"რომ არ დავეცეთ, მეტი ვიფიქროთ და ცოტა ვილაპარაკოთ"
"რომ არ დავეცეთ, მეტი ვიფიქროთ და ცოტა ვილაპარაკოთ"
სოლომონ ბრძენი ერთ-ერთ იგავში ამბობს, რომ "ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია" (იგავნი, 10, 19).

მრავლისმეტყველებისას ენა უცილობლად უშვებს შეცდომებს, რამდენადაც სიამაყისა და უვიცობის ნაშობია.

ამაყი ადამიანი გონებრივად შეზღუდულია, მისთვის სამყაროსეული სიბრძნე საკუთარ თავის ქალაშია მოქცეული, ამიტომ თავის მოვალეობად გარშემომყოფთა საკუთარი აზრებით უხვად დაჯილდოებას და გაბედნიერებას თვლის. ამ უკანასკნელს ვერც კი წარმოუდგენია, რომ მისი საცოდავი და ტრაბახა გონების მიღმა უხილავისა და შეუცნობელის უსასრულო სივრცეა გადაჭიმული, მსგავსად იმ მცირე კუნძულისა, ოკეანე რომ აკრავს გარს.

აზროვნების მაღალი კულტურა, საბოლოოდ, თვითუარყოფამდე მიდის, მისთვის უცხოა სკეფსისი და აგნოსტიციზმი და საკუთარ შესაძლებლობათა რეალურ ხედვას გულისხმობს. ამიტომ რაც უფრო კულტურულია ადამიანი, მით ფრთხილად ეკიდება სიტყვას და მით ნათლად ხედავს ადამიანური განზოგადებისა და დასკვნების არამყარობასა და პირობითობას, მისგანვე მოპოვებული ინფორმაციის შეზღუდულობასა და უზუსტობას. ასეთი ადამიანი ჯერ ფიქრობს და შემდეგ ლაპარაკობს, რადგან მოსაზრებათა მოსაფიქრებლად და მათ წინასწარ აზრობრივად შესამოწმებლად დროა საჭირო. საამისოდ მას პაუზა სჭირდება და საერთოდაც, ახლის გაგებას უფრო ცდილობს, ვიდრე მოსაუბრის რამეში დარწმუნებას.

ამაყ ადამიანს ჰგონია, რომ აღარაფრის სწავლა არ სჭირდება, რამდენადაც საკუთარ მოსაზრებათა უცთომელობაშია დარწმუნებული, ამიტომ ბრაზობს, როდესაც ეწინააღმდეგებიან. ასეთი ადამიანები ოპონენტს საუბარს ხშირად აწყვეტინებენ და საკუთარი აზრების განვითარებას აგრძელებენ.

ამაყ ადამიანებს, როგორც წესი, მტკიცე ლოგიკა არ გააჩნიათ, რამდენადაც მის ადგილს საკუთარ სიმართლეში და უპირატესობაში დარწმუნებულობა იკავებს. ამაყი კაცის საუბარი ემოციურობითა და თეატრალობით გამოირჩევა და თითქოს ბრიუსოვის ლექსს, "ასარგადონს" კითხულობდესო: - "მე, მიწიერ მეფეთა ბელადი და ხელმწიფე ასარგადონი ვარ. ვინ არის ჩემზე აღმატებული ან ჩემი სწორი? ვდგავარ მარტო, საკუთარი დიდებით მთვრალი, ბელადი და ხელმწიფე ასარგადონი".

დროზე ადრე აღმოთქმული სიტყვა მკვახე ყურძენს ჰგავს, კბილის მოკვეთის გარდა არაფერს რომ არ იძლევა... ასეთი პარადოქსიც შეიმჩნევა: - ვინც ბევრს ფიქრობს, ცოტას ლაპარაკობს და პირიქით. თუ ზოგი სიტყვას ლითონივით ამუშავებს, სხვა მათ საპნის ბუშტებივით უშვებს... ეს გასაკვირი არ არის, რადგან კაცი რაც მეტ ინფორმაციას ფლობს, მისი განზოგადებისათვის მეტი დრო სჭირდება და რაც ნაკლები იცის, მით ნაკლები აქვს მსგავსი დამამუხრუჭებელი მომენტები. ასეთი ადამიანი ბევრს და განურჩევლად ლაპარაკობს და ფიქრსაც გადაჩვეულია. როგორც კრილოვის ერთ-ერთი არაკი იუწყება, ღვინით სავსე კასრი წყნარად მიგორავს, ცარიელი კი - მირახრახებს.

ეს იგავი მოლაყბეებს არ უყვართ, რამდენადაც პირად შეურაცხყოფად მიიჩნევენ.

