ჭეშმარიტი სწავლების მიღება და ღვთის მცნებების დაცვა მიგვიყვანს უფალთან, სასუფეველში
ჭეშმარიტი სწავლების მიღება და ღვთის მცნებების დაცვა მიგვიყვანს უფალთან, სასუფეველში
ამჯერად უფლის კიდევ ერთ იგავზე, "ზღვაში გადაგდებული ბადის" შესახებ ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი პირდაპირ ბრძანებს, რა მოხდება საშინელი სამსჯავროს, უფლის მეორედ მოსვლის ჟამს...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

ზღვაში გადაგდებული ბადე
ცათა სასუფეველი წააგავს ბადეს, რომელსაც წყალში მოისვრიან და ყოველნაირი ჯიშის თევზს იჭერენ; როცა აივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ჯერკვალთ, ცუდებს გადაყრიან; ასევე იქნება წუთისოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და გამოაცალკევებენ ბოროტებს მართლებისგან; ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში: იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.

როდესაც იგავი დაასრულა, მაცხოვარმა ჰკითხა მოციქულებს: გულისხმა ყავით, გაიგეთ ყოველივე ეს? - დიახო, მიუგეს. მაცხოვარმა კი მათ უთხრა: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი (მთ 13, 47-52).

- როდესაც ბადეს ამოიღებენ ზღვიდან, მასში შეიძლება იყოს ჯერკვალი, გამოუსადეგარი და სასარგებლო თევზიც, რომელსაც მეთევზე გაარჩევს, უვარგისს გადაყრის, მოიშორებს, ხოლო საკვებად ვარგისს ჭერჭელში მოათავსებს და ინახავს. ასევე, როდესაც ადამიანები ვიღებთ სხვადასხვა სწავლებას, ცოდნას, უნდა ვეცადოთ, რომ მასში თავიდანვე არ შეერიოს ჯერკვალი, გამოუსადეგარი, ცრუ, სულის დამღუპველი ცოდნა, რადგან თუკი ჩვენ ჭეშმარიტ ცოდნაში ცრუ ცოდნას შევურევთ, ჭეშმარიტი ცოდნა ზიანდება, ჭეშმარიტება კი არ ზიანდება, არამედ ჩვენ ვზიანდებით არეული სწავლებით, ამიტომ ჭეშმარიტი და ცრუ ცოდნა თავიდანვე უნდა განვარჩიოთ და ცრუ, გამოუსადეგარი ცოდნა მოვიშოროთ, კარგი კი დავიტოვოთ და გულში შევინახოთ, როგორც მეთევზე განარჩევს თავიდანვე ერთმანეთისგან კარგ და უვარგის თევზებს. თუკი ჩვენ ამ იგავს განვავრცობთ, უნდა ვიგულისხმოთ შემდეგი: როგორც ზღვაში გადაგდებული ბადე იჭერს ყველანაირ თევზს, ასევე ექადაგება ყველა ადამიანს ღვთის სიტყვა, თუმცა მათგან, ამ ადამიანებისგან ზოგნი არიან კეთილნი, - რომლებიც მიიღებენ ამ სიტყვას, ზოგნი, როგორც სახარება გვეუბნება, "ჯერკვალნი", რომლებიც არ იღებენ ღვთის სიტყვას, ანუ ღვთის სიტყვა უსარგებლო იქნება მათთვის, თავიანთი თავის, თავიანთი ცოდვებისა და ღვთის მოწინააღმდეგეობის გამო. საშინელ სამსჯავროზე, უფლის მეორედ მოსვლის ჟამს, მოხდება განყოფა, განცალკევება უფლისგან ანგელოზების ხელით მართლებისა და უსჯულო, ღვთის მოწინააღმდეგე ადამიანებისა და როგორც უფალი სხვა ადგილას გვაუწყებს სახარებაში, ერთნი დადგებიან უფლის მარჯვენით, მეორენი კი უფლის მარცხენით. მარჯვენით მდგომნი დაიმკვიდრებენ სასუფეველს, ხოლო მეორენი საუკუნო სატანჯველს. უფალი არა იმის გამო განარჩევს ადამიანებს ერთმანეთისგან, რომ უფალს სურს ადამიანთა გარკვეული ნაწილის დასჯა, არამედ თავად ადამიანები დაისჯიან თავიანთ თავს იმის გამო, რომ ვერ გამოიღეს კეთილი ნაყოფი. როგორც უვარგისი თევზები იყრება დაჭერის შემდეგ, ასევე ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცოდვების გამო გახდნენ უვარგისნი არა თუ ღვთისთვის, არამედ თავიანთი თავისთვის, თავადვე განაშორებენ თავს ღვთის სასუფეველს.

