უფალი სიყვარულს ქადაგებს და არა გარეგნულად სჯულის აღსრულებას
უფალი სიყვარულს ქადაგებს და არა გარეგნულად სჯულის აღსრულებას
თავთავების ფშვნეტა და გამხმარი ხელის განკურნება შაბათ დღეს
შაბათ დღეს იესოს და მის მოწაფეებს ყანებზე მოუხდათ გავლა. მაცხოვრის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების ფშვნეტა და ჭამა. ეს ფარისევლებმა დაინახეს და უთხრეს იესოს: "შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რისი გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული". მაცხოვარმა მათ მიუგო: ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქმნა დავითმა, როდესაც მოშივდა მას და მის მხლებლებს? როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს და თავადაც ჭამა საწინაშეო პური, - რისი ჭამის უფლებაც მღვდლების გარდა არავის ჰქონდა - და თავისთან მყოფებსაც დაურიგა? ანდა არ ამოგიკითხავთ რჯულის წიგნში, რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს, მაგრამ უბრალონი არიან? ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია. თქვენ რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს - წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, მაშინ აღარ დაადებდით მსჯავრს უბრალოებს. შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი - შაბათისთვის. ამრიგად, შაბათის უფალიც კაცის ძეა.

შემდეგ მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და ასწავლიდა ხალხს. სინაგოგაში იმყოფებოდა კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა. ფარისევლები და მწიგნობრები აკვირდებოდნენ იესოს, განკურნავდა თუ არა შაბათს, რათა დაედანაშაულებინათ იგი. მაცხოვარმა უწყოდა სჯულისმეცნიერთა ზრახვები და მიმართა მათ: რომელიმე თქვენგანს ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს? ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე! მინდა გკითხოთ თქვენ: შაბათ დღეს კეთილის კეთება შეიძლება თუ ბოროტისა? სულის ცხონება შეიძლება თუ დაღუპვა? შემდეგ კი ხელგამხმარ კაცს მიუბრუნდა და უთხრა: "გაიწოდე შენი ხელი!" მანაც გაიწოდა და სნეული ხელიც ისეთივე საღი გაუხდა, როგორიც მეორე. ფარისევლებმა და მწიგნობრებმა ურთიერთშორის იწყეს მსჯელობა, რა ექმნათ იესოსთვის, როგორ დაეღუპათ იგი. მაცხოვარმა გაიგო და იქაურობას გაეცალა (მათე 12, 1-14; მარკოზი 2, 23-27; 3, 1-6; ლუკა 6, 1-11).

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- რატომ ყვედრიან იუდეველთა სჯულიმეცნიერნი მაცხოვარს და მის მოწაფეებს შაბათ დღეს თავთავების ფშვნეტისა და ჭამის გამო?

- ძველი აღთქმის სჯულის კანონის თანახმად, თუკი ადამიანს ვენახზე ან ყანაზე გავლისას შიოდა, მას შეეძლო, რომ ნაყოფი მოეწყვიტა და შეეჭამა. ეს ქურდობად არ ითვლებოდა. სწორედ ეს გააკეთეს მოციქულებმაც. თუკი გზად გავლისას ყანაში თავთავების ფშვნეტა და ჭამა ქურდობა იყო, მაშინ სწორედ ამას დააყვედრიდნენ მაცხოვარს და მის მოწაფეებს იუდეველები. მაგრამ რას აყვედრიან? - შაბათს არ შეიძლება ამის კეთებაო.

