ბოროტებას აღარ შეეძლება სიკეთეს შეებრძოლოს და დააზიანოს
ბოროტებას აღარ შეეძლება სიკეთეს შეებრძოლოს და დააზიანოს
მთესველის იგავის შემდეგ უფალი კიდევ რამდენიმე იგავს ამბობს: "ხორბლისა და ღვარძლის"; "მდოგვის მარცვლის"; "საფუარის"; "მინდორში დაფარული საუნჯის"; "კეთილი მარგალიტისა" და "ზღვაში გადაგდებული ბადის" შესახებ, რომელთაგან ზოგიერთი მხოლოდ მათე მახარებელს აქვს მოთხრობილი. ამჯერად რამდენიმე მათგანზე ვისაუბრებთ...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

იგავი ხორბლისა და ღვარძლისა
მსგავს არს სასუფეველი ცათა კაცისა, რომელმაც საღი თესლი დათესა თავის ყანაში; ხოლო როდესაც ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ყანაში და წავიდა. როდესაც ჯეჯილი აღმოცენდა და თავი იყარა, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მივიდნენ მონები ყანის პატრონთან და უთხრეს: ბატონო, შენ ხომ საღი თესლი დათესე ყანაში, საიდან აქვს ამდენი ღვარძლი? მტერმა კაცმა ქმნა ესო, მიუგო ყანის პატრონმა. მონებმა შესთავაზეს - წავალთ, ყანას ღვარძლისგან გავათავისუფლებთო. მან კი უთხრა: უმჯობესია მკის დრომდე ერთად იზარდონ, რათა ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოიგლიჯოს; მკის დროს მომკალთ ვეტყვი: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და დაწვით, ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთო (მათე 13, 24-30)

არა მარტო ხორბლისა და ღვარძლის იგავით, ზოგადად, მათეს სახარების ამ მონაკვეთში - მეცამეტე თავში მოთხრობილი იგავებით უფალი გვაუწყებს როგორ მოიპოვება სასუფეველი ცათა - მსგავს არს სასუფეველი ცათა, ნიშნავს როგორ მოვიპოვოთ ცათა სასუფეველი. ღვთის სასუფეველში ბოროტ ძალებს უკვე არავითარი ხელმწიფება აღარ აქვს. ამ იგავებში კი არის მითითება, როგორ ებრძვის ბოროტი ადამიანებს, რათა დააკარგვინოს უფალი და სასუფევლის გარეშე დატოვოს.

