უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე!
უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე!
მოციქულების მიერ იესო ქრისტეს ძე ღვთისად შეცნობა-აღიარების შემდეგ უფალი თავის მოწაფეებს ასეთ სწავლებას აძლევს: ვისაც უნდა ჩემთან ყოფნა, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და შემომიდგეს; ვინაიდან ვისაც სურს თავის სულს გაუფრთხილდეს, სული შეინარჩუნოს, ის დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაკარგავს სულს, ის მოიპოვებს მას. რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, სული კი დაკარგოს? რა ხეირია კაცისთვის, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სულს კი დაკარგავს? ან რას გაიღებს, რისი მიცემა შეუძლია თავისი სულის სანაცვლოდ? ვინაიდან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მიუზღავს თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით; ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამისა და წმინდა ანგელოზების დასებით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არის ზოგიერთი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს, თავის სასუფეველში მომავალს (მათე 16, 24-28; მარკოზი 9, 34-38; ლუკა 9, 23-28).

ამჯერად სწორედ სახარების ამ მონაკვეთს შევეხებით...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- მოციქულების მიერ იესოს ქრისტეს მხსნელად, ძე ღვთისად აღიარებისა და რჩეულ მოციქულებთან საუბრის დასრულების შემდეგ უფალი ბრძანებს: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე" - ვისაც ჩემთან ყოფნა სურს, სურს მე შემომიდგეს, თავისი ჯვარი აიღოს და გამომყვესო. უფალი ამ სიტყვებს, არა მხოლოდ თავის რჩეულ მოციქულებს, არამედ მოწაფეებს, ყველა მის მიმდევარს ეუბნება. ჯვრის აღებაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება პირდაპირი მნიშვნელობით, ნივთიერი ჯვარის აღება, არამედ იმ ცხოვრების წესით ცხოვრება, რა ცხოვრების წესითაც უნდა იცხოვროს ქრისტიანმა. ქრისტიანული წესით ცხოვრება მიწაზე, მიწიერ ყოფაში არის სწორედ ჯვრის ტარება. წმინდა მამები გვეუბნებიან, - თუ გვინდა აღდგომა ვიხილოთ, ჩვენი აღდგომა სასუფეველში მოხდეს, ჯვარს უნდა ვეცვათ მიწაზე, - ჩვენი ამქვეყნიური სურვილები, ამქვეყნიური ცხოვრების წესი, ამქვეყნიური ამაოებანი ჯვარს უნდა ვაცვათ. ადამიანის დაცემის შემდეგ მიწა ისეა მოწყობილი, განსაკუთრებით დღეს, მიწიერ სიამეთა მოკვეთა აწუხებს ჩვენს ხორცს, თითქოსდა ადამიანებისთვის ტანჯვადაც კი იქცევა ხოლმე მიწიერი სურვილების მოკვეთა, მაგრამ თუ უფალთან ყოფნა გვინდა, მიწიერი სურვილები, ამქვეყნიური ცხოვრების წესი აუცილებლად უნდა მოვიკვეთოთ და მთლიანად შევუდგეთ უფალს. სწორედ ამას გულისხმობს უფალი საკუთარი ჯვრის აღებაში. ჯვრის აღება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მთლიანად განუდგეს მიწიერს, მაგრამ როდესაც მის წინაშე დგება არჩევანი, - უფალი თუ ამქვეყნიურობა, უნდა აირჩიოს უფალი. ეს არის ადამიანის შედგომა უფლისადმი. ადამიანს, ვიდრე ხორცშია, არ ძალუძს მთლიანად განეშოროს ყოველგვარ მიწიერებას. უდიდესი მამებიც კი, რომლებიც უდაბნოებსა და უკაცრიელ ადგილებში ცხოვრობდნენ, მიწიერ ნუგეშს იღებდნენ, თუნდაც კვირების განმავლობაში ერთხელ მაინც, საკვების სახით.

- რას გულისხმობს უფალი როდესაც ბრძანებს - "ვისაც თავისი სულის გაფრთხილება სურს, ის დაკარგავს მასო"?

- რაოდენი კეთილი საქმეებიც არ უნდა ქმნას ადამიანმა, თუ ფიქრობს, რომ თავისი საქმეებით შეუძლია თავისი თავის ცხონება, წარიწყმიდავს სულს, ვერ დაიმკვიდრებს უფალთან, ხოლო ვინც ღვთისთვის დადებს სულს, - არაფერს ერიდება ღვთის სადიდებლად, სიცოცხლესაც კი, იცხოვნებს სულს, ე.ი. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკუთარი ძალისხმევით, საკუთარი ძალებით შეგვიძლია ცხონება, თავს ვერ ვიცხონებთ, ხოლო თუ ცხოვნებას უფალს მივანდობთ, აუცილებლად ვცხონდებით. ღვთის გარეშე არ შეგვიძლია სულის გადარჩენა.

