვანს უბრძანებდა, მღვდელმსახურთან მისულიყო, რათა მას განესაზღვრა, სენი მართლაც სჭირდა და გამოჯანსაღების ნამდვილობაც, გამოჯანმრთელების შემთხვევაში გამწმენდი და სამადლობელი მსხვერპლი შეეწირა. ამრიგად, როცა კეთროვნებს მღვდლებთან წარგზავნიდა ტაძარში, ამით ქრისტე-მაცხოვარს სურდა, ღმრთისადმი აღემაღლებინა მათი გონება და გული, რათა თავიანთ შემოქმედში დაენახათ სიკეთისა და წყალობის წყარო და მხოლოდ მისთვის აღევლინათ მადლობა.

ამავე სახარებიდან ჩანს, რომ ადამიანები ხშირად უმადურნი არიან ხოლმე კეთილისმყოფელთადმი, განსაკუთრებით ღმერთისადმი! უმადურობა ყველაზე შავბნელი მანკიერებაა, რის გამოც სძაგთ ასეთნი და საკუთარ თავშიც ეს თვისება. უმადურობა და პირველ ყოვლისა, უმადურობა ღმერთისადმი, ჩვენი საერთო მანკიერებაა.

ჩვენ ყოველივეში ღმერთის მოვალენი ვართ, მაგრამ როგორც კი ბოროტად დავიწყებთ მისი რომელიმე ნიჭის გამოყენებას, ამით აშკარად უმადურნი წარმოვჩნდებით ღმერთის წინაშე. ასე რომ, ნებისმიერი საღმრთო საბოძვარის - სიმდიდრისაც, წარჩინებულობისაც, ხელისუფლებისაც და ასევე გამოსყიდვის ნიჭების ბოროტად გამოყენება, ამ ნიჭთა მომცემლისადმი აღმაშფოთებელი უმადურობის გამოვლინებაა.

ამრიგად, თუკი გვსურს მადლიერნი ვიყოთ ყოვლად უხვი ღმრთისადმი, მხოლოდ სიტყვით განმადიდებელნი კი ნუ ვიქნებით მის მიერ მომადლებულ ნიჭთათვის, არამედ ვეცადოთ, სასარგებლოდ გამოვიყენოთ ისინი ჩვენი და მოყვასის ცხონებისთვის.

ყოველ ჩვენგანშიც ბუდობს არაწმინდა კეთრი, გადამდები სნეულება, ჩვენს არსებას რომ მოსწყლავს და თანდათან სპობს. ესაა ჩვენი სულის კეთრი. ნათლისღების საიდუმლოში ჩვენ განვიწმინდებით ამ კეთრისგან, ოღონდ არცთუ დიდი ხნით. ჩვენს უძლურ არსებაში დარჩენილი მიდრეკილება ცოდვისადმი კვლავ ადვილად აღმოაცენებს ჩვენში ცოდვების კეთრს. როგორც სხეულებრივი კეთრი ფარავს ადამიანის სხეულს წყლულებითა და საზარელი ლაქებით, ასევე სულიერი კეთრიც უსაზიზღრესი წყლულებით გვიფარავს სულს.

ამიტომაც თითოეული ჩვენგანი ღრმად ჩაუკვირდეს საკუთარ თავს და განსაჯოს - მისი სულიც ხომ არ არის მოწყლული სულიერი კეთრით, და თუკი სინდისი ეტყვის, რომ არის, მაშინ სახარებაში მოხსენიებული კეთროვნების მსგავსად ჩვენც მოშორებით დავდგეთ უფლისგან თვითდამდაბლების გრძნობით, აღსავსენი მორჩილებით და გულის სიღრმიდან ხმამაღლა, რწმენით შევღაღადოთ უფალს: "უფალო იესო, შეგვიწყალე ჩვენ!"

დაბოლოს, უფლის მიერ კეთროვნებისთვის მიცემულ მცნებას - მღვდლებთან წასულიყვნენ, ჩვენთვისაც ღრმა აზრი აქვს. ძველი აღთქმის მღვდელსმახურნი კეთრისგან არ განკურნავდნენ სნეულებს. ახალი აღთქმის მღვდელმსახურნიც თავით თვისით არ განკურნავენ სულიერ კეთრს, არამედ როგორადაც ძველნი მოიხილავდნენ და სინჯავდნენ სხეულით კეთროვანთ, ასევე ახალი აღთქმის მღვდელნიც განიხილავენ ცოდვილთა სხვადასხვა მდგომარეობას. უფლის მიერ მიცემული მცნებისადმი დამორჩილებამ კურნება მიანიჭა ათ კეთროვანს, ხოლო მორჩილება ქრისტეს ეკლესიის წმინდა ღვთაებრივი დადგინებისადმი კურნებას, ცხონებას ანიჭებს აღურაცხელ სულიერად სნეულ ადამიანს - კურნებას ყველა სახისა და ხარისხის სნეულებათაგან.
ბეჭდვა
1კ1