საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
4 ნოემბერს საკითხავი სახარება (ლუკა 16,19-31)
19. (თქვა უფალმან იგავი ესე): კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი დღე ბრწყინვალედ.

20. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქვე ძვრებოდა.

21. და გული ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან გარდამოცვივნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა.

22. და იყო სიკვდილი გლახაკისაი მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკვდა მდიდარიცა იგი და დაეფლა.

23. და ჯოჯოხეთსა შინა აღიხილნა თვალნი თვისნი, იყო რაი ტანჯვასა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა.

24. და მან ხმა-ყო და თქვა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაითა დააწოს მწვერვალი თითისა მისისაი წყალსა და განმიგრილოს ენაი ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაითა.

25. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები.

26. და ამას ყოველსა თანა შორის ჩვენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაითა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქვენდა, ვერ ხელეწიფოს, არცა მაგიერ ჩვენდა წიაღმოსლვად.

27. ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა.

28. რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაითა ეუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა.

29. ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინასწარმეტყველნი, მათი ისმინონ.

30. ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკვდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ.

31. ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინასწარმეტყველთაი არა ისმინონ, არცაღა, მკვდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ.

ამ იგავიდან პირველ ყოვლისა ის განგვეცხადება, რომ ჩვენი არსებობა, ცხოვრება არ მთავრდება სხეულის სიკვდილთან ერთად (მუხლი 23). იგავში მოხსენიებული ორივე პირი - მდიდარიცა და გლახაკიც სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ არსებობას. მართალია სხვა, ჩვენთვის უცნობ სამყაროში და სრულიად სხვა მდგომარეობაში იმასთან შედარებით, რაც სიკვდილამდე ჰქონდათ, მაგრამ იმავე ხსოვნით მთელი თავიანთი წარსული ცხოვრებისა, იმავე შეგნებით თავიანთი მდგომარეობისა. ამგვარად, სულაც არ ყოფილა ერთი ადამიანისა და პირუტყვის ხვედრი, როგორც ამას სოლომონის დროს ამტკიცებდა ზოგიერთი უგუნური და ამჟამადაც ამტკიცებენ ცრუ სიბრძნით შეპყრობილნი, რომლებიც ახალ ჭეშმარიტებებად ასაღებენ ძველთაძველ, დიდი ხნის წინ უარყოფილ და მივიწყებულ წარმართულ ბოდვებს, რომლებიც ახლა თითქოსდა მეცნიერების მიღწევებითაა მოპოვებული. აქ, ამქვეყნად, ჩვენ, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ვიწყებთ ცხოვრებას, როგორც ყრმა იწყებს ცხოვრებას თავისი დედის მუცელში, ხოლო ყოვლად სრული და სრულყოფილი, ნამდვილი ცხოვრება ცათა შინა მოგველის.

ამასთანავე, სახარების ეს იგავი იმასაც განგვიცხადებს, რომ ჩვენი მომავალი ცხოვრება არის აუცილებელი და არსებითი კავშირი აწინდელ, ამაქვეყნიურ ცხოვრებასთან (მუხ. 23), რომ ჩვენი მომავალი საიქიო ხვედრი სიკვდილის შემდგომ განისაზღვრება ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის იმ სახით, რომელიც აქ, ქვეყნიურ ცხოვრებაში გვქონდა, სიკვდილამდე; რომ ამქვეყნად არის ჟამი ქმნადობისა, ხოლო იქ, იმქვეყნად - ჟამი, მარადისობა შრომათაგან მოსვენებისა.

იგულისხმება, რომ რასაც აქ, ქვეყნიურ ცხოვრებაში დათესავს ადამიანი, იმასვე მოიმკის იქ, იმქვეყნად: კეთილ საქმეთ ქვეყნიურ ცხოვრებაში კეთილი ჯილდო მოჰყვება იქ, ხოლო ბოროტ საქმეთ - სასჯელი; რომ კეთილმსახურებასა და ღვთის ჭეშმარიტ მოშიშებაში გატარებული ცხოვრება ბოლოს საუკუნო ნეტარებითა და დიდებით დაგვირგვინდება ცათა სასუფეველში, ხოლო უკეთურებაში, მანკიერებებსა და საღმრთო მცნებების გარდახდომებში გატარებული - გამოიწვევს სამარადისო სატანჯველთ და ტკივილს ჯოჯოხეთში. ამას მოითხოვს საღმრთო სიმართლე, ამასვე გვარწმუნებს ჩვენი გონიც, სინდისიც, ღვთის სიტყვაც.

