"ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა"
"ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა"
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი თავის ერთ-ერთ შესანიშნავ წიგნში, "მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია", ნათლობის საიდუმლოს მნიშვნელობის შესახებ წერს: "ნათლობის საიდუმლოში ადამიანი აღიარებს თავის ერთგულებას უფლისა და მისი ეკლესიის მიმართ (მრწამს... ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია); წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას უპყრია უცთომელი სწავლება ღმერთზე და ყოველივეზე, რაც აუცილებელია მართლმორწმუნეთა სულიერი ცხოვრების სწორად წარსამართად. როგორც წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (1 ტიმ. 3,15); ეს ჭეშმარიტება განცხადებულია ძველსა და ახალ აღთქმაში, ღვთისმსახურებაში, წმინდა კრებების დადგენილებებში, წმინდა მამათა თხზულებებსა და ცხოვრებებში, საეკლესიო ხელოვნებაში.

შეიძლება თუ არა, რომ არსებობდეს სხვა საკრებულო, ან ვინმე უცხო (არამართლმადიდებელი) "ბრძენი", მფლობელი წმინდა ეკლესიაში დავანებულ სიბრძნეზე უფრო აღმატებული სულიერი სიბრძნისა? არ შეიძლებაო, ამბობს წმინდა წერილი, ამბობენ წმინდა მამები. წმინდა პავლე მოციქული ნათლად წერს: "ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოებაი, ერთ ნათლის-ღებაი" (ეფეს. 4,5). ამ სიტყვებს განმარტავს მოციქულთა მოწაფე, ანტიოქიის ეპისკოპოსი წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი: "ერთი ღმერთი არს ყოველთაი, უშობელი იგი მამაი, და ერთი მხოლოდშობილი ძე ღმრთისაი, ღმერთი სრული და კაცი; და ერთი ნუგეშინისმცემელი იგი, სული ჭეშმარიტებისაი; და ერთი ქადაგებაი, და ერთი სარწმუნოებაი და ერთი ნათლისღებაი; და ერთი ეკლესიაი, რომელი დააფუძნეს წმინდათა მოციქულთა კიდითგან ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა სისხლითა ქრისტესითა და თვისითა შრომითა და ოფლითა". კართაგენის ეპისკოპოსი, წმინდა მოწამე კვიპრიანე ასე მოძღვრავდა თავის მრევლს III საუკუნეში: "როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსაყუდელის მიღწევა, ასევე შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღვთის სიტყვის შენებური განმარტებისა. ეკლესიას მიცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგია ერთადერთი უცთომელი განმმარტებელი. გახსოვდეს: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა".

წმინდა სერაფიმე როუზი ამავე წიგნში ეხება საკითხს თანამედროვეობაში მოძალებული საცდურების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი საცდურია ახალგაზრდების გატაცება ინდუიზმით. "ინდუიზმი თავისი ყოვლისმომცველობით არის ძლიერი და მომხიბლავი. იგი ცდილობს მიიზიდოს ადამიანი ნებისმიერი უნარის წახალისებით, ნებისმიერი სისუსტისა და, განსაკუთრებით, ამპარტავნების ნებაზე მიშვებით", - წერს იგი.

ვედანტას სახელით ცნობილი ინდუისტური ფილოსოფია ორი სიტყვით ამგვარად შეიძლება გადმოიცეს: ტანჯვა ილუზიაა, სინამდვილეში იგი არ არსებობს! სხვა სფეროში ინდუიზმი გარეგნულად ასევე ფრიად რესპექტაბელურ ცრუსწავლებას იყენებს, რომლის თანახმადაც ადამიანს თვითონვე შეუძლია სრულყოფილების მიღწევა აღზრდის საშუალებით (ინდუიზმი აღზრდაში გურუს სისტემას გულისხმობს) და "ევოლუციის" გზით ("ევოლუცია" ადამიანის მუდმივ სულიერ სრულყოფას აღნიშნავს). ამ დებულების არგუმენტირება კულტურების რელატივიზმის (შედარებითობის) პოზიციიდან ხდება. ეს თეორია დღეს იმდენად უდავოდ არის მიჩნეული, რომ ყოველივეს შეფარდებითობაში დაეჭვებას ნამდვილად ცოდვად თვლიან სწორედ ისინი, ვისაც საერთოდ არა სწამთ ცოდვის არსებობა. მათი აზრით, სრულიადაც არ არის არაბუნებრივი, რომ სხვადასხვა ერები და ხალხები სხვადასხვაგვარად სცემენ ღმერთს თაყვანს: ღმერთი, ბოლოს და ბოლოს, ერთია, ხოლო მისი თაყვანისცემის საშუალებათა სხვადასხვაობა მხოლოდ ხელს უწყობს საყოველთაო რელიგიურ "ურთიერთგამდიდრებას".

