საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
29 ივლისს საკითხავი სახარება (მათე 14,22-34)
22. და (მას ჟამსა შინა) მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინა-წარძღვანვად მისა წიაღ-კერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი.

23. და ვითარცა განუტევა ერი იგი, ავიდა მთასა ლოცვად თვისაგან; და შე-რაი-მწუხრდა, მარტოი იყო მუნ.

24. ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქვეყანით მრავალ უტევან და იგვემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო.

25. და მეოთხესა სახუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღვასა მას ზედა.

26. ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაი ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქვეს ვითარმედ: საოცარ რაიმე არს, და შიშისაგან ღაღად-ყვეს.

27. მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!

28. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა.

29. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუისა.

30. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქვა: უფალო, მიხსენ მე!

31. და მეყსეულად განყო ხელი იესუ, უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ მორწმუნეო, რაისა შეორგულდი?

32. და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას, დაცხრა ქარი იგი.

33. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუხდეს და თაყვანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაი ხარ შენ.

34. და განვიდეს და მივიდეს ქვეყანასა მას გენესარეთისასა.

სახარების ეს ნაკვეთი უპირველესად იმ აზრს ჩაგვაგონებს, რომ აუცილებელია ლოცვა (მუხლი 23). სახარებიდან ვიცით, რომ უფალი იესო ქრისტე თავისი ზეციური მამისადმი ლოცულობდა, ანუ იგი ლოცულობდა თავისი ადამიანური ბუნებით, რაღა თქმა უნდა, და არა ღმრთაებრივით, - ლოცულობდა დღითაც და ღამითაც, განსაკუთრებით კი ღამით, რადგან დღისით ადამიანებს ღვთის სიტყვას უქადაგებდა და კეთილს-უყოფდა მათ მრავალგვარი სასწაულითა და საკვირველი კურნებებით. ლოცვა განაახლებს და განაძლიერებს სულს, განწმენდს, აკურთხებს, ანუგეშებს, ასაზრდოებს, განანათლებს მას და ღმერთთან შეაერთებს. თუკი იგი გონივრულად აღივლინება, მთელი სულითა და გულით, წრფელი რწმენით, "ყოველსა, რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქვენ" (მათე 21,22), - გვეუბნება თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

რატომ შეეშინდათ მოციქულებს? კვალად დღევანდელი სახარება გვასწავლის სულმოკლენი არ ვიყოთ, არ შევშინდეთ, არ დავეცეთ სულით საშიშროებათა, განსაცდელთა, საცთურთა მოწევნის ჟამს და ათასგვარ ცხოვრებისეულ მღელვარებათა შორის (მუხლი 30). მოციქულები ასე ძლიერ მცირედმორწმუნეობის გამო შეშინდნენ, ღმერთზე ნაკლებად ამყარებდნენ სასოებას, რადგან ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ სრულყოფილნი რწმენაში, სულიწმინდის მადლს ჯერ კიდევ არ აღევსო და არ გარდაექმნა ისინი. სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებზე ისინი მხნეობით შეჭურვილნი შეიქნენ; ჯერჯერობით კი, მხნეობა და უშიშროება რომ შთაენერგა მათთვის, უფალი ეუბნება: გამხნევდით, ეს მე ვარ, ნუ გეშინიათ!

ამგვარადვე, უფლის ჭეშმარიტი მორწმუნენი და მსასოებელნი უშიშრად ვლენან ამაცხოვრებისეულ მწუხარებათა, საცთურთა და უბედურებათა ზედა. როცა პეტრემ ზღვის ტალღათა შორის მერყეობა იწყო რწმენაში, მაშინ მას ზღვის სიღრმეში დანთქმა დაემუქრა. ასევე რწმენაში მოუძლურებული ყოველი ქრისტიანი ვერ გაუძლებს საცთურთ, უბედურებათ და წარსაწყმედლის უფსკრულისაკენ დაექანება, თუკი კვლავაც რწმენით უფალს არ მოუხმობს შეწევნად. პეტრემ უფალს მოუხმო შეწევნად და მანაც იხსნა იგი ზღვაში დანთქმისაგან, რის შემდეგაც უფალ იესოსთან ერთად კვლავ ზღვის ზედაპირზე იწყო მსვლელობა და მშვიდობიანად დაბრუნდა ნავში. იგივე გვემართება ჩვენც, როცა მანკიერებათა და ცოდვით დაცემათა უფსკრულიდან უფალს მივმართავთ ლოცვით შეწევნისთვის და ჩვენს ცოდვათა გამო შემუსვრილ და მონანულ გულს შევწირავთ მსხვერპლად, მაშინ ყოვლადმოწყალე უფალი თავისი შეწევნის ხელს გვიწვდის ეკლესიის მწყემსთა მეშვეობით, რომლებსაც მან მიანიჭა ხელმწიფება ცოდვათა მიტევებისა, ჩვენი გათავისუფლებისა სულიერ წყლულთა და ბიწთაგან.

