საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
22 აპრილს საკითხავი სახარება (მარკოზი 15,43-47; 16,1-8)
15,43. (მას ჟამსა შინა) მოვიდა იოსებ არიმათიელი, შუენიერი მზრახველი, რომელი იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა, იკადრა და შევიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იესუისი.

44. ხოლო პილატეს დაუკვირდა, უკუეთუ აწვე მოკუდა, და მოუწოდა ასისთავსა მას და ჰკითხა: უკუეთუ ადრევე მოკუდა?

45. და ისწავა ასისთავისა მისგან ესე და მიჰმადლა გუამი მისი იოსებს.

46. და მან იყიდა არდაგი და გარდამოხსნა იგი ჯუარისა მისგან და წარგრაგნა იგი არდაგითა მით და დადვა იგი საფლავსა, რომელი იყო გამოკუეთილ კლდისაგან, და მოაგორვა ლოდი კარსა ზედა მის საფლავისასა.

47. იყო მუნ მარიამ მაგდალინელი და მარიამ იოსესი და ხედვიდეს, სადა-იგი დასდებდეს მას.

16,1. და ვითარცა გარდახდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალინელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაითა მოვიდენ და სცხონ მას.

2. და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა მზისასა.

3. და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგვიგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?

4. და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად.

5. და შე-რაი-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს.

6. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი.

7. არამედ წარვედით და უთხარით მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ესერა წინა-გიძღვის თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ.

8. და ამათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკვირვებულ და არარაი ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.

პირველ ყოვლისა, ჩვენს სულს უფლის ერთგული მოწაფის იოსებ არიმათიელის გულმოდგინება შეძრავს. მას არ სურს დაუშვას, რომ მოძღვრის სხეული შეუფერებელ ადგილას, ავაზაკებთან ერთად დაკრძალონ და მისი მამაპაპური ებრაული ჩვეულების შესაბამისად, პატივით დამარხვა სწადია. ეს მაგალითი გვასწავლის, რომ მოყვასთა სიყვარულით გარდაცვლილ თანამოძმეთა პატივით დამარხვაზე უნდა ვზრუნავდეთ, თუმცა მხოლოდ ამით როდი უნდა შემოიფარგლოს ჩვენი სიყვარული.

კვალად, დღევანდელი საკითხავი სახარება ჩვენს ყურადღებას მენელსაცხებლე დედათა უფლისადმი წმინდა სიყვარულზე მიაპყრობს (მუხლები 1-2). მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა და საშიშროებისა, რაც, შესაძლოა, საფლავის მცველთა და უფლის მკვლელ იუდეველთაგან ელოდათ, მათ დაივიწყეს საკუთარი თავი და ადრიან დილით უფლის საფლავს მიაშურეს, რათა ჯეროვანი პატივი მიეგოთ მისთვის ებრაული ჩვეულებისამებრ. რა კეთილსაამო მსხვერპლია უფლისათვის! რა მაღალი სახეა უფლისადმი სიყვარულისა! და ეს სახე მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს ჩვენთვისაც. ვისაც ჭეშმარიტად სურს, მენელსაცხებლე დედათა მსგავსად, დღესაც შეუძლია მივიდეს უფლის საფლავად და ჯეროვანი პატივი მიაგოს მას, შესწიროს მსხვერპლი სიყვარულისა, სინანულისა და გულშემუსვრილებისა.

დაბოლოს, დღევანდელ საკითხავში ღირსშესანიშნავია ის უსაზღვრო სიყვარულიც, რომელიც უფალმა შემცოდე და მონანულ პეტრე მოციქულს აჩვენა (მუხლი 7). როცა ანგელოზმა მენელსაცხებლე დედანი მოციქულებთან უფლის მკვდრეთით აღდგომის სასიხარულო ამბის საუწყებლად წარგზავნა, ისიც გააგებინა, რომ პეტრე კვლავაც მოციქულთა წოდებაში რჩებოდა - მოწყალე უფალმა შეუნდო სამგზისი დაცემა. ამოუწურავია ღმერთის მოწყალება! მისი მოწყალების კარნი ყოველთვის განღებულია მონანულ ცოდვილთათვის! უფალი გვეძიებს და სინანულად მოგვიწოდებს; ცდილობს, ყოველ ცოდვილს შეაგნებინოს, რა სახიფათოა მისი მდგომარეობა, ამას კი სინდისის, სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ ადამიანთა საუბრებისა თუ ცხოვრებისეულ ვითარებათა მეშვეობით ცდილობს, რომლებიც ხან უფლის მადლიერებით განგვაწყობს, ხანაც თავმდაბლობას, მორჩილებასა და სინანულს აღგვიძრავს. და როგორც კი ცოდვილი უსჯულოების გზიდან ჭეშმარიტებისა და სიკეთისაკენ მოიქცევა, შემოქმედიც თავისი განმაძლიერებელი მადლით უმალ მის შეწევნად იჩქარის და ადამიანიც ცოდვათა სიბნელიდან ღვთაებრივ ნათელს უბრუნდება, განახლდება, წმინდად და სულიერად შეიქმნება.