მდიდრისა და გლახაკი ლაზარეს იგავით უფალი ჩვენი იესო ქრისტე შეგვაგონებს, რომ სხეულისაგან გაყრილი სულებისთვის იმქვეყნად განმზადებულია სხვადასხვა ადგილი - ბნელიც და ნათელიც, რომელთა შორისაც დიდი, გაუვალი უფსკრულია (მუხ. 26) და ერთი ადგილიდან მეორეში ვერვინ გადავა. ამ დამოძღვრათაგან სულაც არ გამომდინარეობს ის, თითქოს სულთა მიერ ერთმანეთის ნახვა სხეულებრივი სიკვდილის შემდეგ შეუძლებელი იყოს; შეუძლებელი იქნება მათი შეერთება ერთობლივი ყოფნისთვის, მათი სურვილიც თანა-ყოფისა იმ, სხვა სამყაროში შეიზღუდება. რამეთუ იქ ძალას კარგავენ ხორციელი ნათესაობის კავშირები და ქვეყნიური, ამაო ურთიერთმისწრაფებანი. მაგრამ უეჭველია, ის ადამიანები, რომელნიც აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში ერთმანეთისადმი წმინდა, უზაკველი გრძნობებით ყოფილან განმსჭვალულნი, სიკეთის სხვადასხვა ღვაწლთა შორის დამაშვრალან, ერთნაირი მწუხარებანი და განსაცდელნი დაუთმენიათ და წმინდა სარწმუნოების ერთსა და იმავე შეგონებებში უძებნიათ ნუგეში, იმქვეყნადაც ერთსა და იმავე ნათელ და წმინდა სავანეებში შეხვდებიან ერთმანეთს და ერთად მიეცემიან სამარადჟამო ნეტარებას.

ამავე იგავიდან ჩანს, რომ მხოლოდ ბოროტის არქმნა როდი შეგვქმნის ზეცის მკვიდრად გახდომის ღირსად (მუხლები 19-23). ცათა სასუფევლის ნეტარება არის ჯილდო, რომელიც მოიპოვება მრავალი ღვაწლითა და შრომით, კეთილი და ღვთის სათნო საქმეებით. მე არც ქურდი ვარ, არც მძარცველი, მემრუშე თუ მემთვრალეო, - იტყვის ზოგი და ამით იმშვიდებს სინდისს. მაგრამ რა დამსახურებაა ეს? მიჩვენე შენი რწმენა საქმეებით! - აი, რას მოითხოვს ჩვენგან უფალი! სხვისას არაფერს იტაცებ? მაგრამ როგორ იყენებ ღვთის მოცემულს, რაც ასევე შენი კი არა, ღვთისაა? განა უფლის ნებისაებრ იყენებ - მშიერთა დასაპურებლად, შიშველთა შესამოსად, მწირთა მოსვენებისათვის, ტანჯულთა და უბედურებაში მყოფთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად თუ მხოლოდ საკუთარი უსაზღვრო სურვილების დასაკმაყოფილებლად?

ამრიგად, არა მოჩვენებითი, გარეგანი პატიოსნება, არამედ ჭეშმარიტი სათნოებაა ღირებული ღმერთის თვალში. მხოლოდ საქმეები, - სარწმუნოებისა და კეთილმსახურების, სიყვარულისა და მოწყალების საქმეები, მხოლოდ დაშვრომა ღვთის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ, - ეს დაფასდება ღირსეულად უფლის სამსჯავროზე. ხოლო უქმი და ხორცის მაამებელი ცხოვრებისთვის, საღმრთო ნიჭთა გაფლანგვისა და დაღუპვისთვის ცოდვილი საუკუნო ჯოჯოხეთს უნდა მოელოდეს.

დღევანდელი სახარების იგავი იმასაც გვასწავლის, რომ ქვეყნიური ბედნიერება ყოველთვის როდია ღმერთის მხრივ ჩვენი ცხოვრების სათნოყოფის მანიშნებელი (მუხლები 14-23), რამეთუ უფალი ზოგჯერ დაუშვებს იმასაც, რომ შებილწული კიდევ უფრო შებილწოს გრძნობიერ სიამტკბილობათა სიკეთეებში, და სუსტის მაწყინებელიც კიდევ აწყინებდეს და დაჩაგრავდეს სხვებს და ასე შეიკრებდეს უმართლო მოსახვეჭელს, ვითარცა მოტყინარე მუგუზლებს საკუთარ თავზე. და პირიქით, ვინც უყვარს უფალს, ხშირად დასჯის კიდეც მას, რათა შემდეგ, ვითარცა საყვარელი შვილი, თავის წიაღში შეიწყნაროს. დღევანდელი იგავი გვასწავლის, რომ ღვთის რჩეული, მაგრამ ზოგიერთ ცოდვათაგან ჯერ ვერგათავისუფლებული ადამიანები ხშირად განისჯებიან და დაისჯებიან უფლის მიერ აქვე, ქვეყნიურ ცხოვრებაში, რათა განკითხვის საშინელ დღეს არ განისაჯონ ამა ქვეყნისგან; რომ ყველაზე მართალი და კეთილმსახური მორწმუნის სრულყოფისთვის აუცილებელია გამოცდა, განსაცდელები, რომლებშიც მისი სული განიწმინდება ყოველივე ქვეყნიურისაგან, ვითარცა ოქრო განიწმინდება და კეთილშობილდება ღუმლის ცეცხლში.