დაბოლოს, დღევანდელი სახარება გვაფრთხილებს, არ შეგვეშინდეს მოჩვენებებისა, აჩრდილებისა. შიში მათ წინაშე, რომლისგანაც, როგორც აწინდელი სახარებიდან ვიცით, უფლის მოწაფენიც არ იყვნენ თავისუფალნი, დღეს საკმაოდ არის გავრცელებული მრავალ ქრისტიანში. განსაკუთრებით ევნებიან მისგან უბრალო, გაუნათლებელი ადამიანები, უპირატესად - ქალები. ბევრს ეშინია ღამით ოთახში მარტო დარჩენისა ანდა სიბნელეში გარეთ გასვლისა; ყოველ ბნელ კუთხეში საშინელება ელანდებათ, ხოლო იმ ადგილას გავლისას, სადაც მცირე ხნის წინ მიცვალებული ესვენა, ანდა ღამით სასაფლაოს გვერდით ჩავლისას ძრწოლა იპყრობთ.

რა არის ასეთი შიშის მიზეზი?

უმეტესწილად იგი საღი განსჯის უუნარობისგან მომდინარეობს და წარმოსახვის ნაყოფია. შიშის გამო ადამიანს თვალები უფართოვდება და უჩვეულო ამბები ეჩვენება.

ამის მიზეზია ურწმუნოება.

ზოგჯერ ამაო შიში არაწმინდა სინდისის მშფოთვარების შედეგია. მკვლელებს ხშირად ეჩვენებათ თავიანთი ბოროტმოქმედების მსხვერპლნი და არ იციან, როგორ დაემალონ მათ. მაშინ საღმრთო წერილის სიტყვები სრულდება მათზე: "ივლტოდა უკეთური, ხოლო არასადა ვინ მოსდევდა მას".

ყოველგვარი შიშის წინააღმდეგ ღმერთის რწმენით შეიარაღდით, სასოებით მისი ყოვლადძლიერი საფარველისა. მორწმუნესა და ღმერთის მსასოებელ ადამიანს არათუ მოჩვენებითი აჩრდილებისა, ნამდვილი ჩვენებებისაც არ ეშინია, რომლებიც ზოგჯერ მართლაც აქვს ადამიანს, მაგალითად, სიკვდილის წუთებში, როცა ამ ჩვენებებს ბოროტი სულები მოუვლენენ მას. ჭეშმარიტ მორწმუნეს მათ წინააღმდეგ ქმედითი საშუალება აქვს - ჯვრის ნიში.


5 აგვისტოს საკითხავი სახარება (მათე 17,14-23)
14. და (მას ჟამსა შინა) ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუხდა მას კაცი ერთი, მუხლნი დაიდგნა მის წინაშე.

15. და ეტყოდა: უფალო, შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ცისად-ცისად ბოროტად იგვემების, რამეთუ მრავალგზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალგზის წყალსა.

16. და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა.

17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: "ჰოი, ნათესავი ურწმუნოი და გულარძნილი! ვიდრემდის ვიყო თქვენ თანა? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქვენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!

18. და ვითარცა მოჰგუარეს, შეჰრისხნა მას იესუ და განვიდა მისგან ეშმაკი იგი და განიკურნა ყრმაი იგი მიერ ჟამითგან.

19. მაშინ მოუხდეს იესუს მოწაფენი თვისაგან და ჰრქუეს მას: რაისათვის ჩვენ ვერ შეუძლეთ განხდად მისა?

20. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ურწმუნოებისა თქვენისათვის. ამინ გეტყვი თქვენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაი, ვითარცა მარცვალი მდოგვისაი, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი, და მიიცვალოს, და არარაი შეუძლებელ იყოს თქვენ მიერ.

21. ხოლო ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა.

22. და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ეგულების ძესა კაცისასა მიცემად ხელთა კაცთასა.

23. და მოკლან იგი და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად.


