საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
20 მაისს საკითხავი სახარება (იოანე 17,1-13)
1. ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თვალნი თვისნი ზეცად და თქვა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაითა ძემანცა შენმან გადიდოს შენ.

2. ვითარცა-ესე მოეც მას ხელმწიფებაი ყოველთა ხორციელთაი, რაითა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხოვრებაი ყოველთა საუკუნოი.

3. და ესე არს ცხოვრებაი საუკუნოი, რაითა გიცოდიან შენ მხოლოი ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე.

4. მე გადიდე შენ ქვეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაითა ვყო.

5. და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა.

6. გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან; შენნი იყვნეს და მე მომცენ იგინი, და სიტყვაი შენი დაუმარხავს.

7. და აწ უცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი მომეც მე, შენგან არს.

8. რამეთუ სიტყვანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ შენ მომავლინე მე.

9. მე მათთვის გკითხავ; არა თუ სოფლისათვის გკითხავ, არამედ მათთვის, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან.

10. და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის.

11. და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაითა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩვენ.

12. ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა; რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაი, რაითა წერილი აღესრულოს.

13. ხოლო აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყვი სოფელსა შინა, რაითა აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით.

ჩვენს ყურადღებას უპირველესად უფლის საკუთარ თავზე ნათქვამი სიტყვები იქცევს: "მე გადიდე შენ ქვეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაითა ვყო". ასე მოწმობს მაცხოვარი, რომ მთელი მისი ქვეყნიური ცხოვრება - ბეთლემიდან გოლგოთამდე - ზეციური მამის განდიდებისადმი იყო მიძღვნილი.

მაცხოვარი მაგალითია ჩვენთვის ყოველივეში - მას უნდა შევუდგეთ, მას მივბაძოთ და ჩვენი ცხოვრებით განვადიდოთ უფლის სახელი.

რა უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ ღმერთის სახელი განიდიდებოდეს ჩვენით? ამისთვის ისე უნდა ვცხოვრობდეთ, რომ არც ჩვენს აზრებში, არც გრძნობებში, არც სიტყვებში და არც საქმეებში არ ვუშვებდეთ არაფერს, რაც ღვთის ნებას ეწინააღმდეგება - ყველასთან მშვიდობითა და სიყვარულით ვგიებდეთ; არავის ვუქმოდეთ ბოროტს და არავისთვის გვინდოდეს ცუდი; ისე ვცხოვრობდეთ, რომ სხვებიც ჩვენს კეთილ საქმეებს ბაძავდნენ და ჩვენთან ერთად ღმერთსა და მის წმინდა სახელს განადიდებდნენ სიტყვითა თუ საქმით.

ეს მართლაც ასე ხდებოდა, განსაკუთრებით კი ქრისტიანობის დამკვიდრების პირველ საუკუნეებში. როცა ქრისტიანთა ზნეკეთილობასა და მშვიდობისმოყვარეობას, რწმენისათვის მოწამეობაში კლდისებრ სიმტკიცეს ხედავდნენ, წარმართები უნებლიეთ ღაღადებდნენ: "დიდ არს ქრისტიანთა ღმერთი!" და მრავალნი, ათასებიც კი, მოიქცეოდნენ ქრისტეს რწმენაზე. ჩვენც სწორედ ამგვარად ძალგვიძს ღმერთის განდიდება ჩვენი ღვთივსათნო ცხოვრებით.

მაცხოვარი ზეციური მამისადმი ლოცვისას მხოლოდ იმას აღნიშნავს, თუ როგორ ზრუნავს მისი განდიდებისთვის: "მე გადიდე შენ ქვეყანასა ზედა... (მე) გამოუცხადე სახელი შენი კაცთა... მე მათთვის გკითხავ... რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან". იესო ქრისტეს მთელი ქვეყნიური ცხოვრება, პირველ დღეთაგან უკანასკნელამდე, მთლიანად მამა ღმერთისადმი იყო მიძღვნილი. განა ამგვარივე არ უნდა იყოს იმათი ცხოვრებაც, ვინც ქრისტიანად, ქრისტეს მიმდევრად იწოდება? (რომ. 12,1). ქრისტიანის მოვალეობა - სრულად მიუძღვნიდეს თავს უფალს - იმას კი არ მოითხოვს მისგან, რომ გამუდმებით ღმერთზე ფიქრობდეს, ყოველდღე ეკლესიაში დადიოდეს და განუწყვეტლივ ლოცულობდეს; არც იმას, რომ სრულიად უარს ამბობდეს ყოველგვარ ქვეყნიურ საზრუნავზე (მართალია, ღვთის სიტყვა გვამცნობს, არა თანა-ხატ-ვექმნათ სოფელსა ამას, მაგრამ ამავე დროს არ გვიკრძალავს ქვეყნიური საგნებით გონივრულ და მართებულ სარგებლობას და ამ საგანთა დამზადებას), არამედ გვავალდებულებს, ჩვენს ცხოვრებასა და საქმიანობას ღმერთს მივუძღვნიდეთ და ყოველივეს მისი ნებისამებრ წარვმართავდეთ.