გლახაკი ლაზარე უბედურებაში მოთმინებასაც გვასწავლის. იგი არ დრტვინავდა ღმერთზე თავისი მწარე ხვედრის გამო. მოთმინედ იტანდა მას. ჩვენც ყველა უბედურებაში მტკიცე იმედი უნდა გვქონდეს უფლის ნუგეშისა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ეულად დაგვტოვებენ. წმინდა ბასილი დიდი ამბობს: "ხედავ, საით მიჰყავხარ უბედურებას? - შეურცხვენელ იმედამდე. სნეული ხარ, გტკივა? - მაშ, გიხაროდეს, რამეთუ ღმერთი სასჯელს მოუვლენს ხოლმე იმას, ვინც უყვარს! ღარიბი და უქონელი ხარ? - გიხაროდეს, რამეთუ შენთვის ლაზარეს სიკეთენი განმზადდება! უპატიოყოფას იწვნევ ქრისტეს სახელისთვის? - ნეტარი ხარ, რამეთუ შენი უპატიოყოფა ანგელოზთამიერი დიდებით შეიცვლება" (59-ე ფსალმუნზე). წმინდა იოანე ოქროპირიც ამბობს: - დამწუხრებული ხარ სიღარიბის გამო? ნუ შეშფოთდები. საწუხარი ის იქნებოდა, მომავალ საუკუნეშიც რომ მწუხარება მოგელოდეს. დროებითი მწუხარება შენს განცოცხლებას, ცხოვნებას ემსახურება, საუკუნო მწუხარება კი სასჯელისაგან მომდინარეობს.


11 ნოემბერს საკითხავი სახარება (მათე 11,27-30)
27. ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაი ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაი უნდეს ძესა გამოცხადების.

28. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქვენ.

29. აღიღეთ უღელი ჩემი თქვენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქვენთაი.

30. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს.

ნუ იფიქრებთ, - შენიშნავს ნეტარი თეოფილაქტე, - რომ მას ყოველივე მიეცა, როგორც მონას, პირიქით, როგორც შვილს. იგი რომ მამასთან ერთად ერთი ბუნებისა არ ყოფილიყო, მაშინ არც გადაეცემოდა ყოველი.

უფალი თითქოს გვეუბნება: რა არის გასაკვირი, რომ მე ვარ ყოველივეს მეუფე და უფალი? მე კიდევ მეტი მაქვს - ჩვენ გაგვაჩნია თანაბარი ცოდნა: მე ვიცი მამა, მამის მცოდნემ, და მამა მიცნობს მე, ჩემი მცნობელი.

უფალმა აჩვენა მოწაფეებს თანასწორობა მამასთან და წარმოთქვა მეტად შემძვრელი, საღვთო სიყვარულით აღვსილი და გამოუთქმელი მოწყალების სიტყვები, რომლებიც ეკუთვნოდა უკვე არა მოციქულებს, არამედ მთელ ხალხს, კაცობრიობას, ყოველ საუკუნესა და დროს: "მოვედით ჩემდა ყოველნი..." და მიიღებთ მოსვენებას აქვე, დედამიწაზევე, სინდისის საუფლოში, უმეტესად კი "მე განგისვენო თქვენ" მომავალ, მარადიულ ნეტარებაში; არ გიმალავთ, რომ გთავაზობთ არა სიამოვნებას, არამედ უღელს, არა შეღავათს, არამედ ტვირთს, მაგრამ არ შეგაშინოთ ამ უღელმა: "რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს" და არ შეგაწუხოთ ტვირთმა, რადგან "ტვირთი ჩემი სუბუქ არს".

ეს ტვირთი არის მსუბუქი, რადგან უფალი, რომელიც ადგამს ადამიანს ტვირთს, იმავდროულად აძლევს მადლიან ძალას მის კეთილად საზიდავად; და რაც უფრო ხალისიანად ეზიდება ქრისტეს ტკბილ ტვირთს ადამიანი, მით უფრო კეთილი ხდება, და რაც მეტ სიკეთეს იძენს, უფლის კეთილ მცნებათა დაცვა მისთვის უფრო ადვილი ხდება, ასე რომ, ბოლოს იგი უფლის ნებას ასრულებს დიდი კმაყოფილებითა და იოლად, ვიდრე თავისას; ამრიგად, მის მხრებზე უღელი საერთოდ ქრება და გარდაიქმნება ფრთებად, რომლებსაც აჰყავთ იგი ზეცაში.
ბეჭდვა
1კ1