ისინი ისე უდგებიან საკითხს, რომ ადამიანს შაბათს არც უნდა მოშივდეს. ის, რომ ადამიანს შიმშილის გრძნობა ეუფლება, კაცის ბუნებაა. ბუნება კი უფალმა მისცა ადამიანს. რა თქმა უნდა, ადამის დაცემის შემდეგ ადამიანის ბუნება აღარ არის სრულყოფილი, ისეთი, როგორიც ადამს ჰქონდა, როგორი ბუნებაც ექნება ადამიანს ზეციურ იერუსალიმში, არამედ ეს არის ცოდვით დაცემული ადამიანის ბუნება, მაგრამ შიმშილის გრძნობა ცოდვა არ არის. ჩვენ ვიცით, რომ თავად უფალსაც შეემშია უდაბნოში ორმოცდღიანი მარხულობის შემდეგ. ამდენად, მაცხოვრის მოციქულებს შაბათი კი არ დაურღვევიათ იმით, რომ მოსავალი აეღოთ ან ქონების შეძენაზე ეზრუნათ, არამედ უბრალოდ საზრდელი იხმიეს. საკვების მიღებას თავთავების ხელით ფშვნეტით გამოხატავდნენ თუ საზრდელის კოვზით ჭამით, ამაში არავითარი სხვაობა არ არის, მაგრამ იუდეველების გონება იმდენად იყო დაბნელებული გარეგნული წესების აღსრულებით, რომ ამას ცოდვას უწოდებენ. სწორედ იუდეველების კიდევ ერთხელ სამხილებლად დაუშვა უფალმა მოციქულების ამაგვარი საქციელი, მაგრამ პირდაპირ კი არ ეუბნება იუდეველებს, პირდაპირ კი არ უხსნის, თქვენი მოსაზრება არასწორიაო, არამედ ბიბლიიდან მოჰყავს დავით მეფის მაგალითი, ეუბნება, გაიხსენეთ, დავითმა რა ქნა, როდესაც დავითს და მის მხლებლებს მოშივდათ, - ღვთის სახლში შევიდნენ და საწინაშეო, შესაწირი პური ჭამეს, რომლის ჭამაც კატეგორიულად იკრძელებოდა, მაგრამ როდესაც სხვა გამოსავალი არ იყო, შიმშილის გრძნობის დასაკმაყოფილებლად დავითმა და მისმა მხლებლებმა ეს გააკეთეს და მათ ეს საქციელი ცოდვად არ ჩათვილათ. თუკი შიმშილის დროს თავად წმინდა, შესაწირი პურის ჭამაც არ არის ცოდვა, თქვენ ამბობთ, რომ თავთავების მოწყვეტა და ჭამა არის ცოდვაო?

საერთოდ, ძველი აღთქმის შაბათის უქმობაში იგულისხმებოდა ის, რომ შაბათი დღე უფლისთვის ყოფილიყო დათმობილი. შაბათს თავთავების ფშვნეტა და ჭამა აკრძალულიც რომ ყოფილიყო, მოციქულები მაინც არაფერს არღვევდნენ, რადგან მათთან თავად უფალი იმყოფებოდა, ისინი უფალთან იყვნენ.

- იუდეველები განუწყვეტლივ იმის მცდელობაში იყვნენ, რომ, თავიანთი აზრით, როგორმე დაეკნინებინათ ქრისტე. როდესაც შაბათ დღეს თავთავების მოწყვეტის და ჭამის გამო ეს არ გამოსდით, შემდეგ შაბათს სინაგოგაში ადამიანის განკურნების გამო სურთ მაცხოვრის დადანაშაულება...