შემდეგ მაცხოვარი ამბობს: "რამეთუ რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს? ნუ რაი მისცეს კაცმან სანაცვლოდ სულისა თვისისა?" - რა სარგებელია ადამიანისთვის, მთელი ქვეყნიერებაც რომ ჰქონდეს, თვითონ კი სული წარიწყმიდოს? ვერანაირ სარგებელს ამით ვერ პოვებს, ვერ ცხონდება და ქონებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანს ურჩევნია, ამქვეყნიური ყველაფერი დაკარგოს და სული გადაირჩინოს. ამით უფალი გვამცნობს, რაოდენ აღმატებულია ადამიანის სული სხეულზე.

რაც მეტად ენდობა ადამიანი უფალს, მით ნაკლებად არის მიწიერებაში ჩაფლული, ხოლო რაც ნაკლებად ენდობა, მიწიერებაშიც მით მეტად ეფლობა.

- შემდეგ უფალი თავისი მეორედ მოსვლის შესახებ წინასწარმეტყველებს...

- როგორც უფალი ამბობს, როდესაც მეორედ მოვა ანგელოზთა დასებთან ერთად, თითოეულ კაცს თავისი ნამოქმედარის მიხედვით მიაგებს, ადამიანებს საქმეთა მათთაებრ მიეგებათ. ალბათ, ზოგიერთი იკითხავს - თუკი ქრისტიანული სწავლებით არავის შეუძლია საკუთარი ძალისხმევით ცხონება, მაშინ რატომ ამბობს უფალი მეორედ მოსვლის ჟამს ყოველ კაცს საქმეთა მათთაებრ მიეგებაო. უფალი იმდენად მრავალმოწყალეა, როდესაც ღვთის შეწევნით ჩვენ კეთილ საქმეს ვიქმთ, შემდეგ ამასაც ჩვენვე გვითვლის სიკეთედ, კეთილ საქმედ; მთავარია, ჩვენ ჩავთვალოთ, რომ კეთილ საქმეებს უფლის შეწევნით აღვასრულებთ და არა საკუთარი ძალისხმევით.

- არის ზოგიერთი აქა მდგომარე, რომელიც არ იხილავენ სიკვდილის გემოს, ვიდრე არ იხილონ "ძე კაცისაი, მომავალი სასუფეველსა თვისსა". ვის მიემართებოდა იქ მდგომარეთაგან მაცხოვრის ეს სიტყვები და ზოგადად, როგორ უნდა გვესმოდეს ამ სიტყვების მნიშვნელობა?

- პეტრეს და მოციქულების მიერ იესოს მხსნელად შეცნობისა და ძე ღვთისად აღიარებისა, და კონკრეტულად ამ სწავლების მიცემიდან რამდენიმე დღეში ხდება მაცხოვრის ფერიცვალება თაბორის მთაზე, როდესაც ქრისტე თავის ღვთაებრივ ნათელს გამოაბრწყინებს. მაცხოვარი თავის ღვთაებრიობას, ღვთაებრივ დიდებას აჩვენებს თავის სამ მოციქულს, - პეტრეს, იაკობსა და იოანეს, არა ისე, რაც სინამდვილეშია, რაოდენი ღვთაებრივი დიდება და ნათელიც აქვს უფალს, არამედ იმ დოზით, როგორც მოციქულებს შეეძლოთ ამის დატევნა. ამ სიტყვებით უფალი შეამზადებს მოციქულებს, განსაკუთრებით პეტრეს, იაკობსა და იოანეს, ფერისცვალების, ანუ მაცხოვრის ღვთაებრივი ნათლის სახილველად.

- მართალია, უფალი მოციქულებთან მეორედ მოსვლის შესახებ საუბრობს და წინასწარმეტყველებს, მაგრამ თუკი ჯერ ჯვარცმა და აღდგომაც არ მომხდარა, ჯვარცმა და აღდგომაც არ ჰქონდათ ნანახი მოციქულებს და სულიწმიდის მადლით ჯერ სრულყოფილად არ უწყოდნენ ყველაფერი, რატომ იყო საჭირო მათთან მეორედ მოსვლის შესახებ საუბარი?

- იმ პერიოდში უფალი მოციქულებს ასწავლიდა ისეთ რამეებს, რასაც ისინი ვერ იგებდნენ, მაგრამ მაცხოვრის ჯვარცმის, აღდგომისა და სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულები იხსენებდნენ ამ ამბებს და უკვე ყველაფერს სრულყოფილად სწვდებოდნენ, ამიტომ ესაუბრებოდა, უფალი აჩვენებდა სასწაულებს და აძლევდა სწავლებებს მათთან ხორციელად მყოფობისას, რათა შემდეგ, როდესაც მათი გონება საღვთო საიდუმლოებებს ჩაწვდებოდა, გაეგოთ, რას ეუბნებოდა უფალი, ადამიანებისთვისაც ეუწყებინათ ის და განემარტათ.

ბეჭდვა
1კ1