როდესაც მოწაფე გურუსგან "ინიციაციას" ღებულობს, მას ეძლევა სანსკრიტული მანტრა (პირადი მაგიური ფორმულა) და ინდივიდუალური რელიგიური სავარჯიშოები. ყოველივე ეს ეზოთერულ სფეროს ეკუთვნის და მხოლოდ ზეპირ ტრადიციაში არსებობს. "განდობილთაგან" ბევრს ვერაფერს შეიტყობთ, რადგანაც ისინი სერიოზული მუქარის შიშით დუმილს არჩევენ. გურუ სთავაზობს მოწაფეს, ვარჯიშების საშუალებით საკუთარ თავზე გამოსცადოს ინდუისტური ფილოსოფიის სისწორე. ირკვევა, რომ ეს ვარჯიშები მართლაც იძლევიან შედეგს: მოწაფე, ეშმაკის დახმარებით, ცრუსასწაულებს ახდენს. მაგრამ რაც უარესია, ამ დროს ადამიანი აუცილებლად ხიბლში ვარდება, როდესაც ილუზიას რეალობად აღიქვამს: მას უჩნდება უსაზღვრო "ნეტარებითა" და "სიმშვიდით" სავსე სულიერი განცდები, ეჩვენება, რომ "ღმერთი" და "სინათლე" ეცხადება (გავიხსენოთ, რომ ნათლის ანგელოზის სახით თვით სატანა შეიძლება გამოგვეცხადოს). ილუზიებში როდი ვგულისხმობ, თითქოს ის, რასაც კაცი აღიქვამს, სინამდვილეში არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველივე ეს ღმერთისგან არ მოდის. ინდუიზმის ქადაგნი, ცხადია, ფილოსოფიურ მსჯელობებსაც იშველიებენ ამ განცდების გასამართლებლად. ამდენად, პრაქტიკა და ფილოსოფია მხარს უმაგრებს ერთმანეთს, რის შედეგადაც მთელი ეს სისტემა ერთობ მყარი ხდება.

ფაქტობრივად, ინდუიზმი იმდენად ფილოსოფიური ძიება არ არის, რამდენადაც პრაქტიკული მიღწევების გამოყენება, ეს პრაქტიკა კი, არც მეტი, არც ნაკლები, შავი მაგია გახლავთ. თუ ხ-ს შეასრულებთ, მიიღებთ Y-ს - მარტივი გარიგებაა. მაგრამ ამ გარიგების პირობები შეთანხმებული არ გახლავთ, და მოწაფე იშვიათად თუ კითხულობს, რა წყაროებიდან იღებს სათავეს მისი განცდები ან ვინ აძლევს მაგიური ძალებისა და "მშვენიერი" განცდების კრედიტს. ესაა კლასიკური ფაუსტური სიტუაცია, ოღონდ ამ შემთხვევაში კაცმა არ იცის, რომ ყოველივე შეიძლება თავისი უკვდავი სულით ზღოს.

წმინდა იოანე ღმრთისმეტყველი თავის ეპისტოლეში პირველ ქრისტიანებს აფრთხილებს: "საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ" (1 იოან. 4,1).

ღირსი გრიგოლ სინელი დაბეჯითებით აფრთხილებდა თავის ბერებს იმ საშიშროების თაობაზე, ხიბლის მდგომარეობას რომ ახლავს თან: "ახალმოსულებისა და თავნება ბერების გარშემო ყველაფერი დემონებითაა სავსე, რომლებიც ბოროტი გულისსიტყვებისა და წარმწყმედელი წარმოდგენების ბადეებს ხლართავენ და წყლით სავსე თხრილებს უმზადებენ მათ დასანთქმელად".

მოწაფემ ჰკითხა: "რა უნდა ვქნათ, თუკი დემონი ნათლის ანგელოზად გარდაისახება?" ღირსმა მამამ მიუგო: "ამ დროს ადამიანს დიდი ნიჭი სჭირდება გარჩევისა, რომ სწორად განასხვაოს კეთილი ბოროტისგან. ხოლო შენ გულუბრყვილოდ მაშინვე ნუკი აჰყვები იმას, რასაც ხედავ, არამედ დინჯად განსაჯე, დაწვრილებით გამოიძიე და კეთილი მიიღე, ბოროტი კი განაგდე. ყოველთვის ასე უნდა მოიქცე: ჯერ შეამოწმო და მხოლოდ ამის შემდეგ ენდო. იცოდე, მადლის მოქმედება აშკარაა და ეშმაკი, როგორც არ უნდა გარდაისახოს, იმავე მოქმედებას ვერ მოახდენს. ვგულისხმობ სიმშვიდეს, თანალმობას, სიმდაბლეს, სოფლის უარყოფას, ვნებებისა და გულისთქმების მოკვეთას - ყოველივე ეს მხოლოდ მადლის ნაყოფია. ეშმაკის მოქმედება კი არის ქედმაღლობა, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა, ამაო შიში და ყოველი სხვა ბოროტება. ამით შეგიძლია განასხვაო, საიდან მოდის შენს გულში გაბრწყინებული სინათლე: ღვთისგან თუ სატანისგან. ღორის ქადა მდოგვს წააგავს, ძმარი კი ფერით ღვინოს მოგვაგონებს, მაგრამ სასა ცნობს მათ და გასინჯვისთანავე განასხვავებს ერთს მეორისაგან. ასევე სულიც, თუკი მას გარჩევის უნარი აქვს, ადვილად გაარჩევს სულიწმინდის ნიჭებს ეშმაკის ცრუ მოჩვენებისაგან".

