"იყავ შენ სრულ, ვითარცა მამაი შენი ზეცათაი სრულ არს"
"იყავ შენ სრულ, ვითარცა მამაი შენი ზეცათაი სრულ არს"
ამჯერად უფლის იგავების - "მინდორში დაფარული საუნჯისა" და "კეთილი მარგალიტის" შესახებ ვისაუბრებთ.

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

"ცათა სასუფეველი წააგავს განძს, მინდორში დაფარულს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, სიხარულით მიდის, ყიდის ყოველივეს, რაც აბადია და ყიდულობს იმ მინდორს. კიდევ ცათა სასუფეველი წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძებს. როდესაც იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყოველივეს რაც აბადია და იყიდის მას" (მთ, 13; 44-46)

- საუნჯის იგავის თანახმად, კაცმა რომელმაც მინდორში დაფარული საუნჯე, განძი იპოვა, გაყიდა საბადებელი და ეს მინდორი შეიძინა, რათა ის მინდორი დარჩენოდა, რომელშიც ეს საუნჯე იყო დაფლული. საუნჯეში უნდა ვიგულისხმოთ ქრისტე, ქრისტიანული სწავლება. როდესაც ადამიანი ქრისტიანულ სწავლებას გაიგებს და შეიმეცნებს, ის ყველაფერს, ყველანაირ მიწიერ განძს და მიწიერ სწავლებას დაუტევებს იმისათვის, რომ ეს საუნჯე, განძი შეიძინოს, უფალთან მყოფობა მოიპოვოს. სწორედ ეს არის ქრისტიანული სწავლება, თუ ადამიანმა არ დაუტევა თავისი მიწიერი საუნჯენი და არ შეუდგა უფალს, ყველაზე მთავარ საუნჯეს, ზეციურ სასუფეველს დაკარგავს.

- "ძვირფასი მარგალიტის" იგავშიც ხომ ჭეშმარიტი სწავლების მიღებისა და უპირველესად სულიერი საუნჯის მოპოვებაზე ზრუნვისკენ მოგვიწოდებს უფალი?

- რა თქმა უნდა. ფაქტობრივად, ამ იგავებით უფალი ადამიანების გონებას მიმართავს ღვთისკენ, უმაღლეს ფასეულობას აჩვენებს, ისევე როგორც, მაგალითად, მარგალიტების შემგროვებელს აქვს უამრავი მარგალიტი, ნახავს ერთს ისეთს, რომლის მსგავსიც არსად არის, ყველა მარგალიტს ყიდის და ამ უძვირფასესს ყიდულობს. ასევე, როდესაც ადამიანი ქრისტეს შეიცნობს, მას უკვე არავითარი ამქვეყნიური სიმდიდრე, ამქვეყნიური სწავლება აღარ აინტერესებს, ქრისტეს გარდა. სწორედ ასე იყვნენ პირველი ქრისტიანები, როდესაც ისინი აღმოაჩენდნენ, შეიცნობდნენ უფალს, ყველაფერ მიწიერს დაუტევებდნენ და უფალს შეუდგებოდნენ. ჩვენ დღესაც ვიცით, რომ სწორედ ქრისტიანული სწავლება, უფალია ყველაზე ძვირფასი მარგალიტი, გვინდა კიდეც ამ მარგალიტის მოპოვება, მაგრამ არც ის წვრილმანი მარგალიტები გვეთმობა, რომლებიც მრავლადაა ჩვენს ირგვლივ, მაგრამ თუ ვერ დავთმობთ მას, რასაც ამქვეყნიურობა ჰქვია, ვერაფრით მოვიპოვებთ ძვირფას მარგალიტს - ქრისტეს, უფალთან მყოფობას.

- თუ ადამიანმა თავის გულსა და გონებას მიწიერი ზრახვები, მიწიერი საუნჯეების მოპოვების სურვილი არ მოაშორა, ის სულიერ საუნჯეს ვერ აღმოაჩენს და ვერც შეიძენს...