საკუთრივA"ხორბლისა და ღვარძლის იგავს", "მთესველის" იგავის მსგავსად, თავად უფალი განმარტავს. როდესაც მოციქულები ეკითხებიან ამ იგავის არსს, უფალი პასუხობს: კეთილი თესლი ღვთის სიტყვაა, მთესვარი - უფალი. როდესაც ღვთის სიტყვა ითესება ამ ქვეყანაზე, როდესაც უფალი თავად ქადაგებდა, თავად იყო ხორციელად მიწაზე, შემდეგ მოციქულები, მათ შემდგომ კი ეკლესია ქადაგებს მის სიტყვას, ეს კეთილი თესლი, კეთილი სიტყვაა, მაგრამ ხშირად კეთილ სიტყვასთან ერთად ღვარძლიც ითესება. ქრისტიანობის დევნის შემდგომი ხანა ავიღოთ, როდესაც უამრავი მწვალებლობა გაჩნდა. იმ კეთილ თესლში, რომელიც უფალმა დათესა და რაც თავადაც უნდა ეთესათ იმ ერესიარერქებს, რომლებიც თავდაპირველად თავადაც ეკლესიის წევრები იყვნენ - ზოგი მღვდელმთავარი, ზოგი სასულიერო პირი, ისინი უკვე ეშმაკის სიტყვას თესავდნენ, ე.ი. ღვთის სწავლებას ღვარძლს ურევდნენ. ერთი მარცვალი ღვარძლიც რომ შეერიოს საღ, კეთილ თესლში, ღვთის სწავლებაში ის უკვე სუფთა აღარ არის, ამიტომაც იყო, რომ ეკლესიის მამები განარჩევდნენ საღვთო სწავლებას ღვარძლისაგან, მწვალებლობებისგან. კაცთაგანი, ვინც ღვარძლს მიიღებს, თვითონ ხდება ამ ღვარძლის მატარებელი, მაგრამ უფალი მოწყალეა და ასეთ ადამიანებს მაშინვე არ სჯის, აცლის, შეინანონ და იფქლად, კეთილ თესლად გარდაიქმნან. ასევე შეიძლება ეს იგავი განვავრცოთ თავისი არსით უფრო ღრმად, მეტად შევიმეცნოთ. როგორც უფალი განმარტავს, ყანაში უნდა ვიგულისხოთ წუთისოფელი, ქვეყნიერება. ამქვეყნად ცხოვრობენ კეთილი ადამიანებიც, რომლებიც ღვთის სიტყვას ისმენენ. ასეთები იფქლს, საღ, კეთილ თესლს შეიძლება შევადაროთ. ასევე არიან ღვთის მოწინააღმდეგენი, რომლებიც ღვარძლს უნდა შევადაროთ. უფალი ერთმანეთისგან არ განარჩევს ადამიანებს, არ ქმნის მიწაზე ისეთ პირობებს, რომ ღვთის მადიდებლები ცალკე იყვნენ და მაგინებლები - ცალკე. უფალი თანაბრად ეპყრობა მათ. იმ ყანას, რომელშიც იფქლიც ეთესა და ღვარძლიც, მზეც, წვიმაც, სიცივეც, დარიც ყველაფერი თანაბრად ჰქონდა, ასევე თანაბრად აძლევს უფალი თავის მადიდებლებს და მოწინააღმდეგეებს ყველაფერს მიწაზე, მაგრამ უფალი ბრძანებს, რომ სწორედ მეორედ მოსვლის ჟამს უბრძანებს თავის მონებს, გაარჩიონ ერთმანეთისაგან იფქლი და ღვარძლი. იფქლი მის საუნჯეში შეინახონ, ხოლო ღვარძლი ცეცხლში დაწვან. ეს არის სწორედ წინასწარმეტყველება, წინასწარუწყება ღვთისგან იმის შესახებ, რომ მეორედ მოსვლის ჟამიდან საბოლოოდ განიყოფა სიკეთე და ბოროტება და მათ შორის გაჩნდება უზარმაზარი უფსკრული. ბოროტებას აღარ შეეძლება სიკეთეს შეებრძოლოს და დააზიანოს. ამ დრომდე ღვარძლის, ბოროტების მიმღებ ადამიანებს აცლის, რათა შეინანონ. თავად ბოროტებას არ შეუძლია სიკეთეს ავნოს. შეიძლება ავნოს ადამიანებს, რომლებიც სიკეთეს იქმან, მაგრამ ამით ღვთის წინაშე პირიქით, განადიდებს მათ. ბოროტებას შეუძლია ავნოს ადამიანებს ფიზიკურად, ხორციელად და არა მათ სიკეთეებს. თავად საქმეები, რასაც ეს ადამიანები იქმან, უფრო განდიდდება ღვთის წინაშე. შეიძლება ადამიანი ფიზიკურად აწამონ, დასცინონ, შეურაცხყონ, მაგრამ მათი საქმეები ამით უფრო გადიადდეს ღვთის წინაშე.

- იგავის თანახმად, მტერი მაშინ თესავს ღვარძლს, როცა ხალხს სძინავს. როგორ უნდა გავიგოთ ეს იგავური თქმა?