კითხვაზე, თუ რით განსხვავდება ინდური რელიგიური სისტემები ქრისტიანული ასკეზისაგან, სერაფიმე როუზი პასუხობს:

"მთავარი, რითიც ყველა ამგვარი სისტემის ფიზიკური თუ მენტალური ვარჯიში განსხვავდება ქრისტიანული მოღვაწეობისაგან, არის ის, რომ ინდო-ჩინურ სისტემებს მინდობილი ადამიანი ეფუძნება წარმართულ, ძირითადად პანთეისტურ მსოფლმხედველობას და აქედან გამომდინარე აქცენტს აკეთებს საკუთარ შესაძლებლობებზე და ცდილობს, საკუთარი თავი დაარწმუნოს, რომ თვითონვეა ზებუნებრივი ძალებისა და უსაზღვრო სიბრძნის წყარო: თუკი მოინდომებს, თავისით განივითარებს სულიერ ძალებს, თავისით განიკურნება, თავისით განიწმინდება, თავისით მიაღწევს სრულყოფილებას... გასხივოსნდება... ყველა ვარჯიში თუ მედიტაცია ამ იდეით არის გამსჭვალული. მაგალითად, იოგი ცდილობს ცნობიერების გამოღვიძებას, თავისი რეალური არსის აღქმას და ამისთვის იყენებს სხვადასხვა მეთოდს: სუნთქვით ვარჯიშებს, მანტრებს ("წმინდა ბგერების" გამეორება), გონების კონცენტრაციას რომელიმე საგანზე ან მოკლე მენტალურ ფორმულაზე. ამ ფორმულის არსი უმეტესად ამგვარია: "მე ვარ ის", ანუ "მე ვარ ბრაჰმანი". რას ნიშნავს ეს ფრაზა? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გამუდმებით იბეჭდავს საკუთარ ცნობიერებაში: "მე თვითონ ვარ ღმერთი"; რამდენ მართლმადიდებლურად მონათლულ ადამიანს წარმოდგენაც კი არა აქვს, რომ ეს არის ამპარტავნების, ყველა ცოდვის საწყისის უკიდურესი გამოხატულება და სულში ჩაბეჭდვა. სწორედ ამპარტავნების გამო ნათლის ანგელოზი ეშმაკად იქცა, მხოლოდ ამის გამო, რადგან სულიერი არსებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე მთავარია, სული სიმდაბლით იქნება შემოსილი თუ ამპარტავნებით და შესაბამისად, სიყვარულით თუ სიძულვილით, ჭეშმარიტებით თუ სიცრუით, ნათლით თუ ბნელით. იოგას ზემოხსენებული პრაქტიკა თანამედროვე ინდუიზმის მთავარ დოგმაზეა დაფუძნებული, რასაც იოგას ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტის, ვივეკანანდას სიტყვები ცხადად წარმოაჩენს: "თქვენ ჯერ კიდევ არ იცნობთ ინდოეთს. ჩვენ, ინდოელები, საბოლოოდ, კაცთთაყვანისმცემლები ვართ. ჩვენი ღმერთი ადამიანია!"