29 აპრილს საკითხავი სახარება (იოანე 5,1-15)

1. ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაი, და აღვიდა იესუ იერუსალემდ.

2. და არს იერუსალემს ცხოვართა საბანელსა მას ტბაი, რომელსა ჰრქვიან ებრაელებრ ბეთეზდა და ხუთ სტოვა იყო.

3. ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთაი, ბრმები, მკელობლები, განხმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმრღუევასა.

4. რამეთუ ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღვიის წყალი იგი. და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღუევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა.

5. იყო ვინმე მუნ კაცი, რომელსა ოც და ათვრამეტი წელი დაეყო უძლურებასა შინა.

6. ესე იხილა იესუ მდებარე და გულისხმა-ყო, რამეთუ მრავალი წელი აქუს უძლურებასა შინა, ჰრქუა მას იესუ: გნებავსა, რაითა განიკურნო?

7. მიუგო უძლურმან მან და ჰრქუა: უფალო, კაცი არა მაქუს, რაითა რაჟამს წყალი ესე აღიმრღუეს, და შთა-მცა-მაგდო საბანელსა ამას. ვიდრე მე მოვიდოდი, სხუაი უწინარეს ჩემსა შთავიდის და განიკურნის.

8. ჰრქუა მას იესუ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!

9. და მეყსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თვისი და წარვიდა. ხოლო იყო შაბათი დღე იგი.

10. ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: შაბათი არს, და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედარი შენი.

11. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან-იგი განმკურნა მე, მან მრქუა: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე.

12. ჰკითხვიდეს უკუე მას ჰურიანი იგი და ჰრქუეს: ვინ არს კაცი იგი, რომელმან გრქუა შენ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?

13. ხოლო განკურნებულმან მან არა უწყოდა, ვინ არს, რამეთუ იესუ მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას.

14. ამისა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითა არა უძვირესი რაი-მე გეყოს შენ.

15. წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე.

პირველი, რაც ჩვენს ყურადღებას იპყრობს ამ სახარებაში, უფლის ანგელოზის მრავალგზისი გარდამოსვლაა საბანელზე, რის შედეგადაც ამღვრეული წყალი საკურნებელ თვისებას იძენს (მუხლი 4). ამით ის ჭეშმარიტება მტკიცდება, რომ უფლის ანგელოზები ზეგავლენას ახდენენ ადამიანთა ბედზე, შეაგონებენ, დამოძღვრავენ მათ განსაცდელის ჟამს და შეეწევიან უბედურებებში. და მართლაც, საღმრთო წერილი მრავალ მაგალითს წარმოგვიდგენს იმისას, რომ კეთილმსახურ და ღვთისმოშიშ ადამიანებს ანგელოზები განსაკუთრებულად იფარავენ. ანგელოზებმა გადაარჩინეს ლოტი და მისი სახლეული, როდესაც სოდომიდან გამოიყვანეს ისინი; ანგელოზი იფარავდა წინასწარმეტყველ ელიას იეზაბელისგან, რომელიც მოკვლას უპირებდა; ანგელოზმა დაიცვა დანიელ წინასწარმეტყველი ლომების ხახისგან; უფლის ანგელოზმა დაიცვა სამი ყრმა ბაბილონის ღუმელში დაწვისგან; ანგელოზმა გამოიყვანა საპყრობილიდან მოციქული პეტრე და იხსნა იგი ჰეროდეს ხელით სიკვდილისაგან. მხოლოდ სიცოცხლეში როდი იფარავენ ანგელოზები კეთილმსახურ ადამიანებს, სასიკვდილო სარეცელზეც აცილებენ მათ ბოროტ ძალას.