- მათ უნდოდათ, რომ თავად უფალი ემხილებინათ შაბათის დარღვევაში, მაგრამ ამით კიდევ უფრო ზეაღმატებულ უსჯულოებამდე მიდის მათი აზროვნება. ვინ კურნავს ადამიანს? თუგინდ, როდესაც წინასწარმეტყველები კურნავდნენ, ვინ კურნავდა მათი ხელით? - უფალი. თუკი უფალი კურნავს, იუდეველები ვის სთხოვდნენ პასუხს, რატომ კურნავო? მსჯელობისთვის დავუშვათ, რომ, მათი წარმოდგენით, ქრიტე არ იყო ღმერთი, მაგრამ კურნავდა. რით განკურნავდა? - ღვთის ძალით, თანაც სინაგოგაში. თუკი ღვთის ძალით კურნავდა, მაშინ ვის უწევენ წინააღმდეგობას? - უფალს. უფალს სდებენ ბრალს ღვთის მცნებების დარღვევაში. ეს ხომ აბსოლუტური სულიერი უვიცობაა. ასე ნელ-ნელა ადიოდა მათი აზროვნება ღვთის წინააღმდგომობამდე. ეს მოსაზრება არ იყო მათ მიერ კონკრეტულად იმ მომენტში ნააზრევი, არამედ იუდეველთა მოსაზრება მაცხოვრის მიმართ წლების, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა. სწორედ ამის გამო ვერ შეიცნეს და მიიღეს უფალი, რადგან უფალი სიყვარულია. მათ სიყვარული კი არა, მცნებების გარეგნული აღსრულება ჰქონდათ წამოწეული წინა პლანზე. დღევანდელ პერიოდშიც, როდესაც მკაცრად მოვითხოვთ ღვთის მცნებების აღსრულებას, სინამდვილეში სიყვარულს კი არა, სიძულვილს ვავლენთ სხვა ადამიანებისადმი. უფალი სიყვარულს ქადაგებს და არა გარეგნულად სჯულის აღსრულებას. სჯულს ვერავის ცხონება ვერ შეეძლოო, - გვეუბნება წმინდა წერილი. სჯულს რომ ვინმეს ცხონება შესძლებოდა, მაშინ ქრისტეს მოსვლა საჭირო არ იქნებოდა. ქრისტე მოვიდა და მოგვცა სიყვარულის სჯული, რომელიც ყველაზე უპირატესია. წმინდა წერილი, წმინდა ეკლესია და წმინდა მამები გვასწავლიან - ის, ვისაც სიყვარული აქვს, სჯულზე აღმატებულია. არსებობს სამი საღვთისმეტყველო სათნოება - რწმენა, სასოება და სიყვარული. როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, მათ შორის სწორედ სიყვარულია უპირატესი. რატომ? - როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, რწმენა და სასოება ქრება. რწმენა არის უხილავის დაჯერება. გარდაცვალების შემდეგ კი ეს საჭირო აღარ არის, რადგან ყველაფერს ვხედავთ და ეს უკვე სარწმუნოება აღარ არის, არამედ არის ფაქტი. სასოება არის იმედი იმისა, რომ უფალს შეუძლია ჩვენი ცხონება და იმედი გვაქვს, უფალი გვაცხონებს, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ეს იმედი ან აღსრულებულია, ან არადა აღარ გვჭირდება. ერთადერთი, რაც მარადიულად რჩება, არის სიყვარული. როგორც იოანე ღვთისმეტყველი გვეუბნება, თავად ღმერთია სიყვარული. ამდენად, თუკი ჩვენი ღვთისმსახურება, ჩვენი სულიერი ცხოვრება უფლის სიყვარულზე იქნება აგებული და ღვთის სიყვარულით აღვასრულებთ ღვთის მცნებებს, მაშინ ვიქნებით ფარისეველთა საპირისპირონი ჩვენი ცხოვრებით და მოვიპოვებთ ცათა სასუფეველს. ხოლო თუ ამ ყველაფერს სიყვარულზე არ ავაგებთ, მაშინ უკვე ფარისეველთ ვემსგავსებით და ვკარგავთ სასუფეველს. სჯულით დადგენილ წესებს ფარისევლებიც აღასრულებდნენ, მაგრამ საყვარული არ ჰქონდათ და ამიტომაც ვერ მივიდნენ უფალთან. გავიხსენოთ, რას ეუბნება უფალი მათ: ტვირთს შეკრავთ და აჰკიდებთ ადამიანს, თქვენ კი თითითაც არ გინდათ შეძრათ ეს ტვირთიო. ჩვენც ასე ვიქცევით, როდესაც მკაცრად ვთხოვთ ადამიანებს ღვთის მცნებების აღსრულებას. მკაცრად კი არ უნდა მოვთხოვით, სიყვარულით უნდა მოვუწოდოთ და მივუთითოთ. ღმერთი დამსჯელად კი არ უნდა წარმოვუდგინოთ, - უფალი თავისთავად არ არის ადამიანთა დასჯელი, - არამედ მოსიყვარულე მამად, რათა ღვთის მცნებები სიყვარულით აღასრულონ და არა შიშით.

- ვიდრე გამხმარი ხელის კურნებას აღასრულებს, მაცხოვარი მიმართავს ფარისევლებსა და მწიგნობრებს: შაბათ დღეს ცხვარი რომ ჩაგივარდეთ ორმოში, განა ხელს არ მოჰკიდებთ და არ ამოიყვანთ? რისი თქმა სურს ამით უფალს?