უფალი ამ იგავში პირდაპირ განაცხადებს, რა იქნება მეორედ მოსვლის ჟამს. არა მხოლოდ ამ იგავში, უფალი ყოველთვის, როდესაც მეორედ მოსვლის შესახებ საუბრობს, გვაუწყებს სიკეთისა და ბოროტების განრჩევაზე, როდესაც უკვე კეთილნი იმდენად იქნებიან განმტკიცებულნი თავიანთ სიკეთეში, რომ არასოდეს მიიდრიკებიან ბოროტებისკენ, თუმცა მათ ექნებათ თავისუფალი ნება, ხოლო ბოროტება განყოფილი იქნება სიკეთისგან უდიდესი უფსკრულით და ბოროტებას აღარ შეეძლება სიკეთეს ავნოს.

- რას გულიხმობს უფალი, როდესაც ცოდვილთა, ღვთის მოწინააღმდეგეთა მიმართ ამბობს, - ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში, სადაც იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენაო?

- აქ იგულისხმება სწორედ მეორედ მოსვლის პერიოდი, როდესაც აბსოლუტურად განიყოფა სიკეთე და ბოროტება, როგორც ამის შესახებ ვთქვით. თუკი თანამედროვე პერიოდში ადამიანებს კიდევ აქვთ საშუალება, შეინანონ და დაიმკვიდრონ უფალთან, მეორედ მოსვლის შემდგომ ადამიანებს ეს საშუალება აღარ ექნებათ, საბოლოო იქნება ბოროტებისა და სიკეთის გაყოფა და ბოროტება სიკეთეს ვეღარ შეეხება. კეთილნი, ღვთის მადიდებელი ადამიანები უფალთან დაიმკვიდრებენ ადგილს და სამუდამო ნეტარებაში იქნებიან, ხოლო ღვთის მოწინააღმდეგენი, რომლებიც სამუდამო სატანჯველს დაიმსახურებენ, მიხვდებიან, რატომ დაბრკოლდნენ, რატომ დააკლდნენ სასუფეველში შესვლას და თავიანთ თავს დაუწყებენ ყვედრებას, რომ შეეძლოთ დაემკვიდრებინათ სასუფეველი და ცოდვების გამო ვერ დაიმკვიდრეს. სწორედ ის იქნება "კბილთა ღრჭენა", რომ ადამიანები თავიანთ თავს განიკითხავენ იმის გამო, რომ ვერ დაიმკვიდრეს უფალთან. მათ რომ ეს დედამიწაზე, ამქვეყნად ყოფნის ჟამს ექნათ, აქ განეკითხათ თავიანთი თავი და არა სხვები, შეძლებდნენ სასუფვლის დამკვიდრებას. იქ კი უკვე ხილულად, ცხადად დაინახავენ, თუ როგორ ზრუნავდა უფალი თითოეულზე, ყველა ადამიანი შეიგრძნობს, როგორ არ ტოვებდა მას უფალი და თავად როგორ ეწინააღმდეგებოდა უფალს. სწორედ ამის გამო ექნებათ მათ "ტირილი და კბილთა ღრჭენა", ტირილი - სინანული იმის გამო, რომ ცუდად, ცოდვით იცხოვრეს და კბილთა ღრჭენა - საკუთარი თავის ყვედრება იმის გამო, რომ საკუთარ თავს არ განიკითხავდნენ და თავის დროზე არ შეინანეს.

როდესაც მაცხოვარი იგავს დაასრულებს, თავის მოწაფეებს ეუბნება - გულისხმა ყავით, ანუ მიხვდით, გაიგეთ, რაც გითხარითო? მოციქულები მიუგებენ - გავიგეთ, უფალოო. ნახეთ, როგორ მაღლდება მოციქულების გონება ნელ-ნელა და როგორ იგებენ უკვე იგავებს, ღვთის ნათქვამს. თუკი ამ დრომდე მოციქულები თვითონ სთხოვდნენ მაცხოვარს - გადმოგვითარგმანე იგავი ესეო, პირდაპირ ნათქვამის გაგებაც კი უჭირდათ, ახლა უკვე თვითონვე იგებენ ყველაფერს. აქედან ჩანს, როგორ ამაღლდნენ უკვე მოციქულები უფალთან მყოფობით და როგორ გაუკეთესდა მათი გონება ნელ-ნელა. რაც, ცხადია, ჩვენთვისაც მაგალითად უნდა იქცეს.