- რა თქმა უნდა, "მინდორში დაფარული საუნჯის" იგავშიც წერია, "როდესაც ჰპოვაო", რადგან ჰპოვა, ნიშნავს, რომ ეძებდა კიდეც. ვინც არ ეძებს, ის ვერასოდეს იპოვის. უფალი ნებისმიერი ადამიანის გულის კარს უკაკუნებს, მაგრამ პოვნა სწორედ ის არის, რომ თვითონ ადამიანმა უნდა გაიგონოს უფლის კაკუნის ხმა და გულისკარი გაუღოს უფალს. თუ ადამიანი მხოლოდ ამქვეყნიური საზრუნავებითაა დატვირთული, მისი გონება მხოლოდ ამქვეყნიურ საზრუნავებზეა გადართული, ის ვერასოდეს გაიგებს ღვთის მოწოდებას. ამიტომ ადამიანმა ყური უნდა უგდოს თავის გულს, რათა უფლის მოწოდებას გაჰყვეს, უნდა ეძიებდეს უფალს. თუ არ ეძიებს, ვერც ღვთის მოწოდებას გაიგებს. მინდორში საუნჯე კი იყო დაფლული, მაგრამ ამ კაცს რომ არ ეძებნა, მინდორში რომ არ მისულიყო, ვერ იპოვიდა.

- უფალი ამ იგავებით გვასწავლის, რომ უმთავრესი სულიერი საუნჯეა და ადამიანმა უპირველესად სწორედ სულიერი საუნჯის მოსაპოვებლად უნდა იზრუნოს, თუმცა უმეტესობა მაინც უფრო მიწიერი განძის დაუნჯებისა და მოპოვებისთვის მეტად იხარჯება...

- ამის უმთავრესი მიზეზი ადამიანის მცირედმორწმუნეობაა. სარწმუნოება რა არის? - უხილავის დაჯერება. მივიღოთ ესა თუ ის სწავლება, ესა თუ ის მოვლენა ისე, რომ დარწუნებული არ ვართ მის ჭეშმარიტებაში, ანუ მიწიერი განსჯით შეუძლებელია დავრწმუნდეთ ამ მოვლენის, ან ამ სწავლების ჭეშმარიტებაში. ერთადერთი ჭეშმარიტება არის ის, რომ ადამიანებმა იღვაწონ სულისათვის. ეს სოფელი არის მართლაც წუთისოფელი, მარადისობასთან შედარებით მართლაც წუთიერი. რაც მეტად დარწუნდება ადამიანი ამაში, რაც უფრო სარწმუნო გახდება მისთვის ეს სწავლება, ყოველივე ამქვეყნიურს დაუტევებს და დათმობს მარადისობის, უფალთან მარადიულად მყოფობის შესაძენად. მიწიერი მაგალითი მოვიყვანოთ. პატიმარი, რომელსაც ერთი წელი აქვს მისჯილი, არ იზრუნებს იმისთვის, მისი აზრი და გონება არ იქნება დაკავებული იმაზე ფიქრით და ზრუნვით, რომ საპატიმროში შექმნას, საპატიმროზე ააგოს თავისი ცხოვრება. ის ყოველთვის იმაზე ფიქრობს, თუ როგორ იცხოვრების იმ ერთი წლის, საპატიმროდან გასვლის შემდეგ და ცდილობს, იმისათვის შექმნას ყველაფერი, რაც იმ ერთი წლის შემდეგ იქნება. ასევე ადამიანებმა არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რას შევქმნით ამ ქვეყანაზე, მიწიერ სოფელში, რომელიც თითქოსდა ადამიანური გაგებით შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, დავუშვათ ასი წელი, მაგრამ მარადისობასთან შედარებით ეს არაფერია. სამწუხაროდ, ადამიანებს ნაკლებად სწამთ მარადისობისა და ამიტომაც არის, რომ უფრო მეტად მიილტვიან მიწიერი ცხოვრების გაკომფორტულებისა და მიწიერ სიამეთა მიღებისკენ.