ქრისტიანული მოღვაწეობა, პირიქით, ქრისტიანის ცხოვრების საფუძვლად მიიჩნევს ერთადერთი მარადიული, ყოველივეს არაფრისგან შემქმნელი, ჭეშმარიტი ღმერთის ჭეშმარიტ რწმენაზე დაფუძნებულ სიმდაბლეს საკუთარი უმწეობისა და მთლიანად შემოქმედზე, პიროვნულ ღმერთზე დამოკიდებულების განცდას, რაც მამამთავარმა აბრაამმა ამ მოკლე ფრაზით გამოთქვა: "მე ვარ მიწაი და ნაცარ" (დაბადება 18,27); მაცხოვარმა კი ასე გვამცნო: "რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს" (მათე 23,12). ამ მთავარი სათნოების, სიმდაბლის, გარეშე ფასი არა აქვს მარხვას, ლოცვას, მღვიძარებას, უბიწოებას, მოწყალებას და არანაირ მსხვერპლს, რადგან ამპარტავანი ადამიანი ღმერთთან ვერ დამკვიდრდება. ქრისტიანისთვის სიმდაბლის საფუძველი არის იმ ჭეშმარიტების რწმენა, რომ სამყაროს შემოქმედი და განმგებელია მარადიული ღმერთი, წმინდა სამება, ხოლო არაფრისაგან შექმნილი ადამიანი ვერასდროს გახდება არსებით ღმერთი, მას აქვს მხოლოდ მადლით განღმრთობის საშუალება. თანამედროვე იოგა და ოკულტიზმი კი სწორედ იმაზეა დაფუძნებული, რომ ადამიანმა საკუთარი ცნობიერების გარდაქმნის გზით (რისთვისაცაა შექმნილი ვარჯიშების სისტემები) უნდა გააცნობიეროს, რომ სინამდვილეში თვითონ არის ღმერთი, სამყაროს ცენტრი, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე არსება.

რით განსხვავდება ცრუსასწაული ჭეშმარიტი სასწაულისგან? ჭეშმარიტი სასწაული ღვთაებრივი ძალით აღესრულება, ხოლო ცრუსასწაული - ეშმაკის დახმარებით. ეშმაკის ძალით ადამიანი ვერასოდეს შეძლებს ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებას, ჭეშმარიტ კურნებას, მკვდრის აღდგენას; ყველაფერი, რასაც ვითომ სასწაულებრივად გააკეთებს, მოჩვენებითი და ყალბი იქნება, იმგვარი, რასაც ბოროტი სულის სივერაგე მოიმოქმედებს, რაც მთავარია, მიმნდობებისთვის დიდი სულიერი ზიანის მომტანი. საქმე ის არის, რომ დემონებს, როგორც ყოფილ ნათლის ანგელოზებს, გააჩნიათ ჩვენთან შედარებით იმდენად აღმატებული ცოდნა და ძალა, რომ თავისი უხილავი ზემოქმედებით და ცოდნის გამოვლენით გაუფრთხილებელი ადამიანები ადვილად შეჰყავთ შეცდომაში.

იოანე სინელი, ქრისტიანული ასკეზის უდიდესი მასწავლებელი წერს: "როდესაც ამპარტავნების ეშმაკი განმტკიცდება თავის მსახურებაში, მაშინ ეცხადება მათ ძილში ან ცხადად, ნათლის ანგელოზის ან მოწამის სახით, გამოუცხადებს მათ საიდუმლოებს და თითქოს ნიჭებს უბოძებს, რომ ეს უბადრუკები მოიხიბლნენ და სრულიად გონებაცდომილნი გახდნენ".

ზოგადად, ქრისტიანული ასკეზა ვნებებთან ბრძოლას გულისხმობს, რაც, ამავდროულად, სულის განწმენდას ნიშნავს, რადგან ვნებებია ის სნეულება, სიბილწე, ნისლი, სიმყრალე, რომელიც ღვთის მადლს კაცის გულში არ უშვებს. ხოლო ვნებებისგან განწმენდილი გული სულიწმინდის ტაძარი ხდება, რასაც ცხადად ვხედავთ უამრავი წმინდანის მაგალითზე. ქრისტიანები ვნებებს ებრძვიან აღსარების, ზიარების, თავმდაბლობის, მოწყალების, მარხვის, ლოცვის, მოთმინების, ენისა და გრძნობის ორგანოების მოთოკვის და სხვა სათნო საქმეების დახმარებით. ვნებებთან ბრძოლის, ლოცვისა და ზოგადად ქრისტიანული ასკეზის შესახებ დაწვრილებით არის მოთხრობილი წმინდა მამათა სწავლებებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია: წმინდა ამბა დოროთეს სწავლანი, წმინდა იოანე სინელის "კიბე", წმინდა ბარსანუფი დიდისა და წმინდა იოანე წინასწარმეტყველის პასუხები, წმინდა ანტონი დიდის და წმინდა მაკარი დიდის სწავლებები, წმინდა კასიანე რომაელის სწავლებები, წმინდა ისააკ ასურის სწავლებები, სამოღვაწეო სწავლებების კრებული "ფილოკალია", (სათნოების მოყვარება, რუს. დობროტოლუბიე), წმინდა მღვდელმთავარ ეგნატე ბრიანჩანინოვის სწავლებები. თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ სასულიერო ლიტერატურა ყველამ უნდა იკითხოს გამოცდილი მოძღვრის რჩევით, თავისი სულიერი მდგომარეობისა და ცხოვრების წესის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში სარგებლის ნაცვლად ზიანს მივიღებთ - აღზვავებას, ხიბლს, სულიერ მეოცნებეობას და სხვ.

ბეჭდვა
1კ1