დღევანდელი სახარება გვასწავლის, რომ უბედურებათა დროს ცრემლიანი ლოცვით უნდა შევუვრდეთ უფალ ღმერთს (მუხლი 14). ბოროტეშმაკეული ყრმის მამა ცრემლმორეული ევედრებოდა უფალს ძის განკურნებას და მიიღო კიდეც ნათხოვნი. იგივე გვექნება ჩვენც, თუკი უბედურებათა და მწუხარებათა შორის ცრემლებით შევღაღადებთ ღმერთს. უდიდესი ძალა აქვს ცრემლებს ღვთის წინაშე!

წმინდა მეფე დავითიც ხშირად ამბობს ფსალმუნებში, რომ ღმერთი იმდენად მის ლოცვა-ვედრებას არ ისმენდა, რამდენადაც მის ცრემლებს მოხედავდა ხოლმე.

კვალად, ღრმა ყურადღებას იმსახურებს უფალ იესოს განრისხება ხალხის ურწმუნოების გამო (მუხლი 17). ეს არის მართალი მრისხანების სახე. მაგრამ მრისხანება ხელს არ უნდა უშლიდეს ადამიანს კეთილ საქმეთა აღსრულებაში. კეთილმსახური მრისხანება კი, პირიქით, არის მოშურნეობის, გულმოდგინების გამოხატულება ჭეშმარიტებისა და კეთილმსახურებისთვის, სიმართლისა და სიწმინდისათვის.

"უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაი..." უფალი გვასწავლის, თუ რა დიდი ძალა აქვს ჭეშმარიტ რწმენას. საკმარისია მხოლოდ გვქონდეს ნამდვილი რწმენა და ღმერთს სურს კიდეც და ძალუძს კიდეც აღგვისრულოს ყოველივე ის, რასაც შევთხოვთ; და იგი უსათუოდ შეგვისრულდება, დაე, თუნდაც კაცობრივი თვალსაზრისით სრულიად შეუსრულებელი და შეუძლებელი მოჩანდეს! ამგვარად, ჭეშმარიტ რწმენას სასწაულების აღსრულება ძალუძს.

დაბოლოს, ჩვენს ყურადღებას იპყრობს მაცხოვრის შემდეგი სიტყვები ბოროტი სულების განდევნის შესახებ: "ხოლო ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მუხლი 21). აქაც მთავარია ლოცვა და მარხვა. მათი დახმარებით შეგვიძლია თავიდან ვიცილოთ ეშმაკის თავდასხმა და მისი ხელმწიფება ჩვენზე.

ლოცვა უკვე იმით, რომ მადლმოსილ ერთობაში მოვყავართ ღმერთთან, ვისი ოდენ სახეც საშინელია დემონთათვის, განაშორებს ჩვენგან ბოროტ სულებს. კვალად, ლოცვა ამა ქვეყნისაგან ზე აღიყვანს ხოლმე ადამიანის სულს - იქიდან, საითკენაც მას დემონი მიაქანებს; ათავისუფლებს მას ქვეყნიური, ცოდვიანი მიდრეკილებებისგან და ზეცისგან, ღმერთისკენ მსწრაფველად შექმნის ადამიანის სულს, მის ყველა ფიქრსა და ზრახვას.

არაწმინდა სულთაგან თავის ხსნის ასეთივე საშუალებაა მარხვა. ის საუკეთესო პირობაა ჩვენი სულიერი აღმაფრენისთვისაც, ანუ ჩვენი ამაღლებისთვის ყოველივე ქვეყნიურზე და მის მაცთუნებელ სიკეთეებზე, რათა სულით მხოლოდ ზეცისკენ, ღმერთისკენ მივისწრაფოდეთ.

წმინდა მამათა სიტყვით, რომელთაც თავიანთი ცხოვრებით შეიმეცნეს ცხოვნების გზა, ლოცვა და მარხვა ის ორი ფრთაა, რომლებითაც ჩვენი სულები ამა ქვეყნიდან ზეცისკენ ფრენენ. როგორც ფრინველისთვისაა შეუძლებელი ფრთების გარეშე აფრინდეს მიწიდან ჰაეროვან სივრცეში, ასევე ჩვენი სულისთვისაც მარხვისა და ლოცვის გარეშე შეუძლებელია ამაქვეყნიური, ხორციელი და ცოდვიანი ცხოვრებიდან - სულიერ, ზეციურ, წმინდა ცხოვრებას მიექცეს. ცალი ფრთა ფრინველთათვის საკმარისი არ არის ზეციურ მყარსა ზედა ფრენისთვის; ასევე მხოლოდ ლოცვაც მარხვის გარეშე ანდა მხოლოდ მარხვა ლოცვის გარეშე საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქრისტიანმა ნამდვილად იცხოვროს სახარებისეული სულით.
ბეჭდვა
1კ1