- ღვარძლში იგულისხმება ცოდვა, ბოროტება. ბოროტ თესლს ეშმაკი მაშინ თესავს ადამიანში, როდესაც სულიერი ძალები მიძინებული აქვს, როდესაც არ აკონტროლებს თავის საქციელს, აზრებს. ეშმაკისგან დათესილი ეს ცოდვილი აზრები შემდეგ ამოვა, აღორძინდება და იქცევა ცოდვად. ამიტომ ადამიანი მუდამ სულიერ მღვიძარებაში უნდა იყოს, რათა არ მისცეს ბოროტს მასში ცოდვის თესლი დათესვის საშუალება. თუ ეს მაინც მოხდა, ეს თესლი აღსარებითა და სინანულით უნდა აღმოფხვრას, რათა ღვთის წინაშე წარდგომისას მისი ნაყოფი იყოს სუფთა, ცოდვაშეურეველი. ერთი ღვარძლიც რომ იყოს შერეული ჩვენს მოწეულ სულიერ ნაყოფში, სასუფეველს ვერ დავიმკვიდრებთ. ეს არ ნიშნავს, რომ ცოდვა საერთოდ არ ქმნას კაცმა. წმინდა წერილიც გვასწავლის - არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოსო. შეუძლებელია ადამიანმა ისე იცხოვროს ამქვეყნად, რომ ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ამისთვის არსებობს სწორედ სინანული, სინანულით უნდა განიწმინდოს. თუ ადამიანი მოუნანიებლად გარდაიცვლება, თავის ცოდვებს არ ნანობს, სინანულის საიდუმლოს გზით არ განიწმინდება ცოდვებისგან, მისი ნაყოფი იფქლად ვერ იქცევა. რაოდენ კეთილი საქმეებიც არ უნდა ქმნას, მისი კეთილი საქმეები ვერაფრით გადაფარავს მის ცოდვას. ჩვენ არ შეგვიძილა ჩვენი საქმეებით ვცხონდეთ, ანუ ჩვენმა საქმეებმა ჩვენი ცოდვები გადაფაროს. მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მრავალმოწყალება გვაცხოვნებს. ღვთის მრავალმოწყალება მაშინ იქნება ჩვენზე, როდესაც სინანული გვაქვს ჩვენი ცოდვების გამო და როდესაც ჩვენც ისევე ვპატიობთ სხვა ადამიანებს ჩვენს წინაშე ჩადენილ შეცოდებებს, როგორც ჩვენ გვინდა გვაპატიოს უფალმა ჩვენი ცოდვები.

- იგავურად "მტერი კაცის" - ბოროტის მიერ ჩათესლი ღვარძლი მაშინ იჩენს თავს, როცა ხორბალს თავთავი აქვს გამოღებული... ეს ხომ იმას მიანიშნებს, რომ როდესაც ადამიანს სულიერი ძალები მოდუნებული აქვს, სულიერად მღვიძარებაში არ არის, არ შესწევს უნარი მასში ჩათესილი ღვარძლი ჩანასახშივე შენიშნოს, მიხვდეს, რომ ბოროტისგან მიწოდებული აზრი მიიღო...

- რა თქმა უნდა. თუ ადამიანი ფხიზლად იქნება, შენიშნავს მტერს, რომელიც ცდილობს მასში ღვარძლი ჩათესოს, მაგრამ როდესაც სულიერად მიძინებულია, ვერ ხედავს და ამის გამო უკვე იმასაც ვერ იგებს, არის თუ არა დათესილი მასში ღვარძლი, ცოდვა, რადგან მას მტერი არ უნახავს. სულიერად მძინარე, ის ეშმაკის მოქმედებებს ვერ აცნობიერებს. მხოლოდ მას შემდეგ შეიცნობს, როცა ნაყოფი უკვე შესახედი ხდება - ეს ადამიანი უკვე ცოდვებში ვარდება.

- არა მხოლოდ ამ იგავში, ზოგადად მაცხოვრის მიერ მოთხრობილ იგავებში ყანა წუთისოფელს, ამქვეყნიურ ცხოვრებას გულისხმობს. რა არის წუთისოფლის დანიშნულება? რატომ მოდის ადამიანი წუთისოფელში?

- წუთისოფელი ის ადგილია, სადაც ადამიანმა თავისი სულიერი ძალები უნდა ააღორძინოს, რათა მარადიულ სოფელში დაიმკვიდროს, მარადისობაში აღორძინდეს სულიერად. თუკი ადამიანი თავის სულიერ ძალებს არ ააღორძინებს, ამის გამო მარადიულ სოფელში ვერ იმკვიდრებს, ზეციური სასუფევლის გარეშე რჩება და შემდეგ ამის გამო იტანჯება. მას უფალი კი არ სჯის ცოდვების გამო, არამედ იმის გამო იტანჯება, რომ სასუფევლის გარეშე დარჩა, წუთისოფელში ყოფნის დრო საკუთარი სულის საცხოვნებლად ვერ გამოიყენა.