- ამით უფალი ამხილებს იუდეველთა სჯულიმეცნიერებს, და იდეურად ეუბნება მათ - თქვენ თქვენი ქონება უფრო გიყვართ, ვიდრე ადამიანი, ყველაფერს სიყვარულის გარეშე აკეთებთ, სიყვარულის გარეშე აღასრულებთ სჯულის წესებს და ამიტომაც გშურთ, როდესაც ვინმე თქვენზე უკეთესს იქმს, თქვენ გშურთ, რომ მე სასწაულებს აღვასრულებო. იმდენად იყო მათი გონება შურით დაბნელებული, რომ თავად ღმერთი ვერ იცნეს. თვლიდნენ რა ისინი, რომ იყვნენ ღვთის მცნებების აღმასრულებელნი და რადგან თვითონ ვერ იქმოდნენ სასწაულებს, შურით იყვნენ აღძრულნი ქრისტეს წინააღმდეგ იმის გამო, რომ ის სასწაულებს აღასრულებდა. იუდეველთა სჯულისმეცნიერებს ქრისტე ეგონათ უბრალო ადამიანი, თანაც სჯულის დამრღვევი და უკვირდათ, როგორ აღასრულებდა ის სასწაულებს. უფალმა უამრავჯერ ამხილა, უამრავჯერ ასწავლა და მიანიშნა მათ, რომ ის იყო განკაცებული ღმერთი, მაგრამ სწორედ შურით, სწორედ იმის გამო, რომ მათი გულები დახშული იყო უსიყვარულობით, არა მარტო ღვთის, არამედ მოყვასის, ადამიანების უსიყვარულობითაც, ვერ შეიცნეს ქრისტეში მესია და ვერ მიიღეს უფალი.

- როგორც სახარება მოგვითხრობს, მაცხოვრის მხილების შემდეგ იუდეველები ბჭობდნენ, როგორ დაეღუპათ იგი. არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იუდეველთა სჯულისმეცნიერნი მუდამ იმის მცდელობაში იყვნენ, როგორ დაეღუპათ და მოეშორებინათ მაცხოვარი. რატომ ცდლობდნენ ისინი ქრისტეს დაღუპვას და თავიდან მოშორებას?

- სწორედ შურის გამო. ფარისეველნი და სჯულისმეცნიერნი, როგორც სჯულის მცნებების დამცველნი და მასწავლებელნი, უდიდესი პატივით სარგებლობდნენ ადამიანთა შორის. როდესაც მაცხოვარი მოვიდა, ქადაგება დაიწყო და სასწაულებს აღასრულებდა,…იმის ნაცვლად, რომ შეეცნოთ და ადამიანებისთვისაც განეცხადებიათ: სწორედ ეს არის ის, ვის შესახვედრადაც გამზადებდით, რომელსაც ათასწლეულებია ველოდებით, თავადვე ვერ შეიცნეს ქრისტეში მხსნელი და მის წინააღმდეგ შურით აღიძრნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ქრისტეს გამოჩენით და მის მიერ აღსრულებული სასწულებითა და ქადაგებით პატივი და დიდება მოაკლდათ. სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს მოეშორებინათ ის, ვინც მათი მოსაზრებით პატივსა და დიდებას ართმევდათ, რათა ის პატივი, რომელსაც, ფიქრობდნენ, რომ მათი იყო, ისევ თავისთვის დაეტოვებინათ. ასეთი საქციელით მწიგნობარნი და ფარისეველნი სატანას დაემსგავსნენ - როგორც სატანამ ჩათვალა თავისად, თავისი ეგონა ის პატივი, რომელიც მას ჰქონდა, როდესაც ნათლის ანგელოზი იყო, ასევე, იუდეველებიც თვლიდნენ, რომ ის პატივი, რასაც მათ ხალხი მიაგებდა, მათ ეკუთვნოდათ, მათი იყო და არა უფლისა. როგორც სატანამ გადაწყვიტა ღვთის გარეშე ეცხოვრა და ეს პატივი მთლიანად მისი ყოფილიყო, ასევე გადაწყვიტეს იუდევლებმა, მოეშორებინათ უფალი, რათა ეს პატივი მათ დარჩენოდათ, მაგრამ დაცემული ანგელოზის მსგავსად ისინიც განგდებულ იქმნენ ღვთის პირისაგან, თავადვე განაშორეს თავიანთი თავი უფალს, როდესაც თავისად ჩათვალეს ის დიდება და პატივი, რაც უფალმა მისცათ.

ბეჭდვა
1კ1