დღევანდელი სახარებიდან იმასაც ცხადად ვხედავთ, თუ რა მორჩილი ყოფილა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი ზეციური მამისა - "მორჩილ ვიდრე სიკუდილამდე" (ფილიპ. 2,8). ზეციური მამის ნებით იგი ცათაგან ქვეყნად გარდამოხდა და დატოვა ის დიდება, რომელიც ჰქონდა წინაშე მამისა "უწინარეს სოფლის დაბადებისა", აღასრულა საქმე, რომელიც მამამ მისცა მას საქმნელად, გამოუცხადა სახელი მამისა ადამიანებს, დაბოლოს, როცა მოახლოვდა ჟამი მისი ჯვარზე ვნებისა და სიკვდილისა, "აღიხილნა თვალნი თვისნი ზეცად და თქვა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაითა ძემანცა შენმან გადიდოს შენ". ჩვენც, უფლის მაგალითისაებრ, ყოველივეში მორჩილნი უნდა ვიყოთ ჩვენი ღმერთისა - ეს მორჩილება სიკეთეს მოგვიტანს აწინდელ ცხოვრებაშიც და მომავალშიც. უაღმატებულესი მიზეზი კი ჩვენი მორჩილებისა უნდა იყოს უფლის წრფელი სიყვარული, რომელიც, თვით მაცხოვრისა და მისი მოციქულების სწავლებით, მისი მცნებების აღსრულებით დასტურდება და მოწმდება. თუ ჭეშმარიტად გვიყვარს ღმერთი - მზად ვართ სათნო ვეყოთ მას და ყველა მისი მცნება აღვასრულოთ; ხოლო თუკი არა გვაქვს ამგვარი მისწრაფება - არც ღვთის სიყვარული გვქონია.

დაბოლოს, დღევანდელ სახარებაში ჩვენთვის დიდად სამოძღვროა უფლის შემდეგი სიტყვები: "და ესე არს ცხოვრებაი საუკუნოი, რაითა გიცოდიან შენ მხოლოი ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე". აქ უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვიმოწმებს, რომ საუკუნო ცხოვრება ანუ მარადიული ნეტარება ჭეშმარიტი ღმერთისა და მის მიერ მოვლინებულის - იესო ქრისტეს შეცნობაშია. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მრავალმა ქრისტიანმა არაფერი იცის სარწმუნოების შესახებ. და ეს მაშინ, როცა ყოველი ქრისტიანის ბედნიერება და სულიერი ნუგეში, სასოება ცხოვნებისა და თვით ცხოვნებაც მხოლოდ შემოქმედი ღმერთის შემეცნებაში მდგომარეობს.


27 მაისს საკითხავი სახარება (იოანე 7,37-52;8,12)
7,37. და დასასრულსა მას დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღად-ყო და თქვა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ.

38. და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქვა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი.

39. ესე თქვა სულისა მისთვის, რომელი მიღებად იყო მორწმუნეთა მათ მისთა მიმართ, რამეთუ არღა მოცემულ იყო სული წმიდაი, რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ.

40. მრავალთა ერისა მისგანთა ისმინეს სიტყვაი ესე და იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაისწარმეტყველი.

41. სხვანი იტყოდეს: ესე არს ქრისტე; ხოლო სხვანი იტყოდეს: ნუუკუე გალილეაით მოსლვად არს ქრისტე?

42. არა წიგნი იტყვისა, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მოვიდეს ქრისტე?

43. და განწვალებაი იყო მისთვის ერსა შორის.

44. და რომელთამე მათგანთა უნდა შეპყრობაი მისი, და არავინ მიყვნა ხელნი მის ზედა.

45. მოვიდეს მსახურნი იგი მღვდელთ-მთავართანი და ფარისეველთანი, და ჰრქვეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი?

46. მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა ვინ იტყოდა კაცი ესრეთ, ვითარ ესე კაცი.

47. მიუგეს ფარისეველთა მათ და ჰრქუეს: თქვენცა ნუუკუე შე-ვე-ცთომილ ხართა?

48. ნუუკუე მთავართაგანთა ვიეთმე ჰრწმენა მისი ანუ ფარისეველთა?

49. არამედ ერსა ამას, რომელმან არა იცის სჯული, წყეულ არიან.

50. ჰრქუა მათ ნიკოდიმოს, რომელი-იგი მოსრულ იყო პირველ მისა, იყო ერთი მათგანი:

51. ნუუკუე სჯული ჩვენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს?

52. მიუგეს მათ და ჰრქუეს მას: ნუ შენცა გალილეაით ხარ? გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაით წინაისწარმეტყველი არა აღდგომილ არს...

8,12. მერმეცა ეტყოდავე იესუ და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაი. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისაი.

პირველი გაკვეთილი ჩვენთვის ის არის, რომ უფალი ქრისტეა ერთადერთი ცხოველმყოფელი წყარო, რომელსაც ძალუძს დაარწყულოს და განაძლიეროს მწყურვალი სული.