კანტი ირონიით წერდა: - "მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი გამოგონება ის გახლავთ, რომ წაუკითხავ წიგნზე მსჯელობენო".

მოლაყბე კაცს ნებისმიერ რამეზე შეუძლია საკუთარ "შორსმჭვრეტელობაზე" დაყრდნობით მსჯელობა და კამათი და თუ ფაქტები შეეწინააღმდეგა, მით უარესი მათთვის.

როგორც ამბობენ, გრაფი ხვოსტოვი საკუთარი ხარჯებით გამოსცემდა ლექსთა ვრცელ კრებულებს და შემდეგ თავადვე ყიდულობდა მათ.

დიადი საქმეები მდუმარებაში ისხამს ხორცს, რადგან თავად მდუმარება საიდუმლოს წინაშე მოწიწებას გულისხმობს. რელიგია - შინაგანი ცხოვრებაა და სულაც არ არის გასაკვირი, რომ მას მდუმარება სჭირდება, თუმცა მდუმარება დიდი მეცნიერული აღმოჩენისთვისაც აუცილებელია. ცნობილია, რომ ნიუტონი და კეპლერი ცხოვრებას მარტოობაში ატარებდნენ, მენდელეევი შინ კვირაობით იკეტებოდა და არავის ღებულობდა, ხოლო აინშტაინი თავის თეორიას ტბაზე ნავით სეირნობისას ამუშავებდა.

ადამიანები, რომელნიც ცხოვრებას დებატებსა და კამათებში ატარებდნენ, დიადი ვერაფერი შექმნეს, უკეთეს შემთხვევაში, ისინი სხვათა აზრებისა და იდეების პოპულარიზატორები ხდებოდნენ.

რაც შეეხება ანტიკური ხანის ფილოსოფოსებს, რომლებიც სახალხო დისპუტებს აწყობდნენ, საორატორო ხელოვნებასთან ერთად დუმილის ხელოვნებასაც ეუფლებოდნენ. მეტიც: პითაგორელთათვის სამწლიანი მდუმარება იყო საჭირო, რომ ძმობაში გაწევრიანების უფლება მიეღოთ.

გონიერი კაცი კამათს გაურბის, რადგან უწყის, რომ იდეები აქსიომატურნი არიან და მათ მისაღებად ადამიანის შინაგანი მზადყოფნაა საჭირო. ბრძენი სიტყვებს ფიქრის შემდეგ აღმოთქვამს, დაფდაფის ხმა ფლეიტის რაკრაკს ფარავს, მამლის ყივილი კი - ბულბულის გალობას.

მრავლისმეტყველება ადამიანს ლოცვის ძალას აცლის და აზროვნების კონცენტრაციისა და ყურადღების მოკრების უნარს უკარგავს და დასცემს. დაუფიქრებელი სიტყვები ადამიანებს მეგობრებს აკარგვინებს და სულს უცარიელებს.

წმიდა მამათა აზრით, მრავლისმეტყველ ადამიანს ღვთის მადლი ისე ტოვებს, როგორც მტრედი გაეცლება ხოლმე გამჭვარტლულ საცხოვრისს. მათი აზრით, მდუმარება აგროვებს, სიტყვები კი ფანტავს.

მდუმარება - მომავალი ცხოვრების საიდუმლოა, რადგან სულის ღმერთთან შეხვედრა სწორედ მდუმარებაში ხდება.

უფალი ბრძანებს: - "ყოველი სიტყვაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცეს სიტყვაი მისთვის დღე მას სასჯელისასა" (მთ. 12, 36).

ვინ მოთვლის, რამდენი ბოროტი და ცრუ სიტყვა ითქმება მრავლისმეტყველებისას და ყოველი მათგანი ადამიანს სამსჯავროზე დახვდება წინ. როგორც წმინდა მამანი გვმოძღვრავენ, "დადუმდი იმაზე, რაც არ უწყი, ნუ ამტკიცებ იმას, რაშიც დარწმუნებული არ ხარ, ხოლო ის, რაც იცი, მოკლედ აღმოთქვი, რადგან თაფლიც კი მცირე ოდენობითაა გემრიელი, ბევრი კი გულისრევას იწვევს".

მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიტყვები ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან და ისიც, რომ ადამიანს მხოლოდ ენა კი არ მიეცა სამეტყველოდ, არამედ – ტუჩებიც, რომ სიტყვა შეაკავოს.

ძნელია მდუმარება. ერთი წმინდა მამა ამბობდა: - "ადამიანს მეტყველების სასწავლებლად რამდენიმე წელი სჭირდება, მე კი მერამდენე ათწლეულია, მდუმარებას ვსაწვლობ, მაგრამ დღემდე ამ საქმეს ვერ დავეუფლეო".

არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის მიხედვით
ბეჭდვა
1კ1