კვალად, ჩვენს ყურადღებას თვით სნეული იპყრობს. განრღვეულის რწმენა ღმრთისა და სასოება მისი შეწევნისა გასაოცარია - ოცდათვრამეტი წლის ტანჯვამ და წარუმატებლობამ ვერც რწმენა შეურყია და ვერც სასო წარუკვეთა (მუხლი 5). სწამდა, იმედი ჰქონდა - და აკი მიიღო კიდეც სათხოვარი. ჩვენც ვისწავლოთ მოთმინებით გადატანა ყველა ჭირისა და მწუხარებისა, გვწამდეს, რომ უფალს შეუძლია დაგვეხმაროს, ადრე თუ გვიან ტანჯვას შეგვიმსუბუქებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მტკიცე რწმენა და ღვთის მოწყალების ურყევი სასოება გვექნება. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი ვერ დაიკვეხნის მოთმინებით; ადამიანთა უმრავლესობა ისეთი სულმოკლეა, სულ მცირე წარუმატებლობასაც კი შეუძლია სასოწარკვეთამდე მიიყვანოს.

კიდევ უფრო დამმოძღვრავია თვით უფლის მაგალითი, რომელმაც განრღვეულის განკურნებაში მისდამი უდიდესი მოწყალება გამოავლინა (მუხლი 8). ჩვენი ღვთაებრივი მოძღვრის მსგავსად, რომელიც ყოველთვის უწვდიდა დახმარების ხელს უბედურთ და შეჭირვებულთ, ჩვენც გულმოწყალენი უნდა ვიყოთ მოყვასისადმი. ამისკენ აღგვძრავს არა მხოლოდ თანალმობის გრძნობა, არამედ საკუთარი კეთილდღეობის სურვილიც: უფლის სამსჯავროზე არ შეიწყალებენ მათ, ვინც ამქვეყნიურ ცხოვრებაში ძმის მიმართ მოწყალე არ იყო, რამეთუ ნათქვამია: "სასჯელი უწყალო არს მათთვის, რომელთა არა ყონ წყალობაი; იქადოდეთ წყალობასა სასჯელისასა" (იაკ. 2,13).

კვალად, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს უფალ იესო ქრისტეს მიერ განკურნებულისათვის ნათქვამი სიტყვები: "აჰა, ცოცხალ იქმენ, ნუღარცა სცოდავ, რაითა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ!" (მუხლი 14). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ჩვენს სნეულებებსა და ცოდვებს შორის ისეთივე მჭიდრო კავშირია, როგორიც მიზეზსა და შედეგს შორის. მართლაც, სანამ პირველმა ადამიანებმა - ადამმა და ევამ არ შესცოდეს, ისინი სრულიად ჯანმრთელნი იყვნენ - სულითაც და სხეულითაც. ხოლო როგორც კი უფლის მცნება დაარღვიეს, ურჩობა გამოავლინეს და შესცოდეს, ამას უმალვე სალმობანი და სნეულებანი მოჰყვა. თუ ჩვენს ცხოვრებას დავაკვირდებით, იოლად შევნიშნავთ, რომ ყველა მძიმე ცოდვას, განსაკუთრებით კი ხანგრძლივსა და გამუდმებულს, უსათუოდ მძიმე სნეულება მოსდევს.

მძიმედ სნეულის უფლის ოდენ ერთი სიტყვით სასწაულებრივი განკურნების მოხსენიებამ უნდა განგვამტკიცოს ღმერთის ყოვლადძლიერების რწმენაში (მუხლები 8-9). უმძიმეს სნეულებათა და ერთი შეხედვით უსაშველოდ შემაჭირვებელ და უიმედო გარემოებებშიც კი არამც და არამც არ უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს, რომ იმედი გადაგვეწურა და აღარაფერი გვეშველება; რომ ჩვენი ცხოვრების გამოსწორება აღარ შეიძლება; რომ სასო წარგვეკვეთა.

დაბოლოს, მაგალითი უფალ იესო ქრისტესი, რომელმაც შაბათ დღეს მოჰმადლა კურნება განრღვეულს (მუხლი 9), იმას გვასწავლის, რომ ჩვენც, აღვასრულებთ რა ღმერთის მცნებას, კეთილი საქმეებით უნდა განვიმშვენოთ თავი საუფლო კვირა დღეებსა და დღესასწაულებზე: მოვინახულოთ სნეულნი, პატიმარნი, ნუგეში ვცეთ მწუხარეთ, რამდენადაც ძალგვიძს, შევუმსუბუქოთ ხვედრი, გაჭირვება ჩვენს მოყვასთ - სადიდებლად იმისა, ვინც საკუთარი თავი სრულად გაიღო და შემოგვწირა ჩვენი ცხოვნებისთვის.
ბეჭდვა
1კ1