კვალად, ღრმა მწუხარებას იწვევს ჩვენში ის ურწმუნოება იესო ქრისტეს მიმართ, რომელიც ისრაელიანთა ბელადებმა გამოამჟღავნეს. ეს მძიმე სნეულება ჩვენს დროშიც არსებობს და მეტად ფართოდაც არის გავრცელებული, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს მოძღვრების ზეციური ნაყოფები ყველასათვის ხილული და ხელშესახებია. ამა ქვეყნის "ღმერთმა" - ეშმაკმა დაუბნელა მათ გონება, რათა არა აღმოუბრწყინდეთ ნათელი ქრისტეს სახარებისა. მართლაც, ურწმუნოების არსებობა, განსაკუთრებით კი თვით ქრისტიანთა შორის, ყოველთვის გაუგებარი დარჩება, თუკი არ ვივარაუდებთ, რომ ადამიანის გონების უკიდურესი დაბრმავება ეშმაკის ბნელი ძალის ზემოქმედების შედეგია. ჭეშმარიტი რწმენა ათვინიერებს თვითნებობას, ქრისტეს მორჩილად შექმნის ჩვენს გონებას, აღვირს აღასხამს ჩვენს ვნებებს და გვიკრძალავს ყოველგვარ ცოდვიან ტკბობას; ეს ყველაფერი კი ძალზე სამძიმო და სამწუხაროა ჩვენი ძველი, ხორციელი კაცისათვის. და აი, ეშმაკი სრულ თავისუფლებას გვპირდებაDდა ნელ-ნელა გვამონებს რომელიმე ვნებას, განძლიერებული ვნება კი გვიბრმავებს გონებას და ყოველივე კეთილისადმი ჩვენი თავისუფალი ნებელობის უკანასკნელ ნაშთსაც გვართმევს. მაშინ ჩვენი საწყალობელი გონება ბრმასავით იქით მიემართება, საითაც ვნება წაიყვანს და უარყოფს ყველაფერს, რაც საწინააღმდეგო და საძულველია ამ ვნებისთვის. ამიტომაც თვალისჩინივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ რწმენას.

ჩვენს ყურადღებას ისიც იქცევს, რომ სინედრიონის წევრები იესო ქრისტეს საქმის განუხილველად უღიარებელ წინასწარმეტყველად ჩათვლიან და მისი შეპყრობა და განსჯა სურთ. განა ჩვენს სასამართლოებშიც საქმეები ზოგჯერ ამგვარადვე არ წყდება? არადა მოსამართლენი ყველა სხვა თანამდებობის პირზე მეტად უნდა იცავდნენ სიმართლეს. მართლმსაჯულების აღსრულებისას, პირველ ყოვლისა, უნდა ახსოვდეთ, რომ მათი სამსჯავრო იგივე საღმრთო სამსჯავროა, რადგან ღმერთია ყოველთა ერთადერთი მსაჯული, ყველა ქვეყნიური მსაჯული კი მისი ნების აღმსრულებელია.

დაბოლოს, მეტად ყურადსაღებია დღევანდელი სახარების დასკვნითი სიტყვები, მაცხოვრის მიერ საკუთარ თავზე ნათქვამი: "მე ვარ ნათელი სოფლისაი, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისაი". ჭეშმარიტად, იგი იყო და არის ნათელი სოფლისა, ნათელი ყველა ადამიანისთვის, თითოეული ჩვენგანისთვისაც.

სინათლის უპირველესი თვისება კი ის არის, რომ იგი განფანტავს ბნელს და ხილულებად შექმნის საგნებს. მაცხოვარმა ნათელყო ჩვენთვის ჩვენი საკუთარი ბედი დასაბამიდან დასასრულამდე, გვაუწყა რა ჩვენი წარმოშობისა და მაღალი დანიშნულების, ჩვენი დაცემისა და კვლავ აღდგინების საშუალებათა შესახებ; მან განგვიცხადა სამყაროს ყოფიერების საიდუმლოც: მისი დასაბამი, არსებობის მიზანი, მიმართება ღმერთისა და ადამიანისადმი.

მაგრამ ნათელი არა მხოლოდ გვინათებს, სიცოცხლესაც გვანიჭებს: ხელს უწყობს ცოცხალი არსებების განვითარებას, ზრდას, მომწიფებას... უფალმაც ხომ ეს გვითხრა: "მე ვარ ნათელი სოფლისაი, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისაი". ქრისტე ცხოველმყოფელი ნათელია, "რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (იოანე 1,9). იგი განაცოცხლებს ყოველ მორწმუნეს - სულიერად ააღორძინებს, მეორედ შობს ნათლისღების საიდუმლოში, ანიჭებს მთელი თავისი ღმრთაების ძალას ცხოვრებისა და კეთილმსახურებისათვის (II პეტრე 1,3).

ასე რომ, ყველას გვმართებს ჩაფიქრება საკუთარ ცხოვრებაზე. განა იმისთვის მოგვემადლა ქრისტეს ნათელი, რომ კვლავაც ბნელში ვგიებდეთ? განა იმისთვის შევიქენით ქრისტიანებად, რომ წარმართებივით ვცხოვრობდეთ?!
ბეჭდვა
1კ1