- გვავიწყდება, რომ მოკვდავნი ვართ და ისე ვცხოვრობთ, თითქოს არასოდეს დავიხოცებით, მიწაზე ვიუნჯებთ, თითქოს ეს განძი სამარადისოდ გამოგვადგება...

- რამდენიც არ უნდა დააგროვოს ადამიანმა ამქვეყნად, როგორი სიმდიდრე, დიდება და პატივიც არ უნდა მოიპოვოს, მაინც ვერ კმაყოფილდება. სწორედ ეს დაუკმაყოფილებლობა არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ ადამიანი უნდა მიელტვოდეს მარადისობას, უნდა მიელტვოდეს უფალს. თუ თავის სულიერ ძალებს აქეთ მიმართავს, რა თქმა უნდა, არასოდეს იქნება მიღწეულით კმაყოფილი. ადამიანი ვერასოდეს მიაღწევს ისეთ სრულყოფილებას, როგორც სახარება გვეუბნება: "იყავ შენ სრულ, ვითარცა მამაი შენი ზეცათაი სრულ არს", - როგორც ზეციური მამაა სრული, ისეთი სრული ვერასდროს გავხდებით, მაგრამ ყოველთვის გვექნება ჩვენი ცხოვრების ჭეშმარიტი მიმართულება და ჩვენი სული უფრო მეტად და მეტად აღივსება ჭეშმარიტი სიხარულით, საღმრთო მხიარულებით. ადამიანის სულში ჩადებულია მიღწეულით დაუკმაყოფილებლობის თვისება და ეს სწორედ იმისათვის, რომ მარადიულად მიისწრაფვოდეს უფლისკენ, იმ შემთხევაშიც, როდესაც ადამიანის მოთხოვნილებები მიმართულია მიწიერისკენ, მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ეუფლება. მას აქვს ერთი მილიონი თუ ათასობით, მაინც ერთნაირად ღარიბია, რადგან კიდევ უფრო მეტად ცდილობს სიმდიდრის მოპოვებას. რაც მეტად ცდილობს სიმდიდრის მოპოვებას, უფრო ღარიბდება სულიერად.

მიწიერი გაგებითMმდიდარი არის ის, ვისაც მეტი აღარ უნდა. ბერი, რომელიც ცხოვრობს სენაკში, აქვს მცირედი პური და წყალი და ამისთვის მადლობს უფალს, არ ცდილობს მეტი შეიძინოს, გაცილებით მდიდარია, ვიდრე ის მილიონერი და მილიარდერი, რომელიც ხარბად ცდილობს თავისი სიმდიდრის გაზრდას და ამით პატივისა და დიდების მოპოვებას. ისინი გაღატაკებული, არაფრის მქონენი არიან სულიერად და ასევე არაფრის მქონენი იქნებიან, როდესაც ამ ქვეყნიდან გავლენ, რადგან მათი სიმდიდრე დარჩება მიწაზე და თუ არ შეინანეს და თავიანთი ქონება სწორად, ღვთის სადიდებლად არ გამოიყენეს, სულით გლახაკნი და დაწყლულებულნი წარდგენიან ღვთის წინაშე.

- მართალია, უმთავრესია სულიერი საუნჯის მოპოვებისთვის ზრუნვაა მაგრამ ზომიერების ფარგლებში მიწიერზე ზრუნვაც ხომ არ გვეკრძალება?

- რაც მეტს ვიზრუნებთ სულისათვის, უფალი უფრო მეტს მოგვცემს, უფრო თავისუფლად მოვიპოვებთ ყველაფერს, რაც ჩვენთვის მიწიერად საჭირო და აუცილებელია, ხოლო რაც ნაკლებად ვიზრუნებთ სულიერისთვის, მით უფრო გაგვიძნელდება იმის მოპოვება, რაც ჩვენი ხორციელი, მიწერი ყოფისთვისაა აუცილებელი.

ბეჭდვა
1კ1