იგავი მდოგვის მარცვალზე
რისი მსგავსია ცათა სასუფეველი, ან რას ვამსგავსებ მას? - მსგავსია იგი მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში; ეს მარცვალი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა ამოვა, ყველა მწვანილზე დიდი ხდება და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებზე იბუდებენ (მათე 13, 31-32; ლუკა 13, 18- 19; მარკოზი 4, 30-32):

- მდოგვის მარცვალში უნდა ვიგულისხმოთ ღვთის სიტყვა, რომელსაც თესავდნენ მოციქულები ადამიანში, თესავს ეკლესია, მაგრამ შემდეგ თავად კაცმა უნდა გამოიღოს ნაყოფი, ისევე როგორც თესლს დავთესავთ და შემდეგ დიდი მცენარე ამოდის ამ თესლიდან, ასევე, მიიღებს რა ადამიანი თავის თავში ღვთის სიტყვას, თვითონ უნდა გაზარდოს და ააღორძინოს. რა თქმა უნდა, თავად უფალი შეეწევა ადამიანს ამ სიტყვის აღორძინებასა და გაზრდაში, მაგრამ თავად კაცმა უნდა გაუღოს მას გულისკარი და ნოყიერი ნიადაგი შეაგებოს კეთილ, საღვთო თესლს, რათა აღორძინდეს და გაიზარდოს, სულიერებამ, უფლის სიტყვამ დაიმკვიდროს მასში.

- რა იგულისხმება მდოგვის მარცვლის სიმცირეში?

- ღვთის სიტყვა პირველად ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანებში იქნა მიღებული, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უფლის სიტყვა, მაცხოვრის სწავლება თავიდან ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილმა მიიღო, შემდგომში მან მთელი სამყარო, მთელი კაცობრიობა მოიცვა. თავიდან ქრისტეს მიმდევრები ყველაზე მცირენი იყვნენ რაოდენობრივადაც, შესაძლებლობებითაც, მაგრამ რადგან მათში იყო ჭეშმარიტება და ღვთის სიტყვა, ანუ ისინი ქადაგებდნენ ჭეშმარიტად ღვთის სიტყვას, მათ მთელი სამყარო მოიცვეს.

- როგორ შეიძლება გავიგოთ იგავური თქმა: როდესაც მდოგვის მარცვალი გაიზრდება და დიდ ხედ იქცევა, მოფრინდებიან ფრინველები და მის ტოტებზე დაიდებენ ბინასო...

- იმ სწავლებაში, რაც მაცხოვარმა დათესა, რაც მოციქულებმა გაავრცელეს და აღორძინდა, დაივანეს მთელი მსოფლიოს ადამიანებმა, - იმ ნეტარებაში, რასაც საღვთო სიტყვის, საღვთო სწავლების აღსრულება აძლევს ადამიანს, დაივანა კაცობრიობის ყველა ტომმა, ყველა ერმა.

იგავი საფუარზე:
ცათა სასუფეველი მსგავსია საფუარისა, რომელიც აიღო დედაკაცმა და მოზილა იმით სამი საწყაო ფქვილი, ვიდრე ცომი არ ააფუა (მათე 13, 33-; ლუკა 13, 20-21)

- უფალი სასუფეველს ასევე ადარებს საფუარს - მთელ ცომს მცირედი საფუარი აღაფუებს, ასევეა ღვთის სიტყვა. უფლის სიტყვა ყველა საქმეში უნდა გაურიოთ, ყველა საქმე ღვთის მცნებებით უნდა ვაკეთოთ, ქრისტეში უნდა ვიცხოვროთ, - როგორც საფუარი ნაწილდება ცომის ყველა ნაწილში, რათა მთელი ცომი აღაფუოს, ასევე თუ ჩვენ ქრისტეს სარწმუნოებას მთელ ჩვენ ცხოვრებაში განვაზოგადებთ, - ღვთის გარეშე არაფერს ვიქმთ, ღვთის საწინააღმდეგოს არაფერს გავაკეთებთ, კეთილ ნაყოფს მივიღებთ და სასუფეველს დავიმკვიდრებთ.