- შემდეგ მაცხოვარი ეუბნება თავის მოწაფეებს: - ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი...

- თუკი იუდეველები, სჯულის მეცნიერნი - მწიგნობრები, მღვდელმთავრები და ფარისეველნი, რომლებმაც კარგად იცოდნენ ძველი აღთქმა, მიიღებდნენ ღვთის მცნებებს, მაცხოვრის მიერ ნაქადაგებ სწავლებას, მათი გონება გაცილებით აღმატებული გახდებოდა, მათი სიმდიდრე იქნებდა გაცილებით მეტი. ძველი აღთქმა იყო მოსამზადებელი ღვთის მცნებების მისაღებად, რათა უფრო ადვილად მიეღოთ ადამიანებს ახალი აღთქმა. ვინც ძველ აღთქმაზე დააფუძნებდა თავის სწავლებას, მისი ღვთის სიტყვის ქადაგება გაცილებით ნაყოფიერი იქნებოდა. შემდგომში, როდესაც მოციქულებმა დაიწყეს ქადაგება, უწინარესად უქადაგებდნენ იუდეველებს და მათი ქადაგება აგებული იყო სწორედ ძველ აღთქმაზე, ძველაღთქმისეულ სწავლებაზე და იმაზე, რომ ის, რასაც ძველი აღთქმა ასწავლიდა, რისთვისაც ძველი აღთქმა ამზადებდა ადამიანებს, ეს იქნა აღსრულებული, ანუ მოციქულები იწყებდნენ ქადაგებას ძველი აღთქმით, - თუ რა აღუთქვა უფალმა ისრაელის ერს და მათი სახით მთელ კაცობრიობას და ამთავრებდნენ იმით, რომ ეს აღთქმა უკვე აღსრულდა.

- ზოგადად რაზე მიანიშნებს, რის შესახებ განაცხადებს უფალი სახარების ამ მონაკვეთში მოთხრობილი - "მთესველის", "მდოგვის მარცვლის", "საფუარის". "ხორბლისა და ღვარძლის", "დაფარული საუნჯის", "კეთილი მარგალიტისა" თუ "ზღვაში გადაგდებული ბადის" იგავებით?

- ამ იგავებით უფალი გვასწავლის გზებს, როგორ მოვიპოვოთ სასუფეველი და ამის უამრავი მაგალითი მოჰყავს. სასუფევლისკენ მიმავალი გზა უამრავია. ზოგიერთები ამ უამრავ გზაში გულისხმობენ სხვადასხვა ეკლესიას, სხვადასხვა მიმდინარეობას, ეს არამც და არამც არ შეიძლება ვიგულიხმოთ. ერთადერთი ჭეშმარიტი გზა არის მართლმადიდებლობა, რომელიც უფალთან მიდის. სხვა არც ერთი გზა არ მიდის უფალთან, მაგრამ თავად უკვე მართლმადიდებლობაში მყოფნი სხვადასხვა მეთოდით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ღვაწლით შეიძლება მივიდნენ უფალთან, დაიმკვიდრონ სასუფეველი - ერთნი მოწყალებით, მეორენი ბერ-მონაზვნობის ღვაწლით, კეთილი საქმეებით, სხვანი განუკითხაობით თუ სხვადასხვა საქმით, რომელიც განსაკუთრებით აქვს გაძლიერებული ადამიანს, უამრავი ღვაწლი არსებობს, რომლითაც შეუძლია ადამიანს მოიპოვოს უფალი, მაგრამ უმთავრესი არის ის, რომ ამ ღვაწლს ადამიანი უნდა აღასრულებდეს მართლმადიდებლობაში, თავმდაბლობით და თავისი უღირსების განცდით, იმ შეგრძნებით, რომ ის არა თუ საკუთარი ძალისხმევით აკეთებს ამას, არამედ ღვთის შეწევნით. კონკრეტულად ამ იგავში უფალი გვასწავლის, მიგვანიშებს, რომ სწორედ ღვთის სიტყვის მიღება, ჭეშმარტი სწავლების მიღება და ღვთის მცნებების დაცვა მიგვიყვანს უფალთან, სასუფეველში.

ბეჭდვა
1კ1