საფუარის იგავში: საფუარში ღვთის სიტყვა იგულისხმება, დედაკაცში - დედა ეკლესია. მაცხოვარი სამ წელიწად-ნახევარი ქადაგებდა დედამიწაზე, უფლის, მაცხოვრის მიერ ამ ხნის მანძილზე ნაქადაგები სიტყვა არ მოიცავდა ყველაფერს, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო და იყო სწორედ ის, რაც არის საფუარი ცომისთვის. სწორედ ამ მცირე რაოდენობის ადამიანებში დათესილი ღვთის სიტყვა გახდა იმის მიზეზი, რომ შემდეგ ამ სიტყვით მთელი კაცობრიობა აღმოფუვდა - მოციქულთა, შემდგომში წმინდა მამათა სწავლებებით ისე გავრცელდა ღვთის სიტყვა, რომ ყველა ადგილი, ყველანაირი აზროვნება გაიმსჭვალა ღვთის სიტყვით. სწორედ ესე ექმნა ღვთის სიტყვა საფუვრად კაცობრიობას და ადამიანის გონებას.

როდესაც საფუარს ცომში ჩავდებთ, ის ცომს მაშინვე არ აღაფუებს, ასევე ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ისეთი ყოვლისმომცველი საღვთო სწავლება არ ყოფილა, როგორიც ვთქვათ მეოთხე, მეხუთე და შემდგომ საუკუნეებში, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა აღმოფუვდა კაცობრიობის აზროვნება ღვთის სიტყვით და ამითაც შეიძლება შევადაროთ საფუარს. როდესაც უკვე ქრისტიანობის დევნა შეწყდა, განსაკუთრებით მეხუთე-მეექვსე საუკუნეებიდან, საზოგადოებაში ფაქტობრივად ყველა ადგილი, ყველა სწავლება უკვე ქრისტიანობით, ღვთის სიტყვით იყო მოცული.

- როდესაც მათე მახარებელი "საფუარზე" იგავის მოთხრობას დაასრულებს, ამბობს: ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა იესო ხალხს და იგავების გარეშე არაფერს ეუბნებოდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა მიერ თქმული: იგავებით გავხსნი ჩემს პირს, ვიტყვი რაც დასაბამიდან დაფარულიაო.

- უფალი იგავებით იმის გამო ესაუბრებოდა ადამიანებს, რომ ვისაც შეეძლო ჭეშმარიტების მიღება იგავებითაც იღებდა, ხოლო ვინც ჭეშმარიტების მიმღები არ იყო და ბრკოლდებოდა ღვთის სიტყვით და ღვთის სწავლებით, იგავურად მიწოდებული სწავლებით რაც შეიძლება ნაკლებად ყოფილიყვნენ დაბრკოლებულნი. თუ უფლის იგავური სწავლების დროსაც კი უამრავი იუდეველი დაბრკოლდა, ისინი გაცილებით მეტად დაბრკოლდებოდნენ, მაცხოვარს თავისი სწავლება პირდაპირ რომ განეცხადებინა მათთვის. თუ კონკრეტულად ამ საკითხზე ვიტყვით, წინასწარმეტყველები სწორედ იმის გამო წინასწარმეტყველებდნენ, მაცხოვარი იგავურად ისაუბრებს, იგავებით იტყვის სათქმელსო, რომ ამის შესახებ წინდაწინ განეცხადათ ღვთისგან და მათაც აუწყეს ადამიანებს, რომ მოვიდოდა მხსნელი, რომელიც "იგავებით გახსნიდა პირს", იგავურად ისაუბრებდა ხალხთან. ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ იესო კაცობრიობის სახსნელად იყო მოსული, იყო ის რომ ხალხს იგავურად ესაუბრებოდა. იგავურად წინასწარმეტყველები და მართლებიც ელაპარაკებოდნენ ადამიანებს, მაგრამ ისეთი იგავები, იმ დონის იგავური სწავლება, რომელთაც უფალი სთავაზობდა, როგორც უფალი ესაუბრებოდა ადამიანებს, მათ არასდროს მოესმინათ.

ბეჭდვა
1კ1